თქვენი დიახ იყოს დიახ
„თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათ. 5:37).
1. რა თქვა იესომ დაფიცებაზე და რატომ?
ჭეშმარიტი ქრისტიანები, როგორც წესი, არ ფიცულობენ. ისინი ემორჩილებიან იესოს სიტყვებს: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ყოველთვის უნდა ასრულებდეს თავის სიტყვას. ამ მითითების მიცემამდე იესომ თქვა: „საერთოდ არ დაიფიცოთ“. იესოს თანამედროვეებს ჩვევად ჰქონდათ ყოველდღიურ საუბრებში ყოველ წვრილმანზე დაფიცება და არც კი ფიქრობდნენ დაფიცებულის შესრულებაზე. ამიტომაც დაგმო იესომ მათი ეს ჩვევა. ის, ვინც თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე უბრალო სიტყვებს დიახ ან არა, შეიძლება უნდო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს და „ბოროტის“ გავლენის ქვეშ იყოს (წაიკითხეთ მათეს 5:33—37).
2. ყოველთვის არასწორია დაფიცება? ახსენით.
2 ნიშნავს იესოს სიტყვები იმას, რომ დაფიცება ყოველთვის არასწორია? რა თქმა უნდა, არა. როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, იეჰოვა ღმერთი და მისი ერთგული მსახური აბრაამი განსაკუთრებული შემთხვევების დროს ფიცს დებდნენ. ამასთანავე, ღვთის კანონით მოითხოვებოდა დაფიცება, როცა რაიმე საკამათო საკითხი იყო გადასაჭრელი (გამ. 22:10, 11; რიცხ. 5:21, 22). აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს, ქრისტიანმა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს დაიფიცოს იმის დასამტკიცებლად, რომ სიმართლეს ამბობს. ან გამონაკლის შემთხვევაში, შეიძლება ქრისტიანმა საჭიროდ ჩათვალოს, დაიფიცოს სხვების დასარწმუნებლად ან გარკვეული საკითხის მოსაგვარებლად. როცა იუდეველთა სინედრიონში მღვდელმთავარმა იესო დააფიცა, მან სიმართლე არ დამალა (მათ. 26:63, 64). მაგრამ იესოს არ სჭირდებოდა დაფიცება თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად. მიუხედავად ამისა, თავისი ცნობის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად ის ხშირად ამბობდა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით“ (იოან. 1:51; 13:16, 20, 21, 38). მოდი, ვნახოთ რის სწავლა შეგვიძლია იესოს, პავლესა და სხვების მაგალითებიდან, რომელთა დიახ იყო დიახ.
იესო — საუკეთესო მაგალითი
3. რას დაჰპირდა იესო ღმერთს ლოცვაში და როგორ უპასუხა იეჰოვამ მას?
3 „აი, მოვედი . . . შენი ნების შესასრულებლად, ღმერთო“ (ებრ. 10:7). ამ მნიშვნელოვანი სიტყვებით იესო დაჰპირდა ღმერთს, რომ შეასრულებდა ყველაფერს, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო აღთქმულ შთამომავალზე. ის აგრეთვე მზად იყო, რომ სატანას დაეგესლა ქუსლში (დაბ. 3:15). არავის არასოდეს არ აუღია ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. იეჰოვამ ზეციდან განაცხადა, რომ სრულად ენდობოდა თავის ძეს. მას არც კი მოუთხოვია იესოსთვის, ფიცით დაედასტურებინა, რომ შეასრულებდა თავის დაპირებას (ლუკ. 3:21, 22).
4. რამდენად ხშირად იყო იესოს დიახ დიახ?
4 იესო ცხოვრობდა იმის თანახმად, რასაც სხვებს ასწავლიდა და ასეთი სახით მისი დიახ ყოველთვის იყო დიახ. მას იეჰოვასგან ჰქონდა მიღებული დავალება, რომ ექადაგა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა და მოწაფეებად გაეხადა ყველა, ვინც ღმერთმა იესოსკენ მიიზიდა და არაფერს რთავდა ნებას, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა (იოან. 6:44). ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რამდენად პირნათლად შეასრულა იესომ ეს კარგად ცნობილი სიტყვები: «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით» (2 კორ. 1:20). ნამდვილად, იესო არის საუკეთესო მაგალითი, ვინაიდან მან ზუსტად შეასრულა მამისადმი მიცემული დაპირება. ახლა ვისაუბროთ ადამიანზე, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, მიებაძა იესოსთვის.
