სამოცდაათი კვირა
დანიელის 9:24—27-ში ნაწინასწარმეტყველები პერიოდი, რომლის განმავლობაშიც აღდგებოდა იერუსალიმი, მოვიდოდა მესია და მოიკვეთებოდა; ამის შემდეგ განადგურდებოდა ქალაქი და წმინდა ადგილი.
დარიოსის, „ახაშვეროშის ძის, მიდიელთა შთამომავლის“, მეფობის პირველ წელს წინასწარმეტყველმა დანიელმა იერემიას წინასწარმეტყველებიდან გაიგო, რომ მალე ებრაელები გათავისუფლდებოდნენ ბაბილონის ტყვეობიდან და იერუსალიმში დაბრუნდებოდნენ. დანიელი გულმოდგინედ ეძებდა იეჰოვას ლოცვაში, როგორც ეს იერემიას ჰქონდა ნათქვამი: „მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ. ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, რადგან მთელი გულით დამიწყებთ ძებნას. თავს გაპოვნინებთ, — ამბობს იეჰოვა ... დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გადაგასახლეთ“ (იერ. 29:10—14; დნ. 9:1—4).
დანიელს ჯერ არ დაემთავრებინა ლოცვა, რომ იეჰოვამ ანგელოზი გაბრიელი გაუგზავნა წინასწარმეტყველური ცნობით, რომელსაც თითქმის ყველა ბიბლეისტი მესიას უკავშირებს, თუმცა ისინი სხვადასხვანაირად ხსნიან ამ წინასწარმეტყველებას. გაბრიელმა თქვა:
„სამოცდაათი კვირაა დადგენილი შენი ხალხისთვის და შენი წმინდა ქალაქისთვის, რომ შეწყდეს ცოდვა და ბოლო მოეღოს მას, რომ გამოსყიდული იყოს დანაშაული და დამყარდეს მარადიული სიმართლე, რომ ბეჭედი დაესვას ხილვასა და წინასწარმეტყველს და ცხებული იქნეს წმინდათაწმინდა. იცოდე და ჩასწვდი ამას, რომ იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა გავა. იერუსალიმი დაბრუნდება და გაჭირვების დროს აშენდება თავისი მოედნითა და ღრმა თხრილით. სამოცდაორი კვირის შემდეგ მესია მოიკვეთება და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და წმინდა ადგილს მომავალი წინამძღოლის ხალხი გაანადგურებს. მას წარღვნა მოუღებს ბოლოს. დასასრულამდე ომი იქნება. გადაწყვეტილია გაპარტახება. ის ბევრისთვის ძალაში დატოვებს შეთანხმებას ერთი კვირით, ნახევარ კვირაში შეწყვეტს მსხვერპლსა და საძღვნო შესაწირავს. სისაძაგლის ფრთებით მოვა გამაპარტახებელი. ვიდრე შემუსრავდეს, განადგურებულზეც შესრულდება ის, რაც გადაწყვეტილია“ (დნ. 9:24—27).
წინასწარმეტყველება მესიის შესახებ. აშკარაა, რომ მესიის ამოსაცნობად ეს წინასწარმეტყველება უმნიშვნელოვანესია. საჭიროა 70 კვირის დასაწყისისა და ხანგრძლივობის დადგენა. თუ მასში შვიდი დღისგან შემდგარი კვირები იგულისხმება, მაშინ წინასწარმეტყველება ან არ შესრულებულა, რაც შეუძლებელია, ან მესია 24 საუკუნეზე მეტი ხნის წინ, სპარსეთის იმპერიის დროს მოვიდა და ვერ ამოიცნეს. თუ ეს ამ უკანასკნელის მიხედვით მოხდა, მაშინ მესიაზე ნათქვამი სხვა წინასწარმეტყველებები არ შესრულებულა. ამგვარად, ცხადია, რომ 70 კვირა სიმბოლურია და უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. უდავოდ, წინასწარმეტყველებაში ისეთი მოვლენებია აღწერილი, რომ შეუძლებელია პირდაპირი გაგებით 70 კვირაში ანუ წელიწადსა და ოთხ თვეზე ცოტა მეტ დროში შესრულებულიყო. ბიბლეისტთა უმეტესობა ეთანხმება აზრს, რომ ნაწინასწარმეტყველებ კვირებში წლებისგან შემდგარი კვირები იგულისხმება. ზოგიერთ თარგმანში წერია, რომ ეს არის „წლებისგან შემდგარი სამოცდაათი კვირა“ (AT, Mo, RS); 1985 წელს ებრაული საზოგადოების მიერ გამოცემულ ახალ თარგმანში (Tanakh) ეს სიტყვები სქოლიოში წერია (იხ. აგრეთვე Rbi8, დნ. 9:24-ის სქოლიო).
