დაბადება
28 მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და უთხრა: „არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალი!+ 2 ადექი, წადი ფადან-არამში, ბეთუელის, დედაშენის მამის სახლში, და იქიდან მოიყვანე ცოლად დედაშენის ძმის ლაბანის ასულთაგანი.+ 3 ყოვლისშემძლე ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულად იქცევი.+ 4 ის მოგცემთ აბრაამის კურთხევას+ შენ და შენს შთამომავალს,+ რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის მიწა,+ რომელიც ღმერთმა აბრაამს მისცა“.+
5 გაგზავნა ისაკმა იაკობი. გაემართა იგი ფადან-არამში სირიელი ბეთუელის+ ვაჟთან, ლაბანთან, ესავისა და იაკობის დედის,+ რებეკას, ძმასთან.+
6 როცა დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და ცოლის მოსაყვანად ფადან-არამში გაგზავნა, აკურთხა და უთხრა, არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალიო,+ 7 და იაკობიც დაემორჩილა მამამისს და დედამისს და ფადან-არამის გზას დაადგა,+ 8 მაშინ დაინახა ესავმა, რომ ქანაანელი ქალები არ მოსწონდა ისაკს, მამამისს.+ 9 ამიტომ წავიდა ესავი ისმაელთან* და აბრაამის ვაჟის, ისმაელის ასული მახალათი მოიყვანა ცოლად, ნებაიოთის და. მას სხვა ცოლებიც ჰყავდა.+
10 განაგრძო გზა იაკობმა ბეერ-შებადან და ხარანის+ გზას დაადგა. 11 მიადგა ერთ ადგილს ღამის გასათევად, რადგან მზე უკვე ჩასული იყო. აიღო ქვა თავის დასადებად და დაწვა იმ ადგილას,+ 12 და ესიზმრა:+ მიწაზე ცადაწვდენილი კიბე იდგა და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე.+ 13 კიბის თავზე კი იეჰოვა იყო. მან უთხრა მას:+
„მე ვარ იეჰოვა, მამაშენის, აბრაამისა და ისაკის ღმერთი.+ მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს შთამომავალს+ მოგცემთ. 14 ქვიშასავით გამრავლდება შენი შთამომავალი+ და განივრცობი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.+ შენი და შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი.+ 15 შენთანა ვარ; მე დაგიცავ მთელ შენს გზაზე და დაგაბრუნებ ამ მიწაზე,+ არ მიგატოვებ, სანამ არ გავაკეთებ იმას, რაც გითხარი“.+
16 გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. 17 შეშინდა იგი და თქვა:+ „რა შიშის მომგვრელი ადგილია!+ ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი.+ ეს არის ზეცის კარიბჭე“. 18 დილაადრიან ადგა იაკობი. აიღო ის ქვა, რომელიც თავქვეშ ედო, სვეტად აღმართა და ზედ ზეთი დაასხა.+ 19 დაარქვა იმ ადგილს ბეთელი,+ მანამდე კი იმ ქალაქს ლუზი ერქვა.+
20 დადო აღთქმა იაკობმა+ და თქვა: „თუ ჩემთან იქნება ღმერთი და დამიცავს ჩემს გზაზე, რომლითაც მივდივარ, მომცემს პურს საჭმელად და ტანსაცმელს შესამოსად+ 21 და მშვიდობით დავბრუნდები მამაჩემის სახლში, იეჰოვა ნამდვილად ჩემი ღმერთი ყოფილა.+ 22 ეს ქვა კი, რომელიც სვეტად აღვმართე, ღვთის სახლი+ იქნება, და მოგცემ იმ ყველაფრის მეათედს,+ რასაც შენ მომცემ“.