თავი 15
„ვინ არის ამ გრაგნილის გახსნის ღირსი?“
1. ამჯერად რას ხედავს იოანე ხილვაში?
მართლაც დიდებული და შიშის მომგვრელია იეჰოვას ტახტის ამაღელვებელი ხილვა. ტახტის გარშემო ცეცხლის ლამპრები, ქერუბიმები, 24 უხუცესი და მინის ზღვაა! კიდევ რას ხედავს იოანე? იოანეს მზერა მიპყრობილი აქვს ზეცის შუაგულისკენ. ის მოგვითხრობს: «ვიხილე, ტახტზე მჯდომს მარჯვენა ხელში გრაგნილი ეჭირა, შიგნიდან და გარედან დაწერილი და შვიდი ბეჭდით საგულდაგულოდ დაბეჭდილი. ვიხილე ძლიერი ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა აუწყებდა: „ვინ არის ამ გრაგნილის გახსნისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?“ მაგრამ ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ ვერავინ შეძლო ამ გრაგნილის გახსნა და მასში ჩახედვა. ბევრი ვიტირე, რადგან არავინ აღმოჩნდა გრაგნილის გახსნისა და მასში ჩახედვის ღირსი» (გამოცხადება 5:1—4).
2, 3. ა) რატომ ელის იოანე სულმოუთმენლად გრაგნილის გამხსნელს და რამდენად შესაძლებელია მისი გამოჩენა? ბ) რას ელოდა ღვთის ცხებული ხალხი ჩვენს დროში?
2 გრაგნილი თვით იეჰოვას, ყველა ქმნილების უზენაეს უფალს უჭირავს გაწვდილ ხელში. მასში, ალბათ, არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან ის ორივე მხრიდანაა ნაწერი. ეს ჩვენს ცნობისმოყვარეობას აღძრავს. რა წერია გრაგნილში? გავიხსენოთ, რას სთავაზობდა იეჰოვა იოანეს: „ამოდი აქ და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს“ (გამოცხადება 4:1). ნეტავ რა უნდა მოხდეს?! სამწუხაროდ, გრაგნილი საგულდაგულოდაა დაბეჭდილი შვიდი ბეჭდით.
3 იპოვის ძლიერი ანგელოზი მას, ვინც გრაგნილის გახსნის ღირსი იქნება? „სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანის“ თანახმად ეს გრაგნილი იეჰოვას „მარჯვენა ხელზე“ უდევს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იეჰოვა ხელისგულზე დადებულ გრაგნილს ვიღაცას აწვდის. მაგრამ დედამიწაზე თუ ზეცაში თითქოს არავინაა ამ გრაგნილის აღებისა და გახსნის ღირსი. არც მიწის ქვეშ, ღვთის გარდაცვლილ ერთგულ მსახურთა შორის იპოვება ამ საპატიო საქმის შემსრულებელი. გასაკვირი არ არის იოანეს ღრმად დამწუხრების მიზეზი! მან შეიძლება ვერ გაიგოს, „რაც უნდა მოხდეს“. ღვთის ცხებული ხალხი ჩვენს დროშიც სულმოუთმენლად ელოდა იეჰოვას, როდის მოჰფენდა ის შუქს „გამოცხადებაში“ ჩაწერილ სიტყვებს. იეჰოვა ამას თანამიმდევრულად აკეთებს წინასწარმეტყველების შესრულებისთვის დანიშნულ დროს. ამგვარად მას თავისი ხალხი ‘დიდებული ხსნისკენ’ მიჰყავს (ფსალმუნი 43:3, 5).
ის, ვინც ღირსია
4. ა) ვინ არის გრაგნილის გახსნისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი? ბ) რა ჯილდო და პატივი ხვდათ წილად იოანეს კლასსა და მათ თანამსახურებს?
