ბიბლიის წიგნი 38 — ზაქარია
დამწერი: ზაქარია
დაწერის ადგილი: იერუსალიმი
წერა დასრულდა: ძვ. წ. 518
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 520—518
1. რა მდგომარეობაში იყო იერუსალიმის ტაძარი, როცა ზაქარიამ წინასწარმეტყველება დაიწყო?
იერუსალიმის ტაძრის მშენებლობა სრულიად შეჩერებული იყო, როცა ზაქარიამ წინასწარმეტყველება დაიწყო. სოლომონმა თავდაპირველი ტაძრის მშენებლობა შვიდწელიწად-ნახევარში დაასრულა (1 მეფ. 6:37, 38), სამშობლოში დაბრუნებული იუდეველები კი უკვე 17 წელიწადი იყო, რაც იერუსალიმში იყვნენ, მაგრამ ტაძრის მშენებლობის დასრულებას ჯერაც არ უჩანდა პირი. მას შემდეგ, რაც არტაქსერქსემ (ბარდია, ან გაუმატა) აკრძალვის ბრძანება გამოსცა, მშენებლობა საბოლოოდ შეჩერდა. თუმცა საქმე კიდევ ერთხელ დაიძრა ადგილიდან. იეჰოვამ ანგიასა და ზაქარიას მეშვეობით აღძრა ხალხი, კვლავ შესდგომოდნენ მშენებლობას და ბოლომდე მიეყვანათ ის (ეზრ. 4:23, 24; 5:1, 2).
2. რატომ ეჩვენებოდა ხალხს ამ დავალების შესრულება რთულად და რაზე გაამახვილა მათი ყურადღება ზაქარიამ?
2 ეს დავალება ხალხს ძალიან რთულად ეჩვენებოდა (ზაქ. 4:6, 7). ისინი ცოტანი იყვნენ, მტრები კი — ბევრნი. თუმცა მათი მთავარი ზერუბაბელი დავითის სამეფო ხაზიდან იყო, მათ მეფე არ ჰყავდათ და უცხო ქვეყნის უღელქვეშ იყვნენ. რა ადვილად შეიძლებოდა ყველაფერზე ხელის ჩაქნევა და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი, მაშინ როცა ძლიერი რწმენა და გადამწყვეტი მოქმედება იყო საჭირო! ზაქარიამ ყურადღება გაუმახვილა ხალხს ღვთის როგორც იმდროინდელ, ისე სამომავლო განზრახვებზე, და სამუშაოს გასაგრძელებლად განამტკიცა ისინი (8:9, 13). იუდეველები უმადური წინაპრებივით აღარ უნდა მოქცეულიყვნენ (1:5, 6).
3. ა) როგორ გვაცნობს თავს ზაქარია და რატომ შეეფერება მას თავისი სახელი? ბ) როდის წარმოთქვა და ჩაწერა ზაქარიამ თავისი წინასწარმეტყველება?
3 ვინ იყო ზაქარია? ბიბლიაში დაახლოებით 30 ზაქარიაა მოხსენიებული. წიგნის დამწერი თავს „წინასწარმეტყველ ზაქარიად, იდოს ვაჟის ბერექიას ვაჟად“ გვაცნობს (ზაქ. 1:1; ეზრ. 5:1; ნეემ. 12:12, 16). მისი სახელი (ებრაულად „ზეხარიაჰ“) ნიშნავს „იაჰს გაახსენდა“. ზაქარიას წიგნიდან ნათლად ჩანს, რომ „ლაშქართა ღმერთ იეჰოვას“ ახსოვს თავისი ხალხი და სიკეთეს გაუკეთებს მათ თავისი სახელის გულისთვის (ზაქ. 1:3). წიგნში მოხსენიებული თარიღებიდან გამომდინარე, ის სულ მცირე ორწლიან პერიოდს მოიცავს. ტაძრის მშენებლობა განახლდა „დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს“ (ძვ. წ. 520 წლის ოქტომბერ-ნოემბერი). სწორედ ამ დროს დაიწყო ზაქარიამ წინასწარმეტყველება (1:1). წიგნი აგრეთვე მოიხსენიებს „მეცხრე თვის, ქისლევის, მეოთხე დღეს“ „დარიოსის მეფობის მეოთხე წელს“ (დაახლოებით ძვ. წ. 518 წლის 1-ლი დეკემბერი) (7:1). ასე რომ, ზაქარიამ თავისი წინასწარმეტყველება ძვ. წ. 520—518 წლებში წარმოთქვა და ჩაწერა (ეზრ. 4:24).
