„უპირველესად ეძებეთ . . . მამის სიმართლე“
„უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათ. 6:33).
1, 2. რა არის ღვთის სიმართლე და რას ეფუძნება ის?
„უპირველესად ეძებეთ სამეფო“ (მათ. 6:33). ეს მოწოდება, რომელიც იესო ქრისტემ მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა, დღეს იეჰოვას მოწმეებისთვის კარგად არის ცნობილი. მოწმეები ვცდილობთ, ყოველ ჩვენს მოქმედებაში ჩანდეს, რომ მხარს ვუჭერთ სამეფოს და გვსურს, მისი ერთგულები ვიყოთ. თუმცა ჩვენთვის საყურადღებოა შემდეგი სიტყვებიც: „ეძებეთ . . . მამის სიმართლე“. რა არის ღვთის სიმართლე და რას ნიშნავს, უპირველესად მისი ძებნა?
2 დედნისეული ენიდან სიტყვა „სიმართლე“ შეიძლება ასევე ითარგმნოს, როგორც „სამართალი“ ან „სისწორე“. ღვთის სიმართლე არის ის, რასაც იეჰოვა თავისი ნორმებისა და ფასეულობების საფუძველზე სწორად მიიჩნევს. იეჰოვა შემოქმედია და მას აქვს უფლება, დაადგინოს რა არის კარგი და რა — ცუდი, რა არის სწორი და რა — არასწორი (გამოცხ. 4:11). თუმცა, ღვთის სიმართლე არ არის გრძნობებს მოკლებული, მკაცრი კანონებისა და წესების უსასრულო ნუსხა. იეჰოვას სიმართლეში მისი პიროვნული თვისებები ვლინდება და ეფუძნება მის ძირითად თვისებებს — სამართლიანობას, სიყვარულს, სიბრძნესა და ძალას. ამასთანავე, ღვთის სიმართლე უკავშირდება მის ნებასა და განზრახვას. ღვთის სიმართლეში ის მოთხოვნებიც შედის, რასაც ღმერთი თავის მსახურებს უყენებს.
3. ა) რას ნიშნავს, უპირველესად ვეძებოთ ღვთის სიმართლე? ბ) რატომ უნდა ვიცავდეთ იეჰოვას სამართლიან ნორმებს?
3 რას ნიშნავს, უპირველესად ვეძებოთ ღვთის სიმართლე? მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ღვთის ნების შესრულებას. ღვთის სიმართლეს ვეძებთ, თუ ვცდილობთ, ვიცხოვროთ იეჰოვას ფასეულობებისა და სრულყოფილი ნორმების თანახმად და არა ჩვენი ფასეულობებითა და ნორმებით (წაიკითხეთ რომაელების 12:2). ღვთის ნების თანახმად რომ ვიცხოვროთ, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ღვთის კანონებს იმის შიშით არ უნდა ვემორჩილებოდეთ, რომ ღმერთი დაგვსჯის. პირიქით, ღვთის სიყვარული აღგვძრავს, ჩვენი ნორმებით კი არა, ღვთის ნორმებით ვიცხოვროთ და გული გავუხაროთ იეჰოვას. გვესმის, რომ ეს სწორია, რადგან სწორედ ასე ცხოვრებისთვის ვართ შექმნილი. ღვთის სიმართლე ჩვენ ისე უნდა გვიყვარდეს, როგორც ღვთის სამეფოს მეფეს, იესო ქრისტეს უყვარს (ებრ. 1:8, 9).
4. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ღვთის სიმართლის ძიება?
4 რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას სიმართლის ძიება? დავფიქრდეთ: პირველი გამოცდა ედემის ბაღში სწორედ იმას ეხებოდა, აღიარებდნენ თუ არა ადამი და ევა იეჰოვას თავიანთ კანონმდებლად (დაბ. 2:17; 3:5). მათ არ გაამართლეს იეჰოვას მოლოდინი და ტანჯვა და სიკვდილი მოუტანეს თავიანთ შთამომავლებს (რომ. 5:12). მეორე მხრივ, ღვთის სიტყვა გვეუბნება: „ვინც სიმართლისა და სიკეთის ქმნისკენ ისწრაფვის, სიცოცხლეს, სიმართლესა და დიდებას პოვებს“ (იგავ. 21:21). დიახ, თუ უპირველესად ღვთის სიმართლეს ვეძებთ, იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა გვექნება, რაც საბოლოო ჯამში ხსნამდე მიგვიყვანს (რომ. 3:23, 24).