პავლე ყოველთვის ასრულებდა თავის სიტყვას
5. რა მაგალითი დაგვიტოვა პავლე მოციქულმა?
5 „როგორ მოვიქცე, უფალო?“ (საქ. 22:10). ასეთი გულწრფელი სიტყვებით გამოეხმაურა განდიდებულ უფალ იესოს მითითებას პავლე, რომელიც იმ დროს სავლედ იყო ცნობილი. მას ხილვაში ეჩვენა იესო და შეაწყვეტინა თავისი მოწაფეების დევნა. ამის შედეგად, სავლემ თავმდაბლურად მოინანია წარსული შეცდომები, მოინათლა და მიიღო განსაკუთრებული დავალება, დაემოწმებინა იესოს შესახებ ერებისთვის. იმ დროიდან მოყოლებული პავლე მოიხსენიებდა იესოს, როგორც უფალს და სიცოცხლის ბოლომდე ემორჩილებოდა მას (საქ. 22:6—16; 2 კორ. 4:5; 2 ტიმ. 4:8). პავლე არ ჰგავდა მათ, რომელთა შესახებაც იესომ თქვა: «მაშ, რატომ მომმართავთ „უფალო! უფალო!“ მაგრამ არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით?“» (ლუკ. 6:46). იესო მოელის ყველასგან, ვინც მას უფლად აღიარებს, რომ პავლეს მსგავსად, შეასრულებენ თავიანთ სიტყვას.
6, 7. ა) რატომ გადადო პავლემ კორინთის კვლავ მონახულება? ბ) რატომ იყო უსაფუძვლო ზოგიერთების კრიტიკა, რომ პავლე არ იყო სანდო? გ) რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათდამი, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია?
6 პავლე გულმოდგინებით ავრცელებდა სამეფოს შესახებ ცნობას მცირე აზიასა და ევროპაში, აყალიბებდა და ინახულებდა კრებებს. ზოგჯერ ის ხედავდა იმის აუცილებლობას, რომ თავისი სიტყვების სისწორე ფიცით განემტკიცებინა (გალ. 1:20). როდესაც ზოგიერთებმა კორინთში ეჭვი შეიტანეს პავლეს სანდოობაში, მან საპასუხოდ შემდეგი სიტყვები მისწერა მათ: «ღმერთს შეგიძლიათ ენდოთ, რომ არ არის ჩვენი სიტყვები თქვენ მიმართ ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“» (2 კორ. 1:18). ამ სიტყვების დაწერის შემდეგ პავლემ დატოვა ეფესო და მაკედონიის გავლით კორინთისკენ აიღო გეზი. თავდაპირველად, მას მაკედონიაში ჩასვლამდე სურდა კორინთის კვლავ მონახულება (2 კორ. 1:15, 16). მაგრამ ისევე როგორც დღევანდელი მიმომსვლელი ზედამხედველების შემთხვევაში ხდება, ზოგჯერ გეგმები იცვლება. თუმცა ასეთი ცვლილებები გადაუდებელი საქმის გამო ხდება და არა უმნიშვნელო ან პირადული მიზეზების გამო. პავლემ გადადო კორინთის კრების მონახულება, ვინაიდან იცოდა, რომ ეს უკეთესი იქნებოდა კორინთელი და-ძმებისთვის. რატომ?
