თავი 30
როგორ დავძლიოთ შიში?
ადვილია იეჰოვას მსახურება? ~ დიდებულ მასწავლებელს არ უთქვამს, რომ ეს ადვილი იქნებოდა. სიკვდილის წინა ღამეს იესომ მოციქულებს უთხრა: „თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა“ (იოანე 15:18).
ერთხელ პეტრე იკვეხნიდა, რომ არასოდეს მიატოვებდა იესოს, მაგრამ იესომ უთხრა, რომ იმ ღამესვე სამჯერ უარყოფდა. ეს ასეც მოხდა! (მათე 26:31—35, 69—75). რატომ უარყო პეტრემ იესო? ~ იმიტომ, რომ პეტრეს შეეშინდა. იგივე დაემართათ სხვა მოციქულებსაც.
იცი, რატომ შეეშინდათ მოციქულებს? ~ იმიტომ, რომ მათ არ გააკეთეს ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის, რაც მათ გამორჩათ მხედველობიდან, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან დაგვეხმარება, ვემსახუროთ იეჰოვას იმისდა მიუხედავად, თუ სხვები რას გვეტყვიან ან გაგვიკეთებენ. სანამ გავიგებდეთ, რა არის ეს, საჭიროა გავიგოთ, რა მოხდა იმ უკანასკნელ საღამოს, რომელიც იესომ მოციქულებთან გაატარა.
მათ პასექის დღესასწაული აღნიშნეს. პასექი იყო განსაკუთრებული ვახშამი, რომელიც ყოველ წელს უნდა მოემზადებინათ. ის ხალხს ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებას შეახსენებდა. იმავე საღამოს იესომ სხვა განსაკუთრებული ვახშამი დააწესა. ერთ-ერთი შემდგომი თავიდან გავიგებთ, როგორ გვეხმარება ეს ვახშამი, რომ გვახსოვდეს იესო. ვახშმის შემდეგ იესომ გაამხნევა მოციქულები, შემდეგ კი გეთსემანეს ბაღში წაიყვანა. ეს მათი საყვარელი ადგილი იყო, სადაც ხშირად დადიოდნენ.
იესო განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. მან პეტრეს, იაკობსა და იოანესაც სთხოვა, ელოცათ. მაგრამ მათ ჩაეძინათ. იესო სამჯერ განმარტოვდა სალოცავად და ყოველი დაბრუნებისას მათ მძინარეებს ნახულობდა (მათე 26:36—47). იცი, რატომ უნდა ეფხიზლათ და ელოცათ მოციქულებს? ~ მოდი გავიგოთ.
იმ საღამოს იუდა ისკარიოტელი პასექს იესოსთან და სხვა მოციქულებთან ერთად აღნიშნავდა. როგორც გახსოვს, იუდა ქურდი იყო. ახლა მან იესოს გაცემა ჩაიფიქრა. მან იცოდა, სად იკრიბებოდნენ გეთსემანეს ბაღში იესო და მისი მოციქულები. ამიტომ, იქ ჯარისკაცები მიიყვანა, რათა იესო დაეპატიმრებინათ. როცა ისინი მივიდნენ, იესომ ჰკითხა: „ვის ეძებთ?“
ჯარისკაცებმა უპასუხეს: „იესოს“. იესოს არ შეეშინდა, ამიტომ თქვა: „მე ვარ“. ჯარისკაცები იმდენად გაოცდნენ იესოს გამბედაობით, რომ უკან გაიწიეს და მიწაზე დაეცნენ. შემდეგ იესომ მათ უთხრა: ‘თუ მე მეძებთ, ჩემი მოციქულები გაუშვით’ (იოანე 18:1—9).
ჯარისკაცებმა იესო შეიპყრეს და ხელები შეუკრეს, მოციქულებს კი შეეშინდათ და გაიქცნენ. მაგრამ პეტრეს და იოანეს უნდოდათ გაეგოთ, რა მოხდებოდა. ამიტომ, მოშორებით მიჰყვებოდნენ იესოს. იესო მღვდელმთავარ კაიაფას სახლში მიიყვანეს. რადგან იოანე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო, დარაჯმა მას და პეტრეს ეზოში შესვლის ნება დართო.
კაიაფას სახლში უკვე შეკრებილიყვნენ მღვდლები სასამართლოს მოსაწყობად. მათ უნდოდათ, რომ იესო სიკვდილით დაესაჯათ. ამიტომ, მოიყვანეს მოწმეები, რომლებმაც ცილი დასწამეს იესოს. ხალხი კი მუშტებს ურტყამდა და სილას აწნავდა მას. იმ დროს, როცა იქ ასეთი ამბავი იყო, პეტრე ეზოში იჯდა მოახლეებთან.
