სამსონი იეჰოვას ძალით იმარჯვებდა!
გამარჯვებულმა მტერმა მას თვალები დასთხარა და მძიმე სამუშაოს ასრულებინებს. შემდეგ კი საპატიმროდან წარმართულ ტაძარში მიჰყავს, რათა იქ შეკრებილი ხალხი გაართოს. ის იძულებით გამოჰყავთ ათასობით ადამიანის წინაშე, რომლებიც დასცინიან. პატიმარი არც ბოროტმოქმედია და არც მტრის ჯარის სარდალი. ის იეჰოვას თაყვანისმცემელია, რომელიც ისრაელში დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მსახურობდა მსაჯულად.
როგორ აღმოჩნდა ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში სამსონი, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდი ფიზიკური ძალის მქონე ადამიანი? უშველიდა მას თავისი უჩვეულო ძალა? რაში იმალებოდა მისი ძალის საიდუმლო? შეგვიძლია რაიმეს სწავლა მისი ცხოვრებიდან?
ის „შეუდგება ისრაელის დახსნას“
ისრაელებმა არაერთხელ გადაუხვიეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან. ასე რომ, როდესაც ისინი „ისევ აკეთებდნენ ბოროტებას უფლის თვალში . . . უფალმა ფილისტიმელთა ხელში ჩაჰყარა ისინი ორმოც წელიწადს“ (მსაჯულთა 13:1).
სამსონის ისტორია იქიდან იწყება, როდესაც ებრაელი მამაკაცის, მანოახის უშვილო ცოლს ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ ვაჟი შეეძინებოდა. „სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, — უთხრა ანგელოზმა. — რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა საშოდანვე, და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან“ (მსაჯულთა 13:2—5). ჯერ კიდევ მანამ, სანამ სამსონი ჩაისახებოდა, იეჰოვამ ის განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად ამოირჩია. ის დაბადებიდანვე უნდა ყოფილიყო მოწმიდარი — განსაკუთრებული წმინდა მსახურებისთვის არჩეული.
„ის მომეწონა“
იზრდებოდა სამსონი და ‘უფალი განაგრძობდა მის კურთხევას’ (მსაჯულთა 13:24). ერთხელ, სამსონი მივიდა თავის მშობლებთან და უთხრა: „ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელთა ასულთაგან; მომიყვანეთ იგი ცოლად“ (მსაჯულთა 14:2). წარმოიდგინეთ მათი გაოცება. ნაცვლად იმისა, რომ მჩაგვრელთა ხელიდან გაეთავისუფლებინა ისრაელი, მათ შვილს სურდა, მტერს დამოყვრებოდა. იმ ქალზე დაქორწინება, რომელიც წარმართული ღვთაების თაყვანისმცემელი იყო, ღვთის კანონს ეწინააღმდეგებოდა (გამოსვლა 34:11—16). ამიტომ მშობლები შეეწინააღმდეგნენ: „ქალი დაილია შენს საგვარტომოში და მთელს შენს ერში, წინდაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს?“ მაგრამ სამსონმა დაიჟინა: „ის უნდა მომიყვანო, რადგან ის მომეწონა“ (მსაჯულთა 14:3, სსგ).
რით იყო ეს ფილისტიმელი ქალი სამსონისთვის ‘მოსაწონი’? არა იმ გაგებით, რომ ის „ლამაზი, ან მომხიბვლელი ყოფილიყოს, — ნათქვამია მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში, — არამედ სამსონს ამით რაღაც მიზნის მიღწევა უნდოდა“. რა მიზნის? მსაჯულთა 14:4 გვიხსნის, რომ სამსონი: „საბაბს ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ“. სამსონი ამ ქალით სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დაინტერესდა. როდესაც სამსონი წამოიზარდა, „იწყო უფლის სულმა მისი [მოქმედებისკენ] აღძვრა“ (მსაჯულთა 13:25). ასე რომ, ღვთის სული ამოძრავებდა სამსონს როგორც ცოლის მოყვანასთან დაკავშირებით მშობლებისთვის ამ უცნაური მოთხოვნის წაყენებისას, ისე ისრაელში მთელი თავისი მსაჯულობის განმავლობაში. მიეცა სამსონს იმ მიზნის შესრულების შესაძლებლობა, რომელიც დასახული ჰქონდა? მოდი თავდაპირველად განვიხილოთ, თუ როგორ დაარწმუნა ის იეჰოვამ ღვთიურ მხარდაჭერაში.