4 და მაინც, არსებობს გრაგნილის გამხსნელი! იოანე განაგრძობს: «ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: „ნუ ტირი. აი, გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას მას შვიდი ბეჭედი“ » (გამოცხადება 5:5). იოანეს შეუძლია, ცრემლი შეიმშრალოს. იოანეს კლასი თავის ერთგულ თანამსახურებთან ერთად ათწლეულებია, რაც სასტიკ განსაცდელებს იტანს და მოთმინებით ელის სულიერ სინათლეს. მართლაც მანუგეშებელია ჩვენთვის იოანეს ხილვის გაგება, და დიდი პატივია ამ ხილვის მნიშვნელობის სხვებისთვის გაზიარება და ჩვენი მონაწილეობა მის შესრულებაში.
5. ა) რა წინასწარმეტყველება წარმოითქვა იუდას შესახებ და საიდან მეფობდნენ იუდას შთამომავლები? ბ) ვინ არის შილო?
5 აი „ლომი იუდას ტომიდან“! იოანემ იცის იუდეველთა წინაპრის, იაკობის მიერ თავისი მეოთხე ვაჟის, იუდას შესახებ წარმოთქმული წინასწარმეტყველება: „ლომის ბოკვერია იუდა. წამოდგები მსხვერპლიდან, შვილო. დაიხარა იგი და ლომივით, ლომივით გაიჭიმა. ვინ გაბედავს, წინ აღუდგეს მას? არ მოსცილდება სამეფო კვერთხი იუდას და არც მთავრის კვერთხი მოსცილდება ფეხთა შუიდან, სანამ არ მოვა შილო; მას დაემორჩილებიან ხალხები“ (დაბადება 49:9, 10). ღვთის ხალხის სამეფო დინასტია იუდასგან მოდის. დავითიდან მოყოლებული ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის განადგურებამდე ყველა მეფე, ვინც იერუსალიმში მეფობდა, იუდას შთამომავალი იყო, მაგრამ იაკობის მიერ ნაწინასწარმეტყველები შილო არც ერთი მათგანი არ ყოფილა. შილო ნიშნავს „მას, ვისიც ის [უფლება] არის“. ეს სახელი მიუთითებდა იესოზე, რომელსაც ეკუთვნის დავითის სამეფო მარადიულად (ეზეკიელი 21:25—27; ლუკა 1:32, 33; გამოცხადება 19:16).
6. რა გაგებით იყო იესო იესეს „ყლორტი“ და „დავითის ფესვი“?
6 იოანე მალევე ხვდება, ვინ არის „დავითის ფესვი“. წინასწარმეტყველების თანახმად აღთქმულ მესიას ეწოდება „ყლორტი იესეს [მეფე დავითის მამის] ძირკვიდან. . . ამონაყარი“ და „იესეს ფესვი, [რომელიც] ნიშნად იდგება ხალხებისთვის“ (ესაია 11:1, 10). იესო იესეს ყლორტი იყო, რადგან იესეს ძის, დავითის სამეფო ხაზში დაიბადა. ის იესეს ფესვიცაა, რადგან მან კვლავ აღმოაცენა, სამარადისოდ გააცოცხლა დავითის დინასტია, რომელიც სწორედ ამ ფესვიდან იკვებებოდა (2 სამუელი 7:16).
7. რატომ არის იესო ღირსი, გამოართვას გრაგნილი ტახტზე მჯდომს?
7 იესო იმით გამოირჩეოდა, რომ როგორც სრულყოფილი ადამიანი, უმწიკვლოდ ემსახურებოდა იეჰოვას. მან უმძიმეს სატანჯველს გაუძლო და ამომწურავი პასუხი გასცა სატანის გამოწვევას (იგავები 27:11). ამიტომ სიკვდილის წინა ღამეს იესოს შეეძლო ეთქვა: „მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:33). ამის საფუძველზე მისცა იეჰოვამ მკვდრეთით აღმდგარ იესოს „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“. ღვთის მსახურთაგან მხოლოდ ის არის გრაგნილის აღებისა და მასში ჩაწერილი მნიშვნელოვანი ცნობის გაცხადების ღირსი (მათე 28:18).