საფრთხე, რომელიც საკუთარი სიმართლის ძიებაში იმალება
5. რა საშიშროებას უნდა მოვერიდოთ?
5 რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოვერიდოთ, რათა ღვთის სიმართლის ძიებაში ხელი არაფერმა შეგვიშალოს. პავლემ იუდეველებზე თქვა: „ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით, რადგან რაკი არ იცოდნენ ღვთის სიმართლე და საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ, არ დაემორჩილნენ ღვთის სიმართლეს“ (რომ. 10:2, 3). პავლე ამბობდა, რომ მის თანამემამულეებს არ ესმოდათ, რა იყო ღვთის სიმართლე, რადგან საკუთარი სიმართლის დადგენით იყვნენ დაკავებული.a
6. როგორი დამოკიდებულება არ უნდა განგვივითარდეს და რატომ?
6 საკუთარი სიმართლის ძიების მახეში გავებმებით, თუ ღვთისმსახურებას შეჯიბრებად ჩავთვლით და საკუთარ თავს სხვებს შევადარებთ. ასეთმა აზროვნებამ შეიძლება ზედმეტად თვითდაჯერებული გაგვხადოს საკუთარ შესაძლებლობებში და იეჰოვას სიმართლე დაგვავიწყოს (გალ. 6:3, 4). ღვთისმსახურებაში სწორი მოტივი იეჰოვას სიყვარული უნდა იყოს. საკუთარი სიმართლის მტკიცების ნებისმიერი მცდელობა გააბათილებს ჩვენს განაცხადს, რომ ღმერთი გვიყვარს (წაიკითხეთ ლუკას 16:15 ).
7. რა მაგალითი მოიყვანა იესომ იმის დასანახვებლად, რომ საკუთარი სიმართლის ძიება არ არის სწორი?
7 იესომ ზოგიერთებს, „ვისაც სჯეროდა, რომ მართლები იყვნენ და სხვებს არაფრად აგდებდნენ“, მაგალითი მოუყვანა, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ არასწორი იყო, თუ კაცი საკუთარ თავს მართლად ჩათვლიდა: «ორი კაცი ავიდა ტაძარში, რომ ელოცათ: ერთი ფარისეველი, ხოლო მეორე გადასახადების ამკრეფი. ფარისეველი იდგა და გულში ლოცულობდა: „ღმერთო, გმადლობ, რომ ისეთი არა ვარ, როგორებიც სხვები — გამომძალველები, უმართლოები, მრუშები, თუნდაც ეს გადასახადების ამკრეფი. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ყოველი ჩემი შენაძენიდან მეათედს ვიხდი“. გადასახადების ამკრეფი კი მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, თვალები ცისკენ აეპყრო, მკერდში იცემდა და ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი“. გეუბნებით: ეს კაცი უფრო მართალი წავიდა სახლში, ვიდრე ის, ვინაიდან ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება» (ლუკ. 18:9—14).
კიდევ ერთი საფრთხე — როცა თავი „მეტისმეტად მართალი“ გვგონია
8, 9. რას ნიშნავს იყო „მეტისმეტად მართალი“ და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამან ქრისტიანი?
8 ეკლესიასტეს 7:16-ში კიდევ ერთ საფრთხეზეა საუბარი: „ნუ იქნები მეტისმეტად მართალი და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ საკუთარ თავს. რად გინდა, რომ გაინადგურო თავი?“. მე-20 მუხლში ბიბლიის დამწერი გვეუბნება, რატომ უნდა მოვერიდოთ ასეთ აზროვნებას: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“. ის, ვისაც თავი „მეტისმეტად მართალი“ ჰგონია, სიმართლის ნორმებს თავად ადგენს და სხვებს ამ ნორმების მიხედვით განსჯის. სამწუხაროდ, ის ვერ ხვდება, რომ ასეთი საქციელით თავის ნორმებს ღვთის ნორმებზე მაღლა აყენებს და ამგვარად, ღვთის თვალში უმართლო ადამიანის სახელს იმკვიდრებს.
