მიჰბაძე იესო ქრისტეს და იყავი . . .
თანამგრძნობი
იესო სრულყოფილი იყო და ამიტომ მრავალი რამ, რაც დღეს ადამიანებს აწუხებთ და სტანჯავთ, მას არასდროს გამოუცდია. მიუხედავად ამისა, ის დიდად თანაუგრძნობდა ხალხს. იგი მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა მათთვის, ისიც კი, რაც შესაძლოა, ერთი შეხედვით, საჭირო არ იყო. დიახ, იესოს თანაგრძნობა აღძრავდა, რომ სხვებისთვის დახმარების ხელი გაეწოდა. წაიკითხეთ 32-ე, 37-ე, 57-ე და 99-ე თავები და დაფიქრდით, როგორ ავლენდა იესო თანაგრძნობას.
უშუალო
იესოსთან ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, თავისუფლად მიდიოდა, რადგან ხედავდნენ, რომ მას სხვების მდგომარეობა აღელვებდა და ზემოდან არავის უყურებდა. ისინი ხვდებოდნენ, რომ იესო თითოეულით პირადად იყო დაინტერესებული, რის გამოც ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს მის გარემოცვაში. წაიკითხეთ ამის შესახებ 25-ე, 27-ე და 95-ე თავებში.
გულმხურვალე მლოცველი
იესო მუდამ გულს უღვრიდა მამას, პირადად თუ ღვთის სხვა თაყვანისმცემლების თანდასწრებით. ის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში ლოცულობდა და არა მხოლოდ საჭმლის წინ. იგი ლოცვაში მამას მადლობდა, ადიდებდა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებამდე მის ხელმძღვანელობას ეძებდა. წაიკითხეთ ამის შესახებ 24-ე, 34-ე, 91-ე, 122-ე და 123-ე თავებში.
უანგარო
იესო იმ დროსაც კი მზად იყო სხვების დასახმარებლად, როცა დასვენება ან განმუხტვა სჭირდებოდა. ის არასდროს აყენებდა საკუთარ თავს პირველ ადგილზე. მან ამ მხრივაც მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. წაიკითხეთ მე-19, 41-ე და 52-ე თავები და გაიგეთ, როგორ ავლენდა იესო ამ თვისებას.
გულმოწყალე
იესო მხოლოდ კი არ ასწავლიდა, რომ სხვების პატიება იყო საჭირო, არამედ მოწაფეებისა და სხვებისადმი თავისი დამოკიდებულებითაც აჩვენებდა, რომ გულმოწყალე იყო. წაიკითხეთ 26-ე, მე-40, 64-ე, 85-ე და 131-ე თავები და დაფიქრდით, როგორ ავლენდა იესო გულმოწყალებას.
თავდაუზოგავი
წინასწარმეტყველების თანახმად, იუდეველების უმეტესობა უარყოფდა მესიას და მისი მტრები მოკლავდნენ მას. აქედან გამომდინარე, იესოს თავისუფლად შეეძლო ასე არ დახარჯულიყო მათთვის, მაგრამ ის თავს არ ზოგავდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად. ამ მხრივ მან საუკეთესო მაგალითი დაუტოვა ყველა თავის მიმდევარს, რომლებიც გულგრილობას და შეიძლება წინააღმდეგობასაც კი ხვდებიან. წაიკითხეთ მე-16, 72-ე და 103-ე თავები და დაფიქრდით, როგორ ავლენდა იესო ამ თვისებას.
თავმდაბალი
დედამიწაზე ყოფნის დროს იესო არასრულყოფილ ადამიანებზე ბევრად მაღლა იდგა, მაგალითად, მას თითოეულ მათგანზე გაცილებით დიდი ცოდნა და სიბრძნე ჰქონდა. ის სრულყოფილი იყო, რის გამოც, უეჭველია, ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებით გარშემომყოფთ ბევრად აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, ის თავმდაბლად ემსახურებოდა სხვებს. წაიკითხეთ მე-10, 62-ე, 66-ე, 94-ე და 116-ე თავები და დაფიქრდით, როგორ ავლენდა იესო თავმდაბლობას.
მომთმენი
იესო არასდროს კარგავდა მოთმინებას, როცა მოციქულები და სხვები ვერ ჰბაძავდნენ მას და მისი ნათქვამისამებრ არ იქცეოდნენ. იგი არაერთხელ უმეორებდა მათ, თუ რა იყო საჭირო იეჰოვასთან დასაახლოებლად. წაიკითხეთ 74-ე, 98-ე, 118-ე და 135-ე თავები და დაფიქრდით, როგორ ავლენდა იესო მოთმინებას.