აღწერა, აღრიცხვა
სიაში სახელის შეტანა ტომისა თუ საგვარეულოს მიხედვით. ბიბლიურ დროში აღრიცხვა მოსახლეობის რაოდენობის დადგენის გარდა სხვა მიზნებსაც ემსახურებოდა, კერძოდ, ბეგარის გადახდის, სამხედრო სამსახურში გაწვევის, ან საწმინდარში ლევიანებისთვის მოვალეობების განაწილების საქმეს.
სინას მთასთან. იეჰოვას ბრძანებით ისრაელების პირველი აღწერა სინას მთასთან მოხდა ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წლის მეორე თვეს. ხალხის აღწერაში მოსეს ყოველი ტომიდან არჩეული თავკაცები ეხმარებოდნენ — თითოეული თავისი ტომის აღწერაში იღებდა მონაწილეობას. აღირიცხნენ სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი 20 წლის ბიჭები და მათზე უფროსები. გარდა ამისა, კანონის თანახმად თითოეულ აღრიცხულს კარავში მსახურებისთვის სულადობრივი გადასახადი, ნახევარი შეკელი (1,10$) დაეკისრა (გმ. 30:11—16; რც. 1:1—16, 18, 19). აღრიცხული ისრაელი მამაკაცების რაოდენობამ 603 550 შეადგინა. მათ რიცხვში არ შედიოდნენ სამემკვიდრო მიწის გარეშე დარჩენილი ლევიანები. ისინი არც კარვის გადასახადს იხდიდნენ და არც ჯარში მსახურობდნენ (რც. 1:44—47; 2:32, 33; 18:20, 24).
წიგნ „რიცხვებიდან“ ვიგებთ, რომ ისრაელის 12 ტომიდან და ლევიანთაგან აღირიცხა ერთი თვიდან მოყოლებული ყოველი პირმშო მამრი (რც. 3:14, 15). მათი აღწერა იმიტომ მოხდა, რომ იეჰოვამ ეგვიპტელთა პირმშოების განადგურების დროს იხსნა ისრაელთა პირმშოები და ამგვარად თავის საკუთრებად აქცია ისინი. ამის შემდეგ იეჰოვამ გადაწყვიტა, ლევიანები განეწმინდა საწმინდარში მსახურებისთვის, რისთვისაც ებრაელებს იეჰოვასთვის ლევიანები უნდა გადაეცათ ისრაელის სხვა ტომების პირმშოების გამოსასყიდად. აღრიცხვის შედეგად გაირკვა, რომ ლევიანთა პირმშოების რიცხვი შეადგენდა 22 000-ს, ხოლო სხვა ტომთა პირმშოების რიცხვი — 22 273-ს (რც. 3:11—13, 39—43). ვინაიდან ისრაელთა პირმშოების რიცხვი 273-ით აღემატებოდა ლევიანთა პირმშოებს, თითოეულის გამოსასყიდად უნდა გაღებულიყო ხუთი შეკელი (11$), რომელიც საწმინდარში მსახურებას მოხმარდებოდა (რც. 3:44—51).
აღირიცხნენ აგრეთვე 30–50 წლის კეჰათელები, გერშონელები და მერარელები. ყველა მათგანს კონკრეტული საქმის კეთება დაევალა საწმინდარში (რც. 4:34—49).
მოაბის ველზე. ბიბლიის თანახმად მეორე აღრიცხვა მოაბის ველზე მოხდა, მას შემდეგ, რაც ისრაელი ფეორის ბაალის თაყვანისცემის გამო დაისაჯა. ოცი წლიდან მოყოლებული მამაკაცების რიცხვი 601 730 აღმოჩნდა ანუ 1 820-ით ნაკლები დაახლოებით 39 წლით ადრე ჩატარებული აღრიცხვის მონაცემებთან შედარებით (რც. 26:1, 2, 51). ერთი თვიდან მოყოლებულ ლევიანთა რიცხვი იყო 23 000, პირველად აღრიცხულთა რაოდენობაზე 1 000-ით მეტი (რც. 26:57, 62).
