თავი 5
იოანე განდიდებულ იესოს ხედავს
ხილვა 1 გამოცხადება 1:10—3:22
თემა: იესო ამოწმებს დედამიწაზე სულიერი ისრაელის მდგომარეობას და გულთბილად ამხნევებს მას.
შესრულების დრო: სულითცხებულებისთვის უფლის დღე 1914 წელს დაიწყო და გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო სულითცხებული არ მოკვდება და არ აღდგება.
1. როდის ჰქონდა იოანეს პირველი ხილვა და როგორ გვიმხელს ის ამ ხილვის შესრულების დროს?
წიგნში „გამოცხადება“ პირველი ხილვა პირველი თავის მე-10 მუხლიდან იწყება. „გამოცხადებაში“ მოხსენიებული დანარჩენი ხილვების მსგავსად, ეს ხილვაც იმ უჩვეულო მოვლენას აღწერს, რაც იოანემ იხილა და მოისმინა (გამოცხადება 1:10, 12; 4:1; 6:1). ეს ხილვა იოანემ I საუკუნეში იხილა. ის იოანეს დროინდელ შვიდ კრებას ეხებოდა. მაგრამ იოანე გვიმხელს, სინამდვილეში როდის შესრულდებოდა ეს ხილვა: „შთაგონებით უფლის დღეში აღმოვჩნდი“ (გამოცხადება 1:10ა). როდის დგება ეს „დღე“? უკავშირდება რამენაირად იმ დროს, რომელიც განსაკუთრებული ქარტეხილებით გამოირჩევა? თუ დიახ, მაშ ყური უნდა ვუგდოთ წინასწარმეტყველურ სიტყვებს, რადგან ის ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს გადარჩენას ეხება (1 თესალონიკელები 5:20, 21).
უფლის დღეში
2. როდის იწყება უფლის დღე და როდის მთავრდება?
2 როდის სრულდება „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ეს წინასწარმეტყველება? რა არის უფლის დღე? პავლე მოციქული განმარტავს, რომ ეს არის გასამართლებისა და ღვთის განზრახვების შესრულების დრო (1 კორინთელები 1:8; 2 კორინთელები 1:14; ფილიპელები 1:6, 10; 2:16). ამ დღის დადგომასთან ერთად იეჰოვას დიდებული განზრახვების შესრულება ნელ-ნელა თავის აპოგეას აღწევს. ეს დღე ზეცაში იესოს გამეფებით დაიწყო. უფლის დღის განმავლობაში იესო გაასამართლებს სატანის ქვეყნიერებას, აღდგება სამოთხე და ადამიანები გასრულყოფილდებიან. შემდეგ იესო ერთხელ და სამუდამოდ „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს“ (1 კორინთელები 15:24—26; გამოცხადება 6:1, 2).
3. ა) როგორ გვეხმარება „შვიდი დროის“ შესახებ დანიელის წინასწარმეტყველება, გავიგოთ უფლის დღის დადგომის დრო? ბ) დედამიწაზე მომხდარი რომელი მოვლენები ადასტურებს 1914 წელს უფლის დღის დადგომას?
3 სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებაც გვეხმარება იმის დანახვაში, თუ როდის იწყება უფლის დღე. მაგალითად, დანიელმა აღწერა, თუ როგორ მოიკვეთებოდა დავით მეფის საგვარეულო მმართველობა, ხოლო „შვიდი დროის“ შემდეგ ხალხი გაიგებდა, რომ ‘უზენაესი იმმართველებდა კაცთა სამეფოზე და ვისაც ენდომებოდა, იმას მისცემდა მას’ (დანიელი 4:23, 24, 31, 32). ეს წინასწარმეტყველება ძირითადად იუდას სამეფოს დამხობით დაიწყო, რაც, როგორც ბიბლიური ისტორია აჩვენებს, ძვ. წ. 607 წლის ოქტომბერში მოხდა. გამოცხადების 12:6, 14-დან კი ვიგებთ, რომ სამ-ნახევარი დრო 1 260 დღეს მოიცავს. აქედან გამომდინარე, შვიდი დრო (ანუ ორჯერ 1 260) 2 520 დღე უნდა იყოს. თუ ავიღებთ „თითო წელიწადზე თითო დღეს“, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ „შვიდი დრო“ გრძელდება 2 520 წელს (ეზეკიელი 4:6). ამგვარად, იესო ქრისტე ზეცაში მმართველობას 1914 წლის ბოლოს შეუდგა. იმ წელს პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა და დაიწყო კიდეც „მშობიარობის ტკივილები“, რომელიც დღემდე ტანჯავს კაცობრიობას. 1914 წლიდან სისხლით მორწყულ დედამიწაზე დაწყებული მოვლენები ადასტურებს, რომ სწორედ იმ წელს დაიწყო იესოს მოსვლის დღე (მათე 24:3—14)a.