9 კაცი, რომელსაც თავი „მეტისმეტად მართალი“ ჰგონია, შეიძლება იმაშიც დაეჭვდეს, რომ იეჰოვა სწორად აგვარებს საქმეებს. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ თუ იეჰოვას გადაწყვეტილებების სამართლიანობასა და სისწორეს ეჭვქვეშ ვაყენებთ, გამოდის რომ, ჩვენს სამართალს იეჰოვას სამართალზე მაღლა ვაყენებთ. ეს იგივე იქნებოდა, რომ იეჰოვა საბრალდებო სკამზე დაგვესვა და ჩვენი კანონებით გაგვესამართლებინა. სამართლის ნორმების დადგენის უფლება მხოლოდ იეჰოვას აქვს და არა ჩვენ (რომ. 14:10).
10. იობის მაგალითიდან გამომდინარე, რა მიზეზით შეიძლება დავიწყოთ ღვთის გასამართლება?
10 არც ერთი ჩვენგანი არ ისურვებდა ღვთის განზრახ გასამართლებას, თუმცა არასრულყოფილმა ბუნებამ შეიძლება ამისკენ გვიბიძგოს. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა ვფიქრობთ, რომ რაღაცა უსამართლოდ ხდება ან მაშინ, როცა პირადად განვიცდით რაიმე გასაჭირს. ასეთი შეცდომა ღვთის ერთგულმა კაცმა, იობმაც კი დაუშვა. მასზე ნათქვამია, რომ ის იყო „უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში და ბოროტებისგან შორს მდგარი კაცი“ (იობ. 1:1). მაგრამ, როცა იობს ზედიზედ დაატყდა უბედურებები, მან ეს უსამართლობად ჩათვალა. საქმე იქამდე მივიდა, რომ იობი „საკუთარ სულს ღმერთზე მართლად აცხადებდა“ (იობ. 32:1, 2). იობი თვალსაზრისის შეცვლას საჭიროებდა. ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ხანდახან იობივით არასწორ დასკვნებს გავაკეთებთ. რა დაგვეხმარება ასეთ დროს აზროვნების შეცვლაში?
ჩვენ ყოველთვის არ ვიცით ყველა ფაქტი
11, 12. ა) რა უნდა გვახსოვდეს, თუ გვგონია, რომ რაღაცა უსამართლოდ ხდება? ბ) რატომ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ვენახის პატრონი მუშებს უსამართლოდ მოექცა?
11 პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ ყოველთვის ყველა ფაქტი არ გვეცოდინება. ასე იყო იობის შემთხვევაშიც. მან არ იცოდა ღვთის შვილების ზეცაში შეკრების ამბავი, სადაც სატანა იობს ცილს სწამებდა (იობ. 1:7—12; 2:1—6). იობს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მისი უბედურებების მიზეზი სატანა იყო. ჩვენ დანამდვილებით ისიც არ ვიცით, ცნობილი იყო თუ არა იობისთვის სატანის ვინაობა. ამიტომ მან შეცდომით დაასკვნა, რომ ღმერთმა დაატეხა თავს ამდენი უბედურება. მართლაც, ადვილია არასწორი დასკვნების გამოტანა, როცა ყველა ფაქტი არ ვიცით.
12 განვიხილოთ იესოს მაგალითი ვენახის მუშებზე (წაიკითხეთ მათეს 20:8—16 ). ამ მაგალითში იესო ყვება სახლის პატრონზე, რომელიც ერთი და იმავე ოდენობის თანხას უხდის ყველა დაქირავებულ მუშას იმისდა მიუხედავად, მთელი დღე იმუშავეს თუ მხოლოდ ერთი საათი. როგორ ფიქრობთ, სამართლიანი იყო სახლის პატრონის გადაწყვეტილება? შესაძლოა, შეგეცოდათ ის მუშები, რომლებმაც თაკარა მზეში მთელი დღე იმუშავეს და ფიქრობთ, რომ ისინი მეტ გასამრჯელოს იმსახურებდნენ. თუ ასე ვიმსჯელებთ, სახლის პატრონი შეიძლება უგულო და უსამართლო კაცად ჩავთვალოთ. მომდურავი მუშებისთვის გაცემული პასუხიდანაც შეიძლება ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ სახლის პატრონი თვითნება კაცი იყო და თავის ძალაუფლებას როგორც უნდოდა, ისე იყენებდა. მაგრამ ვიცით, სინამდვილეში, ყველა ფაქტი?
13. რისი დანახვა შეიძლება, თუ იესოს მაგალითს სხვა კუთხით განვიხილავთ?
