მატიანე — წიგნი პირველი
21 სატანა* გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ და წააქეზა დავითი, რომ აღერიცხა ისრაელები.+ 2 უთხრა დავითმა იოაბს+ და ისრაელთა თავკაცებს: „წადით, აღრიცხეთ ისრაელები ბეერ-შებიდან დანამდე+ და შემატყობინეთ მათი რიცხვი!“ 3 იოაბმა მიუგო: „იეჰოვამ გააასმაგოს თავისი ხალხი! მეფე-ბატონო, განა ყველანი ისედაც შენი მსახურები არა ვართ?! რატომ მოინდომე ეს, ჩემო ბატონო? რატომ უნდა გახვიო ისრაელი ცოდვაში?!“
4 მეფემ თავისი არ დაიშალა; ბოლოს დაემორჩილა იოაბი, წავიდა და მოიარა მთელი ისრაელი, შემდეგ კი იერუსალიმში დაბრუნდა.+ 5 აცნობა იოაბმა დავითს აღრიცხული ხალხის რაოდენობა; ისრაელში 1 100 000 მეომარი აღირიცხა, იუდაში კი — 470 000.+ 6 თუმცა ლევიანები და ბენიამინელები აღარ აღურიცხავს იოაბს,+ რადგან საძულველი იყო მისთვის მეფის ბრძანება.+
7 არ მოეწონა ღმერთს მომხდარი და ისრაელების დასჯა გადაწყვიტა. 8 უთხრა დავითმა ღმერთს: „დიდად შევცოდე,+ ეს რომ გავაკეთე. გთხოვ, აპატიე დანაშაული შენს მსახურს,+ რადგან მეტისმეტად უგუნურად მოვიქეცი!“+ 9 იეჰოვამ გადს,+ დავითის წინასწარმხილველს, უთხრა: 10 „წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს იეჰოვა, სამ სასჯელს დაგისახელებ და თავად აირჩიე, რომლით დაგსაჯო-თქო“. 11 მივიდა გადი დავითთან და უთხრა: «აი, რას ამბობს იეჰოვა: „რა გირჩევნია: 12 სამი წელი იყოს შიმშილობა,+ სამი თვე მახვილით გესხმოდეთ მტერი და გაოხრებდეთ,+ თუ სამი დღე გსჯიდეთ იეჰოვას მახვილი — იეჰოვას ანგელოზი ჭირით მუსრავდეს+ მთელ ისრაელს?“+ გადაწყვიტე, რა ვუპასუხო ჩემს გამომგზავნელს!» 13 მიუგო დავითმა გადს: „დიდად დამამწუხრა ამ ამბავმა, მაგრამ კაცის ხელში ჩავარდნას+ ისევ იეჰოვას ხელში ჩავარდნა მირჩევნია, რადგან დიდად მოწყალეა იგი!“+
14 მაშინ იეჰოვამ ჭირი მოუვლინა+ ისრაელს და 70 000 კაცი გაწყდა ისრაელში.+ 15 ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა იერუსალიმის შესამუსრავად. როცა დაინახა იეჰოვამ, რომ ანგელოზს ხალხის მუსვრა უნდა დაეწყო, აღარ გაიმეტა ხალხი ამ უბედურებისთვის+ და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა!+ დაუშვი ხელი!“ იეჰოვას ანგელოზი იებუსელი+ ორნანის კალოსთან+ იყო გაჩერებული.
16 აიხედა დავითმა და დაინახა ცაში იეჰოვას ანგელოზი, რომელსაც მახვილი იერუსალიმისკენ ჰქონდა გაწვდილი.+ დავითი და უხუცესები, ჯვალოს სამოსით შემოსილნი,+ მიწაზე დაემხვნენ.+ 17 შეღაღადა დავითმა ღმერთს: „განა მე არ ვბრძანე ხალხის აღრიცხვა?! მე შევცოდე და მე დავაშავე,+ ამ ხალხმა რა დააშავა?! იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მე და მამაჩემის სახლეულობას მოგვკითხე პასუხი, შენს ხალხს კი ნუ დაატეხ ამ უბედურებას!“+
18 იეჰოვას ანგელოზმა გადის+ პირით შეუთვალა დავითს, იებუსელი+ ორნანის კალოზე ასულიყო და სამსხვერპლო აღემართა იეჰოვასთვის. 19 დავითიც წავიდა იეჰოვას ბრძანებისამებრ, რომელიც გადმა გადასცა. 20 იმ დროს ორნანი ხორბალს ლეწავდა; მოტრიალდა და დაინახა ანგელოზი. მაშინ მასთან მყოფი მისი ოთხივე ვაჟი დაიმალა. 21 მივიდა დავითი ორნანთან. დაინახა თუ არა იგი ორნანმა, მაშინვე დატოვა კალო და პირქვე დაემხო მის წინაშე. 22 სთხოვა დავითმა ორნანს: „მომყიდე კალო, სამსხვერპლო რომ ავუგო იეჰოვას. სრულ საფასურს მოგცემ, რომ შეწყდეს ხალხის მუსვრა“.+ 23 ორნანმა დავითს მიუგო: „შენი იყოს კალო, და რასაც მოისურვებ, ის გააკეთე მეფე-ბატონო! აი საქონელი დასაწვავ მსხვერპლად, კევრი+ — შეშად და ხორბალი — მარცვლეულ შესაწირავად. ყველაფერს მოგცემ!“
24 მეფე დავითმა ორნანს უთხრა: „არა, სრული საფასური უნდა მოგცე, რადგან ვერც შენ საკუთრებას შევწირავ იეჰოვას და ვერც მუქთ დასაწვავ მსხვერპლს!“+ 25 იმ ადგილისთვის დავითმა 600 შეკელი* ოქრო მისცა ორნანს. 26 აუგო მან იქ იეჰოვას სამსხვერპლო+ და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი. მოუხმო იეჰოვას, მანაც უპასუხა და ზეციდან ცეცხლი მოავლინა+ დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე. 27 უბრძანა იეჰოვამ ანგელოზს,+ რომ ქარქაშში ჩაეგო მახვილი. 28 დაინახა დავითმა, რომ იებუსელი ორნანის კალოზე უპასუხა იეჰოვამ და მას შემდეგ იქ სწირავდა მსხვერპლს. 29 იმ დროს იეჰოვას კარავი, რომელიც მოსემ უდაბნოში გააკეთა, და დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო გაბაონში სათაყვანო მაღლობზე იდგა.+ 30 ვერ მიდიოდა დავითი იქ ღვთისთვის რჩევის საკითხავად, რადგან იეჰოვას ანგელოზის მახვილისა ეშინოდა.