ეზეკიელი
43 შემდეგ მან იმ კარიბჭესთან მიმიყვანა, აღმოსავლეთს რომ გაჰყურებდა.+ 2 დავინახე, რომ აღმოსავლეთიდან ისრაელის ღვთის დიდება მოემართებოდა;+ მისი ხმა აბობოქრებული წყლების ხმას ჰგავდა+ და მისი დიდება ანათებდა დედამიწას.+ 3 ეს იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც მაშინ ვიხილე, ქალაქის გასანადგურებლად რომ მივედი*; ეს იმას ჰგავდა, მდინარე ქებართან რომ ვიხილე,+ და პირქვე დავემხვე.
4 შევიდა ტაძარში იეჰოვას დიდება იმ კარიბჭით, აღმოსავლეთს რომ გაჰყურებდა.+ 5 ამიყვანა სულმა და შიდა ეზოში შემიყვანა; ტაძარი იეჰოვას დიდებას აევსო.+ 6 უცებ გავიგონე, რომ ტაძრიდან ვიღაც დამელაპარაკა; მერე მოვიდა ის კაცი და გვერდით დამიდგა.+ 7 მან მითხრა:
„კაცის ძეო, აქ დავიდგამ ტახტს,+ აქ დავდგამ ფეხს+ და აქ დავმკვიდრდები მარადიულად ისრაელთა შორის;+ მეტად აღარ შებღალავენ ჩემს წმინდა სახელს ისრაელები,+ აღარც ისინი შებღალავენ და აღარც მათი მეფეები თავიანთი კერპთაყვანისმცემლობით* და თავიანთი მეფეების გვამებით. 8 თავიანთი ზღურბლისა და წირთხლის ჩემს ზღურბლთან და წირთხლთან მიდებით, მათსა და ჩემ შორის ერთი კედლის აღმართვით,+ შებღალეს ჩემი წმინდა სახელი; საძულველ საქმეებს სჩადიოდნენ; ამიტომაც განვრისხდი და შევმუსრე ისინი.+ 9 შეეშვან კერპთაყვანისმცემლობას და მოიშორონ თავიანთი მეფეების გვამები, და მეც მარადიულად დავმკვიდრდები მათ შორის.+
10 კაცის ძეო, აღუწერე ისრაელებს ეს ტაძარი,+ რომ შერცხვეთ თავიანთი დანაშაულის გამო;+ მათ უნდა შეისწავლონ ამ ტაძრის გეგმა. 11 თუ მართლა შერცხვებათ იმის გამო, რაც ჩაიდინეს, გააცანი ამ ტაძრის გეგმა, მისი განლაგება და მისი შესასვლელ-გასასვლელები,+ მთელი გეგმა და წესები, მთელი გეგმა და კანონები. დაწერე ეს ყოველივე მათ თვალწინ, რათა დააკვირდნენ მის მთელ გეგმას და შეასრულონ ყველა წესი.+ 12 ეს არის ტაძრის კანონი. მთის მწვერვალის ირგვლივ მთელი ადგილი წმინდაა.+ ეს არის ტაძრის კანონი.
13 აი სამსხვერპლოს ზომები წყრთებში+ (1 წყრთა იყო წყრთა და ხელისგულის სიგანე)*: მისი ძირის სიმაღლე 1 წყრთაა და მისი გვერდები 1 წყრთაზეა გამოწეული. მას 1 მტკაველის სიმაღლის კიდე აქვს შემოვლებული. ეს არის სამსხვერპლოს ძირი. 14 ქვედა შვერილის სიმაღლე 2 წყრთაა, ხოლო სიგანე — 1 წყრთა; მომდევნო, დიდი შვერილის სიმაღლე 4 წყრთაა, ხოლო სიგანე — 1 წყრთა. 15 სამსხვერპლოს საცეცხლის სიმაღლე 4 წყრთაა; საცეცხლიდან 4 რქაა ამოშვერილი.+ 16 სამსხვერპლოს საცეცხლე ოთხკუთხედის ფორმისაა; მისი გვერდების სიგრძე 12 წყრთაა.+ 17 დიდი შვერილის ოთხივე გვერდის სიგრძე 14 წყრთაა; სამსხვერპლოს ნახევარი წყრთა სიმაღლის კიდე აქვს შემოვლებული და მისი ძირი ყველა მხარეს 1 წყრთაზეა გამოწეული.
მას კიბე აღმოსავლეთით აქვს“.
18 მან მითხრა: «კაცის ძეო, აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ამის მიხედვით უნდა აიგოს სამსხვერპლო მასზე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლის შესაწირავად და სისხლის მოსასხურებლად.+
19 მიუყვანე მოზვერი ცოდვის შესაწირავად+ ცადოკის შთამომავალ ლევიან მღვდლებს,+ რომლებიც მიახლოვდებიან, რომ მემსახურონ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 20 აიღე მისი სისხლი, წაუსვი სამსხვერპლოს ოთხივე რქას, გარშემოვლებული შვერილის ოთხივე კუთხესა და მის კიდეს, რათა განწმინდო ის ცოდვისგან და შეასრულო მისთვის გამოსყიდვის წესი.+ 21 აიღე მოზვერი, ცოდვის შესაწირავი, და დაწვი ის ტაძრის გარეთ, განსაზღვრულ ადგილზე.+ 22 მეორე დღეს საღი ვაცი მიიყვანე ცოდვის შესაწირავად; განწმინდონ მათ სამსხვერპლო ცოდვისგან ისევე, როგორც მოზვრით განწმინდეს.
23 როცა ცოდვისგან მის განწმენდას დაასრულებ, მიიყვანე საღი მოზვერი საქონლიდან და საღი ვერძი ფარიდან; 24 წარუდგინე ისინი იეჰოვას, მღვდლებმა მარილი მოაყარონ+ და შესწირონ იეჰოვას როგორც მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი. 25 შვიდი დღის მანძილზე ყოველდღიურად უნდა სწირავდე ვაცს ცოდვის შესაწირავად,+ აგრეთვე მოზვერს საქონლიდან და ვერძს ფარიდან. ეს ცხოველები უნაკლო უნდა იყოს. 26 შვიდი დღის განმავლობაში შეასრულებენ გამოსყიდვის წესს სამსხვერპლოსთვის, განწმენდენ მას და გაამზადებენ მსხვერპლშეწირვისთვის. 27 როცა ეს დღეები დასრულდება, მერვე დღიდან+ მოყოლებული მღვდლები შესწირავენ თქვენს მთლიანად დასაწვავ და სამშვიდობო მსხვერპლს სამსხვერპლოზე, და მე მოგიწონებთ თქვენ“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».