იაკობისთვის ძვირფასი იყო სულიერი ფასეულობები
იაკობის ცხოვრება ბრძოლებითა და უბედურებებით არის აღსავსე. ტყუპისცალი ძმა მოსაკლავად ეძებს და ისიც იძულებულია, გაქცევით უშველოს თავს; ნაცვლად იმისა, რომ ცოლად საყვარელი ქალი შეირთოს, მოტყუებით სხვაზე აქორწინებენ; საბოლოოდ კი ოთხი ქალის ქმარი ხდება, რის გამოც მრავალ პრობლემასთან უწევს გამკლავება (დაბადება 30:1—13). დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ის ემსახურება კაცს, რომელიც ექსპლუატაციას უწევს. იაკობი ებრძვის ანგელოზს და ისეთ დაზიანებას იღებს, რომლის განკურნებაც შეუძლებელია. მის ქალიშვილს აუპატიურებენ, ხოლო ვაჟები ამის გამო მრავალთა სისხლს ღვრიან; იაკობი მწარედ მოთქვამს საყვარელი ვაჟისა და ცოლის დაკარგვის გამო; ხანდაზმულობის ასაკში თავის ქვეყანაში ჩამოვარდნილი შიმშილობის მიზეზით უცხო ქვეყანაში გადასახლება უწევს. ის აღიარებს, რომ მისი სიცოცხლის წლები ‘მოკლე და ავია’ (დაბადება 47:9). მიუხედავად ამისა, იაკობი სულიერი მამაკაცია. ის მთლიანად ღმერთზეა მინდობილი. სწორია მისი არჩევანი? რისი სწავლაა შესაძლებელი იაკობის ცხოვრებაში მომხდარი რამდენიმე შემთხვევიდან?
ძმისგან საკმაოდ განსხვავებული
იაკობს ძმასთან იმიტომ ჰქონდა უთანხმოება, რომ დააფასა სულიერი სიმდიდრე, რომელიც მისმა ძმამ არად ჩააგდო. იაკობი დიდი გულისყურით ეკიდებოდა შეთანხმების თანახმად ღვთის მიერ აბრაამისთვის მიცემულ დანაპირებს და ერთგულად ზრუნავდა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ღმერთს შეთანხმების მემკვიდრეებად ჰყავდა არჩეული. ამიტომ, იეჰოვას უყვარდა იაკობი. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ის სათნო კაცი იყო; მისი ამგვარი დახასიათება იაკობის ზნეობრივ სიწმინდეზე მიუთითებს. ამის საპირისპიროდ, ესავს ნაკლებად აღელვებდა სულიერი მემკვიდრეობა და უმნიშვნელო საზღაურად, თავისუფლად მიჰყიდა ის იაკობს. მაშინ კი, როდესაც იაკობმა, ღვთის ნებისამებრ, პირმშოობაზე თავისი უფლების შესახებ განაცხადა და ის კურთხევებიც მიიღო, რომლებიც თავდაპირველად თავის ძმას ეკუთვნოდა, ესავი საშინლად გაბრაზდა და შურისძიების გრძნობამ შეიპყრო. ამან იაკობი აიძულა დაეტოვებინა ყველა, ვინც უყვარდა, მაგრამ მალე ისეთი რამ შეემთხვა, რამაც დამწუხრებული სული გამოუცოცხლა (მალაქია 1:2, 3; დაბადება 25:27—34; 27:1—45).
სიზმარში ღმერთმა იაკობს დაანახვა, როგორ ჩადიოდნენ და ადიოდნენ ანგელოზები კიბეზე, რომელიც მიწასა და ზეცას შორის იყო ჩადგმული. ამ დროს იეჰოვამ უთხრა, რომ დაიცავდა მასა და მის თესლს: „იკურთხება შენით და შენი შთამომავლობით ყოველი ტომი მიწისა. მე შენთან ვარ, და დაგიცავ ყველგან, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, რადგან არ მიგატოვებ, ვიდრე არ გავაკეთებ იმას, რაც გითხარი“ (დაბადება 28:10—15).