აღრიცხვა, რომელსაც სავალალო შედეგები მოჰყვა. მეფობის ბოლო წლებში დავითმა ჩაატარა აღრიცხვა, რომელიც სავალალო შედეგით დასრულდა. 2 სამუელის 24:1-ში ვკითხულობთ: «კვლავ აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე, როცა ვიღაცამ წააქეზა დავითი და უთხრა: „წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა“». მუხლი არაფერს ამბობს, ვინ იყო ეს „ვიღაცა“ — რომელიმე მრჩეველი, სატანა თუ თვით ღმერთი. ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში 1 მატიანის 21:1 გვეხმარება, რომელშიც ნათქვამია: „აღსდგა სატანა ისრაელის წინააღმდეგ და ისრაელის აღსარიცხავად აღძრა დავითი“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს მუხლი ზუსტად შეესაბამება ებრაულ ტექსტს და ბერძნულ, სირიულ და ლათინურ თარგმანებს. ქართულ თარგმანებშიც მსგავსი აზრია გადმოცემული („ეშმაკი“, ძვო; სსგ; ბსგ).
თუმცა, როგორც 1 მატიანის 21:1-ის სქოლიოშია აღნიშნული, ებრაული სიტყვა სატან შეიძლება მოწინააღმდეგედაც ითარგმნოს. ბაინგტონის თარგმანში წერია „სატანა“, იანგის თარგმანში — „მოწინააღმდეგე“. შესაძლოა ის „ვიღაც“, ვინც დავითს ამ დამღუპველი ნაბიჯისკენ უბიძგა, რომელიმე ბოროტი მრჩეველი იყო.
თუ გავითვალისწინებთ 2 სამუელის 24:1-ის სქოლიოს (Rbi8), ეს მუხლი შეიძლება ასეც ითარგმნოს: „კვლავ აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე, როცა მან წააქეზა დავითი“. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში წერია: „კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა“. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ბიბლეისტი თვლის, რომ „ვიღაცა“, იგივე „მან“, ვინც დავითი აღრიცხვისკენ წააქეზა, იეჰოვა იყო. ამ შეხედულების საფუძველზე იეჰოვას რისხვა ისრაელზე დავითის მიერ ხალხის აღრიცხვამდე აენთო იმ აჯანყების გამო, რომელიც მათ იეჰოვასა და მისი დანიშნული მეფის, დავითის წინააღმდეგ მოაწყვეს, როცა ჯერ დავითის წინააღმდეგ ამხედრებულ პატივმოყვარე აბესალომს აუბეს მხარი, შემდეგ კი უვარგის კაცს, ბიქრის ვაჟ შებას (2სმ. 15:10—12; 20:1, 2). ეს ვერსია არ გამორიცხავს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას. დავითს ხალხის აღრიცხვისკენ შესაძლოა სატანამ ან ბოროტმა მრჩეველმა უბიძგა, მაგრამ ეს მოხდა იეჰოვას ნებით, ვინაიდან მან არ დაიცვა დავითი და არ შეაკავა მცდარი ნაბიჯისგან (შდრ. 1მფ. 22:21—23; 1სმ. 16:14; იხ. წინასწარგანჭვრეტა, წინასწარგანწესება [ცალკეულ პირთა შემთხვევაში]).
არც ის არის გამორიცხული, რომ დავითს ამ ნაბიჯისკენ სიამაყემ უბიძგა და თავისი მრავალრიცხოვანი ჯარის იმედად მყოფი იეჰოვას აღარ მიენდო. ასე იყო თუ ისე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავითს ღვთის განდიდების სურვილი ნამდვილად არ ამოძრავებდა.