სამსონი თავისი საცოლის ქალაქისკენ, თიმნათისკენ, მიემართება. „როცა თიმნათის ზვრებს მიუახლოვდნენ, — მოგვითხრობს ბიბლია, — აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მოდის მისკენ. მოიცვა იგი უფლის სულმა და . . . შუაზე გახლიჩა ლომი“ (სსგ). მისი ძალის ასეთი საოცარი დემონსტრირება მაშინ მოხდა, როცა ის მარტო იყო. ეს არავის დაუნახავს. უნდოდა იეჰოვას ამ შემთხვევით სამსონის იმაში დარწმუნება, რომ ის, როგორც მოწმიდარი, შეძლებდა ღვთის მიერ მიცემული დავალების შესრულებას? ამასთან დაკავშირებით ბიბლია არაფერს ამბობს, მაგრამ თავად სამსონი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ძალა საკუთარი კი არ იყო, არამედ ღვთისგან ჰქონდა მიცემული. სამსონს შეეძლო იეჰოვას მინდობოდა და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ის დავალების შესრულებაში დაეხმარებოდა. ლომთან დაკავშირებული შემთხვევის შემდეგ, განმტკიცებული სამსონი „ჩავიდა და ელაპარაკა იმ ქალს და თვალში მოუვიდა იგი სამსონს“ (მსაჯულთა 14:5—7).
მოგვიანებით, როდესაც სამსონი ცოლის მოსაყვანად წავიდა, „მოკლული ლომის სანახავადაც შეუხვია და, აჰა, ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში“ (სსგ). სამსონმა ეს ყველაფერი დაიმახსოვრა და გამოიგონა გამოცანა, რომელიც ქორწილში თავის 30 ფილისტიმელ მაყარს უთხრა: „მჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი; ძლიერისაგან გამოვიდა ტკბილი“. თუ ისინი ამ გამოცანას გამოიცნობდნენ, სამსონს მათთვის 30 ხელი საცვალი და 30 ხელი ტანსაცმელი უნდა მიეცა. თუ ვერ გამოიცნობდნენ, პირიქით, მათ უნდა მიეცათ სამსონისთვის. ფილისტიმელები სამი დღის განმავლობაში ფიქრობდნენ გამოცანაზე. მეოთხე დღეს ისინი სამსონის ცოლს დაემუქრნენ და უთხრეს: „დაიყოლიე შენი ქმარი, გვითხრას ამ გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც“. რა სისასტიკეა! თუ ფილისტიმელები საკუთარ ხალხსაც კი ასე ექცეოდნენ, წარმოიდგინეთ, რა საშინელ მდგომარეობაში იქნებოდნენ ისრაელები მათ ხელში! (მსაჯულთა 14:8—15).
თავზარდაცემულმა ქალმა იმდენი ქნა, რომ სამსონს პასუხი ათქმევინა. მან სამსონისადმი სიყვარულისა და ერთგულების ნაკლებობა გამოავლინა და მაყრებს პასუხი მაშინვე გააგებინა. მათ უთხრეს გამოცანის პასუხი და სამსონმა იცოდა, თუ როგორ მოახერხეს ამის გაკეთება. მან უთხრა მათ: „ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას“. ახლა დადგა დრო, რომელსაც სამსონი ელოდა. „გადმოვიდა მასზე უფლის სული, და ჩავიდა აშკელონში და დახოცა ოცდაათი იქაური კაცი, და წამოიღო დავლა და ჩამოურიგა საცვლები გამოცანის გამომცნობთ“ (მსაჯულთა 14:18, 19).
იყო აშკელონელების მიმართ სამსონის ასეთი მოქმედება შურისძიება გამოცანის გამოცნობისთვის? არა. ეს ღვთის მოქმედება იყო, რომელიც მან თავის მიერ არჩეული მხსნელის მეშვეობით გააკეთა. სამსონის მეშვეობით იეჰოვამ თავისი ხალხის სასტიკი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ეს ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. შემდეგი შესაძლებლობა მაშინ შეიქმნა, როდესაც სამსონი თავის მეუღლეს ესტუმრა.
