იეჰოვასთვის გულით სასურველი კაცი
რა გახსენდებათ, როდესაც ბიბლიის ერთ-ერთ პერსონაჟზე, დავითზე, ფიქრობთ? ფილისტიმელ გოლიათზე მისი გამარჯვება ხომ არა? ან იქნებ ის გახსენდებათ, თუ როგორ გაექცა მტრულად განწყობილ მეფე საულს და უდაბნოში იმალებოდა? როგორ შესცოდა ბათ-შებასთან და რა იწვნია ამის შედეგად? ან იქნებ მისი ლექსები გახსენდებათ, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა, და რომლებიც ბიბლიის წიგნ „ფსალმუნების“ ნაწილი გახდა?
დავითი მთელი ცხოვრების მანძილზე განსაკუთრებულ მსახურებას ასრულებდა ღვთისთვის; მან არაერთი გამარჯვება მოიპოვა ბრძოლებში, თუმცა უბედურებებიც სდევდა თან. მაგრამ ყველაზე მეტად, რაც აღგვაფრთოვანებს ამ პერსონაჟში, ის არის, რაც წინასწარმეტყველმა სამუელმა თქვა მასზე, რომ ის იქნებოდა იეჰოვასთვის „გულით სასურველი კაცი“ (1 სამუელი 13:14).
სამუელმა ეს წინასწარმეტყველება მაშინ წარმოთქვა, როცა დავითი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო. განა არ გსურთ, თქვენზეც თქვან, რომ იეჰოვასთვის გულით სასურველი ხართ?! რით იყო გამორჩეული დავითის ცხოვრება, განსაკუთრებით კი მისი ახალგაზრდობის წლები, და როგორ დაგეხმარებათ ეს, რომ თქვენც მისი მსგავსი გახდეთ?
ოჯახი და საქმიანობა
იესე, დავითის მამა და რუთისა და ბოაზის შვილიშვილი, როგორც ჩანს, ღვთის ერთგული კაცი იყო. როდესაც დავითი, მისი შვიდი ძმა და ორი და ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ის მათ მოსეს კანონს ასწავლიდა. ერთ-ერთ თავის ფსალმუნში დავითი საკუთარ თავს იეჰოვას „მხევლის ძედ“ მოიხსენიებს (ფსალმუნი 86:16). ამ სიტყვებს ზოგიერთი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ დედამისსაც, რომლის სახელიც ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, დავითის სულიერ ზრდაში დიდი წვლილი მიუძღვოდა. ერთი სწავლული შემდეგ სიტყვებს ამბობს: „ალბათ სწორედ მისი ბაგეებიდან მოისმინა დავითმა ის საოცარი ისტორიები, რომლებიც ღმერთსა და ისრაელს შორის ურთიერთობას ეხებოდა“, მათ შორის რუთისა და ბოაზის ამბავიც.
როდესაც ბიბლიაში პირველად ჩნდება დავითი, ის ახალგაზრდა ყმაწვილია, რომელიც მამის ფარას მწყემსავს. ეს არ იყო ადვილი საქმიანობა, რადგან ის დღე და ღამე ტრიალ მინდორში მარტო უნდა ყოფილიყო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს სურათი?
დავითის ოჯახი ცხოვრობდა იუდას მთაგორიან მხარეში ფერდობებზე გაშენებულ პატარა სოფელ ბეთლემში. ბეთლემის ქვა-ღორღიან მინდვრებში მარცვლეულის კარგი მოსავალი მოდიოდა. ფერდობებსა და ველებზე ხილნარი, ზეთისხილის ბაღები და ვენახები იყო გაშენებული. დავითის დროს მთიან მხარეებს საძოვრად იყენებდნენ. იუდას დანარჩენ ნაწილზე კი უდაბნო იყო გადაჭიმული.
დავითის საქმიანობა დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. მთაგორიან მხარეში, სადაც დავითი ცხვარს მწყემსავდა, ის არაერთხელ გადაყრია ლომსა თუ დათვს და არაერთხელ გამოუგლეჯია თავისი ცხვარი მათი პირიდან.a ეს გაბედული ახალგაზრდა ბევრჯერ დადევნებია მხეცებს, მოუკლავს ისინი და მათი კლანჭებიდან დაუხსნია ცხვარი (1 სამუელი 17:34—36). როგორც ჩანს, სწორედ მაშინ ისწავლა დავითმა შურდულის ტყორცნა. მისი მშობლიური მხარიდან არც ისე შორს მდებარეობდა ბენიამინის ძეთა კუთვნილი ტერიტორია. ამ ტომის საუკეთესო მეომრები ისე ისროდნენ ქვას, რომ „თმის ღერს არ აცილებდნენ“. დავითმაც შურდულით ნატყორცნი ქვა პირდაპირ მიზანში გაარტყა (მსაჯულები 20:14—16; 1 სამუელი 17:49).