4, 5. ა) რატომღა წინასწარმეტყველებდა ზაქარია ტვიროსის განადგურებაზე, როცა ის უკვე დიდი ხნის წინ იყო განადგურებული? ბ) რომელი წინასწარმეტყველებების შესრულება ადასტურებს წიგნის ღვთივშთაგონებულობას?
4 ვინც ზაქარიას წიგნს იკვლევს, მისი უტყუარობის დამამტკიცებელ უამრავ ფაქტს აღმოაჩენს. განვიხილოთ წინასწარმეტყველება ტვიროსზე. 13-წლიანი ალყის შემდეგ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა მიწასთან გაასწორა ტვიროსი. თუმცა ტვიროსი მაშინ საბოლოოდ არ განადგურებულა. მრავალი წლის შემდეგ ზაქარიამ ტვიროსის საბოლოო განადგურება იწინასწარმეტყველა. ალექსანდრე მაკედონელმა მიწაყრილი ააგო, ტვიროსის კუნძულოვანი ნაწილი გაანადგურა და გადაწვა ქალაქი. ამგვარად შესრულდა ზაქარიას მიერ თითქმის ორი საუკუნით ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველება (ზაქ. 9:2—4)a.
5 წიგნის ღვთივშთაგონებულობას ყველაზე მეტად ამტკიცებს მესიაზე ანუ იესო ქრისტეზე შესრულებული წინასწარმეტყველებები, როგორც ეს შემდეგი მუხლების შედარებიდან ჩანს: ზაქარიას 9:9 — მათეს 21:4, 5 და იოანეს 12:14—16, ზაქარიას 12:10 — იოანეს 19:34—37, ზაქარიას 13:7 — მათეს 26:31 და მარკოზის 14:27. მსგავსება არსებობს შემდეგ მუხლებს შორისაც: ზაქარიას 8:16 — ეფესოელების 4:25, ზაქარიას 3:2 — იუდას 9 და ზაქარიას 14:5 — იუდას 14. წმინდა წერილების წიგნებს შორის შეთანხმებულობა ნამდვილად გასაოცარია.
6. ა) რატომ იცვლება წერის სტილი მე-9 თავიდან? ბ) რატომ მიაწერა მათემ ზაქარიას სიტყვები იერემიას?
6 ბიბლიის ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ მე-9 თავიდან წიგნი ზაქარიას არ დაუწერია, რადგან წერის სტილი მკვეთრად იცვლება. თუმცა სტილის ცვლილება თემის ცვლილებით არის განპირობებული. პირველი რვა თავი ზაქარიას დღეებში მცხოვრები ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნება, 9—14 თავებში კი წინასწარმეტყველი შორეულ მომავალზე საუბრობს. ზოგიერთს აინტერესებს, რატომ მიაწერს მათე ზაქარიას სიტყვებს იერემიას (მათ. 27:9; ზაქ. 11:12). როგორც ჩანს, სხვადასხვა დროს გვიანდელ წინასწარმეტყველებში რიგით პირველად იერემიას მიიჩნევდნენ (თანამედროვე ბიბლიებში პირველი ესაიაა). აქედან გამომდინარე, როდესაც მათე ზაქარიას „იერემიას“ სახელით მოიხსენიებდა, ის შეიძლება იუდეველთა ჩვეულებას მიჰყვებოდა, რომლის თანახმადაც წმინდა წერილების გარკვეულ ნაწილს პირველი წიგნის სახელით მოიხსენიებდნენ. თავად იესომ ფსალმუნებად მოიხსენია ყველა ის წიგნი, რომლებიც წერილების სახელით იყო ცნობილი (ლუკ. 24:44)b.