სამსონი მარტო იბრძვის
სამსონი როდესაც თიმნათში დაბრუნდა, შეიტყო, რომ მისი ცოლი სიმამრმა სხვა კაცზე გაათხოვა, რადგანაც ფიქრობდა, რომ სამსონს სძულდა იგი. ამის გამო, სამსონი ვითომ ძალიან გაბრაზდა. მან დაიჭირა 300 მელა, ისინი კუდებით ორ–ორად გადააბა ერთმანეთზე და ზედ ჩირაღდნები გამოაბა. როდესაც მელიები გაუშვა, მათ ცეცხლი მოსდეს ფილისტიმელების ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს, რითაც ფილისტიმელების სამი ძირითადი საარსებო წყარო განადგურდა. განრისხებული ფილისტიმელები სასტიკად მოიქცნენ. მათ ამ ყველაფერში სამსონის ცოლი და სიმამრი დაადანაშაულეს და ისინი ცეცხლში დაწვეს. მათი ბარბაროსული შურისძიება სამსონის მიზანს მოემსახურა. ამის გამო სამსონმა შეუტია ფილისტიმელებს და მრავალი მათგანი დახოცა (მსაჯულთა 15:1—8).
მიხვდნენ ისრაელები, რომ სამსონი იეჰოვა ღმერთისგან იყო კურთხეული და ამიტომ გაერთიანდნენ თუ არა მასთან ერთად, რათა ბოლო მოეღოთ ფილისტიმელთა ბატონობისთვის? არა. უბედურებისგან თავის არიდების მიზნით, მათ 3 000 იუდეველი კაცი გაგზავნეს ღვთის მიერ ამორჩეული წინამძღოლის შესაპყრობად და მტრისთვის გადასაცემად. მართალია ისრაელებმა არ უერთგულეს სამსონს, მაგრამ ამით ხელი შეუწყვეს მას, რომ უფრო მეტი ზიანი მიეყენებინა მტრებისთვის. იმ მომენტში, როდესაც სამსონი ფილისტიმელებისთვის უნდა გადაეცათ, „გადმოვიდა მასზე უფლის სული, და მის მკლავებზე მოხვეული თოკები ცეცხლით დამწვარი სელივით გახდა და დასცვივდა საკვრელები ხელებიდან“. შემდეგ აიღო ვირის ყბა და მტრის ათასი კაცი მოკლა (მსაჯულთა 15:10—15)
სამსონი იეჰოვას შეევედრა: „შენ მოიმოქმედე ეს დიდი ხსნა შენი მსახურის ხელით; და ახლა წყურვილით უნდა მოვკვდე, და წინადაუცვეთლებს ჩავუვარდე ხელში?“ იეჰოვამ შეისმინა მისი ლოცვა. „გააპო ღმერთმა ქვაბური . . . და გადმოსკდა იქიდან წყალი. და დალია და მოიბრუნა სული, და გამოცოცხლდა“ (მსაჯულთა 15:18, 19).
სამსონს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა — ებრძოლა ფილისტიმელების წინააღმდეგ. ღაზაში, მეძავი ქალის სახლში, მისი დარჩენის მიზანი ღვთის მტრების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. სამსონს მტრის ქალაქში ღამის გასათევი ადგილი სჭირდებოდა, რომლის პოვნაც მეძავი ქალის სახლში შეიძლებოდა. სამსონს მიზნად უზნეობის ჩადენა არ ჰქონია. მან ქალის სახლი შუაღამისას დატოვა, მივიდა, ხელი ჩაავლო ქალაქის კარიბჭესა და ორივე წირთხლს, მოგლიჯა და ხებრონის მახლობლად მთის წვერზე აიტანა, რომელიც დაახლოებით 60 კილომეტრით იყო დაშორებული. ღმერთი იწონებდა მის ქმედებას და ამის გასაკეთებლად ძალაც მისცა (მსაჯულთა 16:1—3).
სამსონის შემთხვევაში წმინდა სულის მოქმედება განსაკუთრებული იყო, რადგან მდგომარეობაც უჩვეულო იყო. დღესაც, იეჰოვას ერთგულ მსახურებს შეუძლიათ მიენდონ იმავე სულს, რათა გაძლიერდნენ. იესომ დაარწმუნა თავისი მიმდევრები, რომ იეჰოვა „მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:13).
რატომ ‘იბრუნა პირი’ იეჰოვამ სამსონისგან?
სამსონს შეუყვარდა ერთი ქალი, სახელად დალილა. ფილისტიმელთა ხუთ მთავარს ისე ძალიან უნდა სამსონის მოშორება, რომ ამ ქალს დახმარებისთვის მიმართავენ. მივიდნენ ისინი დალილასთან და უთხრეს: „შეაცდინე იგი და ნახე, რაშია მისი დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის დასაძლევად“. სანაცვლოდ ისინი ქალს ქრთამს ჰპირდებიან: «თითოეული ჩვენგანი ათას [„ათას ას“, „მცხეთური ხელნაწერები“] ვერცხლს მოგცემს» (მსაჯულთა 16:4, 5).