მართლაც რომ ძალიან გამამხნევებელი სიტყვებია! იეჰოვამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა იაკობს, რომ აბრაამისა და ისააკისთვის მიცემული დანაპირების საფუძველზე, მისი ოჯახი სულიერ კურთხევებს მიიღებდა. იაკობს ღმერთმა დაანახვა, რომ ანგელოზები ემსახურებიან მათ, ვისაც ღმერთი კეთილგანწყობით უყურებს და დაარწმუნა, რომ დაიცავდა მას. მადლიერების გრძნობით გამსჭვალულმა იაკობმა იეჰოვას შეჰფიცა, რომ მისდამი ერთგულებას შეინარჩუნებდა (დაბადება 28:16—22).
იაკობს უკანონოდ არ მიუთვისებია ესავის მემკვიდრეობა. ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე იეჰოვამ თქვა: „უფროსი უმცროსს დაემონება“ (დაბადება 25:23). „განა უფრო ადვილი არ იქნებოდა, რომ ღვთის ჩარევით პირველად იაკობი დაბადებულიყო?“ — შეიძლება იკითხოს ვინმემ. შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების სწავლაა შესაძლებელი. ღმერთს კურთხევები დაჯავშნული კი არა აქვს მათთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ კანონიერად ეკუთვნით ეს, არამედ წყალობას ავლენს მათ მიმართ, ვისაც თავად ირჩევს. პირმშოობის უფლება ამგვარად იაკობმა მიიღო და არა მისმა უფროსმა ძმამ, რომელიც ამ უფლებას არ აფასებდა. მსგავსად ამისა, მთლიანობაში ებრაელი ერის მიერ ისეთივე პოზიციის გამოვლენისთვის, როგორიც ესავს ჰქონდა, ღმერთმა ისინი სულიერი ისრაელით შეცვალა (რომაელთა 9:6—16, 24). დღეს ღმერთთან კარგი ურთიერთობა მემკვიდრეობით არ გადადის. ამისათვის ძალისხმევაა საჭირო და ის ფაქტი, რომ ვინმე ღვთისმოშიშ ოჯახში იბადება ან ასეთ გარემოში იზრდება, ავტომატურად არ განაპირობებს იმას, რომ მასაც ღმერთთან კარგი ურთიერთობა ექნება. ღვთისგან კურთხევას არავინ მიიღებს, თუ ის მთელი გულით არ ეცდება, იმოქმედოს ღვთის მოსაწონად და დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს სულიერ ფასეულობებს.
ლაბანი სიამოვნებით იღებს იაკობს
საკუთარ სანათესაოში საცოლეს შერჩევის მიზნით ჩასული იაკობი ფადან–არამში ჭასთან ლაბანის ასულს, თავის ბიძაშვილს, რახელს, შეხვდა. იაკობმა ჭაზე დაფარებული მძიმე ლოდი გადააგორა, რათა ყმაწვილ ქალს თავისი ფარის დარწყულება შესძლებოდაa. რახელი სახლში გაიქცა და იაკობის ჩამოსვლის შესახებ ახალი ამბავი ოჯახის წევრებს ამცნო. ლაბანი მის შესახვედრად გაეშურა. თუ ლაბანი იმიტომ გაიქცა, რომ აბრაამის მსახურის მიერ მათი ოჯახისთვის ნაბოძები საჩუქრები გაახსენდა, იმედი გაუცრუვდებოდა, რადგან იაკობი ხელცარიელი იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მან ამ ადამიანში ნახა ის, რასაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა; იაკობში მან გამრჯე მოსამსახურე დაინახა (დაბადება 28:1—5; 29:1—14).
იაკობი თავის თავგადასავალს მოჰყვა. ბიბლიიდან ნათლად არ ჩანს, მოიხსენია თუ არა მან, გარკვეული ხრიკის გამოყენებით პირმშოობის უფლების მოპოვების შესახებ, მაგრამ ‘მთელი ამბის’ მოსმენის შემდეგ ლაბანმა თქვა: „მართლა ჩემი ძვალთაგანი და ჩემი ხორცთაგანი ხარ შენ!“ ერთმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ ეს ფრაზა შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც თბილად მიღების ნიშანი, რის საფუძველზეც იაკობს შეეძლო ლაბანთან დარჩენილიყო ან ლაბანის მიერ იმის აღიარების ნიშანი, რომ, როგორც ნათესავი, ვალდებული იყო მიეღო იგი. ასე იყო თუ ისე, ლაბანმა მალევე მოიფიქრა, როგორ გამოეყენებინა ძმისშვილი.