4. ა) „გამოცხადების“ სიტყვების თანახმად როდის დაიწყო პირველი ხილვის შესრულება? ბ) როდის დამთავრდება პირველი ხილვის შესრულება?
4 პირველი ხილვა და ხილვაში მოცემული რჩევა ეხება უფლის დღეს, რომელიც 1914 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამაზე მეტყველებს ის, რომ მოგვიანებით „გამოცხადებაში“ აღწერილია ღვთის ჭეშმარიტი და სამართლიანი განაჩენის აღსრულება, რაშიც უფალი იესო მნიშვნელოვან როლს ასრულებს (გამოცხადება 11:18; 16:15; 17:1; 19:2, 11). თუ პირველი ხილვის შესრულება 1914 წელს დაიწყო, როდისღა დასრულდება? როგორც გავიგეთ, ხილვა დედამიწაზე ღვთის ცხებულთა კრებას ეხება. ასე რომ, პირველი ხილვის შესრულება მაშინ დამთავრდება, როდესაც მოკვდება ცხებულთა კრების ბოლო წევრი და ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგება. თუმცა დედამიწაზე მცხოვრები სხვა ცხვრებისთვის უფლის დღე მანამ არ დასრულდება, სანამ კურთხევებს არ მიიღებენ იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში (იოანე 10:16; გამოცხადება 20:4, 5).
5. ა) რას მოუწოდებს ხმა იოანეს? ბ) რატომ არ გაუჭირდებოდა მაცნეს შვიდივე კრებისთვის გრაგნილის ჩატანა?
5 სანამ იოანე რამეს დაინახავდა, ასეთი სიტყვები გაიგონა: «შემომესმა საყვირის ხმის მსგავსი ძლიერი ხმა, რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე გრაგნილზე და გაუგზავნე შვიდ კრებას ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდისში, ფილადელფიასა და ლაოდიკეაში“ » (გამოცხადება 1:10ბ, 11). ხმა, რომელშიც ძალაუფლებისა და ბრძანების კილო იგრძნობა, თითქოს საყვირის ხმით მოუწოდებს იოანეს, რომ „შვიდ კრებას“ მისწეროს. იოანეს უნდა მიეღო რამდენიმე ცნობა და უნდა გაეცხადებინა ის, რასაც ნახავდა და გაიგონებდა. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მუხლში მოხსენიებული შვიდი კრება იოანეს დროს ნამდვილად არსებობდა. ყველა მათგანი მცირე აზიაში იყო კუნძულ პატმოსიდან მოშორებით. რომაელების დაგებული გზების წყალობით ერთი კრებიდან მეორეში ადვილად მიხვიდოდი და მაცნეც თავისუფლად ჩაიტანდა გრაგნილს ერთი კრებიდან მეორეში. ის შვიდი კრება იეჰოვას მოწმეების დღევანდელ თეოკრატიულ რაიონს მოგვაგონებს.
6. ა) რა იგულისხმება სიტყვებში „რაც არის“? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ცხებული ქრისტიანების მდგომარეობა იოანეს დროინდელ ცხებულების მდგომარეობას ჰგავს?
