Ა3
როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე
ბიბლია მისივე ავტორმა შემოგვინახა. სწორედ მისი შთაგონებით ჩაიწერა ბიბლიაში შემდეგი სიტყვები:
„ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად რჩება“(ესაია 40:8).
ეს სრული სიმართლეა მიუხედავად იმისა, რომ ებრაულ-არამეული წერილებისაa თუ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დედნისეულ ხელნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მაგრამ რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლიის დედნისეული ტექსტი არ შეცვლილა?
გადამწერების როლი
ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ებრაული წერილების დედნისეულმა ტექსტმა ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია, ღვთის მიერ დადგენილი ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც ტექსტი უნდა გადაწერილიყო.b მაგალითად, იეჰოვამ ისრაელის მეფეებს კანონის გადაწერა დაავალა (კანონი 17:18). ღმერთმა ლევიანებსაც დაავალა, რომ გაფრთხილებოდნენ კანონს და ხალხისთვის ესწავლებინათ ის (კანონი 31:26; ნეემია 8:7). ამასთანავე, იუდეველების ბაბილონში გადასახლების შემდეგ შეიქმნა გადამწერთა, იგივე სოფერიმთა, ჯგუფი (ეზრა 7:6), რომლებმაც დროთა განმავლობაში ებრაული წერილების 39-ვე წიგნის არაერთი ასლი შექმნეს.
საუკუნეების განმავლობაში გადამწერები ებრაული წერილების ზუსტ ასლებს აკეთებდნენ. ეს ტრადიცია შუა საუკუნეებში მოღვაწე მასორეტების სახელით ცნობილმა ებრაელმა გადამწერებმაც განაგრძეს. უძველესი მასორეტული ხელნაწერი, რომელიც ახ. წ. 1008-1009 წლებით თარიღდება, ლენინგრადის კოდექსია. XX საუკუნის შუა ხანებში აღმოჩენილ იქნა მკვდარი ზღვის ხელნაწერები, რომელთა შორისაც იყო 220 ბიბლიური ხელნაწერი თუ ფრაგმენტი. ეს ხელნაწერები ლენინგრადის კოდექსზე 1 000 წლით ძველია. მკვდარი ზღვის ხელნაწერებისა და ლენინგრადის კოდექსის შედარებამ მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთა: ამ ორ წყაროში შეინიშნება ერთგვარი ლექსიკური სახეცვლილებები, თუმცა აზრი უცვლელია.
რაც შეეხება ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 27 წიგნს, მათი დამწერები იესო ქრისტეს მოციქულები და მოწაფეები იყვნენ. პირველი ქრისტიანებიც მიჰყვებოდნენ იუდეველ გადამწერთა ტრადიციას და თავადაც ამზადებდნენ ამ წიგნების ასლებს (კოლოსელები 4:16). რომის იმპერატორ დიოკლეტიანესა თუ სხვათა ძალისხმევის მიუხედავად, რომ გაენადგურებინათ ქრისტიანთა ხელნაწერები, დღემდე შემორჩა ათასობით უძველესი ხელნაწერი თუ ფრაგმენტი.
ეს ხელნაწერები სხვა ენებზეც ითარგმნა. იმ უძველეს ენათა შორის, რომლებზეც ბიბლია გადაითარგმნა, იყო ეთიოპური, კოპტური, ლათინური, სირიული, სომხური და ქართული.
ებრაული და ბერძნული წერილების ტექსტები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიბლიის ხელნაწერებში გარკვეული ლექსიკური სხვაობები შეინიშნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: როგორ გავიგოთ, რა ეწერა დედნისეულ ტექსტში?
თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ, მასწავლებელმა 100 მოსწავლეს წიგნიდან ერთი და იმავე თავის გადაწერა დაავალა და მოგვიანებით დედანი დაიკარგა. ცხადია, 100 ასლის ერთმანეთთან შედარება იმის დადგენის საშუალებას მოგვცემს, თუ რა ეწერა დედნისეულ ტექსტში. შეიძლება გადაწერის დროს მოსწავლეებმა შიგადაშიგ შეცდომები დაუშვან, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა მოსწავლემ იდენტური შეცდომა დაუშვას. მსგავსად ამისა, მეცნიერები ბიბლიის წიგნების უძველესი ფრაგმენტებისა თუ ხელნაწერების შედარებისას ხედავენ, სად დაუშვეს გადამწერებმა შეცდომები, და ამის მიხედვით ადგენენ, თუ რა ეწერა დედნისეულ ტექსტში.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიზუსტით არცერთი უძველესი ნაშრომის ასლები არ გაკეთებულა!“
რა ამტკიცებს იმას, რომ დედნისეულმა ტექსტებმა ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია? ებრაული წერილების ტექსტს მეცნიერმა უილიამ. ჰ. გრინმა ასეთი შეფასება მისცა: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიზუსტით არცერთი უძველესი ნაშრომის ასლები არ გაკეთებულა!“ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების, ე.წ. „ახალი აღთქმის“ შესახებ კი ბიბლიის მკვლევარმა ფ. ფ. ბრუსმა დაწერა: «„ახალი აღთქმის“ ხელნაწერების უტყუარობის დამადასტურებელი უფრო მეტი ფაქტი არსებობს, ვიდრე კლასიკოსთა ნაშრომების, რომელთა უტყუარობაშიც ვერავინ ბედავს ეჭვის შეტანას». მან დასძინა: «„ახალი აღთქმა“ არარელიგიური ნაშრომების კრებული რომ ყოფილიყო, მის უტყუარობაში ეჭვს არავინ შეიტანდა».