იოაბის რეაქცია. როცა დავითმა მხედართმთავარ იოაბს ხალხის აღრიცხვა უბრძანა, იოაბმა უთხრა: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გააასმაგოს თავისი ხალხი და ეს თავისი თვალით დაინახოს მეფე-ბატონმა. მაგრამ რატომ მოინდომა ეს საქმე მეფე-ბატონმა?“ (2სმ. 24:3). იოაბის სიტყვებიდან ჩანდა, რომ ერის სიძლიერე ხალხის რაოდენობაზე კი არა, იეჰოვაზე იყო დამოკიდებული, რომელსაც თავისი ნებისამებრ შეეძლო გაემრავლებინა ერი. დავითის დაჟინებული მოთხოვნით იოაბი იძულებული გახდა ხალხი აღერიცხა. თუმცაღა „ლევიანები და ბენიამინელები აღარ აღურიცხავს იოაბს მათთან ერთად, რადგან საძაგელი იყო მისთვის მეფის სიტყვა“ (რიცხვების 1:47—49-ში მოცემული კანონის თანახმად, ლევის ტომი არ აღრიცხულა). იოაბმა შესაძლოა აღარ აღრიცხა ბენიამინის ტომი ან განგებ შეაფერხა ხალხის დათვლა იმ იმედით, რომ დავითი გონს მოეგებოდა და შეაწყვეტინებდა აღრიცხვას (1მტ. 21:6). ან შესაძლოა არ უნდოდა ბენიამინის ტომის აღშფოთება, რომელსაც საული ეკუთვნოდა და რომელიც ერთ დროს დავითისა და მისი მხედართმთავრის, იოაბის ჯარს ებრძოდა, ვიდრე საბოლოოდ დავითი არ დაიმორჩილებდა (2სმ. 2:12—17). ვინაიდან ეს აღრიცხვა ღვთისთვის მოსაწონი არ იყო, მისი შედეგები არ ჩაწერილა „დავით მეფის მატიანეში“ (1მტ. 27:24).
როგორც 1 მატიანის 21:5-დან ვიგებთ, აღრიცხვის შედეგად გაირკვა, რომ ისრაელში 1 100 000 კაცი იყო, ხოლო იუდაში — 470 000. 2 სამუელის 24:9-ში კი სხვა რიცხვია დასახელებული, კერძოდ, 800 000 კაცი ისრაელში და 500 000 კაცი — იუდაში. ზოგის აზრით, ეს გადამწერის მიერ დაშვებული შეცდომაა. თუმცა ამ ცდომილებას მთლად გადამწერს ვერ დავაბრალებთ, ვინაიდან ბოლომდე არ გვესმის, რა პირობებში და რა მეთოდებით ხდებოდა იმ დროს აღრიცხვა. ამ ორ მუხლში შესაძლოა ხალხის რაოდენობა სხვადასხვანაირად არის გამოთვლილი. მაგალითად, შესაძლოა ამ რიცხვს მიაკუთვნეს ან არ მიაკუთვნეს მუდმივი ჯარი და ჯარის მეთაურები. რიცხვებს შორის სხვაობა შეიძლება გამოთვლის განსხვავებულმა მეთოდებმაც განაპირობა იმისდა მიხედვით, ვინ მიათვალეს ისრაელს და ვინ იუდას. მსგავს მაგალითს ვხვდებით 1 მატიანის 27-ე თავში. მასში მოცემულია მეფის სამსახურში მყოფი 12 დანაყოფის სია. აქედან ყველა ტომია მოხსენიებული გადისა და აშერის გარდა. სიაში შესული არიან ლევიანები და მენაშეს ტომის ორივე ნახევარი. შესაძლოა გადელებსა და აშერელებს იმ დროს სხვა ტომები მეთაურობდნენ ან ჩვენთვის უცნობი სხვა მიზეზების გამო აღირიცხნენ ასე.