6 „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებების უმეტესობა იოანეს სიკვდილის შემდეგ უნდა შესრულებულიყო. ეს წინასწარმეტყველებები ეხებოდა იმას, რაც ‘ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო’, თუმცა შვიდი კრებისთვის მიცემული რჩევები იმასაც ეხება, „რაც არის“, ანუ შვიდივე კრების იმდროინდელ მდგომარეობას. ის რჩევები დიდ დახმარებას გაუწევდა როგორც იმ შვიდი კრების ერთგულ უხუცესებს, ისე სხვა კრებებში მომსახურე ცხებულ ქრისტიანებსb. რადგან ეს ხილვა ძირითადად უფლის დღის დროს სრულდება, იესოს სიტყვებიდან გამომდინარე დღესაც მსგავსი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო ცხებულ ქრისტიანთა კრებაში.
7. ვის ხედავს იოანე თავის პირველ ხილვაში და რატომაა ეს ხილვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი?
7 პირველ ხილვაში იოანე ხედავს ზეციერი დიდებით შემოსილ უფალ იესო ქრისტეს. წინასწარმეტყველური წიგნისთვის, რომელიც ზეციერი ძალაუფლების მქონე უფლის დიდ დღეს ეხება, ყველაზე შესაფერისი სწორედ ეს ხილვა იქნებოდა! რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვინც უფლის დღეს ვცხოვრობთ და ყურს ვუგდებთ მის თითოეულ მითითებას?! როგორი სიხარული მოაქვს იეჰოვას უზენაესობის მხარდამჭერთათვის იმას, რომ მესია, როგორც შთამომავალი, რომელმაც გაუძლო სატანის გამოცდებსა და დევნებს და რომელმაც ბოლოს, თითქმის 2000 წლის წინ, ქუსლდაგესლილმა საშინელი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე, ახლა ცოცხალია, ზეცაშია და ძლიერებით არის აღჭურვილი, რომ ღვთის დიდებული განზრახვა სისრულეში მოიყვანოს (დაბადება 3:15).
8. რისთვის არის იესო მზად?
8 ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იესო, როგორც ტახტზე ასული მეფე, მოქმედებისთვის მზად არის. იეჰოვამ ის მთავარ აღმსრულებლად დანიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სისრულეში მოიყვანოს დრომოჭმული, ბოროტი ქვეყნიერებისა და მისი ღმერთის, სატანის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი. იესო მზად არის, გაასამართლოს თავისი კრების ცხებულები, მათი თანამსახური უამრავი ხალხი და მთელი ქვეყნიერება (გამოცხადება 7:4, 9; საქმეები 17:31).
9. ა) როგორ აღწერს იოანე ოქროს სალამპრეებს შორის მდგომ დიდებით შემოსილ იესო ქრისტეს? ბ) რას ახსენებს იოანეს ანთებულ სალამპრეებს შორის მდგომი იესო და იესოს სამოსი? გ) რას ნიშნავს ოქროს სარტყელი?
9 იოანე ტრიალდება საყვირის ხმაზე და აი რას ხედავს: „მივბრუნდი, რომ დამენახა, რა ხმა მელაპარაკებოდა და დავინახე შვიდი ოქროს სალამპრე“ (გამოცხადება 1:12). მოგვიანებით იოანე იგებს, რას განასახიერებს ეს შვიდი სალამპრე, მაგრამ მის ყურაღდებას ლამპრებს შორის მდგომი კაცი იპყრობს. იდგა „სალამპრეებს შორის ვიღაცა, კაცის ძის მსგავსი, რომელსაც გრძელი სამოსელი ემოსა და მკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა“ (გამოცხადება 1:13). იოანეს, თავზარდაცემულ მოწმეს, გაბრწყინებული იესო, „კაცის ძე“ ევლინება. ის დიდებით არის შემოსილი და ანთებულ ოქროს სალამპრეებს შორის დგას. იოანეს ეს ხილვა ტაძარს აგონებს და შეახსენებს იმას, რომ იესო იეჰოვას დიდებული მღვდელმთავარია, რომელსაც ხელთ გასამართლების ძალაუფლება უპყრია (ებრაელები 4:14; 7:21—25). იესოს გრძელი ბრწყინვალე სამოსი მისი მღვდლობის მაჩვენებელია. როგორც ძველად იუდეველ მღვდლებს, იესოსაც ოქროს სარტყელი ერტყა მკერდზე და გულს უფარავდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იესო საგულდაგულოდ შეასრულებს იეჰოვა ღმერთისგან მიღებულ დავალებას (გამოსვლა 28:8, 30; ებრაელები 8:1, 2).
10. ა) რისი მაჩვენებელია იესოს თოვლივით თეთრი თმა და ცეცხლოვანი თვალები? ბ) რას ნიშნავს იესოს ფეხების შედარება გავარვარებულ სპილენძთან?
10 იოანე განაგრძობს: „თავი და თმა თეთრი მატყლივით და თოვლივით თეთრი ჰქონდა, თვალები — როგორც ცეცხლის ალი“ (გამოცხადება 1:14). თოვლივით თეთრი თმა უხსოვარი დროიდან შეძენილი სიბრძნის მაჩვენებელია (შეადარეთ იგავების 16:31). ცეცხლოვანი თვალები კი იმას ნიშნავს, რომ მახვილია მისი თვალი, როცა ეძებს, ამოწმებს ან რისხვას ავლენს. იესოს ფეხებმაც მიიპყრო იოანეს მზერა: „ფეხები — როგორც ღუმელში გავარვარებული სუფთა სპილენძი, ხმა კი — როგორც ბევრი წყლის ხმა“ (გამოცხადება 1:15). იესოს ფეხები გავარვარებულ მბრწყინავ სპილენძს მიუგავს, და მართებულადაც, რადგან ის გულმოდგინე მსახურია და წმინდა მდგომარეობა უკავია იეჰოვას წინაშე. ბიბლიაში ოქრო ხშირად რაღაც ღვთიურს განასახიერებს, სპილენძი კი ზოგჯერ — ადამიანურსc. იესოს ფეხები, რომელიც გავარვარებულ სპილენძს ჰგავს, შეგვახსენებს იმას, თუ რა „მშვენიერი ფეხებით“ დადიოდა იესო დედამიწაზე და ქადაგებდა სასიხარულო ცნობას (ესაია 52:7; რომაელები 10:15).
11. ა) რას მოგვაგონებს იესოს „მშვენიერი ფეხები“? ბ) რას ვიგებთ იესოს ხმის შედარებით „ბევრი წყლის ხმასთან“?
11 იესო სრულყოფილი ადამიანი იყო და ამიტომაც ხედავდნენ ანგელოზები და ადამიანები მის ბრწყინვალებას (იოანე 1:14). მისი „მშვენიერი ფეხები“ იმას შეგვახსენებს, რომ ის იეჰოვას ორგანიზაციის წმინდა მიწაზე დადის, სადაც მღვდელმთავრად მსახურობს (შეადარეთ გამოსვლის 3:5). მისი ხმა უზარმაზარი ჩანჩქერის ხმას ჰგავს. ასეთი შთამბეჭდავი და მოწიწების მომგვრელი აღწერილობა მართლაც შეეფერება მას, ვისაც ღვთის სიტყვა ეწოდება, ვინც იმისათვის მოვიდა, რომ „სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო“ (საქმეები 17:31; იოანე 1:1).
12. რას ნიშნავს „ბასრი, დიდი ორლესული მახვილი“?
12 „მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი ეჭირა; მისი პირიდან ბასრი, დიდი ორლესული მახვილი იყო გამოშვერილი; სახე მოკაშკაშე მზეს მიუგავდა. როცა დავინახე, მკვდარივით დავეცი მის ფეხებთან“ (გამოცხადება 1:16, 17ა). მოგვიანებით იესო ხსნის შვიდი ვარსკვლავის მნიშვნელობას, მაგრამ ჯერ იმას დავუკვირდეთ, რა გამოდის მისი პირიდან — „ბასრი, დიდი ორლესული მახვილი“. ეს არ არის გასაკვირი, რადგან იეჰოვამ იესოს დაავალა თავისი მტრების წინააღმდეგ გამოტანილი საბოლოო განაჩენის აღსრულება. მისი პირიდან გამოსულ დამაჯერებელ სიტყვებს ბოროტთა აღსასრული მოჰყვება (გამოცხადება 19:13, 15).
