გამოსასყიდი
საფასური, რომლითაც ხდება რამის ან ვინმეს უკან დაბრუნება, რაიმე ვალდებულებისგან ან არასასურველი მდგომარეობიდან გათავისუფლება. გამოსასყიდი, ძირითადად, ზარალის დასაფარავად ან სამართლის აღსადგენად გადახდილ საფასურზე მიუთითებს, ხოლო გამოსყიდვა — გამოსასყიდის გადახდით გათავისუფლებაზე. უდიდესი გამოსასყიდი არის იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლი, რამაც ადამის შთამომავლებისთვის ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლება გახადა შესაძლებელი.
„გამოსასყიდად“ და „გამოსყიდვად“ ნათარგმნი ებრაული და ბერძნული სიტყვები მსგავს აზრს ატარებს და მიუთითებს გამოსასყიდად ან გასათავისუფლებლად გადახდილ საფასურზე. ეს სიტყვები გაცვლის, შესაბამისობის, ეკვივალენტობისა და ჩანაცვლების აზრსაც ატარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ენაცვლება მეორეს, რითაც სამართლის აღდგენა და მდგომარეობის გამოსწორება ხდება (იხ. შერიგება).
დაფარვა. ებრაული არსებითი სახელი ქოფერ წარმოდგება ზმნიდან ქაფარ, რაც დაფარვას ნიშნავს. ეს ზმნა გამოყენებულია ბიბლიის იმ მონაკვეთში, სადაც საუბარია, რომ ნოემ ფისით დაფარა კიდობანი (დბ. 6:14). თუმცა ეს ზმნა (ქაფარ) თითქმის ყოველთვის გვხვდება ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარია ცოდვების დაფარვით ან გამოსყიდვით სამართლის აღდგენაზე (ფს. 65:3; 78:38; 79:8, 9). არსებითი სახელი ქოფერ მიუთითებს ამ მიზნისთვის გამოყენებულ საშუალებაზე, ანუ გამოსასყიდზე. ის, რაც ფარავს, უნდა შეესაბამებოდეს დასაფარავს ფორმით (მაგ., შეთანხმების კიდობნის სახურავი [ქაფფორეთ]; გმ. 25:17—22) ან ღირებულებით (მაგ., ზარალის ანაზღაურება).
სამართლის აღსადგენად და თავის ხალხთან, ისრაელთან, საქმეების მოსაგვარებლად იეჰოვა კანონის შეთანხმების მიხედვით მოითხოვდა სხვადასხვა შესაწირავს, რათა მღვდლებისა და ლევიანების (გმ. 29:33—37; ლვ. 16:6, 11), სხვა ისრაელების ან მთელი ერის ცოდვები გამოსყიდულიყო, ანუ დაფარულიყო (ლვ. 1:4; 4:20, 26, 31, 35) და სამსხვერპლო და კარავი მათ გარშემო დაბანაკებული ხალხის ცოდვებისგან განწმენდილიყო (ლვ. 16:16—20). შემცოდველის სიცოცხლის სანაცვლოდ იწირებოდა ცხოველის სიცოცხლე და ღვთის სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი შეძლებისდაგვარად გამოისყიდდა ცოდვას (ლვ. 17:11; შდრ. ებ. 9:13, 14; 10:1—4). გამოსყიდვის წესის შესასრულებლად ღმერთმა ისრაელებს „გამოსყიდვის დღე [ჲომ ჰაქქიფფურიმ]“ დაუდგინა (ლვ. 23:26—28). ეს შესაწირავები იმისთვის იყო საჭირო, რომ ერი და მისი თაყვანისმცემლობა მართალი ღვთის თვალში მოსაწონი ყოფილიყო.
