3 ამის შემდეგ ალაპარაკდა იობი და დასწყევლა თავისი გაჩენის დღე.+ 2 იობმა თქვა:
3 „ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე,+
და ის ღამე, როცა თქვეს, ვაჟკაცი ჩაისახაო!
4 დაბნელდეს ის დღე;
აღარ გაიხსენოს ის ღმერთმა
და აღარ ეღირსოს იმ დღეს ნათელი.
5 წყვდიადმა მოიცვას ის
და შავი ღრუბელი გადაეკრას.
საზარელმა სიბნელემ შთანთქას იმ დღის სინათლე.
6 უკუნეთმა შეიპყროს ის ღამე,+
არ გაიხაროს წელიწადის დღეებს შორის
და აღარ შევიდეს თვეთა რიცხვში.
7 გაბერწდეს ის ღამე
და აღარ გაისმას მხიარული შეძახილი.
8 დასწყევლონ ის დღის მაწყევრებმა,
რომელთაც ლევიათანის გაღვიძების ძალა შესწევთ.+
9 აღარ გამოანათონ მისი ბინდის ვარსკვლავებმა;
ამაოდ ელოდოს ის დღის სინათლეს
და აღარ იხილოს განთიადის ნათელი,
10 ვინაიდან არ წაართვა დედაჩემს შვილიერების უნარი+
და არ ამარიდა გასაჭირი.
11 რატომ საშვილოსნოშივე არ მოვკვდი?!
რატომ გაჩენისთანავე არ გავთავდი?!+
12 რატომ მიმიღო დედაჩემის კალთამ
და რატომ მაწოვა მან ძუძუ?!
13 ახლა მშვიდად ვიწვებოდი,+
ვიძინებდი და არაფერი შემაწუხებდა;+
14 დედამიწის მეფეებისა და მათი მრჩევლების
გვერდით ვიქნებოდი,
რომელთა აშენებულიც ნანგრევებადაა ქცეული,
15 ან ოქროს მფლობელ მთავრებთან,
ვერცხლით სახლის ამავსებლებთან.
16 რატომ არ მოეშალა დედაჩემს მუცელი
და არ დავემსგავსე იმ ჩვილებს,
დღის სინათლე რომ არ უხილავთ?!
17 იქ ბოროტებმაც შეწყვიტეს მრისხანება
და ძალაგამოცლილნი განისვენებენ;+
18 იქ პატიმრები უშფოთველად არიან
და არ ესმით მისი ხმა, ვინც მუშაობას აიძულებთ;
19 იქ დიდიც და პატარაც თანასწორია,+
და მონა ბატონისგან თავისუფალია.
20 რატომ აძლევს ის ტანჯულს სინათლეს
და სულგამწარებულს — სიცოცხლეს?+
21 რატომ არ კვდებიან ისინი, ვინც სიკვდილს ნატრობენ,+
ვინც დამალული განძივით ეძებენ მას?
22 და, როცა პოულობენ სამარხს,
დიდად ხარობენ და ბედნიერნი არიან.
23 რატომ აძლევს ღმერთი სინათლეს გზააბნეულ კაცს,
რომელსაც უკვე ზღუდე შემოავლო?+
24 საზრდოდ ოხვრა მომეცა+
და ჩემი კვნესა+ წყალივით იღვრება.
25 ის დამატყდა თავს, რისიც მეშინოდა,
ის შემემთხვა, რაც მზარავდა.
26 ისედაც არა მაქვს სიმშვიდე, შვება და მოსვენება,
ახლა გასაჭირზე კიდევ გასაჭირი მემატება“.