კანონი
27 შემდეგ მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ხალხს უბრძანეს: „დაიცავით ყველა მცნება, რომლებსაც დღეს გაძლევთ. 2 რა დღესაც იორდანეს გადაკვეთთ, რომ შეხვიდეთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ, ლოდები აღმართეთ და კირით შელესეთ.+ 3 ზედ კანონის ყველა სიტყვა დააწერეთ, როცა მდინარეს გადაკვეთთ, რათა შეხვიდეთ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ, მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, დაგპირდათ.+ 4 როცა გადაკვეთთ იორდანეს, აღმართეთ ეს ლოდები ებალის მთაზე+ და კირით შელესეთ, როგორც დღეს გიბრძანეთ. 5 იქ სამსხვერპლოც აუგეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო; მის დასამზადებლად რკინის იარაღი არ გამოიყენოთ.+ 6 იეჰოვას, თქვენი ღვთის, სამსხვერპლო, მთლიანი ქვებით ააგეთ და შესწირეთ ზედ დასაწვავი მსხვერპლი იეჰოვას, თქვენს ღმერთს. 7 შესწირეთ სამშვიდობო მსხვერპლი,+ იქვე ჭამეთ+ და იხარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე.+ 8 გარკვევით დაწერეთ ლოდებზე ამ კანონის ყველა სიტყვა“.+
9 მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელ ისრაელს მიმართეს: „დადუმდი და მოისმინე, ისრაელო! დღეს გახდით იეჰოვას, თქვენი ღვთის, ხალხი.+ 10 მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, და შეასრულეთ მისი მცნებები+ და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ“.
11 იმ დღეს მოსემ ხალხს უბრძანა: 12 «როცა იორდანეს გადაკვეთთ, გერიზიმის მთაზე+ კურთხევის წარმოსათქმელად დადგნენ: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი; 13 ებალის მთაზე+ კი წყევლის წარმოსათქმელად დადგნენ: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი. 14 ლევიანებმა ისრაელებს ხმამაღლა მიმართონ:+
15 „წყეული იყოს ის, ვინც გამოთლის ან ჩამოასხამს ქანდაკებას+ და ფარულად იქონიებს მას. ხელოსნის ამგვარი ნაკეთობა+ სისაძაგლეა იეჰოვასთვის;+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
16 წყეული იყოს, ვინც დედ-მამას მოიძულებს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
17 წყეული იყოს, ვინც თავის მოძმეს მიჯნას გადაუწევს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
18 წყეული იყოს, ვინც უსინათლოს გზას აუბნევს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
19 წყეული იყოს, ვინც თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელებსა და ქვრივ-ობლებს+ სამართალს გაუმრუდებს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
20 წყეული იყოს, ვინც მამამისის ცოლთან დაწვება და მამამისს შეურაცხყოფს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
21 წყეული იყოს, ვინც ცხოველთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
22 წყეული იყოს, ვინც თავის დასთან, მამამისის ან დედამისის ასულთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
23 წყეული იყოს, ვინც სიდედრთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
24 წყეული იყოს, ვინც თავის მოძმეს ჩაუსაფრდება და მოკლავს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
25 წყეული იყოს, ვინც ფულს აიღებს უდანაშაულო კაცის მოსაკლავად+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
26 წყეული იყოს, ვინც არ დაიცავს და არ შეასრულებს ამ კანონის სიტყვებს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“)“».