მსაჯულები
15 გავიდა დრო და ხორბლის მკის დროს სამსონი თავისი ცოლის სანახავად წავიდა და თან თიკანი წაიყვანა. თქვა, შევალო ჩემს ცოლთან ოთახში, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა. 2 უთხრა ქალის მამამ: „მეგონა, მოიძულე ის+ და შენს ერთ-ერთ მაყარს მივათხოვე.+ უმცროსი და არ სჯობია მას?! მის ნაცვლად ის წაიყვანე!“ 3 სამსონმა თქვა: „ახლა ნამდვილად ვერ დამძრახავენ ფილისტიმელები, თუ მათ შავ დღეში ჩავყრი!“
4 წავიდა სამსონი და 300 მელა დაიჭირა; აიღო ჩირაღდნები, მელიები ერთმანეთს კუდებით გადააბა და კუდებს შორის თითო ჩირაღდანი ჩააყოლა; 5 ჩირაღდნებს ცეცხლი მოუკიდა და მელიები ფილისტიმელთა ყანებში გაუშვა. ასე გადაწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის კორომებიც.
6 ფილისტიმელებმა იკითხეს, ეს ვინ ჩაიდინაო. უთხრეს, სამსონმა, თიმნელის სიძემ, რადგან სიმამრმა მისი ცოლი ერთ-ერთ მაყარს მიათხოვაო.+ წავიდნენ ფილისტიმელები და ის ქალიცა და მამამისიც ცეცხლში დაწვეს.+ 7 სამსონმა უთხრა მათ: „რაკი ასე იქცევით, ვერ მოვისვენებ, სანამ თქვენზე შურს არ ვიძიებ!“+ 8 ერთი მეორის მიყოლებით ყველა დახოცა. წავიდა და ეტამის კლდის გამოქვაბულში დასახლდა.
9 ავიდნენ ფილისტიმელები იუდაში და იქ დაბანაკდნენ; ლეხთან დათარეშობდნენ.+ 10 იუდეველებმა ჰკითხეს მათ, ჩვენთან რატომ ამოხვედითო. მათ მიუგეს, სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რომ მასაც იგივე დავმართოთ, რაც ჩვენ დაგვმართაო. 11 ჩავიდა 3 000 კაცი იუდადან ეტამის კლდის გამოქვაბულთან და სამსონს უთხრა: „არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე?!+ ეს რა გვიყავი?!“ მან მიუგო: „როგორც ისინი მომექცნენ, მეც ისე მოვექეცი!“ 12 მათ უთხრეს: „შენ შესაპყრობად ჩამოვედით, რომ ფილისტიმელებს გადაგცეთ“. სამსონმა მიუგო: „შემომფიცეთ, რომ ჩემს მოკვლას არ შეეცდებით“. 13 მათ უთხრეს: „არა, მხოლოდ შეგბოჭავთ და მათ გადაგცემთ; მოკვლით არ მოგკლავთ“.
შეკრეს იგი ორი ახალი თოკით და წამოიყვანეს გამოქვაბულიდან. 14 როცა ლეხთან მივიდა, ფილისტიმელებმა მის დანახვაზე ყიჟინა დასცეს. ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული;+ მკლავებზე შემოხვეული თოკები დამწვარი სელის ძაფებივით დაწყვიტა და გაითავისუფლა ხელები.+ 15 დაინახა ვირის ყბა, სტაცა ხელი და 1 000 კაცი მოკლა ვირის ყბით.+ 16 სამსონმა თქვა:
„გროვები დავახვავე ვირის ყბით,
ვირის ყბით მოვკალი ათასი!“+
17 ეს რომ თქვა, მოისროლა ყბა და იმ ადგილს რამათ-ლეხი*+ უწოდა. 18 ძალიან მოსწყურდა და მოუხმო იეჰოვას: „შენ მომაპოვებინე ეს დიდებული გამარჯვება მე, შენს მსახურს. ახლა კი წყურვილით უნდა მოვკვდე და წინადაუცვეთელებს ჩავუვარდე ხელში?!“ 19 ღმერთმა ნაპრალი გააჩინა ლეხში, საიდანაც წყალი გადმოვიდა;+ დალია მან, სული მოითქვა და გამოცოცხლდა. ამიტომ დაარქვა იმ ადგილს ენ-ჰაკორე*; ის დღემდე ლეხშია.