დავითმა მშვიდი ცხოვრების წლები იეჰოვაზე ფიქრში გაატარა
მწყემსები უმეტეს დროს განმარტოებული არიან და მშვიდ ცხოვრებას ეწევიან. მაგრამ დავითი ცდილობდა, რომ არ მობეზრებოდა ეს საქმე. მას მშვიდ გარემოში შესაძლებლობა ეძლეოდა, ბევრ რამეზე ეფიქრა. როგორც ჩანს, დავითმა მოგვიანებით თავის ფსალმუნებში სწორედ ის დაწერა, რაზეც ახალგაზრდობაში ფიქრობდა. სწორედ განმარტოების დროს ფიქრობდა დავითი, თუ რა ადგილი ეკავა სამყაროში ადამიანს და რა საოცრად იყო შექმნილი ციური სხეულები — მზე, მთვარე და ვარსკვლავები — იეჰოვას „თითების ნამოქმედარი“. როდესაც ბეთლემის ახლოს მდებარე ველ-მინდვრებში დააბიჯებდა, დავითი ალბათ აკვირდებოდა ამ ნაყოფიერ მიწას, მსხვილფეხა საქონელს, ფრინველებსა და „ტრიალი მინდვრის მხეცებს“ (ფსალმუნი 8:3—9; 19:1—6).
უეჭველია, დავითი, როგორც მწყემსი, უფრო კარგად დაინახავდა, თუ რაოდენ თანამგრძნობია იეჰოვა თავის ერთგულთა მიმართ. ის ასე მღეროდა: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება. აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს, წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის. უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან; შენი ჯოხი და შენი კვერთხი მანუგეშებენ“ (ფსალმუნი 23:1, 2, 4).
შეიძლება ფიქრობთ, რა კავშირი აქვს ამას თქვენთან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავითს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მისთვის „გულით სასურველი კაცი“ გახდა, სწორედ ის იყო, რომ იგი ბევრს ფიქრობდა იეჰოვას საქმეებზე და ღმერთთან ურთიერთობაზე. თქვენზეც იმავეს თქმა შეიძლება?
ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, განგედიდებინათ იეჰოვა მის ხელთა ქმნილებებზე დაკვირვების შემდეგ? აღგვსებიათ გული იეჰოვასადმი სიყვარულით, როცა დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ის ადამიანებს და რა თვისებებს ავლენს? რასაკვირველია, იმისათვის, რომ დააფასოთ იეჰოვა, მშვიდ გარემოში ლოცვით უნდა იფიქროთ ღვთის სიტყვაზე და მის შემოქმედებაზე. ასეთი დაფიქრების წყალობით უფრო ახლოს გაეცნობით იეჰოვას და, შესაბამისად, მისდამი სიყვარულიც გაგიღრმავდებათ. იეჰოვასთან დაახლოების პატივი ყველას, ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს, ერგო წილად. აშკარაა, რომ დავითს იეჰოვასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ახლო ურთიერთობა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
დავითი მეფედ სცხეს
როდესაც მეფე საული აღარ იმსახურებდა, ყოფილიყო ღვთის ხალხის მმართველი, იეჰოვამ წინასწარმეტყველ სამუელს უთხრა: „როდემდე უნდა წუხდე საულზე? მე ხომ უარვყავი იგი, როგორც ისრაელის მეფე. აავსე რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მისი ვაჟებიდან ამოვირჩიე მეფე“ (1 სამუელი 16:1).
როდესაც ღვთის წინასწარმეტყველი სამუელი ბეთლემში ჩავიდა, იესეს თავისი ვაჟები შეაკრებინა. რომელი მათგანი უნდა ეცხო სამუელს მეფედ? როგორც კი დაინახა იესეს უფროსი ვაჟი, ელიაბი, რომელიც წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო, სამუელმა გაიფიქრა: „ნამდვილად ეს არის“. მაგრამ იეჰოვამ მას უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს, რადგან უარვყავი იგი. ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“. იეჰოვამ არც აბინადაბი, არც შამა და არც დანარჩენი მისი ოთხი ვაჟი მოიწონა. «ბოლოს სამუელმა ჰკითხა იესეს: „ყველა ვაჟი აქ არის?“ მან მიუგო: „ერთი დარჩა, ყველაზე უმცროსი, ცხვარს მწყემსავს“» (1 სამუელი 16:7, 11).
იესეს პასუხიდან ჩანდა, რომ თითქოს ასეთი სიტყვების თქმა უნდოდა: „არა მგონია, დავითი ის იყოს, ვისაც შენ ეძებ“. რადგან ყველაზე პატარა და შეუმჩნეველი იყო ოჯახში, მას ცხვრის მწყემსვა დაავალეს. მაგრამ დავითი სწორედ ის იყო, ვინც ღმერთმა აირჩია. იეჰოვა ადამიანის გულს ხედავს და ამ ახალგაზრდის გულში რაღაც განსაკუთრებული დაინახა. ასე რომ, როცა იესემ დავითი მოაყვანინა, იეჰოვამ სამუელს უთხრა: «„ადექი და სცხე, ეს არის ის!“ აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა და სცხო იგი მის ძმებს შორის. იმ დღიდან ამოქმედდა დავითზე იეჰოვას სული» (1 სამუელი 16:12, 13).