სინამდვილეში როდის დაიწყო ნაწინასწარმეტყველები „სამოცდაათი კვირა“?
70 კვირის დასაწყისში, სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელს, ნისანის თვეში, ნეემიამ იერუსალიმისა და მისი გალავნის აღდგენის ნებართვა მიიღო (ნემ. 2:1, 5, 7, 8). არტაქსერქსეს მეფობის ხანგრძლივობის გამოსათვლელად ნეემიამ, როგორც ჩანს, გამოიყენა ებრაელთა საერო კალენდარი; ის იწყებოდა თიშრის თვით (სექტემბერ-ოქტომბერი) და მთავრდებოდა ელულის თვით (აგვისტო-სექტემბერი), რომელიც მე-12 თვე იყო. უცნობია, ეს ნეემიასეული გამოთვლა იყო თუ გარკვეული მიზნით ასე იყო დამკვიდრებული სპარსეთში.
ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს ზემოხსენებულ აზრს და არგუმენტად ნეემიას 7:73 მოიყვანოს, სადაც ნეემია ამბობს, რომ ისრაელი თავიანთ ქალაქებში იყო შეკრებილი მეშვიდე თვეს; ამ შემთხვევაში თვეების თანამიმდევრობა დაფუძნებულია კალენდარზე, რომელიც ნისანიდან ნისანამდე გრძელდება. მაგრამ ნეემიამ ეს სიტყვები „პირველმოსულების საგვარეულო ნუსხიდან“ აიღო, რომლებიც ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ (ნემ. 7:5). ნეემია კიდევ ერთხელ მოიხსენიებს მეშვიდე თვეს, როცა მის დღეებში კარვობის დღესასწაულის აღნიშვნას აღწერს (ნემ. 8:9, 13—18). ეს მართებულიც იყო, რადგან იქვე ვკითხულობთ, რომ კანონში, კერძოდ, ლევიანების 23:39—43-ში მათ აღმოაჩინეს, რომ იეჰოვას მითითებისამებრ კარვობის დღესასწაული „მეშვიდე თვეს“ უნდა ეზეიმათ (წმინდა კალენდრის მიხედვით, რომელიც ნისანიდან ნისანამდე გრძელდებოდა).
თუმცა, როგორც ნეემიას 1:1—3 და 2:1—8 აჩვენებს, ზოგიერთი მოვლენის აღსაწერად ნეემია იყენებდა კალენდარს, რომელიც შემოდგომიდან შემოდგომამდე გრძელდებოდა. პირველ შემთხვევაში ის ამბობს, რომ არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელს იერუსალიმის შესახებ ცუდი ამბავი მიიღო ქისლევის თვეში (საერო კალენდრით მესამე თვე, წმინდა კალენდრით მეცხრე თვე). მეორე შემთხვევაში მან სთხოვა მეფეს, იერუსალიმის აღსადგენად გაეშვა, რისი ნებართვაც ნისანის თვეში მიიღო (საერო კალენდრით მეშვიდე თვე, წმინდა კალენდრით პირველი თვე), თუმცა ჯერ კიდევ არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელი იყო. აშკარაა, ნეემია არტაქსერქსეს მეფობის წლებს არ ითვლიდა იმ კალენდრის მიხედვით, რომელიც ნისანით იწყებოდა და ნისანით მთავრდებოდა.
იმის დასადგენად, თუ რომელი წელი იყო არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელი, უნდა გავიგოთ მამამისის, მისი წინამორბედი მეფის, ქსერქსეს, მეფობის ბოლო წელი, რომელიც ძვ. წ. 475 წლის მიწურულს გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, არტაქსერქსე ძვ. წ. 475 წლის მიწურულს გამეფდებოდა, ამიტომ მისი მეფობის ათვლა ძვ. წ. 474 წლიდან უნდა დაიწყოს, როგორც ამას ისტორიული წყაროებიც ადასტურებს. შესაბამისად, არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელი ძვ. წ. 455 წელი უნდა იყოს (იხ. სპარსეთი, სპარსელები [ქსერქსესა და არტაქსერქსეს მეფობა]).