13. ა) რას მოგვაგონებს იესოს მოკაშკაშე, გაბრწყინებული სახე? ბ) რა შთაბეჭდილებას ახდენს იესოს აღწერილობა ჩვენზე?
13 იესოს მოკაშკაშე, გაბრწყინებული სახე მოგვაგონებს სინას მთაზე იეჰოვასთან ლაპარაკის დროს მოსეს განათებულ სახეს (გამოსვლა 34:29, 30). ისიც გავიხსენოთ, რომ, როდესაც დაახლოებით 2 000 წლის წინათ იესო მოციქულების წინაშე გარდაიქმნა, „სახე მზესავით გაუნათდა და ტანსაცმელი სინათლესავით გაუბრწყინდა“ (მათე 17:2). როგორც იოანეს ხილვაშია აღწერილი, იეჰოვას წინაშე მყოფი იესო უფლის დღის განმავლობაში მსგავს ბრწყინვალებას ირეკლავს (2 კორინთელები 3:18). ამგვარად იოანეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბრწყინვალე დიდების ხილვამ. თოვლივით თეთრი თმა, ცეცხლოვანი თვალები, მოკაშკაშე სახე და გავარვარებული ფეხები განასახიერებს მას, ვინც „მიუწვდომელ სინათლეში“ მკვიდრობს (1 ტიმოთე 6:16). ეს მართლაც არაჩვეულებრივი სანახაობაა. როგორ იმოქმედა ხილვამ იოანეზე? მოციქული ყვება: „როცა დავინახე, მკვდარივით დავეცი მის ფეხებთან“ (გამოცხადება 1:17).
14. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იოანეს ხილვამ, რომელშიც განდიდებული იესო იხილა?
14 იოანეს შთამბეჭდავი ხილვა ღვთის ხალხს მადლიერებას უნერგავს. უფლის დღის დადგომიდან 90 წელზე მეტი გავიდა და ხილვა კვლავ სასწაულებრივად სრულდება. იესოს სამეფოს დადგომას მომავალში როდი უნდა ველოდოთ, ის დღეს უკვე მმართველობს. ამიტომ ჩვენ, სამეფოს ერთგულმა ქვეშევრდომებმა, მთელი მონდომებით უნდა განვიხილოთ, კიდევ რა იხილა იოანემ პირველ ხილვაში და ყურად უნდა ვიღოთ განდიდებული იესო ქრისტეს სიტყვები.
[სქოლიოები]
a დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 88—92; 215—218.
b I საუკუნეში კრება მოციქულისგან წერილს რომ მიიღებდა, სხვა კრებებსაც უგზავნიდა ხოლმე, რათა ყველას მიეღო სარგებლობა (შეადარეთ კოლოსელების 4:16).
c სოლომონის ტაძრის მოსაპირკეთებლად და ტაძრის ნივთების გასაკეთებლად ოქრო გამოიყენეს, ტაძრის ეზოს მოსაწყობად კი — სპილენძი (1 მეფეები 6:19—23, 28—35; 7:15, 16, 27, 30, 38—50; 8:64).
[სურათები 23 გვერდზე]
არქეოლოგიური გათხრები იმ ქალაქებში, სადაც შვიდი კრება იყო, ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას ადასტურებს. სწორედ იქ მიიღეს I საუკუნის ქრისტიანებმა გამამხნევებელი წერილები, რომლებიც დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას მთელი მსოფლიოს კრებებისთვის.
პერგამონი
სმირნა
თიატირა
სარდისი
ეფესო
ფილადელფია
ლაოდიკეა