იოანეს სახარება
15 «მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა. 2 ის მომაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს, ყოველ ნაყოფიერს კი გასხლავს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.+ 3 თქვენ უკვე სუფთები ხართ იმ სიტყვის წყალობით, რომელიც გითხარით.+ 4 დარჩით ჩემთან ერთობაში, მე კი თქვენთან ერთობაში დავრჩები. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, თქვენც ასე იქნებით, თუ ჩემთან ერთობაში არ დარჩებით.+ 5 მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები. ვინც ჩემთან რჩება ერთობაში და ვისთანაც მე ვრჩები ერთობაში, მას უხვად გამოაქვს ნაყოფი;+ უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. 6 თუ ვინმე არ რჩება ჩემთან ერთობაში, მას მოჭრილი ლერწის მსგავსად აგდებენ და ხმება. შემდეგ აგროვებენ წალამს, ცეცხლში ყრიან და წვავენ. 7 თუ ჩემთან ერთობაში რჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში რჩება, ითხოვეთ, რაც გსურთ, და შეგისრულდებათ.+ 8 მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ.+ 9 როგორც მამამ შემიყვარა,+ მეც ისე შეგიყვარეთ; დარჩით ჩემს სიყვარულში! 10 თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში.
11 ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ბოლომდე განიცადოთ ის სიხარული, რასაც მე განვიცდი.+ 12 ჩემი მცნება ის არის, რომ ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ.+ 13 იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს სწირავს მეგობრებისთვის.+ 14 თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ.+ 15 მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; მეგობრები გიწოდეთ, რადგან რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ. 16 თქვენ კი არ ამირჩიეთ, მე აგირჩიეთ და დაგნიშნეთ, რომ კვლავაც გამოიღოთ ნაყოფი და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ.+
17 ამას იმიტომ გიდებთ მცნებად, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ.+ 18 თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენამდე მე შემიძულა.+ 19 ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. თქვენ ქვეყნიერების ნაწილი არ ხართ,+ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან და ამიტომ სძულხართ მას.+ 20 გახსოვდეთ, რაც გითხარით, მონა თავის ბატონზე მეტი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიან, თქვენც გაგდევნიან,+ თუ ჩემს სიტყვას ისმენენ, თქვენსასაც მოისმენენ. 21 მაგრამ ასე ჩემი სახელის გამო მოგექცევიან, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს.+ 22 მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ბრალი არ დაედებოდათ,+ მაგრამ ახლა ვერაფრით იმართლებენ თავს თავიანთი ცოდვების გამო.+ 23 ვისაც მე ვძულვარ, მამაჩემიც სძულს.+ 24 მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ბრალი არ დაედებოდათ,+ ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც, 25 მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო კანონში ჩაწერილი: „უმიზეზოდ შემიძულეს“.+ 26 როცა მოვა დამხმარე, რომელსაც მამისგან გამოგიგზავნით — ჭეშმარიტების სული,+ რომელიც მამისგანაა — ის დაამოწმებს ჩემზე.+ 27 თქვენც უნდა დაამოწმოთ,+ რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ».