ᲗᲐᲕᲘ 8
აღმდგენი ძალა — „ვქმნი ყოველივე ახალს“
1, 2. რა დანაკლისს განიცდის მრავალი და როგორ მოქმედებს ეს ჩვენზე?
ᲑᲐᲕᲨᲕᲡ, როცა ეკარგება ან უფუჭდება საყვარელი სათამაშო, გულამომჯდარი იწყებს ტირილს. მაგრამ როცა მშობელი უპოვის ან შეუკეთებს სათამაშოს, სახე უბრწყინავს. მშობლისთვის ამის გაკეთება შეიძლება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ბავშვისთვის კი დიდი ბედნიერება და სიხარულია. მშობელი თავდაპირველ სახეს უბრუნებს იმას, რაც თითქოს სამუდამოდ დაიკარგა თუ დაზიანდა.
2 იეჰოვას, უბადლო მშობელს, აქვს ძალა, აღადგინოს ის, რაც მისმა მიწიერმა შვილებმა დაკარგეს და აღარც დაბრუნების იმედი აქვთ. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ გვაქვს სათამაშოები. დღევანდელ „მძიმე და ძნელად ასატან“ დროში შეიძლება გაცილებით უფრო სერიოზული დანაკლისი განვიცადოთ (2 ტიმოთე 3:1—5). დღეს სწორედ იმას ემუქრება საფრთხე, რაც ხალხის უმეტესობას ყველაზე ძვირფასად მიაჩნია — ოჯახს, სამსახურს, ჯანმრთელობას. შეიძლება სასოწარკვეთილების გრძნობაც კი გვიჩნდება, როცა ვხედავთ, თუ როგორ უარესდება გარემო პირობები. შედეგიც არ აყოვნებს — მრავალი ცოცხალი არსება გადაშენების პირასაა. იმაზე მეტად კი რამ უნდა დაგვწყვიტოს გული, როცა საყვარელი ადამიანი გვეცლება ხელიდან. დანაკლისისა და უძლურების გაუთავებელმა შეგრძნებამ შეიძლება მთლად გამოგვფიტოს (2 სამუელი 18:33).
3. რა მანუგეშებელ პერსპექტივაზეა საუბარი საქმეების 3:21-ში და როგორ მიაღწევს ამას იეჰოვა?
3 ამ ყველაფრის მერე, განა არ გვანუგეშებს იმის გაგება, რომ იეჰოვა აღმდგენ ძალას ფლობს?! როგორც დავინახავთ, ღმერთს შესწევს საიმისო ძალა, რომ უამრავი რამ აღუდგინოს თავის მიწიერ შვილებს. ბიბლია იმასაც კი გვეუბნება, რომ იეჰოვას განზრახვის თანახმად, „აღდგება ყველაფერი“ (საქმეები 3:21). ამას მესიანური სამეფოს მეშვეობით მიაღწევს, რომელსაც სათავეში მისი ძე, იესო ქრისტე, უდგას. ფაქტები ცხადყოფს, რომ სამეფომ 1914 წელს დაიწყო ზეცაში მმართველობაa (მათე 24:3—14). რას აღადგენს იეჰოვა? ვისაუბროთ იმ გასაოცარ საქმეებზე, რომელსაც იგი დღეს ასრულებს და რომელსაც მომავალში ფართო მასშტაბით შეასრულებს.
წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა
4, 5. რა დაემართა ღვთის ხალხს ძვ. წ. 607 წელს და რა იმედს უნერგავდა მათ იეჰოვა?
4 ის, რაც იეჰოვამ უკვე აღადგინა, წმინდა თაყვანისმცემლობაა. რომ გავიგოთ, ეს რას ნიშნავს, მოკლედ მიმოვიხილოთ იუდას სამეფოს ისტორია და ვნახოთ, როგორ გამოიყენა იეჰოვამ თავისი აღმდგენი ძალა (რომაელები 15:4).
