კანონი
4 «ისრაელებო, დაიცავით ის წესები და სამართალი, რომელიც გასწავლეთ, რათა იცოცხლოთ+ და დაიმკვიდროთ მიწა, რომელსაც იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, გაძლევთ. 2 არაფერი დაუმატოთ და არაფერი მოაკლოთ იმ სიტყვას,+ რომელსაც გიბრძანებთ, რათა დაიცვათ იეჰოვას, თქვენი ღვთის, მითითებები.
3 თქვენი თვალით ნახეთ, რა მოიმოქმედა იეჰოვამ ფეორის ბაალის გამო. იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, მოსპო ყველა, ვინც ფეორის ბაალს თაყვანი სცა.+ 4 მაგრამ თქვენ, ვინც იეჰოვას, თქვენს ღმერთს, უერთგულეთ, ყველანი ცოცხლები ხართ. 5 მე გასწავლეთ წესები და სამართალი,+ როგორც იეჰოვამ, ჩემმა ღმერთმა, მიბრძანა, რათა დაიცვათ იმ მიწაზე, რომელსაც დაიმკვიდრებთ. 6 ზედმიწევნით დაიცავით და შეასრულეთ ეს წესები,+ რათა დაინახოს ხალხმა, რომ ბრძენნი და გონიერნი ხართ,+ და თქვან, ეს დიდი ერი ნამდვილად ბრძენი და გონიერიაო.+ 7 რომელ დიდ ერთან არიან ასე ახლოს მათი ღმერთები, როგორც ჩვენთანაა იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ყოველთვის, როცა ვუხმობთ?!+ 8 რომელ დიდ ერს აქვს იმ კანონების მსგავსი სამართლიანი წესები და კანონები, რომელთაც მე გაძლევთ დღეს?!+
9 იფრთხილეთ და დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ არ დაგავიწყდეთ ის, რაც თქვენი თვალით იხილეთ, და მთელი ცხოვრება გულში გქონდეთ ჩაბეჭდილი. ამის შესახებ თქვენს შვილებს და შვილიშვილებსაც მოუყევით.+ 10 იმ დღეს, როცა იეჰოვას წინაშე იდექით ხორებთან, იეჰოვამ მითხრა: „შემიკრიბე ხალხი, რომ გადავცე ჩემი სიტყვები,+ რათა მთელი ცხოვრება თავადაც სწავლობდნენ ჩემდამი შიშს+ და თავიანთ ვაჟებსაც ასწავლიდნენ“.+
11 თქვენ მოუახლოვდით მთას და მის ძირას დადექით. იწვოდა მთა, ცას სწვდებოდა ცეცხლი; შავი ღრუბელი და სიბნელე ჩამოწოლილიყო.+ 12 ცეცხლიდან დაგელაპარაკათ იეჰოვა.+ მისი ხმა გესმოდათ, მაგრამ ვერაფერს ხედავდით,+ მხოლოდ ხმა გესმოდათ.+ 13 შეთანხმება დაგიდოთ+ და ათი მცნების+ დაცვა გიბრძანათ. მან ეს მცნებები ორ ქვის ფილაზე დაგიწერათ.+ 14 მაშინ მიბრძანა იეჰოვამ, რომ თქვენთვის წესები და სამართალი მესწავლებინა, რათა დაგეცვათ იმ მიწაზე, რომლის დასაპატრონებლადაც მიდიხართ.
15 იმ დღეს, როცა იეჰოვა ხორებთან ცეცხლის შუაგულიდან დაგელაპარაკათ, არანაირი გამოსახულება არ გინახავთ; ამიტომ ფრთხილად იყავით, 16 რომ არ მოიქცეთ უკეთურად და არ გაიკეთოთ არანაირი ქანდაკება, არც კაცისა, არც ქალისა,+ 17 არც ცხოველისა, რაც მიწაზე ბინადრობს, არც ფრინველისა, რაც ცაში დაფრინავს,+ 18 არც იმისა, რაც მიწაზე დახოხავს, და არც არანაირი თევზისა, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.+ 19 როცა ზეცისკენ აღაპყრობთ თვალს და დაინახავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, ცის მთელ ლაშქარს, არ ცდუნდეთ, მათ წინაშე პირქვე არ დაემხოთ და თაყვანი არ სცეთ.+ ისინი იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ცისქვეშეთში ყველა ხალხს მისცა. 20 იეჰოვამ თქვენ რკინის საწრთობი ღუმლიდან, ეგვიპტიდან, გამოგიყვანათ, რათა მისი ხალხი, მისი საკუთრება, გამხდარიყავით,+ და გახდით კიდეც.
