დაბადება
31 გაიგო იაკობმა, ლაბანის ვაჟები რომ ამბობდნენ, წაიღო იაკობმა ყველაფერი, რაც მამაჩვენს ეკუთვნოდა, და მისი ქონებით გამდიდრდაო.+ 2 იაკობი ლაბანს სახეზე ატყობდა, რომ მის მიმართ უწინდელივით კეთილგანწყობილი აღარ იყო.+ 3 იეჰოვამ იაკობს უთხრა: „დაბრუნდი მამაშენისა და შენი სანათესავოს+ მიწაზე; მე ვიქნები შენთან“. 4 დაიბარა იაკობმა რახელი და ლეა მინდორში, სადაც ფარა ჰყავდა, 5 და უთხრა:
«შევატყვე მამათქვენს, რომ ის ჩემ მიმართ უწინდელივით კეთილგანწყობილი აღარაა.+ მაგრამ მამაჩემის ღმერთი ჩემთან არის.+ 6 თქვენ იცით, რომ თავდაუზოგავად ვემსახურებოდი მამათქვენს,+ 7 ის კი ჩემ მოტყუებას შეეცადა და ათჯერ შემიცვალა გასამრჯელო, თუმცა ღმერთმა არ დააზარალებინა ჩემი თავი. 8 როცა მეტყოდა, შენი გასამრჯელო წინწკლებიანი იყოსო, მთელი ფარა წინწკლებიანს იგებდა, და, როცა მეტყოდა, ზოლებიანი იყოსო, მთელი ფარა ზოლებიანს იგებდა.+ 9 ღმერთი მამათქვენს ართმევდა ფარას და მე მაძლევდა. 10 ერთხელ, როცა ფარის ახურების დრო დადგა, სიზმარში ვნახე, რომ ფარას ზოლებიანი, წინწკლებიანი და ლაქებიანი ვაცები ამაკებდნენ.+ 11 სიზმარში ღვთის ანგელოზმა დამიძახა: „იაკობ!“ მე მივუგე: „გისმენ, უფალო“. 12 მან მითხრა: „გაიხედე და დაინახავ, რომ ფარას ზოლებიანი, წინწკლებიანი და ლაქებიანი ვაცები ახტებიან; დავინახე ყველაფერი, რასაც ლაბანი გიკეთებს.+ 13 მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი. მე გამოგეცხადე ბეთელში,+ სადაც ზეთი სცხე სვეტს და აღთქმა დამიდე.+ ახლა ადექი, წადი ამ მიწიდან და სამშობლოში დაბრუნდი“».+
14 რახელმა და ლეამ უთხრეს: „მეტს მაინც აღარაფერს მოგვცემს მამაჩვენი. 15 მისთვის ხომ უცხოებივით ვართ?! გაგვყიდა და ჩვენ სანაცვლოდ აღებული ფულით ცხოვრობს!+ 16 მთელი სიმდიდრე, რაც ღმერთმა მამაჩვენს წაართვა, ახლა ჩვენი და ჩვენი შვილებისაა.+ ამიტომ ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც ღმერთმა გითხრა“.+
17 ადგა იაკობი და თავისი შვილები და ცოლები აქლემებზე შესხა.+ 18 წაიყვანა მთელი თავისი ფარა და წაიღო მთელი თავისი დაგროვილი ქონება,+ ფადან-არამში მოგებული ფარა, და წავიდა მამამისთან, ისაკთან, ქანაანის+ მიწაზე.
19 ლაბანი ცხვრების გასაპარსად რომ იყო წასული, რახელმა მამამისს+ თერაფიმები*+ მოჰპარა. 20 ჭკუით აჯობა იაკობმა არამელ ლაბანს; არ უთხრა, რომ მიდიოდა. 21 წავიდა და ყველაფერი, რაც ჰქონდა, თან წაიღო. გადალახა მდინარე*+ და გალაადის+ მთიანი მხარისკენ გაემართა. 22 მესამე დღეს ლაბანს შეატყობინეს, იაკობი გაიქცაო. 23 გაიყოლა ლაბანმა თავისი ნათესავები, შვიდი დღის სავალზე სდია და გალაადის მთიან მხარეში დაეწია. 24 ღამით სიზმარში+ ღმერთი გამოეცხადა არამელ+ ლაბანს და უთხრა: „იცოდე, არც ცუდი უთხრა იაკობს და არც კარგი!“+
25 მივიდა ლაბანი იაკობთან. იაკობს გალაადის მთიან მხარეში გაეშალა კარავი; ლაბანიც თავის ნათესავებთან ერთად იქ დაბანაკდა. 26 ლაბანმა იაკობს უთხრა: „ეს რა გამიკეთე?! რატომ მომექეცი ცბიერულად? ჩემი ასულები ტყვეებივით გაიტაცე! 27 ფარულად რატომ გაიქეცი და რატომ არაფერი მითხარი?! მე შენ გაცილებას მხიარულებითა და სიმღერებით, დაირითა და ქნარით ვაპირებდი, 28 შენ კი ჩემი ქალიშვილებისა და შვილიშვილებისთვის* არც კი მაკოცნინე. უგუნურად მოიქეცი. 29 ამას არ შეგარჩენდი, წუხელ მამაშენის ღმერთს რომ არ ეთქვა ჩემთვის, იცოდე, არც ცუდი უთხრა იაკობს და არც კარგიო!+ 30 მესმის, რომ გენატრებოდა მამაშენის სახლი და წახვედი, მაგრამ ჩემი ღმერთები რატომღა მოიპარე?!“+
31 იაკობმა ლაბანს უთხრა: „მეშინოდა, ვფიქრობდი, არ წამართვას-მეთქი თავისი ქალიშვილები. 32 ნუ იცოცხლებს ის, ვისაც შენს ღმერთებს უპოვი. ჩვენი ნათესავების თვალწინ შეამოწმე ყველაფერი და, თუ შენსას რაიმეს იპოვი, წაიღე“. არ იცოდა იაკობმა, რომ ღმერთები რახელს მოეპარა. 33 შევიდა ლაბანი იაკობის, ლეასა და ორივე მხევლის+ კარვებში, მაგრამ ვერ იპოვა ღმერთები. ბოლოს გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა. 34 წამოღებული თერაფიმები რახელს აქლემის უნაგირში დაემალა, თვითონ კი ზედ იჯდა. ლაბანმა მთელი კარავი შეამოწმა, მაგრამ ვერ იპოვა თერაფიმები. 35 რახელმა მამამისს უთხრა: „ნუ განმირისხდება ჩემი ბატონი; ვერ ავდგები, ქალისთვის ჩვეული რამ მჭირს“.+ დაძებნა ლაბანმა თერაფიმები,+ მაგრამ ვერ იპოვა.