8. ა) კიდევ რატომ არის იესო გრაგნილის გახსნის ღირსი? ბ) რატომ არ არის გასაკვირი, რომ 24 უხუცესიდან ერთ-ერთი იოანეს უმხელს გრაგნილის გამხსნელის ვინაობას?
8 არაა გასაკვირი, რომ იესოა ის, ვინც ღირსია, გახსნას გრაგნილი. 1914 წლიდან ის, როგორც მესია, ზის ღვთის მიერ დამყარებულ სამეფოს ტახტზე. ეს გრაგნილი ბევრ რამეს გვიხსნის თვით ამ სამეფოზე და იმაზე, თუ რას გააკეთებს ის. დედამიწაზე ყოფნისას იესო ერთგულად ქადაგებდა სამეფოს შესახებ (იოანე 18:36, 37). ის თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ელოცათ სამეფოს დამყარებაზე (მათე 6:9, 10). ახ. წ. I საუკუნეში მან დაიწყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ამ სამქადაგებლო საქმიანობის განვითარება კულმინაციას აღსასრულის დადგომამდე მიაღწევდა (მათე 4:23; მარკოზი 13:10). არც ისაა გასაკვირი, რომ 24 უხუცესიდან ერთ-ერთი იოანეს ეუბნება, რომ ბეჭდებს სწორედ იესო ახსნის. რატომ? იმიტომ, რომ ეს უხუცესები ტახტებზე სხედან, თავზე გვირგვინები ადგათ და ქრისტესთან ერთად მისი სამეფოს მემკვიდრეები არიან (რომაელები 8:17; გამოცხადება 4:4).
‘დაკლული კრავი’
9. ლომის ნაცვლად რას ხედავს იოანე ტახტთან და როგორ აღწერს ის ამას?
9 იოანე ელოდება, რომ დაინახავს „ლომს იუდას ტომიდან“, მაგრამ აი, საოცრება! ის სრულიად სხვა რამეს ხედავს: „ტახტთან, ოთხ ცოცხალ არსებას შორის და უხუცესებს შორის ვიხილე კრავი, რომელიც თითქოს დაკლული იყო. მას შვიდი რქა და შვიდი თვალი ჰქონდა. თვალები მთელ დედამიწაზე გამოგზავნილ ღვთის შვიდ სულს ნიშნავს“ (გამოცხადება 5:6).
10. ვინ არის კრავი, რომელიც იოანემ იხილა, და რატომ არის მართებული იესოს შედარება კრავთან?
10 ტახტთან, პირდაპირ შუაგულში, ოთხი ცოცხალი ქმნილებისა და 24 უხუცესის გარემოცვაში კრავი დგას! უეჭველია, იოანე მაშინვე ხვდება, რომ ეს კრავია „ლომი იუდას ტომიდან“ და „დავითის ფესვი“. მან იცის, რომ იოანე ნათლისმცემელმა 60 წლით ადრე იესო იუდეველებს გააცნო როგორც „ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი“ (იოანე 1:29). დედამიწაზე ყოფნისას მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იესო ქვეყნიერებისგან არ წაბილწულა, ამიტომაც შეეძლო მას, როგორც უმანკო კრავს, თავისი უმწიკვლო სიცოცხლის გაღება კაცობრიობის გამოსასყიდად (1 კორინთელები 5:7; ებრაელები 7:26).
11. რატომ არ არის შეურაცხმყოფელი განდიდებული იესოს შედარება „კრავთან, რომელიც თითქოს დაკლული იყო“?