7 თავდაპირველი გეგმების შედგენის შემდეგ პავლეს ყურამდე მიაღწია ინფორმაციამ, რომ კორინთის კრებაში არ იყო ერთიანობა და უზნეობას შემწყნარებლურად უყურებდნენ (1 კორ. 1:11; 5:1). სიტუაციის გამოსასწორებლად მან კორინთელებს თავის პირველ წერილში მკაცრი რჩევა მისცა. შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ გემით ეფესოდან პირდაპირ კორინთში ჩასულიყო, პავლემ გადაწყვიტა, ამ რჩევის გასათვალისწინებლად მათთვის მიეცა დრო. ის დარწმუნებული იყო, რომ როცა კორინთელებს მოინახულებდა, ეს მათთვის ბევრად გამამხნევებელი იქნებოდა. პავლე არწმუნებდა კორინთელ და-ძმებს, რომ მართლა ჰქონდა იმის საფუძვლიანი მიზეზი, თუ რატომ შეცვალა გეგმები და ეს მიზეზი კორინთელებისთვის მიწერილ თავის მეორე წერილში მოიხსენია: „ღმერთი იყოს ჩემი სულის მოწმე, რომ გინდობდით და აქამდე ამიტომ არ მოვდიოდი კორინთში“ (2 კორ. 1:23). მოდი, ნუ დავემსგავსებით მათ, ვინც პავლეს აკრიტიკებდა. ნაცვლად ამისა, ყოველთვის გამოვავლინოთ პატივისცემა მათ მიმართ, ვისაც ჩვენ შორის პასუხისმგებლობა აკისრია. პავლე ყოველთვის ასრულებდა თავის სიტყვას, ამიტომ კარგი იქნება, თუ ისევე მივბაძავთ პავლეს, როგორც პავლე — ქრისტეს (1 კორ. 11:1; ებრ. 13:7).
სხვა ბრწყინვალე მაგალითები
8. რა მაგალითი დაგვიტოვა რებეკამ?
8 „წავყვები“ (დაბ. 24:58). ასე უპასუხა რებეკამ, როდესაც დედამ და ძმამ ჰკითხეს, მზად იყო თუ არა, იმ დღესვე დაეტოვებინა სახლი და გაჰყოლოდა უცხო კაცს სახლიდან 800-ზე მეტ კილომეტრზე, რომ გამხდარიყო აბრაამის ძის, ისაკის ცოლი (დაბ. 24:50—58). რებეკას დიახ იყო დიახ და ის გახდა ისაკის ერთგული და ღვთისმოშიში მეუღლე. რებეკა სიცოცხლის ბოლომდე აღთქმულ მიწაზე კარვებში ხიზნად ცხოვრობდა. ის დაჯილდოვდა თავისი ერთგულებისთვის და გახდა აღთქმული შთამომავლის, იესო ქრისტეს, ერთ-ერთი წინაპარი (ებრ. 11:9, 13).
9. როგორ შეასრულა რუთმა თავისი პირობა?
9 „არა, შენ წამოგყვებით შენს ხალხთან“ (რუთ. 1:10). ეს სიტყვები უთხრეს მოაბელმა ქვრივებმა, რუთმა და ორფამ, თავიანთ დაქვრივებულ დედამთილს, ნაომის, რომელიც მოაბიდან ბეთლემში ბრუნდებოდა. ნაომის დაჟინებული თხოვნის შემდეგ ორფა დაბრუნდა თავის სახლში, მაგრამ რუთის არა იყო არა (წაიკითხეთ რუთის 1:16, 17). ის ნაომისთან დარჩა და სამუდამოდ მიატოვა თავისი ოჯახი და მოაბელების ცრუ რელიგია. რუთი ბოლომდე იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი იყო და ღმერთმაც აკურთხა ის. რუთი არის იმ ხუთი ქალიდან ერთ-ერთი, რომელთა სახელებიც მათემ ქრისტეს გენეალოგიაში მოიხსენია (მათ. 1:1, 3, 5, 6, 16).
10. რით არის ესაია კარგი მაგალითი ჩვენთვის?
10 „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8). ამ სიტყვების წარმოთქმამდე ესაიამ იხილა შთამბეჭდავი ხილვა — იეჰოვა იჯდა თავის ამაღლებულ ტახტზე; მის ქვემოთ კი იერუსალიმის ტაძარი იყო. ამ დიდებული ხილვის დროს ესაიას მოესმა იეჰოვას ხმა: „ვინ გავგზავნო, ვინ გაგვეგზავნება?“. იეჰოვას სურდა, ჰყოლოდა წარმომადგენელი, რომელიც მის ცნობას გადასცემდა ურჩ ხალხს. ესაიამ შეასრულა თავისი სიტყვა; მისი დიახ იყო დიახ. 46 წელზე მეტ ხანს ის ერთგულად მსახურობდა წინასწარმეტყველად და ხალხს გადასცემდა როგორც იეჰოვას მკაცრ გაფრთხილებებს, ისე არაჩვეულებრივ დაპირებებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ.
11. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიყოთ სიტყვის შემსრულებლები? ბ) რა გამაფრთხილებელი მაგალითები გვაქვს მათი, ვინც არ დარჩა თავისი სიტყვის ერთგული?
11 რატომ უნდოდა იეჰოვას, რომ ზემოხსენებული მაგალითები ჩაწერილიყო თავის სიტყვაში? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიახ ყოველთვის იყოს დიახ? ბიბლია მათ, ვინც არიან „სიტყვის გამტეხნი“, არაორაზროვნად აფრთხილებს, რომ ისინი „სიკვდილს იმსახურებენ“ (რომ. 1:31, 32). ეგვიპტის ფარაონი, იუდეის მეფე ციდკია, ანანია და საფირა ბიბლიაში მოხსენიებული არიან მათ შორის, ვინც ცუდი მაგალითი დაგვიტოვეს და რომელთა დიახ არ იყო დიახ. მათ ეს ძვირად დაუჯდათ, რაც ჩვენთვის გამაფრთხილებელია (გამ. 9:27, 28, 34, 35; ეზეკ. 17:13—15, 19, 20; საქ. 5:1—10).
12. რა დაგვეხმარება, ყოველთვის შევასრულოთ ჩვენი სიტყვა?
12 ამ „ბოლო დღეებში“ ჩვენ გარშემო ცხოვრობენ „ორგულები“ ადამიანები, რომლებიც „გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმ. 3:1—5). უნდა ვეცადოთ, შეძლებისდაგვარად, თავი ავარიდოთ ასეთ ცუდ საზოგადოებას და რეგულარულად ვიკრიბებოდეთ მათთან ერთად, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, რომ მათი დიახ იყოს დიახ (ებრ. 10:24, 25).
თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი დიახ
13. რომელია იესო ქრისტეს მიმდევრების მიერ წარმოთქმული ყველაზე მნიშვნელოვანი დიახ?
13 ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება ღვთისადმი მიძღვნაა. მას, ვისაც სურს, უარყოს საკუთარი თავი და გახდეს იესოს მიმდევარი, შესაძლებლობა აქვს, სამ სხვადასხვა შემთხვევაში თქვას დიახ (მათ. 16:24). პირველი, როდესაც მოუნათლავ მაუწყებლად გახდომის მსურველს ორი უხუცესი ეკითხება, ნამდვილად სურს თუ არა, იყოს იეჰოვას მოწმე. მეორე, როდესაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მაუწყებელი სულიერად წინ წაიწევს და გამოთქვამს მონათვლის სურვილს, უხუცესები ჰკითხავენ, მიუძღვნა თუ არა თავი იეჰოვას ლოცვაში. და მესამე, როცა მონათვლის წინ ეკითხებიან: „იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მოინანიე ცოდვები და მიუძღვენი თავი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად?“. ამ დროს მოწმეთა წინაშე ღვთის ეს ახალი მსახურები ამბობენ დიახ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირობას დებენ, ემსახურონ იეჰოვას მარადიულად.
14. როგორი თვითშემოწმება უნდა ჩავიტაროთ დროდადრო?
14 ახალი მონათლული ხართ თუ ათწლეულებია ღმერთს ემსახურებით, დროდადრო საკუთარ თავს ასეთი კითხვები უნდა დაუსვათ: ვბაძავ იესო ქრისტეს და ვარ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი აღთქმის ერთგული? კვლავაც ვემორჩილები იესოს და არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქადაგება და მოწაფეების მომზადების საქმე? (წაიკითხეთ 2 კორინთელების 13:5).
15. ცხოვრების რომელ სფეროებში არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი დიახ იყოს დიახ?