დარაჯმა — მოახლე გოგონამ, რომელმაც პეტრესა და იოანეს ეზოში შესვლის ნება დართო, იცნო პეტრე და უთხრა: ‘შენც იესოსთან იყავი! ’ პეტრემ უარყო, რომ იცნობდა იესოს. ცოტა ხნის შემდეგ სხვა გოგონამ შენიშნა პეტრე და იქ მყოფებს უთხრა: ‘ეს კაცი იესოსთან იყო’. პეტრემ კვლავ უარყო. მოგვიანებით რამდენიმე კაცმა დაინახა პეტრე და უთხრეს: „შენ მართლა ერთი იმათგანი ხარ“. პეტრემ მესამედ უარყო: „არ ვიცნობ მაგ კაცს!“ მან დაიფიცა კიდეც, რომ სიმართლეს ამბობდა; ამ დროს იესო შემობრუნდა და პეტრეს გადახედა (მათე 26:57—75; ლუკა 22:54—62; იოანე 18:15—27).
იცი, რატომ იცრუა პეტრემ? ~ მას შეეშინდა. რატომ შეეშინდა პეტრეს? რა არ გააკეთა მან, რაც გამბედაობის მოკრებაში დაეხმარებოდა? აბა დაფიქრდი. რა გააკეთა იესომ, გამბედაობა რომ ჰქონოდა? ~ ის ლოცულობდა; ღმერთმა კი მას გამბედაობა შეჰმატა. გახსოვს, იესომ სამჯერ უთხრა პეტრეს, ეფხიზლა და ელოცა. მაგრამ რა მოხდა? ~
პეტრეს სამჯერვე ჩაეძინა. ის არ ლოცულობდა და არ ფხიზლობდა. ამიტომ, როდესაც იესო შეიპყრეს, პეტრე მზად არ იყო ამისთვის. მოგვიანებით, როცა იესო სასამართლოში სცემეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, პეტრე შიშმა შეიპყრო. გახსოვს, რამდენიმე საათის წინ რა უთხრა იესომ თავის მოციქულებს? ~ მან გააფრთხილა ისინი: ‘თუ მე შემიძულა ქვეყნიერებამ, თქვენც შეგიძულებთ’.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ პეტრეს მსგავს სიტუაციაში ვართ. ვთქვათ საკლასო ოთახში ხარ და თანაკლასელები ცუდად ლაპარაკობენ იმათზე, ვინც დაბადების დღეებს არ აღნიშნავს ან შობას არ ზეიმობს. ამ დროს ვინმე რომ შემობრუნდეს და გკითხოს: „მართალია, რომ შენ დაბადების დღეებზე არ დადიხარ?“ ან სხვებმა გითხრან: „გავიგეთ, რომ შობას არ ზეიმობ!“ შეგეშინდებოდა სიმართლის თქმის? ~ პეტრეს მსგავსად ტყუილის თქმას ხომ არ ეცდებოდი? ~
მოგვიანებით პეტრემ ძალიან ინანა, რომ უარყო იესო. როცა მიხვდა, რა გააკეთა, გარეთ გავიდა და ატირდა. დიახ, ის დაუბრუნდა იესოს (ლუკა 22:32). აბა დაფიქრდი, რა დაგვეხმარება, რომ შიშის გამო ისეთი რამ არ ვთქვათ, რაც პეტრემ თქვა? ~ გახსოვდეს, პეტრემ არ ილოცა და სიფხიზლე არ შეინარჩუნა. მაშ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ დიდებული მასწავლებლის მიმდევრები ვიყოთ? ~
რა თქმა უნდა, დახმარებისთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ ლოცვით. როცა იესო ლოცულობდა, იცი, რა გააკეთა ღმერთმა? ~ განსამტკიცებლად იესოს ანგელოზი გამოუგზავნა (ლუკა 22:43). შეუძლიათ ღვთის ანგელოზებს ჩვენი დახმარება? ~ ბიბლიაში ნათქვამია: „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ“ (ფსალმუნები 33:8). ღმერთი რომ დაგვეხმაროს, მარტო ლოცვა არ არის საკმარისი. იცი, კიდევ რა არის საჭირო? ~ იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, ეფხიზლათ. შენი აზრით, როგორ შევძლებთ სიფხიზლის შენარჩუნებას? ~
საჭიროა, ყურადღებით მოვისმინოთ ის, რასაც ქრისტიანულ შეხვედრებზე ამბობენ. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ. ამ ყველაფერთან ერთად საჭიროა, რეგულარულად ვილოცოთ და იეჰოვას დახმარება ვთხოვოთ მისდამი მსახურებაში. თუ ამას გავაკეთებთ, დავძლევთ შიშს და ძალიან გავიხარებთ დიდებულ მასწავლებელსა და მის მამაზე სხვებთან საუბრით.
ეს მუხლები დაგვეხმარება, რომ ადამიანებისადმი შიშის გამო არასოდეს შევწყვიტოთ იმის კეთება, რაც სწორია: იგავების 29:25; იერემიას 26:12—15, 20—24 და იოანეს 12:42, 43.