თუ ერთი ვერცხლი ერთი შეკელი იყო, მაშინ შეთავაზებული ქრთამი, 5 500 შეკელი, უზარმაზარი თანხა უნდა ყოფილიყო. აბრაამმა თავისი ცოლის დასამარხი ადგილისთვის 400 შეკელი გადაიხადა. მონა კი მხოლოდ 30 შეკელი ღირდა (დაბადება 23:14—20; გამოსვლა 21:32). ფილისტიმელთა ხუთი ქალაქის მთავარმა დალილა ფულს რომ დაახარბა და მის გადასაბირებლად საკუთარი ერისადმი ქალის პატრიოტობა არ გამოიყენა, ბადებს აზრს, რომ დალილა, შესაძლოა, ისრაელი იყო. ასე იყო თუ ისე, დალილამ შეთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა.
სამსონმა დალილას დაჟინებულ კითხვას სამჯერ უპასუხა არასწორად და ქალმა სამჯერვე გასცა ქმარი იმით, რომ ეცადა, იგი მტრების ხელში ჩაეგდო. მაგრამ „რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული“. ბოლოს სამსონმა გაუმხილა სიმართლე, თუ რატომ ჰქონდა ასეთი არაჩვეულებრივი ძალა — მას თმები არასოდეს შეუჭრია. თუ თმებს შეაჭრიდნენ, დასუსტდებოდა და ისეთივე ძალა ექნებოდა, როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს (მსაჯულთა 16:6—17).
ამან მიიყვანა სამსონი დასუსტებამდე. დალილას დახმარებით მას თავი გადაპარსეს. მაგრამ სამსონის ძალა, პირდაპირი გაგებით, მის თმებში არ იყო. თმები, უბრალოდ, იმის მაჩვენებელი იყო, რომ მას, როგორც მოწმიდარს, ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. როდესაც სამსონმა დაუშვა, ჩავარდნილიყო ისეთ სიტუაციაში, რომ მისთვის თმები მოეპარსათ, რაც გავლენას ახდენდა მის მოწმიდარობაზე, იეჰოვამ „პირი იბრუნა მისგან“. ამჯერად ფილისტიმელებმა დასძლიეს სამსონი, თვალები დასთხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს (მსაჯულთა 16:18—21).
ამ შემთხვევიდან მართლაც რომ შესანიშნავ გაკვეთილს ვსწავლობთ! ვაფასებთ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას, როგორც ძალიან ძვირფასს? თუ რომელიმე საკითხში, როგორც მიძღვნილი ქრისტიანები, კომპრომისზე მივდივართ, მაშინ როგორღა უნდა ველოდეთ იეჰოვასგან კურთხევებს?
„მოკვდი სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად“
გახარებულმა ფილისტიმელებმა სამსონის შეპყრობისთვის თავიანთ ღმერთს, დაგონს, შესწირეს მადლობა. გამარჯვების აღსანიშნავად დატყვევებული სამსონი დაგონის ტაძარში მიჰყავთ. მაგრამ სამსონმა იცოდა თავისი დასუსტების მიზეზი. მან იცოდა, თუ რატომ მიატოვა იეჰოვამ და ამის გამო ნანობდა. როდესაც საპყრობილეში იყო, მისმა თმებმა გაზრდა დაიწყო. რას გააკეთებდა ის ახლა, როდესაც ათასობით ფილისტიმელის წინაშე იდგა?
„უფალო ღმერთო, — ლოცულობდა სამსონი. — გამიხსენე, და ოღონდ ამჯერად გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო“. შემდეგ ორ სვეტს, რომლებიც შენობის შუაში იყო, „მთელი ძალით მიაწვა“, (სსგ). რა იყო შედეგი? „ჩამოემხო სახლი მთავრებსაც და მთელ ხალხს, ვინც შიგ იყო. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი“ (მსაჯულთა 16:22—30).
სამსონი ადამიანებს შორის ფიზიკურად ყველაზე ძლიერი იყო. მისი ძლევამოსილი საქმეები, მართლაც რომ აღსანიშნავია. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იეჰოვას სიტყვაში სამსონი მათ შორის არის მოხსენიებული, რომლებსაც ძლიერი რწმენა ჰქონდათ (ებრაელები 11:32—34).
[სურათი 26 გვერდზე]
რაში იმალებოდა მისი ძალის საიდუმლო?