რჩევები ოჯახებისთვის
დაკარგული ნდობის დაბრუნება
სტივი:a„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჯოდი მიღალატებდა. მისადმი სრულიად დავკარგე ნდობა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ გამიჭირდა, მისთვის მეპატიებინა“.
ჯოდი: „რაც დავთესე, ის მოვიმკე — სტივმა ჩემ მიმართ ნდობა დაკარგა. წლები დამჭირდა, რომ მისი ნდობა კვლავ მომეპოვებინა“.
ბიბლია დაზარალებულ მეუღლეს უტოვებს არჩევნის უფლებას. მისი გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა ის მოღალატე მეორე ნახევართან (მათე 19:9).b ზემოხსენებული სტივი არ გაეყარა ცოლს. მათ ერთად გადაწყვიტეს, ოჯახი დანგრევისგან ეხსნათ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ მხოლოდ ერთად დარჩენა ბევრს არაფერს ნიშნავდა. მათივე სიტყვებიდან ჩანს, რომ ღალატმა მათ შორის უნდობლობის დიდი კედელი აღმართა. ვინაიდან ოჯახური ბედნიერების საწინდარი ურთიერთნდობაა, მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისათვის, რომ ნდობა დაებრუნებინათ.
თუ ორივე, თქვენც და თქვენი მეუღლეც, ცდილობთ, ღალატის მიუხედავად, რამენაირად გადაარჩინოთ ოჯახი დანგრევას, უდავოა, არაერთ სირთულეს წააწყდებით. თქვენთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება პირველ ხანებში, როცა ღალატის შესახებ სხვებიც გაიგებენ. მაგრამ დაუძლეველი არაფერია! როგორ შეგიძლიათ ნდობის დაბრუნება? ამაში ღვთიური სიბრძნე დაგეხმარებათ. მოდი, განვიხილოთ ოთხი რჩევა ბიბლიიდან.
1. გულახდილები იყავით ერთმანეთთან.
„მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“, — დაწერა პავლე მოციქულმა (ეფესოელები 4:25). ტყუილი, შელამაზებული სიმართლე და დუმილიც კი წყვილებს ერთმანეთისადმი ნდობას უკარგავს. ამიტომ, გულახდილები იყავით ერთმანეთთან და არაფერი დამალოთ.
თავდაპირველად შეიძლება ისე იყოთ გულნატკენი, რომ ღალატზე საუბარი გაგიჭირდეთ. მაგრამ საბოლოოდ მაინც მოგიწევთ მომხდარზე გულახდილად ლაპარაკი. შეიძლება არჩიოთ, ყველა წვრილმანი არ მოიხსენიოთ, მაგრამ ამ თემაზე საუბრისგან თავის შეკავება ნამდვილად არ იქნება გონივრული. ჯოდი იხსენებს: „თავიდან მომხდარზე საუბარი ჩემთვის ძალიან რთული და არასასიამოვნო იყო. ძალიან ვნანობდი და მინდოდა, ყველაფერი სამუდამოდ ამომეშალა გონებიდან“. მაგრამ საუბრისგან თავის არიდებამ სხვა პრობლემები წარმოშვა. სტივი ამბობს: „რადგან ჯოდის ამ საკითხზე საერთოდ არ სურდა ლაპარაკი, მე კვლავ ეჭვი მიღრღნიდა გულს“. დღევანდელი გადასახედიდან ჯოდი აღიარებს: „ვინაიდან არ მქონდა ამ თემაზე საუბრის სურვილი, ამან ჭრილობების მოშუშების პროცესი გააჭიანურა“.
უდავოა, რომ ღალატზე საუბარი მტკივნეულია. დები, რომელსაც ქმარმა, პოლმა, თავის მდივანთან უღალატა, ამბობს: „თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა: როგორ და რატომ მოხდა ეს? რაზე ფიქრობდნენ, როცა ამას აკეთებდნენ? ამან ემოციურად გამანადგურა, გამუდმებით ამაზე ვფიქრობდი და რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდებოდა“. პოლი კი ამბობს: „ზოგჯერ მე და დების საუბარი ცხარე კამათში გადაიზრდებოდა ხოლმე. მაგრამ მოგვიანებით ყოველთვის ბოდიშს ვუხდიდით ერთმანეთს. გულწრფელმა საუბრებმა ერთმანეთთან დაგვაახლოვა“.