გამოსყიდვის არსი კარგად ჩანს კანონიდან, რომელიც მორქენალ ხარს ეხებოდა. თუ ხარის პატრონი სიფრთხილეს არ გამოიჩენდა და ხარი ვინმეს მოკლავდა, მოკლულის სიცოცხლის გამოსასყიდად პატრონი უნდა მოეკლათ. მაგრამ, რადგან მას განზრახ ან პირდაპირ არ ჰყავდა ის მოკლული, მსაჯულებს შეიძლებოდა მართებულად მიეჩნიათ მისთვის „გამოსასყიდის [ქოფერ]“ დაკისრება. გადახდილი თანხა მისი სულის გამოსასყიდად და მოკლულის სიცოცხლის ანაზღაურებად ითვლებოდა (გმ. 21:28—32; შდრ. კნ. 19:21). მაგრამ განზრახ მკვლელობის ჩამდენის გამოსყიდვა არ ხდებოდა — მხოლოდ მის სიცოცხლეს შეეძლო მოკლულის სიცოცხლის გამოსყიდვა (რც. 35:31—33). აღრიცხვის დროს ცოცხალ სულებს აღრიცხავდნენ (ოცი წლიდან ზევით) და, როგორც ჩანს, ამიტომ უნდა გაეღო ყველა მამაკაცს, მდიდარსა თუ ღარიბს, საკუთარი სულის სანაცვლოდ იეჰოვასთვის გამოსასყიდი (ქოფერ), ნახევარი შეკელი ($1,10) (გმ. 30:11—16).
უსამართლობა არც ღმერთს მოსწონს და არც ადამიანს, ამიტომ გამოსასყიდს ზოგ შემთხვევაში შეუძლია რისხვის თავიდან არიდება ან გულის მოლბობა (შდრ. იერ. 18:23; იხ. აგრეთვე დბ. 32:20, სადაც ქაფარ ნათარგმნია „გულის მოლბობად“). მაგრამ ვერანაირი „გამოსასყიდი [ქოფერ]“ ვერ დააცხრობს ქმრის რისხვას, რომლის ცოლთანაც ვინმემ იმრუშა (იგ. 6:35). ეს სიტყვა მათ მიმართაც გამოიყენებოდა, ვინც ვალდებული იყო, სამართალი აღესრულებინა, მაგრამ საჩუქარს ან ქრთამს [ქოფერ] იღებდა „საქმეზე თვალის დასახუჭავად“ (1სმ. 12:3; ამ. 5:12).
გამოსყიდვა ანუ გათავისუფლება. ებრაული ზმნა ფადაჰ გამოსყიდვას ნიშნავს, ხოლო მონათესავე არსებითი სახელი ფიდჲონ — გამოსასყიდს (გმ. 21:30). ეს სიტყვები, როგორც ჩანს, გამოსასყიდით გათავისუფლების მნიშვნელობას ატარებს, ხოლო ქაფარ ყურადღებას ამახვილებს საფასურის ხარისხსა და შემადგენლობაზე და მისით სამართლის აღდგენის შესაძლებლობაზე. გათავისუფლება, ანუ გამოსყიდვა (ფადაჰ), ხდებოდა მონობისგან (ლვ. 19:20; კნ. 7:8), გასაჭირისა და ჩაგვრისგან (2სმ. 4:9; იობ. 6:23; ფს. 55:18), სიკვდილისა და საფლავში ჩავარდნისგან (იობ. 33:28; ფს. 49:15). ბიბლიაში ბევრჯერ არის მოხსენიებული, რომ იეჰოვამ გამოისყიდა ისრაელი ერი ეგვიპტიდან და თავის საკუთრებად აქცია (კნ. 9:26; ფს. 78:42), საუკუნეების შემდეგ კი ასურეთისა და ბაბილონის გადასახლებიდან გაათავისუფლა (ეს. 35:10; 51:11; იერ. 31:11, 12; ზქ. 10:8—10). გამოსასყიდის გადახდა ამ შემთხვევებშიც მოხდა. ისრაელების ეგვიპტიდან გათავისუფლებისას იეჰოვამ ეგვიპტელებს გადაახდევინა გამოსასყიდი. ისრაელი ღვთის პირმშო იყო, ამიტომ იეჰოვამ გააფრთხილა ფარაონი, რომ, თუ გაჯიუტდებოდა და არ გაუშვებდა ისრაელს, მოკლავდა მის პირმშოს და ყველა ეგვიპტელისა და მათი ცხოველების პირმშოებს (გმ. 4:21—23; 11:4—8). მსგავსად, კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობისა და გადასახლებული ებრაელების გათავისუფლებისთვის იეჰოვამ სპარსელებს თავისი ხალხის გამოსასყიდად [ქოფერის ერთ-ერთი ფორმა] მისცა ეგვიპტე, მათ სანაცვლოდ კი — „ეთიოპია და სება“. ასე რომ, მოგვიანებით, როცა სპარსეთის იმპერიამ ეს ტერიტორიები დაიპყრო, ეს ერები ისრაელების „სულის სანაცვლოდ“ მიიღო (ეს. 43:1—4). ეს ეთანხმება ღვთის შთაგონებით ჩაწერილ სიტყვებს, რომ „ბოროტი მართლის გამოსასყიდია [ქოფერ]; ვერაგი მართლის ადგილზე აღმოჩნდება“ (იგ. 21:18).