„ნაბრძანები სიტყვა“. წინასწარმეტყველების თანახმად, „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე“ წლებისგან შემდგარი 69 კვირა უნდა გასულიყო (დნ. 9:25). ისტორიული წყაროებიცა და ბიბლიაც ადასტურებს, რომ ახ. წ. 29 წლის ადრეულ შემოდგომაზე იესო იოანესთან მივიდა და მოინათლა, რითაც ცხებული, მესია, წინამძღოლი გახდა (იხ. იესო ქრისტე [დაბადების დრო და მსახურების ხანგრძლივობა]). თუ ამ მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღიდან უკან გადავითვლით წლებისგან შემდგარ 69 კვირას, მივალთ ძვ. წ. 455 წლამდე. ამ წელს გამოვიდა „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვა“.
არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელს (ძვ. წ. 455), ნისანის თვეში (მარტი-აპრილი) ნეემიამ მეფეს სთხოვა: „თუ მოსაწონია შენი მსახური შენთვის, გამიშვი იუდაში, ქალაქში, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავებია, რომ აღვადგინო ის“ (ნემ. 2:1, 5). მეფემ მისცა ნებართვა და ნეემია შუშანიდან იერუსალიმისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგა. დაახლოებით ოთხ აბს (ივლისი-აგვისტო), ღამით გალავნის დათვალიერების შემდეგ, ნეემიამ მითითება მისცა ებრაელებს: „მოდით, აღვადგინოთ იერუსალიმის გალავანი, რომ მეტად აღარ ვიყოთ შეურაცხყოფილნი“ (ნემ. 2:11—18). ამგვარად, იერუსალიმის აღსადგენად „ნაბრძანები სიტყვა“, რომელიც არტაქსერქსემ გამოსცა, იმავე წელს შეასრულა ნეემიამ იერუსალიმში. აშკარაა, რომ 70 კვირის ათვლა ძვ. წ. 455 წლიდან უნდა მოხდეს.
გალავნის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა ელულის თვის 25-ში (აგვისტო-სექტემბერი), სულ რაღაც 52 დღეში (ნემ. 6:15). მისი აღდგენის შემდეგ დაიწყო იერუსალიმის აღდგენაც. პირველი შვიდი „კვირა“ (49 წელი) ნეემია, ეზრა და შემდეგ სხვები მუშაობდნენ ქალაქის აღსადგენად. ეს იყო „გაჭირვების დრო“, როცა თავად ებრაელები ან სამარიელები თუ სხვები ქმნიდნენ სირთულეებს (დნ. 9:25). მალაქიას წიგნში, რომელიც ძვ. წ. 443 წლის შემდეგ დაიწერა, აღწერილია ებრაელი სამღვდელოების ზნედაცემული მდგომარეობა. არსებობს მოსაზრება, რომ არტაქსერქსესთან ჩასული ნეემია სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში (შდრ. ნემ. 5:14; 13:6, 7). ბიბლიიდან არ ჩანს, ძვ. წ. 455 წლის შემდეგ ზუსტად რამდენ ხანს მონაწილეობდა ის იერუსალიმის აღდგენაში. თუმცა აღდგენითი სამუშაოები, როგორც ჩანს, 49 წელიწადში (წლებისგან შემდგარი შვიდი კვირა) ძირითადად დასრულდა. იერუსალიმიცა და ტაძარიც მესიის მოსვლამდე შენარჩუნდა (იხ. მალაქია (ბიბლიის წიგნი) [დაწერის დრო]).
მესიის გამოჩენა სამოცდაცხრა კვირის შემდეგ. „შვიდი კვირის“ შემდეგ მოიხსენიება „სამოცდაორი კვირა“ (დნ. 9:25), რომელიც აგრეთვე 70 კვირის ნაწილია და „შვიდი კვირის“ დასრულების შემდეგ იწყება. აქედან გამომდინარე, იერუსალიმის ასაშენებლად „ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე“ უნდა გასულიყო 7-ს დამატებული 62 „კვირა“ (69 „კვირა“), ანუ 483 წელი, ძვ. წ. 455 წლიდან ახ. წ. 29 წლამდე. როგორც ზემოთ ითქვა, ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე იესო წყალში მოინათლა, წმინდა სულით ცხებული გახდა და მსახურება დაიწყო, როგორც „მესიამ, წინამძღოლმა“ (ლკ. 3:1, 2, 21, 22).
