მკითხველები გვეკითხებიან
სად არის სამოთხე, რომელზეც ბიბლია საუბრობს?
▪ მომაკვდავ კაცს, რომელმაც გაბედულად გამოხატა თავისი რწმენა, იესო დაჰპირდა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). რომელ სამოთხეში იქნებოდა ეს კაცი? ზეცაში, დედამიწაზე თუ სადღაც დედამიწასა და ზეცას შორის, სადაც ადამიანები სამსჯავროს ელიან?
ჩვენი წინაპრები ერთ დროს სამოთხეში ცხოვრობდნენ. ბიბლია გვიამბობს: „გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და იქ დაასახლა ადამიანი, რომელიც შექმნა . . . იეჰოვა ღმერთმა აიყვანა ადამიანი და დაასახლა ედემის ბაღში, რომ დაემუშავებინა იგი და ეზრუნა მასზე“ (დაბადება 2:8, 15). როცა ამ მონაკვეთს ბერძნულ ენაზე თარგმნიდნენ, სიტყვა „ბაღი“ „სამოთხედ“ (პარადისოს) თარგმნეს.
ჩვეულებრივ, როცა ბავშვები ჩნდებიან, ცოლ-ქმარი საცხოვრებლის საზღვრებს აფართოებს. მსგავსად ამისა, ჩვენს პირველ მშობლებს, როცა გამრავლდებოდნენ, ედემის საზღვრები უნდა განევრცოთ და მთელი დედამიწა სამოთხედ ექციათ. ღმერთმა მათ უთხრა: „აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბადება 1:28).
ამრიგად, ჩვენი შემოქმედის განზრახვა იყო, ადამიანებს სამოთხეში, აქ დედამიწაზე ეცხოვრათ და შვილები გაეჩინათ. მათ მარადიულად უნდა ეცხოვრათ მიწიერ ბაღში, სადაც სასაფლაოების საჭიროება არ იქნებოდა. დედამიწა კაცობრიობის სამუდამო სახლი უნდა ყოფილიყო და ეს გასაკვირი არაა, რადგან ჩვენი პლანეტა საამისოდ საუცხოოდ არის შექმნილი. ჩვენ ამ ლამაზ პლანეტაზე ცხოვრებისთვის ვართ შექმნილი.
შეცვალა ღმერთმა თავისი განზრახვა? არა. იეჰოვა გვარწმუნებს: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა . . . უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს“ (ესაია 55:11). ადამიანის შექმნიდან 3 000 წლის შემდეგ ბიბლიაში „დედამიწის შემქმნელსა და შემოქმედზე“ დაიწერა, რომ მას „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია“ დედამიწა, არამედ „დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). ღვთის ნება არ შეცვლილა; დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა!
საინტერესოა, რომ ბევრი ბიბლიური მუხლი, რომელიც სამოთხეს ეხება, დედამიწაზე ცხოვრებას აღწერს. მაგალითად, ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს“ (ესაია 65:21). სად აშენებენ სახლებს და სად რგავენ ვენახებს? სად ჭამენ მის ნაყოფს? რა თქმა უნდა, დედამიწაზე. იგავების 2:21-ში არაორაზროვნად წერია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე“.
სამოთხეზე, რომელიც დედამიწაზე იქნებოდა, იესოც ლაპარაკობდა. მართალია, ის ზეციერ სამოთხეზეც საუბრობდა, მაგრამ იქ ცხოვრებას მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფს დაჰპირდა (ლუკა 12:32). სიკვდილის შემდეგ ისინი ზეციერ სამოთხეში საცხოვრებლად აღდგებიან და შეუერთდებიან ქრისტეს, რათა მიწიერ სამოთხეზე იმეფონ (გამოცხადება 5:10; 14:1—3). იესოს ეს ზეციერი თანამმართველები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მიწიერ სამოთხეს კარგად უხელმძღვანელონ და ყველაფერი ღვთის ნორმების თანახმად მოხდეს.
იესომ იცოდა, რომ ასეთი იყო ღვთის ნება დედამიწასთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს, ის ზეცაში მამასთან ერთად იყო, როცა ედემის ბაღი შეიქმნა. მომავალ მიწიერ სამოთხეში გზა ყველასთვის ხსნილია, ვინც რწმენას გამოავლენს (იოანე 3:16). ასეთებს იესო ჰპირდება: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43).
[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]
© FORGET Patrick/SAGAPHOTO.COM/Alamy