კიდევ ერთი ებრაული სიტყვა, რომელიც გამოსყიდვას უკავშირდება, არის გაʼალ. ეს სიტყვა, ძირითადად, უკან დაბრუნებას, უკან მოთხოვნას ან დახსნას ნიშნავს (იერ. 32:7, 8). გაʼალსა და ფადაჰს შორის მსგავსება კარგად ჩანს ოსიას 13:14-დან, სადაც ეს სიტყვები სინონიმებად არის გამოყენებული: „სამარის ხელიდან გამოვისყიდი [ფადაჰის ერთ-ერთი ფორმა] მათ, სიკვდილისგან დავიხსნი [გაʼალის ერთ-ერთი ფორმა] (შდრ. ფს. 69:18). გაʼალ ყურადღებას ამახვილებს გამოსყიდვის უფლებაზე, რომლითაც სარგებლობდა ახლო ნათესავი ახლობლის ან მისი ქონების გამოსასყიდად და თავდაპირველი მფლობელი ან გამყიდველი. აქედან გამომდინარე, ახლო ნათესავს ეწოდებოდა გოʼელ, ანუ გამომსყიდველი (რთ. 2:20; 3:9, 13), მკვლელობის შემთხვევაში კი — „სისხლის ამღები“ (რც. 35:12).
კანონის თანახმად, იმ გაჭირვებული ისრაელის „ახლო ნათესავს, გამომსყიდველს [გოʼელ]“, რომელიც იძულებული იყო, გაეყიდა მემკვიდრეობით მიღებული მიწა, სახლი ქალაქში ან საკუთარი თავი, უფლება ჰქონდა, გამოესყიდა [გაʼალ] „ის, რაც მისმა მოძმემ გაყიდა“. მაგრამ, თუ საშუალება მიეცემოდა, ამის გაკეთება თავადაც შეეძლო (ლვ. 25:23—27, 29—34, 47—49; შდრ. რთ. 4:1—15). თუ ვინმე ღვთისთვის აღთქმულ შესაწირავად სახლს ან მინდორს გაიღებდა, შემდეგ კი გამოსყიდვას მოინდომებდა, ამ ქონების საფასურისთვის მეხუთედი უნდა დაემატებინა (ლვ. 27:14—19). მაგრამ „გასანადგურებლად გადაცემულის“ გამოსყიდვა შეუძლებელი იყო (ლვ. 27:28, 29).
მკვლელს თავშესაფარ ქალაქში თავის შეფარების უფლებას არ აძლევდნენ. საქმის მოსმენის შემდეგ მსაჯულები მას მოკლულის ახლო ნათესავს, „სისხლის ამღებს [გოʼელ], გადასცემდნენ მოსაკლავად. ვინაიდან მკვლელის „გამოსასყიდის [ქოფერ]“ აღება არ შეიძლებოდა და გამოსყიდვის უფლებით მოსარგებლე ახლო ნათესავი ვერ დაიბრუნებდა მოკლული ახლობლის სიცოცხლეს, სისხლის ამღებს სამართლიანად შეეძლო მოეკლა თავისი ნათესავის მკვლელი (რც. 35:9—32; კნ. 19:1—13).