13 ახლა ეს მაგალითი სხვა კუთხით განვიხილოთ. ეჭვგარეშეა, სახლის პატრონმა კარგად იცოდა, რომ მუშებს ოჯახები ჰყავდათ სარჩენი. იესოს დროს დაქირავებულ მუშებს გასამრჯელოს ყოველდღიურად უხდიდნენ. მათი ოჯახების საარსებო წყარო ის იყო, რასაც ოჯახისთავი სახლში მიიტანდა. ახლა წარმოიდგინეთ იმ მუშების მდგომარეობა, რომლებიც სახლის პატრონმა დღის ბოლოს დაიქირავა და მხოლოდ ერთი საათი ამუშავა. ერთი საათის გასამრჯელოთი ისინი, ალბათ, სახლში ვერაფერს მიიტანდნენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მზად იყვნენ მთელი დღე ემუშავათ და იქამდე მოეცადათ, სანამ ვინმე არ დაიქირავებდა (მათ. 20:1—7). მათი ბრალი არ იყო, რომ მთელი დღის სამუშაო ვერ იშოვეს. არსაიდან ჩანს, რომ სამუშაოს მათ განზრახ აარიდეს თავი. წარმოიდგინეთ, მთელი დღე სამუშაოს ელოდებით და იცით, რომ თქვენი ცოლ-შვილი იმ დღის გასამრჯელოზეა დამოკიდებული. რა მადლიერი იქნებოდით, თუ სამუშაოს იშოვიდით და როგორ გაოცდებოდით, თუ ოჯახის გამოსაკვებად საკმარის ანაზღაურებას მიიღებდით.
14. რას ვსწავლობთ ვენახის მუშების მაგალითიდან?
14 ახლა შევაფასოთ სახლის პატრონის მოქმედება. მას არავისთვის დაუკლია გასამრჯელო. პირიქით, ყველა მუშას იმდენი მისცა, რამდენიც მათი ოჯახების გამოსაკვებად იქნებოდა საკმარისი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუშახელი ბევრი იყო, სახლის პატრონს შეეძლო ესარგებლა ამით და მუშები იაფად დაექირავებინა. ყველა მუშამ სახლში იმდენი მიიტანა, რამდენიც იმ დღეს მის ცოლ-შვილს სჭირდებოდა. თუ ამ დეტალებს მხედველობაში მივიღებთ, სახლის პატრონის მოქმედებას სხვანაირად შევაფასებთ. მის გადაწყვეტილებაში სიყვარული გამოჩნდა და არა თვითნებობა. რას გვასწავლის ეს მაგალითი? სწორი დასკვნის გამოსატანად მხოლოდ ზოგიერთი ფაქტის გათვალისწინება საკმარისი არ არის. სინამდვილეში, ეს იგავი ყურადღებას ღვთის სიმართლის აღმატებულობაზე ამახვილებს, რასაც საფუძვლად არც მხოლოდ კანონები უდევს და არც ის, თუ რას იმსახურებს ადამიანი.
ჩვენი თვალსაზრისი შეიძლება დამახინჯებული ან შეზღუდული იყოს
15. რატომ შეიძლება ჩვენი თვალსაზრისი სამართლიანობაზე დამახინჯებული ან შეზღუდული იყოს?
15 მეორე, რაც უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ სამართლიანობაზე ჩვენი თვალსაზრისი შეიძლება დამახინჯებული იყოს ან შეზღუდული. დამახინჯებული თვალსაზრისი შეიძლება არასრულყოფილების, წინასწარ შექმნილი აზრის ან კულტურული სხვაობის გამო გვქონდეს. ხოლო შეზღუდული თვალსაზრისი შეიძლება იმიტომ გვქონდეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანის მოტივების გაგება და გულის ზრახვების წაკითხვა. ჩვენგან განსხვავებით, იეჰოვასა და იესოს ეს შეზღუდვები არ გააჩნიათ (იგავ. 24:12; მათ. 9:4; ლუკ. 5:22).
16, 17. რა შეიძლება ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ იეჰოვამ დავითი და ბათ-შება მოსეს კანონით არ გაასამართლა?