ცნობილი არ არის, რამდენი წლის იყო დავითი, როდესაც ეს მოხდა. თუმცა ის ვიცით, რომ ცოტა ხანში დავითის სამმა უფროსმა ძმამ ელიაბმა, აბინადაბმა და შამამ საულის ლაშქარში დაიწყეს მსახურება. როგორც ჩანს, დანარჩენი ხუთი ვაჟი პატარები იყვნენ და მათთან ერთად ვერ მსახურობდნენ. შესაძლებელია, არც ერთი მათგანი არ იყო ჯერ 20 წლისა. ეს კი სწორედ ის ასაკი იყო, როცა ისრაელ მამაკაცებს ლაშქარში იწვევდნენ (რიცხვები 1:3; 1 სამუელი 17:13). როგორც არ უნდა ყოფილიყო, დავითი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა იეჰოვამ ამოირჩია. მაგრამ აშკარაა, რომ დავითი უკვე სულიერად მოწიფული იყო. ცხადია, მას იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რაც იმან განაპირობა, რომ გამუდმებით ფიქრობდა იეჰოვას საქმეებზე.
დღეს ახალგაზრდებმა უნდა მიჰბაძონ დავითს. ამიტომ, მშობლებო, წაახალისეთ თქვენი შვილები, იფიქრონ სულიერ საკითხებზე, დააფასონ ღვთის ქმნილებები და ისწავლონ, რას ამბობს ბიბლია შემოქმედზე (კანონი 6:4—9). ახალგაზრდებო, თქვენ რას აკეთებთ ამ მხრივ? ბიბლიაზე დაფუძნებული ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“b დიდ დახმარებას გაგიწევთ.
ის საუკეთესოდ უკრავდა არფაზე
დავითის ფსალმუნებიდან ჩანს, რომ ის კარგი მუსიკოსიც იყო. მართალია, არც ერთმა მისმა მუსიკალურმა ნაწარმოებმა არ მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ამ ნაწარმოებების შემქმნელი შესანიშნავი მუსიკოსი იყო. დავითი სწორედ იმიტომ მიიყვანეს მეფე საულთან, რომ ის არფაზე კარგად უკრავდა (1 სამუელი 16:18—23).c
სად და როდის ისწავლა დავითმა არფაზე დაკვრა? როგორც ჩანს, იმ დროს, როცა მინდორში ცხვარს მწყემსავდა. უეჭველია, დავითი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა მთელი გულით უმღეროდა ღმერთს. სწორედ ასეთი ერთგულების გამო აირჩია იეჰოვამ იგი.
ახლა არ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ წარიმართა დავითის შემდგომი ცხოვრება. მაგრამ ის სული, რომელსაც დავითი მთელი ცხოვრების მანძილზე ავლენდა, მისივე სიტყვებიდან ჩანს. სწორედ ეს სიტყვები ასახავს ბეთლემის მახლობლად ველ-მინდვრებში გატარებულ დავითის ახალგაზრდობის წლებს. წარმოიდგინეთ, რა გრძნობით უმღეროდა ის იეჰოვას: „ვიხსენებ ადრინდელ დღეებს. ვფიქრობ ყველა შენს ნამოქმედარზე. სიამოვნებით ვფიქრობ შენს ნახელავზე“ (ფსალმუნი 143:5). ამ და ბევრ სხვა ფსალმუნში დავითის მიერ გამოხატული თბილი გრძნობები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ დავითი იეჰოვასთვის გულით სასურველი კაცი იყო.
[სქოლიოები]
a სირიული მურა დათვი, რომელიც ადრე პალესტინაში ბინადრობდა, დაახლოებით 140 კილოგრამს იწონიდა და თავისი დიდი ტორის დარტყმით ცხოველისა თუ ადამიანის მოკვლა შეეძლო. ამ მხარეში ერთ დროს ლომებიც ბლომად ბინადრობდნენ. ესაიას 31:4-ში ვკითხულობთ, რომ „მთელ მწყემსობასაც“ კი არ შეეძლო „ფაფრიანი ლომისთვის“ მსხვერპლის კლანჭებიდან გამოგლეჯა.
b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
c მეფის მრჩეველმა, რომელმაც დავითზე შეაჩერა არჩევანი, ასეთი სიტყვებიც თქვა მასზე: „ტანადია, და კარგი სიტყვა-პასუხიც აქვს; იეჰოვას სულია მასთან“ (1 სამუელი 16:18).