გამოსასყიდი ყოველთვის მატერიალური არ იყო. როგორც უკვე დავინახეთ, იეჰოვამ ისრაელი გამოისყიდა (ფადაჰ) ანუ დააბრუნა (გაʼალ) ეგვიპტიდან (გმ. 6:6; ეს. 51:10, 11). მაგრამ ისრაელები „ჰყიდდნენ საკუთარ თავს, რომ ბოროტება ჩაედინათ“ (2მფ. 17:16, 17), ამიტომ იეჰოვამ არაერთხელ „ჩაუგდო ისინი ხელში“ მათ მტრებს (კნ. 32:30; მსჯ. 2:14; 3:8; 10:7; 1სმ. 12:9; იხ. სქ-ები). როცა ისინი ინანიებდნენ, იეჰოვა გამოისყიდდა ანუ გამოიხსნიდა მათ გასაჭირიდან ან ტყვეობიდან (ფს. 107:2, 3; ეს. 35:9, 10; მქ. 4:10) და ამგვარად ასრულებდა გოʼელის, ანუ გამომსყიდველის როლს, როგორც ისრაელი ერის ქმარი (ეს. 43:1, 14; 48:20; 49:26; 50:1, 2; 54:5—7). მაგრამ როცა „ყიდდა“ მათ, იეჰოვა წარმართი ერებისგან ანაზღაურებას არ იღებდა. იეჰოვას ანაზღაურება სამართლის აღდგენა და ურჩობისა და უპატივცემულობისთვის თავისი ხალხის შეგონება და დასჯა იყო (შდრ. ეს. 48:17, 18).
მსგავსად, ღმერთი ყოველთვის მატერიალურით არ გამოისყიდდა თავის ერს. როცა იეჰოვამ ბაბილონში გადასახლებული ისრაელი გამოისყიდა, კიროსმა ისინი თავისი ნებით გაათავისუფლა, თუმცა ამისთვის თავის სიცოცხლეში მატერიალური ანაზღაურება არ მიუღია. მაგრამ თავისი ხალხის მჩაგვრელი ერებისგან გამოხსნისას იეჰოვამ ამ ბოროტ ერებს თავიანთი სიცოცხლით გადაახდევინა გამოსასყიდი (შდრ. ფს. 106:10, 11; ეს. 41:11—14; 49:26). როცა იუდას მკვიდრნი ხელში ჩაუგდო ანუ მიჰყიდა ბაბილონელებს, მას ანაზღაურება არ მიუღია. სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებს თავისუფლების სანაცვლოდ არც ბაბილონელებისთვის გადაუხდიათ საფასური და არც იეჰოვასთვის. ისინი მუქთად იყვნენ მიყიდულნი და უფულოდ გამოსყიდულნი. ამიტომ აღარ იყო საჭირო, რომ სამართლის აღსადგენად იეჰოვას მათი დამპყრობლებისთვის გამოსასყიდი მიეცა. მან თავისი „წმინდა მკლავის“ ძალით გამოისყიდა ისინი (ეს. 52:3—10; ფს. 77:14, 15).
ამგვარად, იეჰოვა, როგორც გოʼელი, შურს იძიებდა თავისი მსახურებისთვის, რითაც აბათილებდა მათ ბრალდებებს, ვინც მისი სახელის შესალახავად ისრაელის გაჭირვებას იყენებდა (ფს. 78:35; ეს. 59:15—20; 63:3—6, 9). იეჰოვა, როგორც თითოეული ებრაელის, ისე მთელი ერის ახლო ნათესავი და დიდებული გამომსყიდველი, წარმართავდა მათ „სასამართლო საქმეს“ და აღასრულებდა სამართალს (ფს. 119:153, 154; იერ. 50:33, 34; გდ. 3:58—60; შდრ. იგ. 23:10, 11).
მძიმედ დაავადებულმა იობმა, რომელიც ებრაელი არ იყო და ისრაელის ერად ჩამოყალიბებამდე ცხოვრობდა, თქვა: „კარგად ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი, ის ჩემ შემდეგ მოვა და მიწაზე აღსდგება“ (იობ. 19:25; შდრ. ფს. 69:18; 103:4). ისრაელის მეფეებს უნდა მიებაძათ ღვთისთვის და თავისი ერის საწყალთა და ღარიბთა გამომსყიდველები უნდა ყოფილიყვნენ (ფს. 72:1, 2, 14).