16 ახლა ბიბლიის იმ მონაკვეთზე ვიმსჯელოთ, რომელშიც მოთხრობილია დავითისა და ბათ-შებას მრუშობა (2 სამ. 11:2—5). მოსეს კანონის თანახმად, ისინი სიკვდილს იმსახურებდნენ (ლევ. 20:10; კან. 22:22). მართალია, იეჰოვამ დასაჯა ისინი, მაგრამ არა იმ კანონით, რომელიც მოსეს მისცა. უსამართლოდ მოიქცა იეჰოვა? მიკერძოება გამოავლინა დავითის მიმართ და დაარღვია თავისივე სამართლის ნორმები? ბიბლიის ზოგი მკითხველი ასე ფიქრობს.
17 აღსანიშნავია, რომ კანონი მრუშობის შესახებ იეჰოვამ არასრულყოფილ მსაჯულებს მისცა, რომლებსაც ადამიანის გულის ზრახვების წაკითხვა არ შეეძლოთ. მსაჯულების შეზღუდული უნარის მიუხედავად, ეს კანონი მათ საშუალებას აძლევდა, ყველა მრუშისთვის ერთი და იგივე განაჩენი გამოეტანათ. მათგან განსხვავებით, იეჰოვას გულების წაკითხვა შეუძლია (დაბ. 18:25; 1 მატ. 29:17). აქედან გამომდინარე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვა იმ კანონით შეიზღუდებოდა, რაც არასრულყოფილ მსაჯულებს მისცა. ეს იგივე იქნებოდა, სრულყოფილი თვალისჩინის მქონე ადამიანი ვაიძულოთ, ატაროს ისეთი სათვალე, რომელიც სუსტი მხედველობის მქონე ადამიანისთვის არის განკუთვნილი. იეჰოვა ხედავდა დავითისა და ბათ-შებას გულებს და იმას, რომ თავიანთ შეცდომას გულწრფელად ინანიებდნენ. იეჰოვამ გაითვალისწინა ყველა ფაქტი და ისინი შესაბამისად, წყალობითა და სიყვარულით გაასამართლა.
ნუ შეწყვეტთ იეჰოვას სიმართლის ძიებას
18, 19. რა დაგვეხმარება, რომ იეჰოვა ჩვენი სამართლის ნორმებით არ გავასამართლოთ?
18 ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ ბიბლიის კითხვისას იეჰოვას ესა თუ ის მოქმედება უსამართლოდ გვეჩვენება ან პირადად ვხდებით უსამართლობას, მოდი, ნურასოდეს გავასამართლებთ ღმერთს ჩვენი სამართლის ნორმებით. გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის ყველა ფაქტი ცნობილი არ არის, და რომ ჩვენი თვალსაზრისი შეიძლება დამახინჯებული ან შეზღუდული იყოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს“ (იაკ. 1:19, 20). თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, არასოდეს ‘განურისხდება ჩვენი გული იეჰოვას’ (იგავ. 19:3).
19 იესოს მსგავსად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ იეჰოვას აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის სწორი და კარგი (მარ. 10:17, 18). ეცადეთ, შეიძინოთ „საფუძვლიანი ცოდნა“ ღვთის ნორმების შესახებ (რომ. 10:2; 2 ტიმ. 3:7). თუ ასე მოვიქცევით და იეჰოვას ნების თანახმად ვიცხოვრებთ, ცხადვყოფთ, რომ უპირველესად „მამის სიმართლეს“ ვეძებთ (მათ. 6:33).
[სქოლიო]
a ერთი სწავლულის აზრით, დედნისეული ენიდან თარგმნილი სიტყვა „დადგენა“, შეიძლება აგრეთვე ნიშნავდეს „მონუმენტის აღმართვას“. ეს იუდეველები საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ძეგლს უდგამდნენ, რადგან თავიანთ თავს განადიდებდნენ და არა ღმერთს.
გახსოვთ თუ არა?
• რატომ არის მნიშვნელოვანი, ვეძებოთ იეჰოვას სიმართლე?
• რომელ ორ საფრთხეს უნდა მოვერიდოთ?
• როგორ შეგვიძლია, უპირველესად ღვთის სიმართლე ვეძებოთ?
[სურათი 9 გვერდზე]
რას გვასწავლის იესოს მაგალითი ტაძარში მლოცველ ორ კაცზე?
[სურათი 10 გვერდზე]
უსამართლოდ მოიქცა სახლის პატრონი, რომ მე-11 საათზე მისულ მუშებს იგივე თანხა გადაუხადა, რაც მთელ დღეს მომუშავეებს?