5 წარმოიდგინე, თავს როგორ იგრძნობდნენ ერთგული იუდეველები ძვ. წ. 607 წელს, როცა იერუსალიმი მტვრად და ფერფლად იქცა. მათი საყვარელი ქალაქი თავის გალავნიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ სოლომონის აშენებული დიდებული ტაძარი, რომელიც მთელ დედამიწაზე იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრს წარმოადგენდა, ნაცარტუტად იქცა (ფსალმუნი 79:1). სიკვდილს გადარჩენილები ტყვედ წაასხეს ბაბილონში. უპატრონოდ მიტოვებული მათი სამშობლო კი მხეცთა ბუნაგს დაემსგავსა (იერემია 9:11). ადამიანი იფიქრებდა, რომ ყველაფერი დაკარგული იყო (ფსალმუნი 137:1). მაგრამ იეჰოვა, რომელსაც დიდი ხნის წინათ ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები ეს გაპარტახება, იმედს უნერგავდა თავის ხალხს, რომ დადგებოდა აღდგენისა და განახლების ჟამი.
6—8. ა) რა მოიხსენიეს ებრაელმა წინასწარმეტყველმა არაერთხელ და თავდაპირველად როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველებები? ბ) ჩვენს დროში როგორ შესრულდა აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები ღვთის ხალხზე?
6 ებრაელმა წინასწარმეტყველებმა არაერთხელ მოიხსენიეს აღდგენა.b მათი პირით იეჰოვამ აღუთქვა ხალხს, რომ ქვეყანას აღადგენდა, ხელახლა დაასახლებდა, გაანაყოფიერებდა, დაიცავდა მხეცებისგან და მტერთა შემოტევებისგან. მათ მიწა-წყალს ნამდვილ სამოთხედ გარდაქმნიდა! (ესაია 65:25; ეზეკიელი 34:25; 36:35). ყველაზე საგულისხმო კი ის იყო, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა და ტაძარი კვლავ აშენდებოდა (მიქა 4:1—5). ეს წინასწარმეტყველებები ტყვედ წასხმულ იუდეველებს იმედს უსახავდა და ბაბილონში 70-წლიანი ტყვეობის ატანაში ეხმარებოდა.
7 და აი, აღდგენისა და განახლების დროც დადგა. ბაბილონიდან გათავისუფლებული იუდეველები დაუბრუნდნენ იერუსალიმს და იეჰოვას ხელახლა აუგეს ტაძარი (ეზრა 1:1, 2). სანამ წმინდა თაყვანისმცემლობას უჭერდნენ მხარს, იეჰოვა თავის ხალხს კურთხევებს არ აკლებდა: ქვეყანა ნაყოფიერ და აყვავებულ მიწა-წყლად უქცია; იცავდა მტრებისა და მხეცებისგან, ათწლეულების მანძილზე რომ მომრავლებულიყვნენ. მართლაც, როგორ უნდა გახარებოდათ, რომ იეჰოვამ თავისი ძალით ყველაფერი აღუდგინა მათ! მაგრამ ეს მოვლენა აღდგენასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებათა მხოლოდ თავდაპირველი, მცირემასშტაბიანი შესრულება იყო. უფრო დიდი მასშტაბით კი „უკანასკნელ დღეებში“ უნდა შესრულებულიყო — ჩვენს დროში, როცა მეფე დავითის ძველთაგანვე აღთქმული მემკვიდრე სამეფო ტახტზე ავიდოდა (ესაია 2:2—4; 9:6, 7).