36 გაბრაზდა იაკობი და უსაყვედურა ლაბანს: „რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ ასე გაშმაგებით დამედევნე? 37 ხომ შეამოწმე მთელი ჩემი ქონება! რა იპოვე შენი სახლიდან წამოღებული? მოიტანე ჩვენი ნათესავების წინაშე და მათ განგვსაჯონ. 38 შენთან 20 წელი ვიყავი. არც ცხვარი გაბერწებულა და არც თხა,+ არც ვერძი მიჭამია შენი ფარიდან. 39 არცერთი დაგლეჯილი არ მომიყვანია შენთვის.+ დანაკარგს მე ვანაზღაურებდი. დღისით თუ ღამით მოპარულს მე მაზღვევინებდი. 40 დღისით სიცხე მტანჯავდა, ღამით — სიცივე და ჩემს თვალს ძილი არ მიჰკარებია.+ 41 ასე გავატარე 20 წელი შენს სახლში. 14 წელი შენი ორი ქალიშვილისთვის გემსახურე და 6 წელი — ფარისთვის, შენ კი ათჯერ შემიცვალე გასამრჯელო.+ 42 ჩემთან რომ არ ყოფილიყო მამაჩემის ღმერთი,+ აბრაამის ღმერთი, ვისი მოშიშიც ისაკია,+ ხელცარიელს გამიშვებდი. მაგრამ დაინახა ღმერთმა ჩემი საცოდაობა, ჩემი ჯაფა და ამიტომაც გაგაფრთხილა წუხელ“.+
43 ლაბანმა იაკობს მიუგო: „ესენი ჩემი ქალიშვილები და ჩემი შვილიშვილები არიან, ეს კი ჩემი ფარაა. რასაც ხედავ, ჩემი და ჩემი ქალიშვილებისაა. ამათ ან ამათ შვილებს როგორ დავუშავო რამე?! 44 მოდი მე და შენ შეთანხმება დავდოთ და ეს იყოს მოწმობა ჩვენ შორის“. 45 აიღო იაკობმა ქვა და სვეტად აღმართა.+ 46 შემდეგ თავის ნათესავებს უთხრა: „აიღეთ ქვები!“ მათაც აიღეს ქვები და ერთ ადგილას დააწყვეს. შემდეგ ამ ქვებზე ჭამეს. 47 ლაბანმა მას იეგარ-საჰადუთა* უწოდა, იაკობმა კი — გალაადი*.
48 ლაბანმა უთხრა: „ეს წყება მოწმეა ჩვენ შორის“. ამიტომ ეწოდა მას გალაადი.+ 49 იაკობმა მას საგუშაგო კოშკიც უწოდა, რადგან ლაბანმა თქვა: „იეჰოვა იყოს გუშაგი ჩვენ შორის, როცა ერთმანეთს დავშორდებით. 50 თუ ცუდად მოექცევი ჩემს ქალიშვილებს ან სხვა ცოლებს მოიყვან, იცოდე, მე და შენ შორის მოწმე კაცი კი არა, ღმერთი იქნება“. 51 ლაბანმა იაკობს უთხრა: „აი ქვების წყება და აი სვეტი, რომელიც ჩვენ შორისაა აღმართული. 52 ეს წყება მოწმეა და ეს სვეტიც მოწმეა,+ რომ არ გადმოვალ ამ წყების იქით შენ საზიანოდ და არც შენ გადმოხვალ ამ წყებისა და სვეტის აქეთ ჩემ საზიანოდ. 53 აბრაამის ღმერთმა,+ ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს“. შემდეგ იაკობმა დაიფიცა ის, ვისი მოშიშიც მამამისი ისაკი იყო.+
54 შესწირა იაკობმა მსხვერპლი იმ მთიან მხარეში და მიიწვია ნათესავები საჭმელად. მათაც ჭამეს და იქ გაათიეს ღამე. 55 დილაადრიან ადგა ლაბანი, დაკოცნა თავისი შვილიშვილები+ და ქალიშვილები და დალოცა.+ შემდეგ გზას გაუდგა და შინ დაბრუნდა.+