ასე რომ, საუკუნეებით ადრე დანიელის წინასწარმეტყველება ზუსტად მიუთითებდა მესიის მოსვლის წელზე. არ არსებობს მტკიცებულება, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ებრაელებმა დანიელის წინასწარმეტყველების საფუძველზე გამოიანგარიშეს მესიის მოსვლის დრო და ამიტომ ელოდნენ მას. თუმცა ბიბლიაში ვკითხულობთ: „ხალხი მოლოდინში იყო და ყველა იოანეზე ფიქრობდა გულში, იქნებ ეს არისო ქრისტე“ (ლკ. 3:15). მართალია, ელოდნენ მესიის გამოჩენას, მაგრამ აშკარაა, რომ მათ არ იცოდნენ მისი გამოჩენის ზუსტი თვე, კვირა ან დღე. ამიტომაც აინტერესებდათ, იყო თუ არა იოანე ქრისტე, მიუხედავად იმისა, რომ იოანემ მსახურება ახ. წ. 29 წლის გაზაფხულზე, იესოს ნათლობამდე ექვსი თვით ადრე დაიწყო.
მოიკვეთება ნახევარ კვირაში. გაბრიელმა შემდეგ უთხრა დანიელს: „სამოცდაორი კვირის შემდეგ მესია მოიკვეთება და მას არაფერი დარჩება“ (დნ. 9:26). ეს მოხდა შვიდ კვირას დამატებული სამოცდაორი კვირის გასვლიდან ცოტა ხნის, დაახლოებით სამწელიწად-ნახევრის შემდეგ, როცა ქრისტე წამების ბოძზე მოკლეს, რითაც მან კაცობრიობის გამოსასყიდად ყველაფერი გაიღო, რაც გააჩნდა (ეს. 53:8). ფაქტები მოწმობს, რომ იესომ „კვირის“ პირველი ნახევარი მსახურებაში გაატარა. ერთხელ, როგორც ჩანს, ახ. წ. 32 წლის შემოდგომაზე, მან მაგალითი მოიყვანა და ლეღვის ხეში, რომელსაც „სამი წელი“ ნაყოფი არ გამოჰქონდა, ისრაელი ერი იგულისხმა (შდრ. მთ. 17:15—20; 21:18, 19, 43). ვენახის პატრონს მევენახემ უთხრა: „ბატონო, წელსაც დააცადე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი. თუ გამოიღებს ნაყოფს, ხომ კარგი, თუ არადა, მოჭერი“ (ლკ. 13:6—9). აქ ის შეიძლება გულისხმობდა ამ უგრძნობ ერში თავისი მსახურების პერიოდს, რომელიც უკვე დაახლოებით სამ წელს გრძელდებოდა და გარკვეულ ხანს კიდევ გასტანდა.
„ერთი კვირით“ ძალაში დატოვებული შეთანხმება. დანიელის 9:27-ში ნათქვამია: „ის ბევრისთვის ძალაში დატოვებს შეთანხმებას ერთი კვირით [ანუ შვიდი წლით], ნახევარ კვირაში შეწყვეტს მსხვერპლსა და საძღვნო შესაწირავს“. ამაში არ იგულისხმება კანონის შეთანხმება, რადგან ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე (70-ე „კვირის“ დაწყებიდან სამწელიწად-ნახევრის შემდეგ) ღმერთმა ის გააუქმა: „მან ის [კანონი] წამების ბოძზე მილურსმვით ჩამოგვაცილა გზიდან“ (კლ. 2:14). „ქრისტემ გამოსასყიდით გაგვათავისუფლა კანონის წყევლისგან ... მიზანი ის იყო, რომ აბრაამის კურთხევა ხალხებს იესო ქრისტეს მეშვეობით მიეღოთ“ (გლ. 3:13, 14). აბრაამთან დადებული შეთანხმების კურთხევები ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით განავრცო აბრაამის შთამომავლებზე. ეს კურთხევები უცხოტომელებზე მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც პეტრემ იტალიელ კორნელიუსს უქადაგა (სქ. 3:25, 26; 10:1—48). კორნელიუსისა და მისი სახლეულობის გაქრისტიანება მოხდა ტარსოსელი სავლეს მოქცევის შემდეგ, რომელიც, როგორც ჩანს, დაახლოებით ახ. წ. 34 წელს გაქრისტიანდა. ამის შემდეგ კრებას მშვიდობის დრო დაუდგა და შენდებოდა (სქ. 9:1—16, 31). კორნელიუსის გაქრისტიანება, სავარაუდოდ, ახ. წ. 36 წლის შემოდგომაზე მოხდა, ანუ 70-ე „კვირის“ დასასრულს, ძვ. წ. 455 წლიდან 490-ე წელს.