8 როგორც კი ზეციერ სამეფოში 1914 წელს სამეფო ტახტი დაიკავა, იესომ იზრუნა, რომ ღვთის ერთგულ თაყვანისმცემლებს სულიერი საზრდო ჰქონოდათ. როგორც სპარსელმა დამპყრობელმა, კიროსმა, ძვ. წ. 537 წელს ბაბილონიდან გაათავისუფლა იუდეველთა დარჩენილი ნაწილი, ისე იესომ გაათავისუფლა სულიერ იუდეველთა დარჩენილი ნაწილი — თავისი მიმდევრები — „დიდი ბაბილონის“, ცრურელიგიური სამყაროს გავლენისგან (გამოცხადება 18:1—5; რომაელები 2:29). 1919 წლიდან, წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა და ჭეშმარიტი ქრისტიანების ცხოვრებაში საკადრისი ადგილი დაიკავა (მალაქია 3:1—5). მას შემდეგ იეჰოვას თავისი ხალხი თაყვანს სცემს აღდგენილ სულიერ ტაძარში, რაც ღვთის მიერ ორგანიზებულ წმინდა თაყვანისმცემლობას ნიშნავს. რატომ ენიჭება ჩვენთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა?
რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი აღდგენა
9. რა დამართა ქრისტიანულმა სამყარომ ღვთის თაყვანისმცემლობას მოციქულების ეპოქის შემდგომ, მაგრამ რა გააკეთა იეჰოვამ?
9 განვიხილოთ ისტორია. პირველი საუკუნის ქრისტიანები ღვთისგან კურთხეული ხალხი იყო. მაგრამ იესომ და მისმა მოციქულებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა წაიბილწებოდა და აღარ იარსებებდა (მათე 13:24—30; საქმეები 20:29, 30). და აი, მოციქულების ეპოქის შემდეგ იჩინა კიდეც თავი განდგომილებამ. თანდათან მომრავლდნენ ცრუ ქრისტიანები. სამღვდელოებამ წარმართული სწავლებები შეისისხლხორცა. ღმერთთან დასაახლოებლად ხალხს თითქმის ყველა გზა მოეჭრა. ღმერთს ჩაუწვდომელ სამებად გამოსახავდნენ და ხალხს ასწავლიდნენ, რომ აღსარება მღვდლებისთვის უნდა ჩაებარებინათ, ხოლო ლოცვით იეჰოვასთვის კი არა, მარიამისა და სხვა „წმინდანებისთვის“ უნდა მიემართათ. ახლა, როცა უკვე არაერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, მიიღო ზომები იეჰოვამ მდგომარეობის გამოსასწორებლად? დიახ, ის საქმეში ჩაერია და თანამედროვე ქვეყნიერებიდან, რომელიც სულს ღაფავს რელიგიური სიცრუით და იბილწება ცხოვრების უღვთო წესით, წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინა! არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ეს აღდგენა თანამედროვე დროის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა რიცხვს განეკუთვნება.
10, 11. ა) რომელი ორი რამ იგულისხმება სულიერ სამოთხეში და ამ ცოდნიდან გამომდინარე, რა გრძნობა გეუფლება? ბ) როგორ ადამიანებს მოუყარა იეჰოვამ თავი სულიერ სამოთხეში და რისი ნახვის ბედნიერება ხვდებათ წილად?
10 ამიტომაც ხარობენ დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები სულიერ სამოთხეში, რომელიც დღითი დღე მშვენდება. რა იგულისხმება სულიერ სამოთხეში? უპირველესად — ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვასადმი, წმინდა თაყვანისმცემლობა. ღმერთმა გვაკურთხა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობით, რომელშიც არ არის სიცრუე და არც არანაირი სიყალბე. ჩვენი ზეციერი მამა სულიერ საზრდოს არ გვაკლებს, რათა უკეთ გავეცნოთ, ვასიამოვნოთ და დავუახლოვდეთ (იოანე 4:24). მეორე, რაც სულიერ სამოთხეში იგულისხმება, ხალხია. როგორც ესაია წინასწარმეტყველებდა, იეჰოვამ „უკანასკნელ დღეებში“ თავისი თაყვანისმცემლები მშვიდობის გზაზე დააყენა. მან გვასწავლა, რომ მშვიდობისმყოფელები ვყოფილიყავით და ომებში მონაწილეობა არ მიგვეღო. მიუხედავად ჩვენი არასრულყოფილებისა, „ახალი პიროვნებით“ შემოსვაშიც გვეხმარება. რადგან ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, წმინდა სულსაც უხვად გვაძლევს, რომელიც საუკეთესო თვისებებს გვავითარებინებს (ეფესოელები 4:22—24; გალატელები 5:22, 23). თუ შენს ცხოვრებას ღვთის სული წარმართავს, ესე იგი სულიერი სამოთხის ღირსეული მკვიდრი ხარ.
