ლევიანები
21 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გადაეცი მღვდლებს, აარონის ძეებს, რომ არცერთმა მათგანმა არ გაიუწმინდუროს თავი თავის ხალხს შორის მკვდრის გამო*,+ 2 თუმცა სისხლით ნათესავისთვის — დედისთვის, მამისთვის, ვაჟისთვის, ასულისთვის, ძმისთვის 3 და ქალწული დისთვის, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა და მასთან ცხოვრობდა — შეუძლია გაიუწმინდუროს თავი; 4 არ გაიუწმინდუროს და არ წაიბილწოს თავი იმ ქალის გამო, რომელიც მის ხალხს შორის იყო გათხოვილი. 5 არ გადაიპარსოს თავი,+ არ შეიკრიჭოს წვერის კიდეები და არ დაისეროს სხეული.+ 6 ისინი წმინდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთის წინაშე+ და არ უნდა შებღალონ თავიანთი ღვთის სახელი,+ რადგან ისინი სწირავენ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს, თავიანთი ღვთის პურს*; წმინდები უნდა იყვნენ ისინი.+ 7 არ უნდა შეირთონ არც მეძავი,+ არც ქალწულობადაკარგული და არც განათხოვარი ქალი,+ რადგან მღვდელი წმინდაა თავისი ღვთის თვალში. 8 წმინდად მიიჩნიეთ იგი,+ რადგან ის სწირავს თქვენი ღვთის პურს. ის წმინდა უნდა იყოს თქვენთვის, რადგან მე, იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი, წმინდა ვარ.+
9 თუ მღვდლის ასული იმეძავებს და თავს წაიბილწავს, ამით მამამისსაც წაბილწავს. ის უნდა დაწვათ.+
10 მღვდელმთავარმა, რომელსაც თავის ძმებს შორის ზეთს სცხებენ,+ მღვდლად დანიშნავენ, და ის სამღვდელო სამოსელს ჩაიცვამს,+ არ უნდა იაროს მოუვლელი თმით და არც სამოსელი უნდა შემოიხიოს.+ 11 მკვდარს არ უნდა მიუახლოვდეს,+ დედ-მამასაც კი, და არ გაიუწმინდუროს თავი. 12 არ გავიდეს წმინდა ადგილიდან და არ შებღალოს თავისი ღვთის წმინდა ადგილი,+ რადგან მიძღვნის ნიშნად მას თავისი ღვთის ზეთი სცხია.+ მე ვარ იეჰოვა.
13 მან ცოლად ქალწული უნდა მოიყვანოს.+ 14 არ შეირთოს არც ქვრივი, არც განათხოვარი, არც ქალწულობადაკარგული და არც მეძავი; მხოლოდ ქალწული შეირთოს თავისი ხალხიდან. 15 არ წაბილწოს თავისი შთამომავლობა თავის ხალხს შორის,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მისი განმწმენდელი“.
16 განაგრძო იეჰოვამ მოსესთან ლაპარაკი: 17 „უთხარი აარონს, რომ მისი შთამომავლებიდან ნაკლის მქონე არცერთმა კაცმა არ შესწიროს თავისი ღვთის პური. 18 არ გაეკაროს წმინდა ადგილს ის, ვისაც ნაკლი აქვს: ბრმა, კოჭლი ან ცხვირდასახიჩრებულია, ვისაც ცალი კიდური გრძელი აქვს, 19 ფეხმოტეხილი, ხელმოტეხილი, 20 კუზიანი, ჯუჯა* ან თვალებდასნეულებულია, ვისაც კანის დაავადება აქვს და ვისაც სათესლეები აქვს დაზიანებული.+ 21 აარონ მღვდლის არცერთმა შთამომავალმა, რომელსაც ნაკლი აქვს, არ შესწიროს იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. მას ნაკლი აქვს; ამიტომ არ შესწიროს თავისი ღვთის პური. 22 მას შეუძლია ჭამოს თავისი ღვთის პური, წმინდა+ იქნება თუ უწმინდესი,+ 23 მაგრამ არ მიუახლოვდეს ფარდას+ და არ მივიდეს სამსხვერპლოსთან,+ რადგან ნაკლი აქვს. არ შებღალოს ჩემი წმინდა ადგილი,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი“.+
24 გადასცა მოსემ ეს მითითებები აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელებს.