მარკოზი
4 იესო კვლავ ზღვის პირას ასწავლიდა.+ მის მახლობლად იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შეცურა, ხალხი კი ნაპირზე დარჩა.+ 2 ბევრ რამეს ასწავლიდა მათ მაგალითებით+ და ეუბნებოდა:+ 3 „მოისმინეთ. გამოვიდა მთესველი დასათესად.+ 4 თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.+ 5 ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალევე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა;+ 6 მაგრამ მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.+ 7 ზოგიც ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები, მოაშთო ისინი და ნაყოფი ვეღარ გამოიღო.+ 8 ზოგი კი კარგ მიწაზე+ დავარდა, აღმოცენდა, გაიზარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა — ოცდაათი, ზოგმა — სამოცი და ზოგმაც — ასი“.+ 9 შემდეგ დასძინა: „ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“.+
10 ხალხი რომ დაიშალა, იესოსთან დარჩენილებმა და თორმეტმა შეკითხვები დაუსვეს მოყვანილ მაგალითებზე.+ 11 მან უთხრა მათ: „თქვენ მოცემული გაქვთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო,+ გარეშეებს კი ყველაფერს მაგალითებით ველაპარაკები,+ 12 რათა, თუმცა იყურებიან, უყურონ, მაგრამ ვერ დაინახონ, თუმცა ისმენენ, მოისმინონ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდნენ, ვერც მობრუნდნენ და არც ეპატიოთ“.+ 13 შემდეგ უთხრა მათ: „ეს მაგალითი თუ არ გესმით, სხვებს როგორღა გაიგებთ?
14 მთესველი თესავს სიტყვას.+ 15 აი ისინი, რომლებიც გზის პირას არიან, სადაც სიტყვა ითესება; როგორც კი მოისმენენ, სატანა მოდის+ და მიაქვს მათში ჩათესილი სიტყვა.+ 16 არიან კლდოვან ადგილზე დათესილებიც. როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ.+ 17 მათ ფესვი არა აქვთ და, თუმცა გარკვეული დროით რჩებიან, როგორც კი გასაჭირი ან დევნა იწყება სიტყვის გამო, მაშინვე ბრკოლდებიან.+ 18 არიან ეკლებში დათესილებიც, რომლებმაც მოისმინეს სიტყვა,+ 19 მაგრამ ქვეყნიერების* საზრუნავი,+ სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა+ და სხვა ყველაფრის სურვილი+ იჭრება მათში, აშთობს სიტყვას და ის უნაყოფო ხდება.+ 20 კარგ მიწაზე დათესილები კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილგანწყობილებით იღებენ და გამოაქვთ ნაყოფი: ზოგს — ოცდაათი, ზოგს — სამოცი და ზოგს — ასი“.+
21 შემდეგ უთხრა მათ: „განა იმისთვის გამოაქვთ ლამპარი, რომ საწყაოს ანდა საწოლის ქვეშ დადგან? განა სალამპრეზე დასადგამად არ გამოაქვთ?+ 22 არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება, და საგულდაგულოდ დამალული, რაც არ გამოაშკარავდება.+ 23 ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“.+
24 მერე უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ.+ რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ,+ დიახ, ამაზე მეტიც მოგეცემათ.+ 25 ვისაც აქვს, უფრო მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“.+
26 შემდეგ განაგრძო: „ღვთის სამეფო იმას ჰგავს, კაცი რომ თესლს აგდებს მიწაზე.+ 27 ღამით იძინებს, დღისით იღვიძებს. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ.+ 28 მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი თანდათანობით: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი სავსე მარცვალი თავთავში. 29 როგორც კი მწიფდება ნაყოფი, კაცი ნამგალს იმარჯვებს, რადგან მკის დრო მოვიდა“.
30 შემდეგ განაგრძო: „რას შევადაროთ ღვთის სამეფო ან როგორი მაგალითით აღვწეროთ?+ 31 ის ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე პატარა თესლია დედამიწაზე.+ 32 დათესვის მერე კი, როცა ამოდის, ყველა მწვანილეულზე დიდი ხდება და იმხელა ტოტები+ გამოაქვს, რომ ცის ფრინველები+ მის ჩრდილში იბუდებენ“.+
33 ბევრი ასეთი მაგალითით+ ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ. 34 მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ, ხოლო თავის მოწაფეებს ყველაფერს უხსნიდა ცალკე.+
35 იმავე დღეს, საღამო ხანს, უთხრა მათ: „გაღმა გავიდეთ“.+ 36 ხალხი რომ გაუშვეს, ის იმავე ნავით წაიყვანეს, რომელშიც იჯდა. სხვა ნავებითაც გაჰყვნენ.+ 37 უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა. ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა.+ 38 ის კი კიჩოზე იყო, თავი სასთუმალზე ედო და ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, ნუთუ შენთვის სულერთია, რომ ვიღუპებით?“+ 39 მან გაიღვიძა, ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“+ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა.+ 40 შემდეგ უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ? ჯერ კიდევ არა გაქვთ რწმენა?“ 41 მათ ძალიან შეეშინდათ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“+