მსხვერპლისა და შესაწირავის შეწყვეტა. სიტყვა „შეწყვეტა“ გამოიყენება მსხვერპლსა და საძღვნო შესაწირავთან და სიტყვასიტყვით „შაბათის ქონას, დასვენებას, მუშაობის შეწყვეტას“ ნიშნავს. „მსხვერპლი და საძღვნო შესაწირავი“, რომელიც დანიელის 9:27-ის თანახმად უნდა შეწყვეტილიყო, არც გამოსასყიდად გაღებულ ქრისტეს მსხვერპლს უნდა ნიშნავდეს და არც მისი მიმდევრების გაღებულ სულიერ მსხვერპლს. ისინი უნდა მიუთითებდეს იერუსალიმის ტაძარში ებრაელების მიერ შეწირულ მოსეს კანონით გათვალისწინებულ მსხვერპლსა და საძღვნო შესაწირავზე.
„ნახევარი კვირა“ იქნება შვიდი წლის ნახევარი, ანუ სამწელიწად-ნახევარი. ვინაიდან 70-ე „კვირა“ დაიწყო დაახლოებით ახ. წ. 29 წლის შემოდგომით იესოს ნათლობისა და ქრისტედ ცხების დროიდან, ამ კვირის ნახევარი (სამწელიწად-ნახევარი) გაგრძელდებოდა ახ. წ. 33 წლის გაზაფხულამდე, ანუ ამავე წლის პასექამდე (14 ნისანი). გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ეს თარიღი, როგორც ჩანს, ახ. წ. 33 წლის პირველი აპრილი იყო (იხ. უფლის ვახშამი [დაწესების დრო]). მოციქული პავლე ამბობს, რომ იესო ღვთის ნების შესასრულებლად მოვიდა, რაც ნიშნავს პირველის (კანონით გათვალისწინებული მსხვერპლი და შესაწირავი) გაუქმებას მეორის დასაწესებლად. ამისთვის მან საკუთარი სხეული გაიღო შესაწირავად (ებ. 10:1—10).
მიუხედავად იმისა, რომ ებრაელი მღვდლები კვლავაც სწირავდნენ მსხვერპლს იერუსალიმის ტაძარში ახ. წ. 70 წელს მის განადგურებამდე, მათი ცოდვის შესაწირავი ღვთისთვის მიუღებელი იყო. სიკვდილის წინ იესომ იერუსალიმის მცხოვრებთ უთხრა: „აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (მთ. 23:38). ქრისტემ „სამუდამოდ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის ... მან ერთი შესაწირავით სამუდამოდ სრულყოფილი გახადა ისინი, ვინც წმინდავდებიან“. „სადაც ცოდვების [და უკანონო საქმეების] მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის ცოდვის შესაწირავი“ (ებ. 10:12—14, 18). პავლე მოციქული აღნიშნავს, რომ იერემიას წინასწარმეტყველება ახალი შეთანხმების დადებაზე საუბრობს, რითაც მიანიშნებს, რომ ძველი შეთანხმება (კანონის შეთანხმება) „დრომოჭმული და ძველი“ იყო და ახლოს იყო მოსპობასთან (ებ. 8:7—13).
ცოდვის შეწყვეტა. იესოს მოკვეთის, აღდგომისა და ზეცაში წარდგომის შემდეგ შეწყდა ცოდვა, ბოლო მოეღო მას და გამოსყიდულ იქნა დანაშაული (დნ. 9:24). კანონის შეთანხმება ცოდვაში ამხელდა ებრაელებს, ბრალს სდებდა მათ და კანონის დამრღვევთ წყევლას ატეხდა. მაგრამ, სადაც ცოდვა გამრავლდა, რასაც მოსეს კანონი ააშკარავებდა, იქ ღვთის წყალობა და კეთილგანწყობა უფრო მეტად გამრავლდა მესიის მეშვეობით (რმ. 5:20). მესიის მსხვერპლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა მომნანიებელი შემცოდველისთვის ცოდვების პატიება და, შესაბამისად, სასჯელის მოხსნა.