21 თქვენ გამო განმირისხდა იეჰოვა+ და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავდი იორდანეს და ვერ შევიდოდი მადლიან მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ დასამკვიდრებლად.+ 22 მე ამ მიწაზე მოვკვდები. მე ვერ გადავლახავ იორდანეს,+ მაგრამ თქვენ გადალახავთ და დაიმკვიდრებთ იმ მადლიან მიწას. 23 იფრთხილეთ, რომ არ დაივიწყოთ შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, დაგიდოთ;+ არ გაიკეთოთ ქანდაკება, არაფერი იმის მსგავსი, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, აგიკრძალათ.+ 24 იეჰოვა, თქვენი ღმერთი, შთამნთქმელი ცეცხლია,+ არ იწყნარებს ორგულობას.+
25 იმ მიწაზე შვილები და შვილიშვილები შეგეძინებათ და დიდხანს იცხოვრებთ; მაგრამ, თუ უკეთურად მოიქცევით და გაიკეთებთ რაიმე ქანდაკებას,+ ბოროტებას ჩაიდენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის, თვალში და შეურაცხყოფთ მას,+ 26 ცასა და დედამიწას ვიმოწმებ დღეს, რომ მალევე მოისპობით იმ მიწიდან, რომელსაც იორდანის გადალახვის შემდეგ დაიმკვიდრებთ. ვერ იქნებით დღეგრძელნი, მოისპობით.+ 27 იეჰოვა ხალხებში გაგფანტავთ,+ და იქ, სადაც იეჰოვა გაგფანტავთ, ცოტანი გადარჩებით.+ 28 იქ დაუწყებთ თაყვანისცემას ადამიანის ხელით შექმნილ ხისა და ქვის ღმერთებს,+ რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით, ვერ ჭამენ და არც ყნოსვა შეუძლიათ.
29 თუ ძებნას დაუწყებთ იქ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, იპოვით კიდეც,+ ოღონდ მთელი სულითა და გულით თუ მოძებნით მას.+ 30 როცა გასაჭირში ჩაცვივდებით და ეს სიტყვები თქვენზე შესრულდება, მაშინ დაუბრუნდებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს, და დაუჯერებთ მას.+ 31 თქვენი ღმერთი იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია.+ არ მიგატოვებთ, არ მოგსპობთ და არ დაივიწყებს თქვენს მამა-პაპასთან ფიცით დადებულ შეთანხმებას.+
32 გაიხსენეთ წარსული დღეები, რა მოხდა თქვენამდე, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ღმერთმა დედამიწაზე ადამიანი შექმნა; გამოიკითხეთ ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. ნუთუ მომხდარა რაიმე ამაზე დიდებული ან გსმენიათ მსგავსი რამ?!+ 33 მოუსმენია თქვენ გარდა სხვა ხალხს ცეცხლიდან ღვთის ხმა და დარჩენილა ცოცხალი?!+ 34 ან, თუ დაუხსნია ღმერთს თავისთვის სხვა ხალხი სასჯელებით, სასწაულებით,+ ომით,+ ძლიერი ხელით,+ გაწვდილი მკლავით და შიშის მომგვრელი საქმეებით,+ რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, თქვენ თვალწინ ეგვიპტეში თქვენთვის მოიმოქმედა?! 35 მან ეს ყველაფერი იმიტომ გახილვინათ, რომ გცოდნოდათ: იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი+ და სხვა არავინაა მის გარდა.+ 36 ზეციდან გაგაგონათ თავისი ხმა, რომ გამოესწორებინეთ; დედამიწაზე გახილვინათ დიდი ცეცხლი და იმ ცეცხლიდან მოისმინეთ მისი სიტყვები.+
37 შეიყვარა თქვენი მამა-პაპა, ამოგირჩიათ თქვენ, მათი შთამომავლობა,+ და თავისი ძლევამოსილებით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან. 38 განდევნა თქვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი ერები, რათა შეეყვანეთ მათ მიწაზე და მოეცა თქვენთვის ის მიწა მემკვიდრეობად, რაც ასეც არის.+ 39 ამიერიდან იცოდეთ და არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე;+ მის გარდა სხვა არავინაა.+ 40 დაიცავით მისი წესები და მცნებები, რომელთაც დღეს გიბრძანებთ, რათა ხელი მოგემართოთ თქვენ და თქვენს ვაჟებს და დღეგრძელნი იყოთ იმ მიწაზე, რომელსაც თქვენი ღმერთი იეჰოვა გაძლევთ».+
41 მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანის აღმოსავლეთით.+ 42 ვისაც მოძმე შემოაკვდება,+ რომელიც არ სძულებია, მან ამ ქალაქებიდან ერთ-ერთს უნდა შეაფაროს თავი, რომ იცოცხლოს.+ 43 რეუბენელებისთვის ასეთი ქალაქია ბეცერი,+ რომელიც ზეგანზე მდებარე უდაბნოში მდებარეობს, გადელებისთვის — გალაადის რამოთი+ და მენაშელებისთვის+ — ბაშანის გოლანი.+
44 ეს არის კანონი,+ რომელიც მოსემ ისრაელებს დაუწესა. 45 ეს არის მითითებები*, წესები და სამართალი, რომლებიც მოსემ გადასცა ისრაელებს, როცა ეგვიპტიდან გამოვიდნენ,+ 46 იორდანის მხარეში, ველზე ბეთ-ფეორის წინ,+ ხეშბონში,+ იმ მიწაზე, სადაც ამორეველთა მეფე სიხონი ცხოვრობდა, რომელიც მოსემ და ისრაელებმა დაამარცხეს ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ.+ 47 დაეპატრონნენ ამ მიწას და ბაშანის მეფის, ოგის,+ მიწას, ამორეველთა ორივე მეფის მიწებს იორდანის აღმოსავლეთით, 48 არნონის+ ხევის პირას მდებარე აროერიდან სიონის, იგივე ხერმონის, მთამდე,+ 49 მთელ არაბას იორდანის აღმოსავლეთით, არაბის ზღვამდე*, ფისგის ფერდობებამდე.+