მკითხველთა შეკითხვები
მიუთითებს თუ არა დავითისა და მისი კაცების მიერ მისართმევი პურების ჭამა იმაზე, რომ რთულ სიტუაციაში შეიძლება ღვთის კანონის დარღვევა და ამისათვის ადამიანი არ დაისჯება? (1 მეფეთა 21:1—6).
ლევიანების 24:5—9 თანახმად, მისართმევი პურები, რომლებიც ყოველ შაბათს იცვლებოდა, მღვდლებს უნდა ეჭამათ. ამ კანონს საფუძვლად ედო პრინციპი, რომ პურები წმინდა იყო და იმ მამაკაცებს უნდა ეჭამათ, რომლებსაც ღვთის მსახურება ჰქონდათ დაკისრებული, ანუ მღვდლებს. აშკარად არასწორი იქნებოდა მათი მიცემა რიგითი ადამიანისთვის ან სიამოვნებისთვის ჭამა. მაგრამ ახიმელექ მღვდელს ცოდვა არ ჩაუდენია, როდესაც ეს პურები დავითსა და მის კაცებს მისცა.
როგორ ჩანს, დავითი მეფის მიერ დაკისრებულ განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდა. დავითი და მისი კაცები მშივრები იყვნენ. ახიმელექმა დაადგინა, რომ ისინი ცერემონიალურად სუფთები იყვნენ. მათ მიერ მისართმევი პურების ჭამა, მკაცრად რომ განვსაჯოთ, კანონის დარღვევა იყო, მაგრამ შეესაბამებოდა მისართმევი პურის ძირითად დანიშნულებას. ეს კი ახიმელექს იმის საფუძველს აძლევდა, რომ გამონაკლისი დაეშვა. თავად იესო ქრისტემ ეს შემთხვევა იმის თვალნათლივ დასანახვებლად გამოიყენა, რომ არასწორი იყო შაბათის შესახებ რჯულის მკაცრად, ბრმად დაცვა, რაც ფარისევლების გადმოცემების თანახმად მოითხოვებოდა (მათე 12:1—8).
ეს იმას არ ნიშნავს, რომ რთული სიტუაციის დროს შეიძლება ღვთის რჯულის დარღვევა. მაგალითად, ერთი შეხედვით, კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ისრაელმა მებრძოლებმა ფილისტიმელებს სძლიეს. მეფე საულს ნათქვამი ჰქონდა: „წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე“. ბიბლიაში ნათქვამია: „მუსრეს იმ დღეს ფილისტიმელები“. მეომრები დაღლილები და მშივრები იყვნენ. ამიტომ ‘დაიწყეს ცხვარ-ძროხისა და ხბორების ხოცვა და სისხლიანად ჭამა’ (1 მეფეთა 14:24, 31—33). მათ დაარღვიეს კანონი სისხლთან დაკავშირებით და ამგვარად შესცოდეს იეჰოვას წინაშე. ამ ხალხს სისხლი არ გამოუყენებია ღვთის მიერ დაწესებული ერთადერთი მიზნისთვის — ცოდვისგან ‘გამოსასყიდად’ (ლევიანები 17:10—12, აქ; დაბადება 9:3, 4). ამ შემთხვევაში იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა და შემცოდველთა ცოდვების დასაფარავად აღვლენილი სპეციალური მსხვერპლი მიიღო (1 მეფეთა 14:34, 35).
იეჰოვა მოელის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დავემორჩილებით. „ღვთის სიყვარული ის არის, — ამბობს მოციქული იოანე, — რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, ხოლო მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3).
[სურათი 30 გვერდზე]
ახალ მისართმევ პურებს ყოველ შაბათს აწყობდნენ კარვის შიგნით.