11 იეჰოვამ სულიერ სამოთხეში მხოლოდ მათ მოუყარა თავი, ვინც უყვარს. ეს ადამიანები იეჰოვასადმი სიყვარულს ავლენენ, უყვართ მშვიდობა და ზრუნავენ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე (მათე 5:3). ეს არის ხალხი, რომელსაც დიდი ბედნიერება ხვდება წილად. ისინი იმ შთამბეჭდავი მოვლენების მომსწრენი გახდებიან, რასაც იეჰოვა კაცობრიობისა და მთელი დედამიწისთვის გააკეთებს.
„ვქმნი ყოველივე ახალს“
12, 13. ა) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება მომავალშიც პირდაპირი გაგებით შესრულდება? ბ) როგორც ედემში განაცხადა, რა განზრახვა აქვს იეჰოვას დედამიწასთან დაკავშირებით და როგორი მომავლის იმედს გვისახავს ეს?
12 აღდგენასთან დაკავშირებული მრავალი წინასწარმეტყველება სულიერი აღდგენის ფარგლებს სცდება. ესაია, მაგალითად, წერდა იმ დროის შესახებ, როცა სნეული, კოჭლი, უსინათლო და ყრუ განიკურნებოდა და თვით სიკვდილიც კი სამუდამოდ შთაინთქმებოდა (ესაია 25:8; 35:1—7). ეს დანაპირები, პირდაპირი გაგებით, არ შესრულებულა ძველ ისრაელში. მართალია, ჩვენს დროში ვხედავთ ამ დანაპირების სულიერი გაგებით შესრულებას, მაგრამ მომავალში ის პირდაპირი გაგებით უსათუოდ შესრულდება. საიდან ვიცით ეს?
13 იეჰოვამ ედემის ბაღშივე განაცხადა, რა ჰქონდა განზრახული დედამიწისთვის. ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ბედნიერები, ჯანმრთელები და ერთსულოვნები, როგორც ერთი ოჯახის წევრები. პირველ მამაკაცსა და ქალს დედამიწასა და მის ყველა ქმნილებაზე უნდა ეზრუნათ, რომ მთელი პლანეტა სამოთხედ ექციათ (დაბადება 1:28). ასეთი პირობები დღევანდელი მდგომარეობისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება, მაგრამ იეჰოვას განზრახვების შესრულებას წინ ვერასოდეს ვერაფერი დაუდგება (ესაია 55:10, 11). ასე რომ, იესო, როგორც იეჰოვას მიერ დანიშნული მესიანური მეფე, უახლოეს მომავალში მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ლუკა 23:43).
14, 15. ა) როგორ შექმნის იეჰოვა „ყოველივე ახალს“? ბ) როგორი იქნება ცხოვრება სამოთხეში და რას ელი ყველაზე მეტად?