15 მიძღვნის აღთქმის ერთგულები რომ დავრჩეთ, მნიშვნელოვანია, სხვა სერიოზულ საკითხებშიც დავიცვათ ჩვენი სიტყვა. მაგალითად: დაქორწინებული ხართ? მაშინ იყავით თქვენი საქორწინო აღთქმის ერთგული, რომ გეყვარებათ და იზრუნებთ თქვენს მეორე ნახევარზე. მოაწერეთ ხელი საქმიან ხელშეკრულებას ან შეავსეთ განცხადება ამა თუ იმ თეოკრატიული დავალების მისაღებად? მაშინ შეასრულეთ აღებული ვალდებულება და გააკეთეთ ის, რის პირობაც დადეთ. დათანხმდით, სტუმრად მისულიყავით მასთან, ვინც ხელმოკლედ ცხოვრობს? მაშინ არ უთხრათ მას უარი, თუ სადმე უკეთეს ადგილას დაგპატიჟებენ. შეპირდით მობინადრეს კარდაკარ მსახურების დროს, რომ კვლავ მიხვიდოდით და ისაუბრებდით სულიერ თემებზე? მაშინ, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენი დიახ იყოს დიახ და იეჰოვა აკურთხებს თქვენს მსახურებას (წაიკითხეთ ლუკას 16:10).
კურთხევები მღვდელმთავრისგან და მეფისგან
16. როგორ მოვიქცეთ, თუ ვერ შევასრულეთ პირობა?
16 ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ, არასრულყოფილი ადამიანები, „ყველა ხშირად ვცდებით“, განსაკუთრებით, როცა ეს ჩვენს ენას ეხება (იაკ. 3:2). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვერ შევასრულეთ პირობა? ისრაელებისთვის მიცემული კანონთა კრებულიდან ჩანს, რომ ღმერთი გულმოწყალებას ავლენდა მათ მიმართ, ვინც შეცდებოდა და „დაუფიქრებლად დასცდებოდა ბაგიდან“ რამე (ლევ. 5:4—7, 11). ღმერთი ქრისტიანების მიმართაც ავლენს გულმოწყალებას მსგავსი ცოდვის ჩადენისას. თუ იეჰოვას წინაშე ვაღიარებთ ჩვენს ცოდვას, ის გვაპატიებს ჩვენი მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს მეშვეობით (1 იოან. 2:1, 2). მაგრამ ღვთის კეთილგანწყობა რომ შევინარჩუნოთ, უნდა გამოვიღოთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი, ანუ აღარ გავიმეოროთ იგივე ცოდვა და ავანაზღაუროთ ის ზარალი, რომელიც ჩვენმა დაუფიქრებელმა ლაპარაკმა გამოიწვია (იგავ. 6:2, 3). რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, თუ კარგად დავფიქრდებით, სანამ ისეთ პირობას დავდებთ, რის გაკეთებაც არ შეგვიძლია (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 5:2).
17, 18. რა დიდებული მომავალი ელის ყველას, ვინც ცდილობს, რომ მათი დიახ იყოს დიახ?
17 მართლაც, რა ბრწყინვალე მომავალი ელის ყველას, ვინც ცდილობს, რომ მათი დიახ იყოს დიახ! 144 000 ცხებულისთვის ეს ნიშნავს უკვდავ ცხოვრებას ზეცაში, სადაც იესოსთან ერთად „იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხ. 20:6). ხოლო მილიონობით სხვა ადამიანი იცხოვრებს ქრისტეს მმართველობის ქვეშ სამოთხეში დედამიწაზე და მიაღწევს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ სრულყოფილებას (გამოცხ. 21:3—5).
18 თუ იესოს ათასწლიანი მეფობის ბოლოს, საბოლოო გამოცდისას, ერთგულებას შევინარჩუნებთ, აღარასოდეს გვექნება ვინმეს ნათქვამში ეჭვის შეტანის მიზეზი (გამოცხ. 20:7—10). ყოველი დიახ იქნება დიახ, არა კი — არა. მაშინ ყველა სრულყოფილად მიჰბაძავს „ჭეშმარიტების ღმერთს“, ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამა იეჰოვას (ფსალმ. 31:5).