მკითხველთა შეკითხვები
გოლიათის მოკვლის შემდეგ, რატომ ჰკითხა მეფე საულმა დავითს „ვისი ბიჭი ხარ?“, როცა მანამდე შეუთვალა, რომ მასთან ემსახურა? (1 სამუელი 16:22; 17:58).
საულისა და დავითის პირველი შეხვედრა ხანმოკლე იყო; ამიტომ, შესაძლოა, საულს აღარ ხსომებოდა ის. მაგრამ ეს ვარაუდი ნაკლებად დასაშვებია, რადგან 1 სამუელის 16:18—23-ის თანახმად, მეფე საულმა სპეციალურად გაგზავნა მსახურები დავითის მოსაყვანად; საულს ძალიან შეუყვარდა ის, რის გამოც თავის საჭურველთმტვირთველად დანიშნა. საული, როგორც ჩანს, კარგად იცნობდა დავითს.
ბიბლიის ზოგი მკვლევარის აზრით, 1 სამუელის 17:12—31 და 17:55—18:5 მოგვიანებით იქნა ჩამატებული, რადგან ეს მუხლები არ არის ბერძნული სეპტუაგინტის, ებრაული წერილების თარგმანის, ზოგ ასლში, რომელზე მუშაობაც ძვ. წ. მეორე საუკუნეში დასრულდა. მაგრამ სეპტუაგინტის მხოლოდ ამ ასლების საფუძველზე არაგონივრულია ასეთი დასკვნის გაკეთება, რადგან ებრაული წერილების სხვა სანდო ხელნაწერებში ეს მუხლები მოყვანილია.
როგორც ჩანს, ჯერ აბნერისთვის, შემდეგ კი თავად დავითისთვის ამ კითხვის დასმით საულს მხოლოდ დავითის მამის სახელის გაგება არ სურდა. დავითმა ის-ის იყო სძლია გოლიათს; ამ დროს საულმა სულ სხვა თვალით დაინახა დავითი, დაინახა მისი დიდი რწმენა და გაბედულება, რამაც სურვილი გაუჩინა, გაეგო, როგორი მამის გაზრდილი იყო ეს ბიჭი. დავითის გაბედულებისა და სიმამაცის შემხედვარე საული შეიძლება ფიქრობდა, რომ დავითის მამას, იესეს, და მისი ოჯახის სხვა წევრებსაც მსგავსი თვისებები ექნებოდათ, რის გამოც სურდა, მათ მის ჯარში ემსახურათ.
1 სამუელის 17:58-ის თანახმად, დავითი საულს მოკლედ პასუხობს: „შენი მსახურის, ბეთლემელი იესესი“; მაგრამ შემდგომი სიტყვებიდან ჩანს, რომ მათი დიალოგი უფრო ვრცელი იყო. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ბიბლეისტების კ. კაილისა და ფ. დელიჩის მოსაზრება: «ფრაზიდან — „დაამთავრა მან საულთან საუბარი“ — [რომელიც 1 სამუელის 18:1-ში წერია] აშკარად ჩანს, რომ საულმა დავითის ოჯახზე უფრო მეტი რამ გაიგო; სწორედ ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ საუბარი ვრცელი უნდა ყოფილიყო».
განხილულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კითხვით, „ვისი ბიჭი ხარ?“ საულს დავითის მამის სახელის გაგება კი არ უნდოდა, რაც მისთვის უკვე ცნობილი იყო, არამედ დავითის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება.
[სურათი 31 გვერდზე]
რატომ ჰკითხა საულმა დავითს: „ვისი ბიჭი ხარ?“