14 წარმოიდგინე, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ არის ქცეული! იეჰოვა ამ დროის შესახებ ამბობს: „ვქმნი ყოველივეს ახალს“ (გამოცხადება 21:5). ვნახოთ, თუ რა იგულისხმება ამაში. როდესაც იეჰოვა თავისი გამანადგურებელი ძალით ბოლოს მოუღებს ამ უკეთურ, დრომოჭმულ ქვეყნიერებას, იქნება „ახალი ცა და ახალი დედამიწა“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზეციდან ახალი მთავრობა უხელმძღვანელებს დედამიწაზე მცხოვრებ მშვიდობიან, იეჰოვას მოყვარულ და მისი ნების შემსრულებელ ახალ საზოგადოებას (2 პეტრე 3:13). სატანას და მის დემონებს ყოველგვარი მოქმედების უფლება წაერთმევათ (გამოცხადება 20:3). კაცობრიობა კი პირველად, ათასობით წლის განმავლობაში, გამხრწნელი, საძაგელი და საზიანო გავლენის უღელს გადაიგდებს და შვებით ამოისუნთქებს.
15 საბოლოოდ, შესაძლებლობა გვექნება, ვიზრუნოთ ამ მშვენიერ პლანეტაზე, რაც თავდაპირველი განზრახვის თანახმად ჩვენი დავალებაა. დედამიწას თვითაღდგენის უნარი აქვს. მეტად რომ აღარ დააბინძურებენ, ტბები და მდინარეები თვითონვე დაწმინდავდება; გაჩანაგებულ ბუნებას, ასე ვთქვათ, იარები მოუშუშდება და თავდაპირველ სახეს დაიბრუნებს. რა სასიამოვნო იქნება, ჩვენს წვლილს რომ შევიტანთ მთელი პლანეტის წალკოტად, უსასრულო მრავალფეროვნების ედემად გადაქცევაში! ადამიანები ცხოველებსა და მცენარეებს აღარ გაანადგურებენ, ყველა ქმნილებასთან ერთად მშვიდობიანად იცხოვრებენ დედამიწაზე. ნადირთა მიმართ ბავშვების შიშიც კი წარსულს ჩაჰბარდება (ესაია 9:6, 7; 11:1—9).
16. რა აღდგება სამოთხეში, რაც თითოეულ ერთგულ ადამიანს შეეხება?
16 ყველა პირადად დავინახავთ აღდგენის შედეგებს. არმაგედონს გადარჩენილები მსოფლიო მასშტაბის სასწაულებრივი განკურნების მხილველნი იქნებიან. იესო ღვთივმიმადლებულ ძალას გამოიყენებს უსინათლოთათვის მხედველობის, სმენადახშულთათვის ყურთასმენის, ხეიბართა და უძლურთათვის ჯანმრთელობის აღსადგენად, როგორც ამას დედამიწაზე ყოფნისას აკეთებდა (მათე 15:30). ხანდაზმულები გაიხარებენ, როცა ახალგაზრდული ძალები, სიცოცხლისუნარიანობა და მხნეობა დაუბრუნდებათ (იობი 33:25). ნაოჭები გაუქრებათ და კიდურებში ძალა განუახლდებათ. ყველა ერთგული ადამიანი იგრძნობს, რომ ცოდვისა და არასრულყოფილების შედეგები თანდათანობით დავიწყებას მიეცემა. რა მადლიერნი ვიქნებით იეჰოვა ღმერთისადმი, რომელიც სასწაულებრივად გამოავლენს აღმდგენ ძალას! ახლა კი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც აღდგენის დროს განსაკუთრებულ სიხარულს მოგვიტანს.
მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ
17, 18. ა) რატომ უსაყვედურა იესომ სადუკეველებს? ბ) რამ აღძრა ელია, რომ იეჰოვასთვის ბავშვის გაცოცხლება ეთხოვა?
17 ახ. წ. პირველ საუკუნეში სადუკეველებად წოდებულ ზოგიერთ რელიგიურ წინამძღოლს არ სწამდა მკვდრეთით აღდგომა. იესომ მათ უსაყვედურა: „ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ის, თუ რა ძალა აქვს ღმერთს“ (მათე 22:29). დიახ, წმინდა წერილები გვიჩვენებს, რომ იეჰოვას აქვს მკვდრების აღდგენის ძალა. და მაინც, როგორ გააკეთებს ამას?