11 დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი ხომ არ არის ის, რომ განდიდებული იესო მოიხსენიება როგორც „კრავი, რომელიც თითქოს დაკლული იყო“? სრულიადაც არა! იესომ ერთგულება სიკვდილამდე შეინარჩუნა, რაც სატანისთვის დიდი დამარცხება იყო, იეჰოვა ღმერთისთვის კი — დიდი გამარჯვება. იესოს კრავად წარმოდგენა ნათლად ასახავს მის გამარჯვებას სატანის ქვეყნიერებაზე, და შეგვახსენებს იეჰოვასა და იესოს უდიდეს სიყვარულს კაცობრიობის მიმართ (იოანე 3:16; 15:13; შეადარეთ კოლოსელების 2:15). ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესოა აღთქმული შთამომავალი, ის, ვინც გრაგნილის გახსნის ღირსია (დაბადება 3:15).
12. რას ნიშნავს კრავის შვიდი რქა?
12 კიდევ რას ვიგებთ კრავის შესახებ? მას შვიდი რქა აქვს. ბიბლიაში რქა ხშირად ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება, ხოლო რიცხვი შვიდი — სისავსის სიმბოლოდ (შეადარეთ 1 სამუელის 2:1, 10; ფსალმუნების 112:9; 148:14). ამიტომ, კრავის შვიდი რქა ნიშნავს სრულ ძალაუფლებას, რომელიც იეჰოვამ მისცა იესოს. ის დგას „ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალაზე, ბატონობაზე და ყოველ სახელზე მაღლა არა მარტო ახლა, არამედ მომავალშიც“ (ეფესოელები 1:20—23; 1 პეტრე 3:22). ამ ძალაუფლებას, სამეფო ძალაუფლებას, იესო განსაკუთრებით 1914 წლიდან იყენებს, როდესაც იეჰოვამ ის ზეციერ მეფედ დასვა (ფსალმუნი 2:6).
13. ა) რას ნიშნავს კრავის შვიდი თვალი? ბ) ახლა რას აკეთებს კრავი?
13 იესოს სრულად აქვს მიცემული წმინდა სულიც. ამაზე მეტყველებს კრავის შვიდი თვალი, რაც „ღვთის შვიდ სულს ნიშნავს“. იესოს მეშვეობით იეჰოვას მოქმედი ძალა სრულად გადმოდის მის მიწიერ მსახურებზეც (ტიტე 3:6). როგორც ჩანს, ის ზეციდან სწორედ ამ სულის მეშვეობით ხედავს დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს. თავისი მამის მსგავსად იესო სრულყოფილი გამჭრიახობით გამოირჩევა; მის თვალს არაფერი ეპარება (შეადარეთ ფსალმუნის 11:4; ზაქარიას 4:10). მან უმწიკვლობით სძლია ქვეყნიერებას; ის „ლომია იუდას ტომიდან“, „დავითის ფესვი“, რომელმაც კაცობრიობისთვის თავი გაწირა; ის სრულ ძალაუფლებას ფლობს და სრულად აქვს ბოძებული წმინდა სული; მას იეჰოვამ სრულყოფილი გამჭრიახობა მისცა. აი რატომ არის ღირსი, აიღოს გრაგნილი იეჰოვას ხელიდან. უარი თქვა იესომ იმ დავალების შესრულებაზე, რომელიც იეჰოვას დიდებულ ორგანიზაციაში მიეცა? არა! პირიქით, „მივიდა და მაშინვე გამოართვა გრაგნილი ტახტზე მჯდომს მარჯვენა ხელიდან“ (გამოცხადება 5:7). ეს ნებაყოფლობითი მორჩილების საუკეთესო მაგალითია!
სადიდებელი სიმღერები
14. ა) როგორ რეაგირებენ ოთხი ცოცხალი ქმნილება და 24 უხუცესი იესოს მიერ გრაგნილის აღებაზე? ბ) როგორ ადასტურებს 24 უხუცესის ვინაობასა და მდგომარეობას ის ცნობა, რომელსაც იოანე მათ შესახებ იღებს?