დამყარდება მარადიული სიმართლე. წამების ბოძზე ქრისტეს სიკვდილის ფასმა მომნანიებელი მორწმუნეებისთვის შესაძლებელი გახადა შერიგება. შერიგების მსხვერპლმა დაფარა მათი ცოდვები და გზა გაუხსნა, რომ მართლებად ყოფილიყვნენ აღიარებულნი. ასეთ სიმართლეს დასასრული არ ექნება და მართლებად აღიარებულთ მარადიულ სიცოცხლეს მოუტანს (რმ. 3:21—25).
წმინდათაწმინდის ცხება. იესო წმინდა სულით ცხებული გახდა მონათვლის დროს, როცა წმინდა სული მასზე მტრედის სახით გადავიდა. მაგრამ წმინდათაწმინდის ცხება მესიის ცხებაზე მეტს ნიშნავს, რადგან ეს ფრაზა ყველას მიმართ არ გამოიყენება. წმინდათაწმინდა იეჰოვა ღმერთის ჭეშმარიტ საწმინდარზე მიუთითებს (დნ. 9:24; გმ. 26:33, 34; 1მფ. 6:16; 7:50). აქედან გამომდინარე, დანიელის წიგნში მოხსენიებული წმინდათაწმინდის ცხება მიუთითებს „უფრო დიდ და უფრო სრულყოფილ კარავზე, რომელიც ხელთქმნილი არ არის“ და რომელშიც იესო ქრისტე, როგორც დიდებული მღვდელმთავარი, „საკუთარი სისხლით“ შევიდა (ებ. 9:11, 12). როცა იესომ თავისი მსხვერპლის ფასი წარუდგინა მამას, თვით ზეცა იყო სულიერი რეალობა, რომელსაც კარვისა და მოგვიანებით ტაძრის წმინდათაწმინდა განასახიერებდა. ამგვარად, ღვთის ზეციერი სამყოფელი იყო ცხებული, ანუ გამოყოფილი, როგორც წმინდათაწმინდა დიდებულ სულიერ ტაძარში, რომელმაც ახ. წ. 29 წელს იესოს წმინდა სულით ცხების დროს დაიწყო ფუნქციონირება (მთ. 3:16; ლკ. 4:18—21; სქ. 10:37, 38; ებ. 9:24).
ხილვისა და წინასწარმეტყველისთვის ბეჭდის დასმა. ყველაფერმა, რაც მესიას უკავშირდებოდა — მისმა მსხვერპლმა, მკვდრეთით აღდგომამ, ზეციერი მამის წინაშე თავისი მსხვერპლის ფასის წარდგენამ და 70-ე კვირაში შესრულებულმა სხვა მოვლენებმა — ბეჭედი დაასვა ხილვასა და წინასწარმეტყველს ანუ ცხადყო, რომ ისინი ჭეშმარიტი იყო და ღვთისგან იყო. „ბეჭდის დასმით“ ცხადი გახდა, რომ მათ უკან ღმერთი იდგა და არა ცოდვილი ადამიანი. ამ ყველაფერმა ბეჭედი დაასვა ხილვას ანუ აჩვენა, რომ ის მხოლოდ მესიას ეხებოდა, რადგან იესოში და იესოს მეშვეობით შესრულდა (გმც. 19:10). ხილვის ახსნა მასშია და შეუძლებელია, სხვას მივაწეროთ მისი შესრულება. სხვა ვერავინ ახსნის მის მნიშვნელობას (დნ. 9:24).
ქალაქისა და წმინდა ადგილის განადგურება. დანიელის 9:26, 27-ის ბოლო ნაწილები შესრულდა 70 „კვირის“ შემდეგ, ვინაიდან ებრაელებმა 70-ე „კვირაში“ უარყვეს ქრისტე. ისტორიული წყაროების თანახმად, რომის იმპერატორ ვესპასიანეს ვაჟის, ტიტუსის წინამძღოლობით რომის ჯარმა იერუსალიმზე გაილაშქრა. ის წარღვნასავით შეიჭრა იერუსალიმსა და მის ტაძარში და გაანადგურა ისინი. ვინაიდან წმინდა ადგილზე იდგა, ეს ჯარი „გამაპარტახებელი სისაძაგლე“ გახდა (მთ. 24:15). იერუსალიმის განადგურებამდე სიტუაციის გამოსწორების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ღმერთს ნაბრძანები ჰქონდა: „გადაწყვეტილია გაპარტახება“ და „ვიდრე შემუსრავდეს, განადგურებულზეც შესრულდება ის, რაც გადაწყვეტილია“.