ებრაული წერილების ტექსტი: „ებრაული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ (1953—1960წწ.) საფუძვლად დაედო რუდოლფ კიტელის „ბიბლია ჰებრაიკა“. მოგვიანებით გამოცემული ებრაული წერილების ტექსტი, კერძოდ „ბიბლია ჰებრაიკა შტუტგარტენზია“ და „ბიბლია ჰებრაიკა კვინტა“, გადამუშავდა მკვდარი ზღვისა და სხვა უძველეს ხელნაწერებზე დაყრდნობით. ამ ნაშრომების ძირითად ტექსტს ლენინგრადის კოდექსი წარმოადგენს, ხოლო თანდართულ სქოლიოებში შესულია ძირითადი ტექსტის ალტერნატიული ვარიანტები სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის „სამარიული ხუთწიგნეულიდან“, „მკვდარი ზღვის ხელნაწერებიდან“, „ბერძნული სეპტუაგინტიდან“, „არამეული თარგუმებიდან“, „ლათინური ვულგატიდან“ და „სირიული ფეშიტიდან“. წინამდებარე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებისას მოვიშველიეთ როგორც „ბიბლია ჰებრაიკა შტუტგარტენზია“, ისე „ბიბლია ჰებრაიკა კვინტა“.
ბერძნული წერილების ტექსტი: XIX საუკუნის მიწურულს, მეცნიერებმა ბ. ფ. უესტკოტმა და ფ. ჯ. ა. ჰორტმა არსებული ხელნაწერებისა და ფრაგმენტების ერთმანეთთან შედარების საფუძველზე მოამზადეს ბერძნული წერილების ტექსტი, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე ახლოს იყო დედნისეული ხელნაწერების ტექსტთან. XX საუკუნის შუა ხანებში სწორედ ამ ტექსტზე დაყრდნობით მოამზადა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სარედაქციო კომიტეტმა საკუთარი თარგმანი. მათ აგრეთვე გამოიყენეს ახ. წ. II-III საუკუნეებით დათარიღებული პაპირუსები. მას შემდეგ კიდევ უფრო მეტ პაპირუსს მიაკვლიეს. გარდა ამისა, ნესტლესა და ალანდის და „გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების“ მიერ მომზადებულ ტექსტებში აისახა უახლესი მეცნიერული აღმოჩენები. მათგან ზოგიერთი წინამდებარე გადამუშავებულ გამოცემაშიც იქნა გათვალისწინებული.
ზემოხსენებული ტექსტების გამოკვლევამ გამოააშკარავა, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ზოგიერთი მუხლი, რომლებიც ძველ თარგმანებში გვხვდება, გადამწერების მიერ იყო ჩამატებული და ღვთივშთაგონებული სიტყვის ნაწილი არასოდეს ყოფილა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბიბლია მუხლებად XVI საუკუნეში დაიყო, ჩამატებული მუხლების ამოღებამ ბიბლიის მრავალი თარგმანის ნუმერაციაში სივრცეები გააჩინა. ეს მუხლებია: მათე 17:21; 18:11; 23:14; მარკოზი 7:16; 9:44, 46; 11:26; 15:28; ლუკა 17:36; 23:17; იოანე 5:4; საქმეები 8:37; 15:34; 24:7; 28:29; რომაელები 16:24. ამ გადამუშავებულ გამოცემაში ამოღებული მუხლების ადგილას სქოლიოებია დასმული.
მარკოზის სახარების მე-16 თავის ვრცელი დაბოლოება (9—20), აგრეთვე მოკლე დაბოლოება და იოანეს 7:53—8:11-ის ჩათვლით მონაკვეთი არასოდეს ყოფილა დედნისეული ტექსტის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ეს მონაკვეთები არ შევიდა გადამუშავებულ გამოცემაში.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მუხლის მნიშვნელობა დაზუსტდა მეცნიერთა მიერ საყოველთაოდ აღიარებულ და სანდოდ მიჩნეულ ტექსტებზე დაყრდნობით. მაგალითად, ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, მათეს 7:13 შემდეგნაირად ითარგმნა: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერია ჭიშკარი . . . რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემაში ფრაზა „განიერია ჭიშკარი“ არ გვხვდება. თუმცა ხელნაწერთა სიღრმისეულმა გამოკვლევამ ცხადი გახადა, რომ ეს ფრაზა დედნისეული ტექსტის ნაწილი იყო. სწორედ ამის საფუძველზე შევიდა ეს ფრაზა ამ თარგმანში. მსგავსი ცვლილებები განხორციელდა წინამდებარე თარგმანის სხვა მონაკვეთებშიც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ცვლილებები უმნიშვნელო ხასიათისაა და ბიბლიის დედააზრს არ ცვლის.
a ებრაულ-არამეულ წერილებს ყველა დანარჩენ ადგილას ებრაულ წერილებად მოვიხსენიებთ.
b ასლების შექმნის აუცილებლობას ის განაპირობებდა, რომ დედნისეული ტექსტი მალფუჭებად მასალაზე იყო შესრულებული.