რისი გაკეთება შეგიძლიათ, საუბარი მწარე კამათში რომ არ გადაიზარდოს? არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ მოღალატე მეუღლე დასაჯოთ, არამედ ამ ერთობ არასასიამოვნო სიტუაციიდან რაღაც ისწავლოთ და ოჯახი განამტკიცოთ. მაგალითად, ჩელ სუმ და მისმა ცოლმა, მი იანგმა, გულწრფელად ისაუბრეს, თუ რატომ უღალატა ჩელ სუმ მეუღლეს. ჩელ სუ ამბობს: „მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. გარდა ამისა, ყველანაირად ვცდილობდი, სხვებისთვის მესიამოვნებინა და მათი გული მომეგო. თითქმის მთელ დროსა და ყურადღებას მათ ვუთმობდი, ცოლისთვის კი საერთოდ არ მრჩებოდა დრო“. გულახდილი საუბარი დაეხმარა ჩელ სუსა და მი იანგს, დროთა განმავლობაში შეცვლილიყვნენ და უფრო მტკიცე ოჯახი ჰქონოდათ.
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თუ თქვენ უღალატეთ მეუღლეს, გამუდმებით ნუ იმართლებთ თავს და ნუ დაადანაშაულებთ მას. გეყოთ ვაჟკაცობა, რომ აღიაროთ საკუთარი დანაშაული და ის, რომ მეუღლეს ტკივილი მიაყენეთ. თუ თქვენ გიღალატეს, არ გალანძღოთ მეუღლე და არც უყვიროთ. თუ ასე მოიქცევით, მეუღლეს საშუალებას მისცემთ, გულახდილად გესაუბროთ მომხდარზე (ეფესოელები 4:32).
2. ერთად გაუმკლავდით პრობლემებს.
„ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, — ამბობს ბიბლია. — რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ. თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს“ (ეკლესიასტე 4:9, 10). ამის გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია, როცა ყველანაირად ცდილობთ, მეუღლის ნდობა დაიბრუნოთ.
თქვენ და თქვენმა მეუღლემ ერთად უნდა დაძლიოთ უნდობლობა, რომელიც თქვენს ურთიერთობას ძირს უთხრის. ოჯახის გადასარჩენად ორივემ უნდა იბრძოლოთ. თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას, მაშინ უფრო მეტი სირთულის წინაშე აღმოჩნდებით. თქვენ ურთიერთშეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ.
სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ სტივი და ჯოდი. „მართალია, ნდობის დაბრუნებას დრო დასჭირდა, მაგრამ მე და სტივი ერთად ვცდილობდით ჩვენი ოჯახის განმტკიცებას. გადავწყვიტე, აღარასდროს მიმეყენებინა მეუღლისთვის ასეთი ტკივილი. თუმცა, სტივი ძალიან გულნატკენი იყო, ოჯახი არ დაუნგრევია. ყოველდღე ვცდილობდი, დამერწმუნებინა იგი ჩემს ერთგულებაში, ის კი გამუდმებით ავლენდა ჩემ მიმართ სიყვარულს. ამის გამო ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი“, — იხსენებს ჯოდი.
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ერთობლივი ძალისხმევით შეეცადეთ, რომ თქვენს ოჯახში აღარ იარსებოს უნდობლობამ.
3. „გაიხადეთ ძველი პიროვნება და შეიმოსეთ ახლით“.
მას შემდეგ, რაც იესომ თავისი მსმენელები გააფრთხილა, არ ემრუშათ, ასეთი რჩევა მისცა: „თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე“ (მათე 5:27—29). თუ თქვენ უღალატეთ მეუღლეს, ფიქრობთ იმაზე, თუ რა უნდა მოიცილოთ თავიდან ანუ რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში დაკარგული ნდობის დასაბრუნებლად?