იეჰოვას სასჯელი. იეჰოვამ დავითს, რომლის ბრძანებითაც ხალხის აღწერა მოხდა, წინასწარმეტყველი გადი გაუგზავნა და სამი სასჯელიდან ერთ-ერთის არჩევა შესთავაზა. ესენი იყო: სამწლიანი შიმშილი, სამი თვით მტრის ხელში ყოფნა და სამდღიანი ჭირი. დავითმა მოწყალე ღმერთის ხელში ჩავარდნა არჩია კაცის ხელში ჩავარდნას. იეჰოვამ ჭირი მოუვლინა ისრაელს, რამაც 70 000 კაცი გაწყვიტა (1მტ. 21:10—14).
1 მატიანის 24:13-ის თანახმად იეჰოვა დავითს სამწლიან შიმშილობას სთავაზობს, 2 სამუელის 24:13-ში კი — შვიდწლიანს (ბერძნულ სეპტუაგინტაში სამუელის წიგნში „სამი“ წერია). ერთ-ერთი ვერსიის თანახმად 2 სამუელში „შვიდი“ წელი მოიცავს იმ სამწლიან შიმშილობის პერიოდს, რომელიც ისრაელში საულისა და მისი სახლეულობის მიერ გაბაონელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო იყო დაწყებული (2სმ. 21:1, 2). ის წელი კი, როცა დავითის ბრძანებით აღწერა ჩატარდა, მეოთხე იყო (აღწერას 9 თვე და 20 დღე დასჭირდა [2სმ. 24:8]). თუ ამ წლებს კიდევ სამ წელიწადს დავამატებთ, მთლიანობაში შვიდი წელი გამოვა. არ არის გამორიცხული, ეს სხვაობა გადამწერის შეცდომა ყოფილიყო, თუმცა ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რადგან არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას იმ ფაქტებისა თუ გარემოებების შესახებ, რამაც ეს ცდომილება განაპირობა.
ტაძარში მომსახურეთა აღწერა. დავითმა ხანდაზმულ ასაკში კიდევ ერთი აღწერა ჩაატარა, ამჯერად, როგორც ჩანს, იეჰოვას ნებით. მან მომავალი ტაძრის მსახურები, ლევიანები აღწერა. აღწერის შედეგად გაირკვა, რომ 30 წლის ასაკისა და მის ზემოთ მამაკაცების რაოდენობა 38 000-ს შეადგენდა. აქედან 24 000 კაცი მეთვალყურე იყო, 6 000 მთავარი და მსაჯული, 4 000 კარიბჭის მცველი და 4 000 მუსიკოსი (1მტ. 23:1—5).
ტაძრის მშენებლობის შესახებ წერია: „აღრიცხა სოლომონმა ისრაელის მიწაზე მცხოვრები ყველა ხიზანი მამაკაცი მამამისის, დავითის მიერ ჩატარებული აღრიცხვის შემდეგ. მათი რიცხვი ას ორმოცდაცამეტი ათას ექვსასი აღმოჩნდა. მათგან სამოცდაათი ათასი მზიდავად დააყენა, ოთხმოცი ათასი — მთაში ქვის მჭრელად და სამი ათას ექვსასი — ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ“ (2მტ. 2:17, 18).
მოგვიანებით ჩატარებული აღრიცხვები. სოლომონის შემდეგ აღწერა-აღრიცხვას ისრაელისა და იუდას სხვა მეფეებიც აწარმოებდნენ. მეფე ამაციას მეფობის დროს იუდასა და ბენიამინის ტომების 20 წლიდან მოყოლებული მამაკაცების რაოდენობა 300 000 აღმოჩნდა (2მტ. 25:5). მეფე უზიას მიერ აღწერილი მეომრების რიცხვი 307 500 კაცს ითვლიდა, რომელთაგან 2 600 საგვარეულოთა თავკაცი იყო (2მტ. 26:11—13).
ზერუბაბელის თაოსნობით ძვ. წ. 537 წელს ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნებულებიც აღირიცხნენ. ამათგან 42 360 მამაკაცი, 7 337 მონა და 200 მომღერალი იყო (მასორეტული ტექსტის მიხედვით წიგნ „ნეემიაში“ 245 მომღერალია მოხსენიებული) (ეზრ. 2:64, 65; ნემ. 7:66, 67; იხ. ნეემია (ბიბლიის წიგნი)).