„მუქთად ხომ არ უნდა მემსახურო, რაკი ჩემი ნათესავი ხარ? მითხარი, რა არის შენი საზღაური?“ — უთხრა ლაბანმა იაკობს და აქედან დაიწყო მათ ურთიერთობაში 20–წლიანი ბზარის გაჩენა. ლაბანი კეთილმოსურნე ბიძის როლს კი თამაშობდა, მაგრამ მან იაკობთან ნათესაური კავშირი საქმიან კავშირში გაცვალა. იაკობს რახელი უყვარდა, ამიტომაც, ბიძას უპასუხა: „შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისათვის“ (დაბადება 29:15—20).
ჩვეულებრივ, ურვადის გადახდის შემდეგ წყვილი დანიშნულად ითვლებოდა. მოგვიანებით, მოსეს რჯულის თანახმად, თუ ვინმე ქალწულს შეაცდენდა, 50 ვერცხლის შეკელი უნდა გადაეხადა. სწავლული გორდონ უენემის აზრით, ეს იყო „საპატარძლოს მაქსიმალური გამოსასყიდი“, მაგრამ უმეტესწილად „ბევრად ნაკლებს“ იხდიდნენ (მეორე რჯული 22:28, 29). იაკობს არ შეეძლო ურვადის გადახდა. ამიტომ, ლაბანს შვიდი წლის სამსახური შესთავაზა. „ძველ ბაბილონელთა დროს ჩვეულებრივი მუშა თვეში ნახევრიდან ერთ შეკელამდე იღებდა (შვიდი სრული წლის განმავლობაში 42–დან 84 შეკელამდე), — განაგრძობს უენემი. — იაკობმა ლაბანს რახელისთვის ძალიან დიდი ურვადი შესთავაზა“. ლაბანმა იაკობის წინადადება სიხარულით მიიღო (დაბადება 29:19).
„ერთ დღედ მოეჩვენა“ იაკობს ეს შვიდი წელიწადი, რადგან ძალიან უყვარდა რახელი. შემდეგ კი მოითხოვა თავისი საცოლე და მანდილჩამოფარებული ქალი ისე წაიყვანა, რომ აზრადაც არ მოსვლია, თუ რა მახეში აბამდა ლაბანი. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდა მეორე დილას, როდესაც ნახა, რომ გვერდზე რახელი კი არ ეწვა, არამედ ლეა! იაკობმა ლაბანს უთხრა: „ეს რა მიყავი? განა რახელისთვის არ გემსახურე? რად მომატყუე?“ მან კი უპასუხა: „ასე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ უმცროსი გავათხოვოთ უფროსზე ადრე. გაასრულე ეს შვიდეული და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რომელსაც შეასრულებ მომავალ შვიდ წელიწადში“ (დაბადება 29:20—27). უმწეო და მოტყუებულ იაკობს სხვა რაღა დარჩენოდა; რახელის ცოლად შერთვის სურვილით აღძრულმა ლაბანის წინადადება მიიღო.
პირველი შვიდი წლისგან განსხვავებით მომდევნო წლებმა ძალიან არასასიამოვნოდ ჩაიარა. განა ადვილი იყო იაკობისთვის, რომ ლაბანისთვის ასე მწარედ მოტყუება ეპატიებინა? ან რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ლეასთან, რომელიც მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებაში მამას აჰყვა? ცხადია, ლაბანს საერთოდ არ აღელვებდა, რა შფოთით აღსავსე მომავალს უმზადებდა ამგვარი საქციელით თავის ქალიშვილებს. ის მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა. რახელს გულისწყრომასთან ერთად შურიც კლავდა, როდესაც ხედავდა, რომ ლეამ ერთიმეორეზე მიყოლებით ოთხი ვაჟი შვა, თავად კი შვილი არ უჩნდებოდა. სასოწარკვეთილმა ქალმა გადაწყვიტა, თავისი მოსამსახურე მიეცა ცოლად იაკობისთვის და ამ მოსამსახურის წყალობით გამხდარიყო შვილიერი. მეტოქეობის სულით გამსჭვალულმა ლეამაც იგივე გააკეთა. ამგვარად, იაკობი 4 ცოლის ქმარი და 12 შვილის მამა გახდა, მაგრამ ბედნიერი ოჯახი ნამდვილად არ ჰქონია. მიუხედავად ყველაფრისა, იეჰოვამ იაკობი „დიდ ერად“ აქცია (დაბადება 29:28—30:24).