18 გაიხსენე ის, რაც ელიას დროს მოხდა. ერთ ქვრივ ქალს ხელში ეჭირა თავისი ერთადერთი შვილი, სიცოცხლის ნიშან-წყალი რომ აღარ ეტყობოდა. ბიჭი უკვე მომკვდარიყო. ამის შემხედვარე წინასწარმეტყველ ელიას, რომელიც გარკვეული ხანი ამ ქვრივის სტუმარი იყო, თავზარი დაეცემოდა. მანამდე ხომ ელიას ბიჭი შიმშილისგან უკვე ჰყავდა გადარჩენილი, მას ეყვარებოდა კიდეც იგი. დედამისი გულმოკლული იყო. ეს ერთადერთი შვილი ჰყავდა, გარდაცვლილ ქმარს რომ აგონებდა. ალბათ, იმასაც იმედოვნებდა, რომ სიბერეში შვილი მზრუნველობას არ მოაკლებდა. უბედურებისგან სასოწარკვეთილი ქვრივი, ალბათ, შიშობდა, ვაითუ წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო ვისჯებიო. ელიამ ვეღარ გაუძლო დედის საცოდაობას. ფრთხილად გამოართვა მკვდარი ბავშვი, აიყვანა თავის ოთახში და იეჰოვა ღმერთს სთხოვა, დაებრუნებინა ბიჭისთვის სიცოცხლე (1 მეფეები 17:8—21).
19, 20. ა) როგორ ცხადყო აბრაამმა რწმენით, რომ იეჰოვას აღმდგენი ძალა ჰქონდა და რა იყო ასეთი რწმენის საფუძველი? ბ) როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ ელიას რწმენა?
19 ელია პირველი არ იყო მათ შორის, ვისაც მკვდრეთით აღდგომა სწამდა. მანამდე საუკუნეებით ადრე, აბრაამი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას აღმდგენი ძალა ჰქონდა. როცა აბრაამი 100, სარა კი 90 წლის იყო, იეჰოვამ შვილიერობა აღუდგინა მათ, რის შემდეგაც სარამ სასწაულებრივად ვაჟი გააჩინა (დაბადება 17:17; 21:2, 3). როცა მათი ვაჟი გაიზარდა, იეჰოვამ აბრაამს მისი მსხვერპლად შეწირვა სთხოვა. აბრაამს სწამდა, რომ იეჰოვას შესწევდა მისი საყვარელი ისაკისთვის სიცოცხლის დაბრუნების ძალა. ეს იმაზე მიუთითებდა, რომ აბრაამს რწმენა ჰქონდა (ებრაელები 11:17—19). შეიძლება ასეთი მტკიცე რწმენის გამო იყო, აბრაამმა შვილის შესაწირავად მთაზე ასვლამდე, დარწმუნებით რომ უთხრა თავის მსახურებს, მე და ისაკი ერთად დავბრუნდებითო (დაბადება 22:5).
20 იეჰოვამ დაინდო ისაკი, ასე რომ, იმ დროს საჭირო არ გახდა მისი მკვდრეთით აღდგომა. მაგრამ ელიას შემთხვევაში ქვრივის ვაჟი უკვე მკვდარი იყო, თუმცა — არა დიდი ხნის. იეჰოვამ დააჯილდოვა წინასწარმეტყველის რწმენა და ბავშვი მალევე გააცოცხლა! ელიამ მიუყვანა ბიჭი დედამისს და უთხრა: „ცოცხალია შენი შვილი!“ (1 მეფეები 17:22—24).
21, 22. ა) რატომ ჩაიწერა ბიბლიაში მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები? ბ) როგორი იქნება ფართომასშტაბიანი მკვდრეთით აღდგომა სამოთხეში და ვინ გააკეთებს ამას?