იესოს დაბადების დროს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებულია ორი აღწერა, რომელიც იუდეაში ჩატარდა რომის პროვინციად გახდომის შემდეგ. მისი მიზანი იყო არა უბრალოდ მოსახლეობის რაოდენობის დადგენა, არამედ გადასახადების აკრეფისა და სამხედრო სამსახურში მეომრების გაწვევის ორგანიზება. პირველი აღწერის შესახებ, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 2 წელს ჩატარდა, ვკითხულობთ: „იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანებულება, რომ აღწერილიყო მთელი დედამიწის მოსახლეობა (ეს პირველი აღწერა სირიაში კვირინიუსის გამგებლობის დროს ჩატარდა). ყველა თავ-თავის ქალაქში წავიდა აღსაწერად“ (ლკ. 2:1—3). იმპერატორის ეს ბრძანებულება ღვთის ნების შესრულებას მოემსახურა, რადგან იოსები და მარიამი იძულებული გახდნენ, ქალაქ ნაზარეთიდან ბეთლემში წასულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მარიამს ის-ის იყო უნდა ემშობიარა. ასე რომ, წინასწარმეტყველებისამებრ იესო დავითის მშობლიურ ქალაქში დაიბადა (ლკ. 2:4—7; მქ. 5:2).
კვირინიუსის დროს ჩატარებული ორი აღწერა. ბიბლიის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ სირიაში პუბლიუს სულპიციუს კვირინიუსის გამგებლობის დროს ერთადერთი აღწერა დაახლოებით ახ. წ. 6 წელს ჩატარდა, რასაც გალილეელი იუდასა და ზელოტების აჯანყება მოჰყვა (სქ. 5:37). მაგრამ ანტიოქიის მახლობლად აღმოჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ კვირინიუსი რამდენიმე წლით ადრე სირიაში იმპერატორის ლეგატი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ახ. წ. 6 წელს კვირინიუსის დროს მეორე აღწერა ჩატარდა (The Bearing of Recent Discovery on the Trustworthiness of the New Testament, უ. რამზი, 1979, გვ. 285, 291). ამასთან დაკავშირებით კრამპონის მიერ ფრანგულ ენაზე ნათარგმნ ბიბლიაში, კერძოდ, „ახალი აღთქმის“ თანდართულ ლექსიკონში, ნათქვამია (1939 წ. გამოცემა, გვ. 360): „ცუმპტისა (Commentat. epigraph., II, 86-104; De Syria romana provincia, 97, 98) და მომზენის (Res gestæ divi Augusti) მეცნიერული ნაშრომებიდან ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ კვირინიუსი ორჯერ იყო სირიის გამგებელი“. ბევრი მეცნიერის აზრით, კვირინიუსი სირიაში პირველად ძვ. წ. 4 და 1 წლებს შორის გამგებლობდა, სავარაუდოდ, ძვ. წ. 3-2 წლებში. თუმცა ეს ვარაუდი არ არის დასაბუთებული და, ამრიგად, მისი პირველი გამგებლობის დრო უცნობია (იხ. კვირინიუსი). რაც შეეხება კვირინიუსის მეორე ვადით გამგებლობას, იოსებ ფლავიუსის ისტორიულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, ის ახ. წ. 6 წელსაც მოიცავდა („იუდეველთა სიძველენი“, XVIII, 26 (ii, 1), ინგლ.).
მაშასადამე, მემატიანე და ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის ავტორი, ლუკა არ შემცდარა, როცა დაწერა, რომ „პირველი აღწერა სირიაში კვირინიუსის გამგებლობის დროს ჩატარდა“, განასხვავა რა ის მეორისგან, რომელიც მოგვიანებით იგივე კვირინიუსის დროს ჩატარდა და რომელიც საქმეების 5:37-ის თანახმად გამალიელმა მოიხსენია.