ებრაელების შეხედულება. მასორეტული ტექსტი ხმოვანთა აღმნიშვნელი ნიშნებით ახ. წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში შეიქმნა. როგორც ჩანს, იესო ქრისტეს, როგორც მესიის, უარყოფის გამო მასორეტებმა ებრაულ ტექსტში დანიელის 9:25-ში ʼათნახი ანუ პაუზის აღმნიშვნელი ნიშანი „შვიდ კვირასთან“ დასვეს, რითაც ის „სამოცდაორი კვირისგან“ გამიჯნეს; ასეთი სახით 62 კვირა, ანუ 434 წელი, ძველი იერუსალიმის აღდგენას დაუკავშირეს. ეს მუხლი ბიბლიური საზოგადოების გამოცემაში ასეა ნათარგმნი: „ოღონდ იცოდე და შეიგნე: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან ცხებულამდე, წინამძღვრამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში აღდგება და აშენდება თავისი მოედნითა და თხრილით, ოღონდ ძნელბედობის ჟამს“. აიზეკ ლიზერის თარგმანში ვკითხულობთ: „ამიტომ იცოდე და ჩასწვდი, რომ იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ ცხებული მთავრის გამოჩენამდე შვიდი კვირა გავა: [ამ შემთხვევაში ორწერტილს პაუზის დატვირთვა აქვს] და სამოცდაორი კვირის განმავლობაში ის კვლავ აშენდება თავისი ქუჩებითა და თხრილებით (მის გარშემო) ძნელბედობის ჟამსაც კი“. ამერიკის ებრაელთა საგამომცემლო საზოგადოების თარგმანში კი ვკითხულობთ: „იქნება შვიდი კვირა; და სამოცდაორი კვირის განმავლობაში ის ხელახლა აშენდება“. ამ თარგმანებში სამოცდაორ კვირასთან გამოყენებული თანდებული „ში“ და სიტყვა „განმავლობაში“, როგორც ჩანს, მთარგმნელების აზრის მხარდასაჭერად დაიწერა.
პროფესორი ედუარდ პიუსი ოქსფორდის უნივერსიტეტში წარმოთქმული ლექციის ტექსტის სქოლიოში მასორეტულ მახვილის ნიშნებზე აღნიშნავს: «ებრაელებმა დიდი პაუზის ნიშანი დასვეს שִׁבְעָה [შვიდის] შემდეგ, რითაც ერთმანეთისგან გამიჯნეს 7 და 62. ამგვარად, ისინი უპატიოსნოდ მოიქცნენ „ერეტიკოსების გამო“ למען המינים (ასე მოიხსენია ქრისტიანები შემუელ რაშმა [ახ. წ. მე-11-12 საუკუნეების გამოჩენილმა იუდეველმა რაბინმა], როცა მათი შეხედულების მხარდამჭერი სიტყვასიტყვითი განმარტებები უარყო). ვინაიდან დაყოფა ასე მოხდა, მეორე წინადადება, კერძოდ, „სამოცდაორ შვიდეულში აღდგება და აშენდება თავისი მოედნითა და თხრილით“, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ იერუსალიმის აღდგენა 434 წელი გრძელდებოდა, რაც საღ აზრს მოკლებულია» (Daniel the Prophet, 1885, გვ. 190).
დანიელის 9:26-ის (ბსგ) იმ ნაწილში, სადაც ნათქვამია, რომ „სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და არაფერი ექნება“, ებრაელი მკვლევრები 62 კვირას მაკაბელების ეპოქას უკავშირებენ, ხოლო სიტყვა „ცხებულს“ — აგრიპა II-ს, რომელიც ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების დროს მეფობდა. ზოგის აზრით, ცხებული მღვდელმთავარი ონიასი იყო, რომელიც ძვ. წ. 175 წელს ანტიოქე ეპიფანემ გადააყენა. მათეული ახსნა ნამდვილ მნიშვნელობას უკარგავს ამ წინასწარმეტყველებას და დათარიღების შეუსაბამობის გამო 62 კვირა დროის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული არაზუსტი წინასწარმეტყველება გამოდის (იხ. Soncino Books of the Bible (დნ. 9:25, 26-ის კომენტარი), ა. კოენის რედაქციით, ლონდონი, 1951).
