დაუახლოვდით ღმერთს
იეჰოვა აფასებს თვინიერ ადამიანებს
სიამაყე, შური და პატივმოყვარეობა — ეს თვისებები იმ ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც დღეს ქვეყნიერებაში წარმატების მიღწევას ცდილობენ. მაგრამ შეუძლიათ ასეთ ადამიანებს იეჰოვა ღმერთთან დაახლოება? არა, რადგან იეჰოვა თვინიერ ადამიანებს აფასებს. ეს თვალნათლივ ჩანს რიცხვების მე-12 თავში მოთხრობილი შემთხვევიდან, რომელიც ისრაელის ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ სინას უდაბნოში მოხდა.
მირიამი და აარონი თავიანთი უმცროსი ძმის „მოსეს წინააღმდეგ“ ალაპარაკდნენ (მუხლი 1). ნაცვლად იმისა, რომ მოსესთან მისულიყვნენ, სხვებთან დაიწყეს მის წინააღმდეგ ლაპარაკი და შესაძლოა მალე მათი ჩივილი მთელ ბანაკს მოედო. როგორც ჩანს, მოსეს წინააღმდეგ დრტვინვა მირიამმა წამოიწყო. დრტვინვის მიზეზი ის იყო, რომ მოსეს ქუშელი ცოლი ჰყავდა. ხომ არ შურდა მირიამს ამ არაისრაელი ქალის, რომელსაც შეიძლებოდა დაეჩრდილა იგი?
მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა დრტვინვის მიზეზი. მირიამი და აარონი ამბობდნენ: „მარტო მოსეს პირით ლაპარაკობს იეჰოვა?! განა ჩვენი პირითაც არ ლაპარაკობს?!“ (მუხლი 2). სინამდვილეში იმიტომ ხომ არ დრტვინავდნენ, რომ მეტი ძალაუფლება და აღიარება სურდათ?
ბიბლიიდან არ ჩანს, რომ მოსემ მათ პასუხი გასცა. ის, როგორც ჩანს, მშვიდად იტანდა შეურაცხყოფას. ამიტომ ახასიათებს ბიბლია მოსეს, როგორც „უთვინიერეს კაცს“ მთელი დედამიწის ზურგზე (მუხლი 3).a მოსეს არ დასჭირვებია თავის დაცვა, რადგან იეჰოვა ხედავდა ყველაფერს და მან დაიცვა ის.
მოსეს წინააღმდეგ დრტვინვა იეჰოვას წინააღმდეგ დრტვინვას ნიშნავდა. ბოლოს და ბოლოს მოსე ხომ მან დააყენა ისრაელი ერის წინამძღოლად. ღმერთმა მირიამსა და აარონს უსაყვედურა და შეახსენა, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოსესთან. იეჰოვამ უთხრა მათ: „პირისპირ ველაპარაკები“. შემდეგ დასძინა: „მაშ, რატომ არ შეგეშინდათ . . . მოსეს წინააღმდეგ რომ ილაპარაკეთ?“ (მუხლი 8). სინამდვილეში ისინი მოსეს წინააღმდეგ კი არა, ღვთის წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ. ასეთი დიდი უპატივცემულობის გამო, ღვთის რისხვას ვერ გაექცეოდნენ.
ღმერთმა მირიამს კეთრი შეჰყარა. აარონი ემუდარებოდა მოსეს, ღვთისთვის მირიამის განკურნება ეთხოვა. წარმოიდგინეთ, რომ ახლა მირიამს დახმარება იმ ადამიანისგან დასჭირდა, რომელსაც უდიერად მოექცა. მოსემ თვინიერება გამოავლინა და აარონს თხოვნა შეუსრულა; მან მხურვალედ ილოცა და თავისი დის განკურნება შესთხოვა იეჰოვას. მირიამი განიკურნა, მაგრამ შვიდი დღე განცალკევებული იყო.
ბიბლიის ამ მონაკვეთიდან კარგად ვხედავთ, თუ რა თვისებებს აფასებს იეჰოვა და რა სძულს. თუ გვინდა, ღმერთს დავუახლოვდეთ, უნდა მოვიშოროთ სიამაყე, შური და პატივმოყვარეობა. იეჰოვას თვინიერები უყვარს. ის ჰპირდება მათ: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11; იაკობი 4:6).
[სქოლიო]
a თვინიერება სიძლიერის ნიშანია, რომელიც უსამართლობის ატანაში ეხმარება ადამიანს; ასეთი ადამიანი არ ფიქრობს შურისძიებაზე.