იეჰოვას წყალობით გამდიდრებული
განსაცდელების მიუხედავად, იაკობი ხედავდა, რომ ღმერთი, თავისი დანაპირებისამებრ, მასთან იყო. ამას ხედავდა ლაბანიც. იაკობის გარჯის შედეგად მისი მცირერიცხოვანი ფარა მრავალრიცხოვანი გახდა. ლაბანს არ უნდოდა იაკობის გაშვება. ამიტომაც სთხოვა, ეთქვა, თუ რა გასამრჯელოს მიღებას ისურვებდა შემდგომ. იაკობმა თავისი შრომის საზღაურად ფარის მიერ მოგებული ჭრელი ცხოველები ითხოვა. ცნობილია, რომ იმ რეგიონში ცხვრები ძირითადად თეთრები იყვნენ, ხოლო თხები შავები ან მუქი ყავისფრები; მხოლოდ ძალიან იშვიათად გამოერეოდა ფარაში ჭრელი ცხოველი. ამიტომ, ლაბანი ფიქრობდა, რომ ჭრელი ცხოველების მიცემა ძალიან იაფი გასამრჯელო იყო და სიხარულით დასთანხმდა. მან თავისი ფარიდან მაშინვე გაიყვანა და შორს წაიყვანა ყველა ჭრელი ცხოველი, რათა იაკობისთვის სამწყემსავად მიცემულ ფარასთან მათი კონტაქტი აერიდებინა. როგორც ჩანს, ის ფიქრობდა, რომ მათ შორის დადებული შეთანხმების თანახმად, იაკობი იზარალებდა და იმ დროს ჩვეულებრივ მწყემსებისთვის დაწესებულ გასამრჯელოზე, ახალმოგებული საქონლის 20 პროცენტზე, ნაკლებს მიიღებდა. ლაბანი მწარედ ცდებოდა, რადგან იაკობთან იეჰოვა იყო (დაბადება 30:25—36).
ღვთის დახმარებით იაკობს სასურველი ფერის ჯანსაღი და ძლიერი ცხოველები მოუმრავლდა (დაბადება 30:37—42). ცხოველების მოშენებასთან დაკავშირებით მისი შეხედულება არასწორი იყო, მაგრამ „მეცნიერების თვალსაზრისით, სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია . . . ერთი შეფერილობის მქონე ისეთი ცხოველების შეჯვარებით, რომლებსაც ჭრელი ფერის განმსაზღვრელი რეცესიული გენები აქვთ, — განმარტავს მეცნიერი ნაუმ სარნა. — ასეთი ცხოველები ჰიბრიდული ძალით . . . გამოირჩევიან“.
დანახულით გამწარებული ლაბანი შეეცადა, შეეცვალა შეთანხმება და მოელაპარაკათ, რომელი ცხოველი იქნებოდა თავისი ძმისწულის — ზოლიანი, ჭრელი, დაწინწკლული თუ ხალებიანი. ლაბანი საკუთარ გამორჩენაზე ფიქრობდა, მაგრამ ასე შეცვლიდა შეთანხმებას თუ ისე, იეჰოვას დახმარებით იაკობი ყოველთვის მოგებული რჩებოდა. ლაბანს ისღა დარჩენოდა, რომ სიმწრისგან კბილები ეღრჭიალებინა. იაკობი მალე დიდი სიმდიდრისა და ფარის მფლობელი გახდა. აგრეთვე მას ჰყავდა უამრავი მსახური, აქლემი და ვირი. ყოველივე ამას თავისი სიმარჯვით კი არ მიაღწია, არამედ იეჰოვას დახმარებით. მოგვიანებით იაკობმა რახელსა და ლეას უთხრა: „მამათქვენმა შეურაცხმყო მე და ათჯერ შეცვალა ჩემი საზღაური. ღმერთმა კი არ დაანება ებოროტნა ჩემთვის . . . ასე წაართვა ღმერთმა ფარები მამათქვენს და მე მომცა“. აგრეთვე იეჰოვამ იაკობი დაარწმუნა, რომ ხედავდა ყოველივეს, რასაც ლაბანი უკეთებდა და უთხრა, არ ენერვიულა. „დაუბრუნდი შენს სანათესაოს და შენს ქვეყანას, და სიკეთეს გიყოფ“, — დაჰპირდა ღმერთი მას (დაბადება 31:1—13; 32:9).