იესო ქრისტე, როგორც გამომსყიდველი. ზემოთ განხილული მასალა გვეხმარება, დავინახოთ ღვთის ძის, ქრისტე იესოს მიერ კაცობრიობისთვის გაღებული გამოსასყიდის არსი. ედემში მომხდარი ურჩობის გამო საჭირო გახდა კაცობრიობის გამოსყიდვა. ადამმა ბოროტებას მიჰყიდა თავი, რათა თავისი ეგოისტური სურვილი დაეკმაყოფილებინა და ღვთის კანონის დამრღვევ ცოლთან დარჩენილიყო. ევას მსგავსად ადამიც მსჯავრდადებული გახდა ღვთის წინაშე. ამგვარად, მან საკუთარი თავი და შთამომავლობა ცოდვასა და სიკვდილს მიჰყიდა; ღვთის სამართლის თანახმად, ურჩობის საფასური სიკვდილი იყო (რმ. 5:12—19; შდრ. რმ. 7:14—25). ერთ დროს სრულყოფილმა ადამმა თვითონაც დაკარგა და შთამომავლობასაც დააკარგვინა ეს ძვირფასი ძღვენი.
კანონი, „მომავალ კურთხევათა ჩრდილი“, ცოდვების დასაფარავად მოითხოვდა ცხოველურ შესაწირავებს. მაგრამ ეს შესაწირავები მხოლოდ სიმბოლურად ფარავდა ცოდვებს, რადგან ცხოველი ადამიანზე დაბლა დგას და, როგორც მოციქულმა პავლემ დაწერა, „ხარებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვების წაშლა“ (ებ. 10:1—4). ამ სიმბოლური მნიშვნელობის ცხოველურ შესაწირავებს არანაირი ნაკლი არ უნდა ჰქონოდა (ლვ. 22:21). ნამდვილი გამოსასყიდიც — ადამიანი, რომელიც სინამდვილეში აღმოფხვრიდა ცოდვებს — სრულყოფილი, უნაკლო უნდა ყოფილიყო. ის სრულყოფილი ადამის შესაბამისი უნდა ყოფილიყო, რათა კაცობრიობის მამის, ადამის მიერ ცოდვისთვის მიყიდული შთამომავლობა გამოესყიდა (შდრ. რმ. 7:14; ფს. 51:5). მხოლოდ ამ შემთხვევაში აღადგენდა ის ღვთის სრულყოფილ სამართალს, რომლის თანახმადაც „სულის სანაცვლოდ სული“ უნდა გაღებულიყო (გმ. 21:23—25; კნ. 19:21).
ღვთის ურყევი სამართლის თანახმად, კაცობრიობა ვერანაირად ვერ გამოისყიდდა საკუთარ თავს (ფს. 49:6—9). მაგრამ სწორედ ამ ურყევი სამართლის წყალობით მეტად გამოვლინდა ღვთის სიყვარული და გულმოწყალება, რადგან თავისივე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უდიდესი ფასი — თავისი ძის სიცოცხლე — გაიღო გამოსასყიდად (რმ. 5:6—8). ამისთვის საჭირო იყო, რომ მისი ძე განკაცებულიყო და სრულყოფილი ადამის მსგავსი გამხდარიყო. ამიტომ ღმერთმა თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან ებრაელი ქალწულის, მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა (ლკ. 1:26—37; ინ. 1:14). ვინაიდან იესოს მამა ცოდვილი ადამის შთამომავალი არ ყოფილა და ბავშვის ჩასახვიდან დაბადებამდე მარიამი ღვთის წმინდა სულმა დაჩრდილა, იესოს მემკვიდრეობით არ მიუღია ცოდვა და არასრულყოფილება და მისი, როგორც „უმანკო და უმწიკვლო კრავის“ სისხლი ღვთისთვის მოსაწონი მსხვერპლი იქნებოდა (ლკ. 1:35; ინ. 1:29; 1პტ. 1:18, 19). ის სიცოცხლის ბოლომდე უცოდველი დარჩა, ამიტომ შეესაბამებოდა ღვთის სამართლიან მოთხოვნებს (ებ. 4:15; 7:26; 1პტ. 2:22). როგორც „სისხლისა და ხორცის მოზიარე“, ის ადამიანების ახლო ნათესავი იყო და მათი გამოსასყიდიც ჰქონდა — საკუთარი სრულყოფილი სიცოცხლე, რომელიც განსაცდელების დროს სუფთად დაიცვა (ებ. 2:14, 15).
ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ საფასურის გადახდის გარეშე შეუძლებელია ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლება. ბიბლიაში ქრისტიანებზე ნათქვამია, რომ ფასით არიან ნაყიდნი (1კრ. 6:20; 7:23), ჰყავთ პატრონი, „რომელმაც იყიდა ისინი“ (2პტ. 2:1), ხოლო იესო შედარებულია კრავს, რომელიც დაიკლა და თავისი სისხლით იყიდა „ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ (გმც. 5:9). ამ მუხლებში გამოყენებულია ზმნა აგორაზო, რომელიც ბაზარში [აგორა] ყიდვას ნიშნავს. მისი მონათესავე ზმნა ექსაგორაზო (გამოსასყიდით გათავისუფლება) პავლემ იმის საჩვენებლად გამოიყენა, რომ ქრისტემ გამოსასყიდით გაათავისუფლა „კანონს დაქვემდებარებულნი“ ძელზე სიკვდილით (გლ. 4:5; 3:13). თუმცა გამოსყიდვის აზრს უფრო სრულად გადმოსცემს ბერძნული სიტყვა ლიტრონ და მისი მონათესავე სიტყვები, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენება.
სიტყვა ლიტრონს (მომდინარეობს ზმნიდან ლიო, ნიშნავს გაშვებას) ბერძენი მწერლები განსაკუთრებით ტყვეების გამოსასყიდად ან მონების გასათავისუფლებლად გადახდილი საფასურის აღსანიშნავად იყენებდნენ (შდრ. ებ. 11:35). ბიბლიაში ეს სიტყვა გვხვდება ორ მუხლში, რომლებშიც ნათქვამია, რომ ქრისტემ „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ მისცა (მთ. 20:28; მრ. 10:45). 1 ტიმოთეს 2:6-ში გამოყენებულია მონათესავე სიტყვა ანტილიტრონ. ერთ-ერთ ლექსიკონში ეს სიტყვა განიმარტება, როგორც „გამოსასყიდი, საფასური, ან უფრო სწორად, შესაბამისი გამოსასყიდი“. იქვე ციტირებულია ჰიპერიდეს სიტყვები: „ეს სიტყვა მართებულად აღნიშნავს საფასურს, რომლითაც ტყვეებს მტრის ხელიდან ათავისუფლებენ; აგრეთვე მიუთითებს გაცვლაზე — ერთის სიცოცხლის მეორის სიცოცხლით გამოსყიდვაზე“. შემდეგ კეთდება დასკვნა: „ასე რომ, არისტოტელე ამ ზმნას [ანტილიტროო] სიცოცხლის სიცოცხლით გამოსყიდვის აღსანიშნავად იყენებდა“ (Greek and English Lexicon to the New Testament, ჯ. პარკჰერსტი, ლონდონი, 1845, გვ. 47). ამგვარად, ქრისტემ „შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის“ (1ტმ. 2:5, 6). სხვა მონათესავე სიტყვებია ლიტროომე (სიტყვასიტყვით „გამოსასყიდით გაშვება“), რომელიც ითარგმნა, როგორც „გათავისუფლება“ და „დახსნა“ (ტიტ. 2:14; 1პტ. 1:18, 19), და აპოლიტროსის, რომელიც გამოსასყიდით გათავისუფლებას ნიშნავს (ეფ. 1:7, 14; კლ. 1:14). აშკარაა, რომ ეს და ზემოთ განხილული ებრაული სიტყვები მსგავსი მნიშვნელობით გამოიყენება. ისინი, უბრალოდ, ყიდვას კი არ აღნიშნავენ, არამედ გამოსყიდვას, შესაბამისი საფასურის გადახდით გათავისუფლებას.
