ᲓᲐᲦᲘ
ზოგიერთ წარმართ ერში გავრცელებული სხვადასხვა ფორმის ერთგვარი ნიშანი, რომელიც ამოიწვებოდა ან ამოიტვიფრებოდა მონის სხეულზე მისი პატრონის საკუთრების ნიშნად. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ქედმაღალი ქალები დაემონებოდნენ უცხოელ დამპყრობლებს. ისინი დაკარგავდნენ სილამაზეს და სანაცვლოდ დაღი [ებრ. კი] დაესმებოდათ (ეს. 3:24).
ზოგჯერ თავიანთი ღვთისადმი ერთგულების ნიშნად კერპთაყვანისმცემლები იკეთებდნენ დაღს. ეს შეიძლება ყოფილიყო ამ ღმერთის სახელი, სიმბოლო ან გამოსახულება. სხეულის შეგნებული დასახიჩრება მოსეს კანონით იკრძალებოდა (ლვ. 19:28). ერთადერთი დაღი, რომლის გაკეთებაც მოსეს კანონით დაიშვებოდა, იყო იმ მონისთვის ყურის გახვრეტა, რომელსაც ნებაყოფლობით სურდა „მთელი ცხოვრება“ თავისი ბატონის მონა ყოფილიყო (კნ. 15:16, 17).
პავლემ გალატელებს მისწერა: „ჩემს სხეულზე იესოს მონის დაღს [ბერძ. სტიგმატა] ვატარებ“ (გლ. 6:17). ქრისტიანული მსახურების გამო პავლეს ბევრჯერ მოუწია ფიზიკური შეურაცხყოფის ატანა, რის გამოც მას უდავოდ ნაიარევიც ექნებოდა სხეულზე, რაც ამტკიცებდა მისსავე ნათქვამს, რომ იესო ქრისტეს ერთგული მონა იყო (2კრ. 11:23—27). დაღის მოხსენიებით პავლე შესაძლოა გადაკვრით მიანიშნებდა ამ ჭრილობებზე; ან შესაძლოა მან ხაზი გაუსვა თავისი ქრისტიანული ცხოვრების წესს ანუ იმას, თუ როგორ ავლენდა სულის ნაყოფს და როგორ ასრულებდა ქრისტიანულ მსახურებას (იხ. ნიშანი სხეულზე).