თავიანთი აზრის გასამართლებლად ეს ებრაელი მკვლევარები ამბობენ, რომ შვიდი კვირა 7-ჯერ 7 ანუ 49 წელი კი არ არის, არამედ 70 წელია, მაგრამ 62 კვირას ისინი 7-ჯერ 62 წლად ანგარიშობენ. ამას ისინი ბაბილონში ებრაელების გადასახლების პერიოდს უკავშირებენ. მათი აზრით, დანიელის 9:25-ში (ბსგ) მოხსენიებული ცხებული არის კიროსი, ზერუბაბელი ან მღვდელმთავარი იეშუა, დანიელის 9:26-ში (ბსგ) კი სხვა ცხებულია მოხსენიებული.
თარგმანთა უმეტესობა არ მისდევს მასორეტულ პუნქტუაციას. ისინი „შვიდი კვირის“ შემდეგ ან მძიმეს სვამენ, ან ისე აწყობენ წინადადებას, რომ 62 კვირა მოსდევს 7 კვირას, როგორც 70 კვირის ნაწილი, და იერუსალიმის აღდგენას არ უკავშირდება (შდრ. დნ. 9:25, აქ, სსგ, KJ, AT, Dy, Ro, Yg). ლანგეს ბიბლიური ნაშრომის სარედაქციო შენიშვნებში ჯეიმზ სტრონგი წერს: «ამ თარგმანს, რომელიც ორ პერიოდს, შვიდ კვირასა და სამოცდაორ კვირას, ერთმანეთისგან მიჯნავს, რითაც პირველი ხდება ცხებული მთავრის terminus ad quem [მოსვლის საბოლოო ვადა], მეორე კი — იერუსალიმის აღდგენის დრო, მხოლოდ მასორეტულ ტექსტში ამ ორ ციფრს შორის დასმული სასვენი ნიშანი — ათნახი [პაუზა] ამართლებს. ... ამ თარგმანში მეორე წინადადება უხეშად არის შესრულებული, რადგან წინდებული აკლია. ამიტომ, უმჯობესია „ოფიციალური ვარიანტის“ [„მეფე ჯეიმზის თარგმანი“] მიყოლა, რომელიც უძველეს თარგმანებს ეფუძნება» (Commentary on the Holy Scriptures, დნ. 9:25, სქ., გვ. 198, მთარგმნელი და რედაქტორი ფ. შაფი, 1976).
არსებობს ამ წინასწარმეტყველების სხვა ახსნებიც, რომელთაგან ზოგი მესიას უკავშირდება, ზოგი კი არა. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სეპტუაგინტის ხელმისაწვდომ ადრეულ თარგმანებში დამახინჯებული იყო ებრაული ტექსტი. როგორც პროფესორი პიუსი ხსნის, აღნიშნული პერიოდის გაყალბების გარდა, მთარგმნელმა დაამატა, შეცვალა და გადასვა სიტყვები, რათა წინასწარმეტყველებას მაკაბელთა ბრძოლისთვის დაეჭირა მხარი. ეს აშკარად დამახინჯებული თარგმანი შეცვალა ახ. წ. II საუკუნეში მოღვაწე ებრაელი სწავლულის, თეოდოტიონის თარგმანმა, რომელიც საფუძვლად უდევს სეპტუაგინტის გვიანდელ გამოცემათა უმეტესობას და ზედმიწევნით მისდევს ებრაულ ტექსტს (Daniel the Prophet, გვ. 328, 329).
ზოგი ცდილობს, ამ წინასწარმეტყველებაში დროების თანამიმდევრობა შეცვალოს, ზოგს მიაჩნია, თითქოს ეს პერიოდები ერთდროულად დაიწყო ან უარყოფს, რომ ისინი კონკრეტულ დროს შესრულდა. მაგრამ ისინი ჩიხში ექცევიან და ამ ჩიხიდან გამოსვლის მცდელობისას აბსურდამდე მიდიან ან საერთოდ უარყოფენ ამ წინასწარმეტყველების ღვთივშთაგონებულობასა და ჭეშმარიტებას, რითაც მეტ პრობლემას წამოჭრიან. ზემოხსენებული ებრაისტი ე. ბ. პიუსი აღნიშნავს: „ურწმუნოთათვის ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. ამიტომ ისე გადაჭრეს, როგორც აწყობდათ და როგორც უფრო ადვილი იყო, რადგან ასეთ ურწმუნოებს ყველაფრის სჯერათ გარდა იმისა, რასაც ღმერთი გვიმჟღავნებს“ (გვ. 206).