ცბიერი ლაბანისგან საბოლოოდ გათავისუფლების შემდეგ იაკობი სახლისკენ გაემართა. ოცმა წელმა განვლო, მაგრამ მას ძველებურად ეშინოდა ესავის. ამ შიშს განსაკუთრებით ისიც აძლიერებდა, რომ, როგორც გაიგო, ესავი მის შესახვედრად 400 კაცით იყო გამოსული. რისი გაკეთება შეეძლო იაკობს? ის ყოველთვის სულიერი ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს ავლენდა, ამიტომ, ამჯერადაც ღმერთს მიენდო და რწმენის თანახმად მოიქცა. მან ილოცა; იეჰოვას წინაშე აღიარა, რომ მისი სიკეთისა და წყალობის ღირსი არ იყო და ლოცვაში სთხოვა, შეესრულებინა დანაპირები — მისი ოჯახი ესავის ხელიდან ეხსნა (დაბადება 32:2—12).
შემდეგ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა. ღამით იაკობს შეეჭიდა უცხო პიროვნება, რომელიც ანგელოზი აღმოჩნდა, და ხელის ერთი შეხებით ბარძაყის ძვალი სასახსრე ფოსოდან ამოუგდო. იაკობმა არ გაუშვა ანგელოზი, სანამ ამ უკანასკნელმა არ აკურთხა. წინასწარმეტყველმა ოსიამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ იაკობი „ტიროდა და ემუდარებოდა“ ანგელოზს (ოსია 12:3—5; დაბადება 32:24—29). იაკობმა იცოდა, რომ ანგელოზთა ადრინდელი გამოცხადებები აბრაამთან დადებული შეთანხმების შესრულებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, მთელი ძალით შეება ანგელოზს და კურთხევაც მიიღო. იმ დროს ღმერთმა შეუცვალა მას სახელი და ისრაელი დაარქვა, რაც ნიშნავს „ღმერთთან მებრძოლს (მტკიცედ მდგომს)“ ან „ღმერთი იბრძვის“.
ხართ თუ არა მზად ბრძოლისთვის?
ანგელოზთან შეჭიდება და ესავთან შერიგება არ ყოფილა მხოლოდ ის სირთულეები, რისთვისაც იაკობს თავი უნდა გაერთმია. მაგრამ ამ მოვლენებიდან კარგად ჩანს, როგორი ადამიანი იყო ის. ესავმა პირმშოობის შესანარჩუნებლად შიმშილის მცირეოდენი გრძნობის ატანა ვერ შეძლო, მაშინ როდესაც იაკობი მთელი ცხოვრება იბრძოდა კურთხევების მისაღებად და ამისათვის ანგელოზსაც კი შეერკინა. დაპირებისამებრ, იაკობს ღმერთმა გაუწია ხელმძღვანელობა და დაიცვა ის, რის წყალობითაც დიდი ერის მამა და მესიის წინაპარი გახდა (მათე 1:2, 16).
მზად ხართ თქვენც, რომ ძალ–ღონე არ დაიშუროთ იეჰოვას კეთილგანწყობის მისაღებად და, ასე ვთქვათ, იბრძოლოთ ამისათვის? დღეს ცხოვრება სირთულეებით არის აღსავსე მათთვის, ვისაც ღვთის ნებისამებრ მოქცევა სურს. ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილების მისაღებადაც კი ბრძოლაა საჭირო. იაკობის მიერ მოცემული კარგი მაგალითი დიდ სტიმულს გვაძლევს, მყარად ჩავეჭიდოთ მომავალი კურთხევების შესახებ იმედს, რომელსაც იეჰოვა გვთავაზობს.
[სქოლიოები]
a ეს მოულოდნელი შეხვედრა ძალიან წააგავდა იაკობის დედის რებეკასა და ელეაზარის შეხვედრას, როდესაც რებეკამ აბრაამის მსახურის აქლემები დაარწყულა. მაშინ ყმაწვილი ქალი სახლში გაიქცა და ოჯახის წევრებს ვიღაც უცხო კაცის მოსვლის შესახებ ამცნო. თავისი დისთვის ძღვნად მირთმეული სამკაულების დანახვაზე, ლაბანი ელეაზარის შესახვედრად გაიქცა (დაბადება 24:28—31, 53).
[სურათები 31 გვერდზე]
იაკობი მთელი ცხოვრება იბრძოდა კურთხევების მისაღებად.