რასაკვირველია, თქვენ უნდა გაწყვიტოთ ყველანაირი ურთიერთობა მასთან, ვისთანაც იმრუშეთ (იგავები 6:32; 1 კორინთელები 15:33).c დასაწყისში მოხსენიებულმა პოლმა სამუშაო გრაფიკი და მობილური ტელეფონის ნომერი შეიცვალა, რათა აღარ ჰქონოდა სხვა ქალთან კონტაქტი. მაგრამ არც ეს აღმოჩნდა გამოსავალი. ცოლის ნდობა რომ კვლავ მოეპოვებინა, პოლმა გადაწყვიტა, საერთოდ წამოსულიყო სამუშაოდან. ის მობილურ ტელეფონსაც კი შეელია და მხოლოდ ცოლის მობილურით სარგებლობდა. ღირდა ეს ყველაფერი ასეთ მსხვერპლად? მისი ცოლი, დები, ამბობს: „მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და დღემდე დარდად მაქვს, რომ ის ქალი შეიძლება კვლავ შეეცადოს ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას. მაგრამ ახლა უკვე მჯერა, რომ პოლი აღარ აჰყვება ცდუნებას“.
თუ თქვენ უღალატეთ მეუღლეს, საკუთარ თავში ცვლილებების მოხდენა მოგიწევთ. მაგალითად, თუ ფლირტი გჩვევიათ ან გიყვართ, საკუთარი თავი სხვასთან რომანტიკულ გარემოში წარმოიდგინოთ, „გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ“. მოიცილეთ ეს ჩვევები და თქვენს მეუღლეს თქვენდამი ნდობა დაუბრუნდება (კოლოსელები 3:9, 10). ხომ არ გიჭირთ თბილი გრძნობების გამოხატვა აღზრდის გამო? თავიდან შეიძლება ამის გაკეთება გეუხერხულოთ, მაგრამ შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად გამოხატოთ თბილი გრძნობები და მეუღლე თქვენს სიყვარულში დაარწმუნოთ. სტივი იხსენებს: „ჯოდი ხშირად მკიდებდა ხელს და ამგვარად ავლენდა ჩემ მიმართ თბილ გრძნობას; ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი“.
რაღაც პერიოდის განმავლობაში კარგი იქნება, თუ მეუღლეს დაწვრილებით ეტყვით, რის გაკეთებას აპირებთ დღის მანძილზე. ზემოხსენებული მი იანგი ამბობს: „ჩელ სუმ გადაწყვიტა, ყველაფერი ეთქვა ჩემთვის, რაც დღის განმავლობაში ხდებოდა. ზოგჯერ ძალიან უმნიშვნელო რამესაც კი მეუბნებოდა, რათა დავერწმუნებინე, რომ დასამალი არაფერი ჰქონდა“.
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ჰკითხეთ ერთმანეთს, რა დაგეხმარებათ ნდობის დაბრუნებაში. ჩამოწერეთ ყველაფერი და შესაბამისად იმოქმედეთ. გარდა ამისა, თქვენს დღის განრიგში ისეთი საქმეებიც ჩართეთ, რომელსაც ერთად გააკეთებთ.
4. ნუ აჩქარდებით:
ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ უკვე დროა, ისე გააგრძელოთ ცხოვრება, თითქოს არც არაფერი მომხდარა. იგავების 21:5-ში ვკითხულობთ: „მოჩქარე სიდუხჭირეში იქნება“. ნდობის დაბრუნებას დრო სჭირდება; ზოგ შემთხვევაში შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს.
თუ მეუღლემ გიღალატათ, გახსოვდეთ, რომ დროა საჭირო, ბოლომდე რომ აპატიოთ მას. მი იანგი იხსენებს: „ყოველთვის მიკვირდა იმ ქალების, რომლებიც ქმრებს ღალატს ვერ პატიობდნენ. ვერც იმას ვიგებდი, როგორ შეიძლებოდა ასე დიდხანს ყოფილიყვნენ ქმრებზე გაბრაზებული. მაგრამ, როცა თავად აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში, მივხვდი, რატომ არის ასე რთული პატიება“. პატიებასაც და ნდობის მოპოვებასაც დრო სჭირდება.