21 ასე რომ, ბიბლიაში პირველად აქ ვხვდებით იმის მტკიცებას, რომ იეჰოვა ადამიანის აღსადგენადაც იყენებს ძალას. მოგვიანებით, იეჰოვამ ელისესაც, იესოსაც, პავლესაც და პეტრესაც მიანიჭა მკვდართა აღდგენის ძალა. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც აღადგინეს, საბოლოოდ, ისევ დაიხოცნენ. მიუხედავად ამისა, ეს ბიბლიური მაგალითები მომავლის საოცარ იმედს გვაძლევს.
22 იესო სამოთხეში შეასრულებს თავის როლს აღდგომასა და სიცოცხლესთან დაკავშირებით (იოანე 11:25). იგი მილიონობით ადამიანს აღადგენს და დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემს (იოანე 5:28, 29). წარმოიდგინე, რა სიხარულით შეხვდებიან და გადაეხვევიან ერთმანეთს სიკვდილის გამო დიდი ხნის უნახავი საყვარელი მეგობრები და ნათესავები! მთელი კაცობრიობა ხოტბას შეასხამს იეჰოვას მისი აღმდგენი ძალისათვის.
23. რა იყო იეჰოვას ძალის ყველაზე დიდებული გამოვლენა და რა მტკიცე იმედს გვაძლევს ეს სამომავლოდ?
23 იეჰოვამ მკვდრეთით აღდგომის უმტკიცესი იმედი მოგვცა, როცა უდიდესი ძალა გამოავლინა და აღადგინა თავისი ძე, იესო, როგორც ძლევამოსილი სულიერი პიროვნება, რომელსაც იეჰოვას შემდეგ უდიდესი მდგომარეობა უკავია. აღმდგარი იესო ასობით ადამიანმა იხილა (1 კორინთელები 15:5, 6). მათთვისაც კი, ვინც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, სავსებით საკმარისია ასეთი მოწმობა. დიახ, იეჰოვა სიცოცხლის აღდგენის ძალას ფლობს.
24. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა სიცოცხლეს დაუბრუნებს მკვდრებს და რისი იმედი უნდა გვქონდეს ყოველთვის?
24 იეჰოვას მკვდართა აღსადგენად არა მხოლოდ ძალა, არამედ სურვილიც აქვს. ერთგულმა მამაკაცმა იობმა ღვთის შთაგონებით თქვა, რომ იეჰოვას ერთი სული აქვს, მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნოს (იობი 14:15). ნუთუ არ გინდა, დაუახლოვდე ღმერთს, რომელსაც სურს, რომ აღმდგენი ძალა ადამიანთა სასიკეთოდ გამოიყენოს?! მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მკვდრეთით აღდგენა იეჰოვას უდიდესი აღდგენითი საქმიანობის მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია. განაგრძე იეჰოვასთან დაახლოება, ჩაეჭიდე იმედს და ყოველთვის ცხადად გქონდეს წარმოდგენილი ის დრო, როცა იეჰოვა „ყოველივე ახალს“ შექმნის (გამოცხადება 21:5).
a „ყველაფრის აღდგენის“ დრო მაშინ დაიწყო, როცა მესიანური სამეფო დამყარდა და ერთგული მეფის, დავითის, მემკვიდრე ავიდა სამეფო ტახტზე. იეჰოვამ აღუთქვა დავითს, რომ მისი მემკვიდრე მარადიული ხელისუფალი იქნებოდა (ფსალმუნი 89:35—37). მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბაბილონელებმა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, დავითის არცერთი მემკვიდრე არ ასულა ღვთის სამეფო ტახტზე. იესო, რომელიც დედამიწაზე დავითის მემკვიდრედ დაიბადა, ძველთაგანვე აღთქმული მეფე გახდა, როცა ზეცაში გამეფდა.
b მაგალითად, მოსე, ესაია, იერემია, ეზეკიელი, ოსია, იოელი, ამოსი, აბდია, მიქა და სოფონია წინასწარმეტყველებდნენ აღდგენის შესახებ.