მართალია, ქრისტემ ყველასთვის გაიღო გამოსასყიდი, მაგრამ ყველა არ სარგებლობს მისით და „ღვთის რისხვა რჩება“ მათზე. ღვთის რისხვა იმათაც დაატყდება, ვინც თავიდან დააფასა გამოსასყიდი, შემდეგ კი უარყო (ინ. 3:36; ებ. 10:26—29; შდრ. რმ. 5:9, 10). ასეთები ვერ გათავისუფლდებიან ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (რმ. 5:21). კანონის თანახმად, განზრახ მკვლელის გამოსყიდვა არ შეიძლებოდა. ადამმა თავისი ნებით გასწირა კაცობრიობა სასიკვდილოდ, ამიტომ ის მკვლელი გახდა (რმ. 5:12) და იესოს მსხვერპლით არ გამოისყიდება.
მაგრამ ღმერთი სიხარულით გამოიყენებს ქრისტეს მსხვერპლს ადამის იმ შთამომავლების გამოსასყიდად, რომელთაც სწამთ, რომ მის მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს. პავლემ დაწერა: „როგორც ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით გახდება მრავალი მართალი“ (რმ. 5:18, 19). ადამის შეცოდებისა და მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის დროს მისი შთამომავლები ანუ მისი „საზარდულიდან გამომავალნი“ ჯერ არ იყვნენ დაბადებულნი, ამიტომ მასთან ერთად დაიხოცნენ (შდრ. ებ. 7:4—10). იესოს, სრულყოფილი ადამიანის, „უკანასკნელი ადამის“ (1კრ. 15:45), შთამომავლებიც მის „საზარდულში“ იმყოფებოდნენ, როცა მან სრულყოფილი მსხვერპლი გაიღო და ბრალდაუდებელი მოკვდა, ამიტომ მისი პოტენციური შთამომავლებიც მასთან ერთად დაიხოცნენ. იესომ შეგნებულად თქვა უარი ოჯახისა და შთამომავლების ყოლაზე. ნაცვლად ამისა, თავისი გამოსასყიდის საფუძველზე იეჰოვასგან ბოძებულ ძალაუფლებას ის მათთვის სიცოცხლის მისაცემად გამოიყენებს, ვისაც სწამს, რომ მის გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს (1კრ. 15:45; შდრ. რმ. 5:15—17).
იესომ „შესაბამისი გამოსასყიდი“ ერთი შემცოდველისთვის, ადამისთვის კი არ გაიღო, არამედ ადამის მთელი შთამომავლობისთვის. მან გამოისყიდა ისინი, რათა მისი ოჯახის წევრები გამხდარიყვნენ, რისთვისაც სრულყოფილად სამართლიან ღმერთს თავისი მსხვერპლის სრული საფასური წარუდგინა ზეცაში (ებ. 9:24). შედეგად, მისი მიმდევრებისგან ჩამოყალიბდა ზეციერი კრება, მისი პატარძალი (შდრ. ეფ. 5:23—27; გმც. 1:5, 6; 5:9, 10; 14:3, 4). მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებიდან აგრეთვე ჩანს, რომ მას, როგორც „მარადიულ მამას“, ეყოლებოდა შთამომავლები (ეს. 53:10—12; 9:6, 7). ასეთ შემთხვევაში მისი გამოსასყიდი პატარძლის გარდა სხვებზეც გავრცელდებოდა. ადამიანთაგან ნაყიდი „პირველი ნაყოფის“ გარდა, რომელიც ზეციერ კრებას შეადგენს, სხვებიც სარგებლობენ მისი გამოსასყიდით; ცოდვისა და არასრულყოფილების აღმოფხვრის შემდეგ ისინი მარადიულად იცხოვრებენ (გმც. 14:4; 1ინ. 2:1, 2). თუ ქრისტეს ზეციერი კრების წევრები მასთან ერთად იქნებიან მღვდლები და „დედამიწის მმართველები“, მაშინ გამოსასყიდით მოსარგებლეთაგან სხვები ქრისტეს სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები იქნებიან და მარადიულად იცხოვრებენ, როგორც „მარადიული მამის“ შვილები (გმც. 5:10; 20:6; 21:2—4, 9, 10; 22:17; შდრ. ფს. 103:2—5). გამოსყიდვის ღონისძიება იეჰოვას სიბრძნესა და სიმართლეზე მეტყველებს, რადგან ამით მან სრულყოფილად აღადგინა სამართალი და, ამასთანავე, წყალობა და მიმტევებლობა გამოავლინა (რმ. 3:21—26).