14 როგორ რეაგირებენ იეჰოვას ტახტთან მყოფნი? „როცა აიღო გრაგნილი, ოთხი ცოცხალი არსება და ოცდაოთხი უხუცესი დაემხვნენ კრავის წინაშე, თითოეულს ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასები ჰქონდა. საკმეველი წმინდათა ლოცვებს ნიშნავს“ (გამოცხადება 5:8). ქერუბიმების მსგავსი ოთხი ცოცხალი არსების მსგავსად 24 უხუცესი იესოს ძალაუფლების აღიარების ნიშნად ქედს იხრის მის წინაშე. მაგრამ ქნარები და საკმევლით სავსე თასები მხოლოდ ამ უხუცესებს უჭირავთa და მხოლოდ ისინი მღერიან ახალ სიმღერას (გამოცხადება 5:9). ამგვარად ისინი ჰგვანან „ღვთის [წმინდა] ისრაელს“, 144 000-ს, რომლებსაც ქნარებიც უჭირავთ და ახალ სიმღერასაც მღერიან (გალატელები 6:16; კოლოსელები 1:12; გამოცხადება 7:3—8; 14:1—4). გარდა ამისა, როგორც ნაჩვენები იყო, ეს 24 უხუცესი ზეცაში მღვდლებად მსახურობენ, რისი პირველსახეც ძველად ისრაელში მღვდლების მოვალეობის შესრულება იყო, როდესაც ისინი კარავში საკმეველს უკმევდნენ იეჰოვას. მღვდლობამ ძალა მაშინ დაკარგა, როცა ღმერთმა იესოს „წამების ბოძზე მილურსმვით“ გააუქმა მოსეს კანონი (კოლოსელები 2:14). რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია აქედან? როგორც ხილვიდან ჩანს, ცხებული ‘მძლეველები’ თავიანთ უმთავრეს მოვალეობას ასრულებენ, როგორც „ღვთისა და ქრისტეს მღვდლები“, რომლებიც „მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6).
15. ა) მხოლოდ ვის შეეძლო ძველად ისრაელში კარვის წმინდათაწმინდაში შესვლა? ბ) რატომ იყო მღვდელმთავრის სიცოცხლე დამოკიდებული იმაზე, აკმევდა თუ არა საკმეველს წმინდათაწმინდაში შესვლისას?
15 ძველად ისრაელში მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო შესვლა წმინდათაწმინდაში, სადაც იეჰოვა სიმბოლურად იმყოფებოდა. მღვდელმთავრის სიცოცხლე იმაზე იყო დამოკიდებული, შეიტანდა თუ არა საკმეველს წმინდათაწმინდაში. იეჰოვას კანონში ნათქვამი იყო: „აიღოს [აარონმა] მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით სავსე საცეცხლური სამსხვერპლოდან, რომელიც იეჰოვას წინაშეა, ორი სავსე მუჭა დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს ფარდის შიგნით. ჩაყაროს ცეცხლში საკმეველი იეჰოვას წინაშე და მოეფინება საკმევლის ღრუბელი კიდობნის სახურავს, რომელიც მოწმობის კიდობანზეა, რათა არ მოკვდეს იგი“ (ლევიანები 16:12, 13). მღვდელმთავარს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა წმინდათაწმინდაში საკმევლის გარეშე შესვლა.
16. ა) ვინ შევა იმ წმინდათაწმინდაში, რომლის პირველსახეც ისრაელის წმინდათაწმინდა იყო? ბ) რატომ უნდა ‘აკმიონ საკმეველი’ ცხებულმა ქრისტიანებმა?
16 მღვდელმთავარი იესო ქრისტე კი, რომლის პირველსახეც ისრაელი მღვდელმთავარი იყო, 144 000 თანამღვდელთან ერთად შედის ზეციერ წმინდათაწმინდაში, იეჰოვას სამყოფელში (ებრაელები 10:19—23). ოღონდ ეს მღვდლები, რომლებიც 24 უხუცესით არიან წარმოდგენილი, ვერ შევლენ ზეციერ წმინდათაწმინდაში, თუ არ ‘აკმევენ საკმეველს’, ანუ მუდმივად არ აღავლენენ იეჰოვასადმი ლოცვა-ვედრებას (ებრაელები 5:7; იუდა 20, 21; შეადარეთ ფსალმუნის 141:2).
