ზაქარია
11 «გააღე კარები, ლიბანო,
რომ ცეცხლმა შთანთქას შენი კედრები!
2 იტირე, ღვიავ, დაეცა კედარი,
განადგურებულია დიდებული ხეები!
იტირეთ, ბაშანის მუხებო,
განადგურებულია უღრანი ტყე!
3 ყური დაუგდეთ მწყემსების მოთქმას!
ბოლო მოეღო მათ სიდიადეს.
ყური დაუგდეთ ლომების ღრიალს!
მოისპო ბუჩქნარი იორდანის გასწვრივ.
4 აი, რას ამბობს იეჰოვა, ჩემი ღმერთი: „მწყემსეთ დასაკლავად განწირული ფარა,+ 5 რომელსაც მყიდველები ხოცავენ,+ თუმცა პასუხს არავინ სთხოვს; მათი გამყიდველები+ კი ამბობენ, დიდება იეჰოვას, გავმდიდრდებითო. მათი მწყემსები არ იბრალებენ მათ.+
6 აღარც მე შევიბრალებ ამ მიწის მკვიდრთ, — ამბობს იეჰოვა. — მოძმეებს ერთმანეთს დავაჩაგვრინებ, მათ კი მეფე დაჩაგრავს; ააოხრებენ ისინი მიწას; არავის არ დავიხსნი“».
7 დაჩაგრულო ცხვრებო, მე გმწყემსავდით თქვენ სასიკეთოდ, დასაკლავად განწირულო ფარავ.+ ავიღე ორი ჯოხი, ერთს „ნეტარება“ ვუწოდე, მეორეს — „კავშირი“,+ და მწყემსვას შევუდექი. 8 ერთ თვეში სამი მწყემსი დავითხოვე, რადგან ვეღარ ავიტანე ისინი და მათაც შევძულდი. 9 ვთქვი, აღარ დაგმწყემსავთ-მეთქი. მომაკვდავი მოკვდეს, დასაღუპავი დაიღუპოს, დანარჩენებმა კი ერთმანეთის ხორცი ჭამონ-მეთქი. 10 ავიღე ჩემი ჯოხი — „ნეტარება“,+ ნატეხებად ვაქციე და ამით დავარღვიე ჩემს ხალხთან დადებული შეთანხმება. 11 იმ დღეს დაირღვა ეს შეთანხმება; ფარის დაჩაგრულმა ცხვრებმა, მე რომ შემომყურებდნენ, გაიგეს, რომ ეს იეჰოვას სიტყვა იყო.
12 მათ ვუთხარი, თუ სწორად მიგაჩნიათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არადა, ნუ მომცემთ-მეთქი. მათაც მომცეს გასამრჯელოდ 30 ვერცხლი.+
13 შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „ჩაყარე საგანძურში. აი, თურმე რამდენი ვღირებულვარ!“+ მეც ავიღე 30 ვერცხლი და ჩავყარე იეჰოვას ტაძრის საგანძურში.+
14 მერე ნატეხებად ვაქციე ჩემი მეორე ჯოხიც — „კავშირი“,+ და ამით დასრულდა იუდასა და ისრაელის ძმობა.+
15 იეჰოვამ მითხრა: „აიღე უმაქნისი მწყემსის აღჭურვილობა.+ 16 აი, დადგება მწყემსი ამ მიწაზე. ის არ იზრუნებს ცხვარზე, რომელიც იღუპება;+ არ მოძებნის ბატკნებს, არ განკურნავს დაშავებულს,+ არ გამოკვებავს ფეხზე მდგომს, მსუქნის ხორცს შეჭამს+ და ცხვარს ჩლიქებს დააგლეჯს.+
17 ვაი ჩემს უვარგის მწყემსს,+ ფარის მიმტოვებელს!+
მახვილი მოუღებს ბოლოს მის მკლავსა და მის მარჯვენა თვალს.
მკლავი გაუხმება
და მარჯვენა თვალით დაბრმავდება“.