მე-17 გაკვეთილი
როგორი პიროვნებაა იესო?
რაც უფრო ვეცნობით იესოს პიროვნებას, მით უფრო ვუახლოვდებით მას და მის მამას, იეჰოვას. რა თვისებებს ავლენდა იესო და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
1. როგორ ჰბაძავდა იესო თავის ზეციერ მამას?
იესო ზეცაში მილიარდობით წლის განმავლობაში აკვირდებოდა თავის მოსიყვარულე მამას და ბევრ რამეს სწავლობდა მისგან. შედეგად, ის ისე აზროვნებდა და მოქმედებდა, როგორც იეჰოვა (წაიკითხეთ იოანეს 5:19). ვინაიდან იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის პიროვნებას, შეეძლო თამამად ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9). რაც მეტს გაიგებთ იესოს პიროვნების შესახებ, მით უკეთ გაეცნობით იეჰოვას. მაგალითად, იესო თანაგრძნობას ავლენდა ხალხის მიმართ, რაც იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვას აღელვებს ჩვენი მდგომარეობა.
2. როგორ დაამტკიცა იესომ, რომ უყვარდა იეჰოვა?
მან თქვა: „რაკი მინდა, ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, იმას ვაკეთებ, რაც მამამ დამიდო მცნებად“ (იოანე 14:31). დედამიწაზე იესო მამისადმი სიყვარულს იმით ავლენდა, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი მას ემორჩილებოდა. გარდა ამისა, მას უყვარდა იეჰოვას შესახებ საუბარი და მთელი გულით ეხმარებოდა სხვებს მასთან დაახლოებაში (იოანე 14:23).
3. როგორ ავლენდა იესო ადამიანებისადმი სიყვარულს?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესოს კაცთა მოდგმა ახარებდა (იგავები 8:31). ის ანუგეშებდა და უანგაროდ ეხმარებოდა ხალხს, რითაც მათდამი სიყვარულს ავლენდა. იესო სასწაულებს მხოლოდ იმიტომ კი არ ახდენდა, რომ ამის ძალა შესწევდა, არამედ სურდა, თანაეგრძნო სხვებისთვის (მარკოზი 1:40—42). იგი კეთილი და მიუკერძოებელი იყო. მისი სიტყვები გულწრფელ ადამიანებს ნუგეშს ჰგვრიდა და იმედს უსახავდა. იესოს ყველა უყვარდა. ამიტომ მზად იყო, ეტანჯა და მომკვდარიყო კიდეც მათთვის. თუმცა ყველაზე მეტად მას თავისი მიმდევრები უყვარდა (წაიკითხეთ იოანეს 15:13, 14).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ მეტს შეიტყობთ იესოს პიროვნების შესახებ. გაიგებთ იმასაც, იესოს მსგავსად როგორ გამოვავლინოთ სიყვარული და ხელგაშლილობა.
4. იესო სიყვარულს ავლენდა მამის მიმართ
იესოსგან ვსწავლობთ, როგორ გამოვავლინოთ ღვთისადმი სიყვარული. წაიკითხეთ ლუკას 6:12, იოანეს 15:10 და 17:26; თითოეული მუხლის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ გამოვავლინოთ იესოს მსგავსად იეჰოვასადმი სიყვარული?
5. იესო ზრუნავდა ხალხზე
იესო სხვების კეთილდღეობას საკუთარზე წინ აყენებდა. მაშინაც კი, როცა დაღლილი იყო, ხალხის დასახმარებლად დროსა და ენერგიას არ იშურებდა. წაიკითხეთ მარკოზის 6:30—44 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ამ მუხლებიდან გამომდინარე, როგორ გამოავლინა იესომ მზრუნველობა? (იხილეთ 31-ე, 34-ე, 41-ე და 42-ე მუხლები)
რამ აღძრა იესო ხალხის დახმარებისკენ? (იხილეთ 34-ე მუხლი)
იესო სრულყოფილად ჰბაძავდა მამას. აქედან გამომდინარე, რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ?
როგორ შეგვიძლია იესოსავით მზრუნველები ვიყოთ?
6. იესო ხელგაშლილი იყო
იესო ხელგაშლილი იყო მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი გააჩნდა. იგი ჩვენც მოგვიწოდებს, გულუხვობა გამოვიჩინოთ. წაიკითხეთ საქმეების 20:35 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
იესოს სიტყვების თანახმად, რა მოგვანიჭებს ნამდვილ ბედნიერებას?
ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ შეგვიძლია ხელგაშლილები ვიყოთ მაშინაც კი, თუ ბევრი არაფერი გაგვაჩნია?
იცოდით?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ლოცვისას ღმერთს იესოს სახელით უნდა მივმართოთ (წაიკითხეთ იოანეს 16:23, 24). ამგვარად მადლიერებას გამოვხატავთ იმ ყველაფრისთვის, რაც იესომ ღმერთთან ჩვენ დასაახლოებლად გააკეთა.
ზოგი ამბობს: „განსაცდელებს ღმერთი გვივლენს გამოსაცდელად“.
როგორ ცხადყო იესომ, რომ ეს ასე არაა და იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე?
შეჯამება:
იესოს უყვარს იეჰოვა და ადამიანები. ის სრულყოფილად ჰბაძავს მამას. რაც მეტს გაიგებთ იესოს პიროვნების შესახებ, მით უკეთ გაეცნობით იეჰოვას.
გასამეორებელი კითხვები:
როგორ გამოვავლინოთ იესოს მსგავსად იეჰოვასადმი სიყვარული?
როგორ გამოვავლინოთ იესოს მსგავსად ადამიანებისადმი სიყვარული?
იესოს რომელი თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად?
გაიგეთ მეტი:
შეიტყვეთ, კიდევ რაში შეგვიძლია მივბაძოთ იესოს.
„მიჰბაძე იესო ქრისტეს და იყავი . . .“ („იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“, გვერდი 317)
გაიგეთ, რატომაა მნიშვნელოვანი, ღმერთს იესოს სახელით მივმართოთ.
„რატომ უნდა ვილოცოთ იესოს სახელით?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 თებერვალი, 2008)
აღგვიწერს ბიბლია იესოს გარეგნობას?
რას ვსწავლობთ ქალებისადმი იესოს დამოკიდებულებიდან?
„ღვთის თვალში პატივდებული“ („საგუშაგო კოშკი“, 1 სექტემბერი, 2012)