ახალი სიმღერა
17. ა) რა ახალ სიმღერას მღერის 24 უხუცესი? ბ) როდის გამოიყენება ფრაზა „ახალი სიმღერა“ ბიბლიაში?
17 ახლა კი გაისმის ახალი მელოდიური სიმღერა, რომელსაც 24 უხუცესი თანამღვდელი კრავს უმღერის: «ისინი ახალ სიმღერას მღეროდნენ და ამბობდნენ: „შენ ღირსი ხარ, რომ აიღო გრაგნილი და ახსნა მისი ბეჭდები, რადგან დაკლულ იქენი და შენი სისხლით იყიდე ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ » (გამოცხადება 5:9). ფრაზა „ახალი სიმღერა“ რამდენჯერმე გვხვდება ბიბლიაში. ჩვეულებრივ, ეს ფრაზა იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენება იმის ხაზგასასმელად, რომ ის ძლიერი მკლავით იხსნიდა ხოლმე თავის ხალხს (ფსალმუნები 96:1; 98:1; 144:9). სიმღერას ახალი იმიტომ ეწოდება, რომ სიმღერის შემსრულებელნი იეჰოვას ახალ დიდებულ საქმეებს აუწყებენ და კვლავ გამოხატავენ მადლიერებას მისი დიდებული სახელისადმი.
18. რისთვის აქებს იესოს 24 უხუცესი ახალი სიმღერით?
18 მაგრამ ამჯერად 24 უხუცესი ახალ სიმღერას მღერის არა იეჰოვას, არამედ იესოს წინაშე, თუმცა იმავე პრინციპით. ისინი აქებენ იესოს იმ ახალი საქმეებისთვის, რაც მან, როგორც ღვთის ძემ, ღვთის გულისთვის გააკეთა. თავისი დაღვრილი სისხლის მეშვეობით ის ახალი შეთანხმების შუამავალი გახდა; სწორედ ამ შეთანხმების წყალობით ჩამოყალიბდა ახალი ერი — იეჰოვას გამორჩეული საკუთრება (რომაელები 2:28, 29; 1 კორინთელები 11:25; ებრაელები 7:18—25). ამ ახალი სულიერი ერის წარმომადგენლები, მართალია, სხვადასხვა ეროვნებისანი არიან, მაგრამ იესომ ისინი ერთ კრებად გააერთიანა, როგორც ერთი ერი (ესაია 26:2; 1 პეტრე 2:9, 10).
19. ა) რა კურთხევა დაკარგა ხორციელმა ისრაელმა ორგულობის გამო? ბ) რა კურთხევით ხარობს იეჰოვას ახალი ერი?
19 მოსეს დროს, როდესაც იეჰოვამ ერად ჩამოაყალიბა ისრაელი, მან შეთანხმება დაუდო მათ და აღუთქვა, რომ თუ ამ შეთანხმების ერთგულები დარჩებოდნენ, ისინი „მღვდლების სამეფო“ გახდებოდნენ (გამოსვლა 19:5, 6). ისრაელები ორგულები აღმოჩნდნენ და ვერ იხილეს ამ დაპირების შესრულება; ახალი ერი კი, რომელიც ჩამოყალიბდა ახალი შეთანხმების საფუძველზე, რომლის შუამავალიც იესო გახდა, ერთგული აღმოჩნდა. ამ ერის წარმომადგენლები ზეციდან იმეფებენ დედამიწაზე, მღვდლებად იმსახურებენ და ასე დაეხმარებიან გულწრფელ ადამიანებს იეჰოვასთან შერიგებაში (კოლოსელები 1:20). სწორედ ამაზეა ეს ახალი სიმღერა: „ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:10). ახალი სიმღერით 24 უხუცესი მართლაც დიდი სიხარულით ასხამს ხოტბას განდიდებულ იესოს!
ზეციერი გუნდი
20. ამჯერად კრავის განმადიდებელი რა სიმღერა ისმის?
20 როგორ ეხმაურება ამ ახალ სიმღერას იეჰოვას უზარმაზარი ზეციერი ორგანიზაციის დანარჩენ წევრთა დასი? იოანე აღფრთოვანებულია მათი ერთსულოვნებით: «ვიხილე და მოვისმინე ტახტის, ცოცხალ არსებათა და უხუცესთა ირგვლივ მყოფი მრავალი ანგელოზის ხმა. მათი რიცხვი იყო ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი. ისინი ხმამაღლა ამბობდნენ: „კრავი, რომელიც დაიკლა, ღირსია, მიიღოს ძლიერება, სიმდიდრე, სიბრძნე, ძალა, პატივი, დიდება და კურთხევა“ » (გამოცხადება 5:11, 12). მართლაც შთამბეჭდავი სადიდებელი სიმღერაა!
21. ამცირებს თუ არა იეჰოვას უზენაესობას ან მდგომარეობას კრავის განდიდება? ახსენით.
21 ნიშნავს ეს იმას, რომ იესომ იეჰოვა ღმერთის ადგილი დაიკავა და ახლა მთელი ქმნილება მამის ნაცვლად ძეს განადიდებს? არა! პირიქით, ეს სადიდებელი სიმღერა პავლე მოციქულის სიტყვებს ეთანხმება: „ღმერთმა ის [იესო] უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფილიპელები 2:9—11). იესოს იმიტომ უმღერიან სადიდებელ სიმღერას, რომ ყველა ქმნილების წინაშე მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საკამათო საკითხის გადაჭრაში, რომ მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს უზენაესი მმართველის წოდებას. ამან მართლაც რომ დიდება მოუტანა იესოს მამას!
დიდებული ჰიმნი
22. რა ჰიმნს უერთდება ხმები დედამიწიდან?
22 იოანეს ხილვაში აღწერილი ზეციერი დასი სიმღერით ესალმება იესოს და აღიარებს მის ერთგულებასა და ზეციერ ძალაუფლებას. მათ ხმას უერთდება დედამიწიდან აჟღერებული ხმები, რომლებიც ასევე განადიდებენ მამასა და ძეს. როგორც შვილი ასახელებს თავისი მიღწევებით მშობლებს, ისე იესო განადიდებს თავის „ღმერთს, მამას“ მთელი ქმნილებების წინაშე. იოანე განაგრძობს: «მოვისმინე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც ზეცაში, დედამიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაზეა, და ყოველივე, რაც მათშია, ამბობდნენ: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა, პატივი, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად!“ » (გამოცხადება 5:13).
23, 24. ა) როდის უნდა დაწყებულიყო ჰიმნის მღერა ზეცაში და როდის — დედამიწაზე? ბ) რაც დრო გადის, როგორ ძლიერდება ჰიმნის შემსრულებელთა ხმები?
23 როდიდან გაისმის ეს დიდებული ჰიმნი? ის უფლის დღის დასაწყისში აჟღერდა. ზეციდან სატანისა და მისი დემონების გადმოყრის შემდეგ ყველა ზეციერმა ქმნილებამ შეძლო ამ სადიდებელი სიმღერის ერთხმად შესრულება. 1919 წლიდან კი, როგორც ისტორიამ ცხადყო, იეჰოვას სადიდებლად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება მათ. იყო დრო, როცა მათი რიცხვი მხოლოდ რამდენიმე ათასს შეადგენდა, ხოლო 2005 წლისთვის ამ რიცხვმა ექვს მილიონს გადააჭარბაb. როდესაც დედამიწაზე სატანის სისტემა განადგურდება, „ყოველი ქმნილება. . . დედამიწაზე“ იეჰოვასა და მის ძეს უმღერებს სადიდებელს. იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს მილიონობით ადამიანის მკვდრეთით აღდგენა დაიწყება, და მაშინ ღვთის მეხსიერებაში მყოფ ‘ყოველ ქმნილებას მიწის ქვეშ’ შესაძლებლობა ექნება, შეუერთდეს ამ ჰიმნის შემსრულებლებს.