ეკლესიასტეს 3:1—3-ში ნათქვამია, რომ განკურნებას დრო სჭირდება. თავიდან შეიძლება ფიქრობდეთ, რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ, თუ მუდმივად ასე მოიქცევით, ეს ვერ დაგეხმარებათ მეუღლისადმი ნდობის დაბრუნებაში. ჩატეხილი ხიდი რომ გაამთელოთ, აპატიეთ მეუღლეს და პატიების ნიშნად პირად გრძნობებზე ესაუბრეთ. აგრეთვე მეუღლესაც მიეცით იმის საშუალება, რომ თავისი გულისტკივილი თუ სიხარული გაგიზიაროთ.
ნუ დაიბოღმებით! შეეცადეთ, წყენა დაივიწყოთ (ეფესოელები 4:32). დიდ დახმარებას გაგიწევთ ღვთის მაგალითზე დაფიქრებაც. მას ძალიან ეტკინა გული, როცა ისრაელებმა ზურგი აქციეს. მაშინ იეჰოვა ღმერთმა საკუთარი თავი შეადარა მეუღლეს, რომელსაც უღალატეს (იერემია 3:8, 9; 9:2). მაგრამ მან თქვა: „მარადიულად არ დავრჩები ნაწყენი“ (იერემია 3:12). როდესაც მისმა ხალხმა გულწრფელად მოინანია და დაუბრუნდა მას, ღმერთმა აპატია.
როდესაც თქვენს ურთიერთობებს დაარეგულირებთ, თავს დაცულად იგრძნობთ. შედეგად, გამუდმებით ოჯახის გადარჩენაზე კი არ იფიქრებთ, არამედ სხვა ღირებულ მიზნებსაც დაისახავთ. დროდადრო იმსჯელეთ იმაზე, თუ რაში გაუმჯობესდით. ნუ გახდებით თავდაჯერებული. ერთად გადალახეთ უმნიშვნელო დაბრკოლებები და რაც არ უნდა მოხდეს, ერთმანეთის ერთგული დარჩით (გალატელები 6:9).
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თქვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ ისეთი ურთიერთობა გქონდეთ, როგორიც ღალატამდე გქონდათ, არამედ ის, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ და კიდევ უფრო განამტკიცოთ თქვენი ოჯახი.
თქვენ შეძლებთ, კვლავ მოიპოვოთ მეუღლის ნდობა
თუ ზოგჯერ ფიქრობთ, რომ არაფერი გამოგივათ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვაა ქორწინების დამფუძნებელი (მათე 19:4—6). მისი დახმარებით თქვენ ოჯახს დანგრევისგან იხსნით. ამ სტატიაში მოხსენიებულმა წყვილებმა ბიბლიის ბრძნული რჩევები გაითვალისწინეს და ოჯახი დანგრევას გადაარჩინეს.
20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სტივისა და ჯოდის ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა. სტივმა ჭრილობების მოშუშების პროცესი ასე აღწერა: „ყველაზე დიდი ცვლილება მაშინ მოვახდინეთ, როცა იეჰოვას მოწმეებთან დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა. მათ დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს. ამის წყალობით ჩვენ ყველაფერს გავუძელით“. ჯოდი ამბობს: „ჩემთვის დიდი კურთხევა იყო ის, რომ უდიდეს განსაცდელს გავუმკლავდით. ბიბლიის შესწავლისა და ერთობლივი ძალისხმევის წყალობით დღეს ბედნიერი ოჯახი გვაქვს“.
a სახელები შეცვლილია.
b ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში, 1999 წლის 8 მაისი, გვერდი 6 და 1995 წლის 8 აგვისტო, გვერდები 10, 11 (რუს.).
c თუ დროდადრო შეუძლებელია, სრულიად აარიდოთ თავი მას, ვისთანაც იმრუშეთ (მაგალითად, სამუშაოზე), მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გქონდეთ მასთან ურთიერთობა და ისიც სხვების თანდასწრებით. ამავე დროს, საქმის კურსში ჩააყენეთ მეუღლე.
ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .
რატომ გადავწყვიტე, არ დამენგრია ოჯახი, როცა მეუღლემ მიღალატა?
რა დადებით თვისებებს ვხედავ მეუღლეში დღეს?
როგორ ვავლენდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეუღლისადმი სიყვარულს მაშინ, როცა შეყვარებულები ვიყავით და როგორ შემიძლია იმავეს გაკეთება დღეს?