24 დღეს იეჰოვას მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებული მილიონობით ადამიანი უკვე მღერის ამ ახალ სიმღერას ‘დედამიწაზე, ზღვაზე და კუნძულებზე’ (ესაია 42:10; ფსალმუნი 150:1—6). ეს სასიხარულო სადიდებელი განსაკუთრებული სიმძლავრით გაიჟღერებს ათასწლიანი მეფობის ბოლოს, როდესაც კაცობრიობა სრულყოფილებას მიაღწევს. მაშინ სატანა, ძველი გველი, ყველაზე მზაკვარი მაცდური, განადგურდება და საბოლოოდ შესრულდება დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება. მაშინ დადგება ტრიუმფალური აპოგეა და ყველა ცოცხალი ქმნილება ზეცაში თუ დედამიწაზე ერთხმად იმღერებს: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა, პატივი, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად!“. მაშინ სამყაროში აღარავინ დაარღვევს ჰარმონიას.
25. ა) რისკენ აღგვძრავს იოანეს მონათხრობი იმ ჰიმნის შესრულების შესახებ, რომელიც მთელ სამყაროში გაიჟღერებს? ბ) რა დიდებულ მაგალითს გვაძლევენ ოთხი ცოცხალი არსება და 24 უხუცესი ხილვის ბოლოს?
25 მართლაც ბედნიერი დრო დადგება! იოანეს მონათხრობი სიხარულით გვივსებს გულებს და აღგვძრავს, შევუერთდეთ ზეციერ დასს და მთელი გულით ვუმღეროთ სადიდებელი იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს. განა დღეს უფრო მეტად არ უნდა ვცდილობდეთ, ღვთისმოსაწონად ვიცხოვროთ?! თუ ასე მოვიქცევით, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ იეჰოვას დახმარებით ჩვენც მოვესწრებით ბედნიერ აპოგეას და ჩვენც ვიმღერებთ სადიდებელს, რომელიც მთელ სამყაროში გაიჟღერებს. ქერუბიმების მსგავსი ოთხი ცოცხალი არსება და მკვდრეთით აღდგენილი ცხებული ქრისტიანები ერთსულოვანნი არიან. ამას ხილვაში მოსმენილი სიტყვებიც ადასტურებს: «ოთხი ცოცხალი არსება ამბობდა: „ამინ!“ უხუცესები დაემხვნენ და თაყვანი სცეს ღმერთს“ » (გამოცხადება 5:14).
26. რის მიმართ უნდა გამოვავლინოთ რწმენა და რის გაკეთებას აპირებს კრავი?
26 ძვირფასო მკითხველო, გამოავლინე რწმენა კრავის — ‘ღირსეულის’ — შესაწირავისადმი! დაე, იეჰოვამ აკურთხოს თქვენი ძალისხმევა, რომ თავმდაბლად სცეთ თაყვანი და ემსახუროთ „ტახტზე მჯდომს“! ამაში იოანეს კლასი დაგეხმარებათ, რომელიც ‘დროულად იძლევა [სულიერ] ულუფას’ (ლუკა 12:42). მაგრამ, ნახეთ, კრავი შვიდი ბეჭდის ახსნას აპირებს! ნეტავ რა შთამბეჭდავი მოვლენები გველის წინ?!
[სქოლიოები]
a გრამატიკული თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ფრაზა „თითოეულს ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასები ჰქონდა“ შეიძლება ეხებოდეს როგორც უხუცესებს, ისე ოთხ ცოცხალ არსებას. მაგრამ კონტექსტი აჩვენებს, რომ ეს ფრაზა მხოლოდ 24 უხუცესს ეხება.
b იხილეთ ჩარჩო 64-ე გვერდზე.
[გვერდი 86 დათმობილი აქვს სურათს]