7. რისგან შედგება ზაქარიას წიგნი?
7 მე-6 თავის მე-8 მუხლამდე წიგნში რვა ხილვაა აღწერილი, რომლებიც სტილით დანიელისა და ეზეკიელის ხილვებს ჰგავს და, ძირითადად, ტაძრის განახლებას უკავშირდება. ამას მოსდევს განაცხადები და წინასწარმეტყველებები გულითადი თაყვანისმცემლობის, ისრაელის აღორძინებისა და იეჰოვას ბრძოლის დღის შესახებ.
შინაარსი
8. რას ვიგებთ ოთხი მხედრის შესახებ ხილვიდან იერუსალიმსა და ხალხებზე?
8 პირველი ხილვა: ოთხი მხედარი (1:1—17). „დამიბრუნდით . . . და მეც დაგიბრუნდებით“, — თქვა იეჰოვამ. შემდეგ იკითხა: „განა არ მისწვდა თქვენს მამებს ჩემი სიტყვები და წესები, რომლებიც ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს ვუბრძანე?!“ (1:3, 6). ხალხმა აღიარა, რომ მიიღეს ის, რასაც იმსახურებდნენ. ზაქარიამ თავის პირველ ხილვაში ნახა ოთხი მხედარი, რომლებიც ღამით ხეებს შორის იდგნენ იერუსალიმთან ახლოს. მათ მოიარეს დედამიწა და ნახეს, რომ ყველგან სიმშვიდე და უშფოთველობა იყო. მაგრამ ანგელოზი, რომელიც ამ მხედრებს ესაუბრებოდა, შეშფოთებული იყო იერუსალიმის მდგომარეობით. იეჰოვა დიდი რისხვით იყო ანთებული ხალხებზე, რომლებმაც გაამწვავეს სიონის უბედურება. ის ‘წყალობით დაბრუნდებოდა იერუსალიმში’. მისი სახლი აშენდებოდა იქ და ქალაქები ‘კვლავ აივსებოდა ყოველივე კარგით’ (1:16, 17).
9. რა უთხრა იეჰოვამ ზაქარიას რქებსა და ხელოსნებზე?
9 მეორე ხილვა: რქები და ხელოსნები (1:18—21). ზაქარიამ იხილა ოთხი რქა, რომლებმაც გაფანტეს იუდა, ისრაელი და იერუსალიმი. შემდეგ იეჰოვამ მას ახილვინა ოთხი ხელოსანი, რომლებიც დასცემდნენ იუდას მოწინააღმდეგე ხალხთა რქებს.
10. როგორ აკურთხებდა იეჰოვა იერუსალიმს?
10 მესამე ხილვა: იერუსალიმის კეთილდღეობა (2:1—13). ზაქარიამ იხილა კაცი, რომელიც იერუსალიმს ზომავდა. იეჰოვას კურთხევით ქალაქი გაფართოვდებოდა, იეჰოვა ცეცხლის გალავნად იქცეოდა მისთვის და დიდებით აავსებდა მას. „ჰე, სიონო! თავს უშველე“! — უთხრა მას იეჰოვამ. შემდეგ დასძინა: „თქვენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“ (2:7, 8). იეჰოვა სიონში დამკვიდრდებოდა, სიონი გაიხარებდა და მრავალი ხალხი შეუერთდებოდა იეჰოვას. ყოველი ხორციელი უნდა დადუმებულიყო იეჰოვას წინაშე, „რადგან გამოვიდა ის თავისი წმინდა სამყოფლიდან“ (2:13).
11. როგორ განიწმინდა მღვდელმთავარი იეჰოშუა და რა უნდა გაეკეთებინა მას?
11 მეოთხე ხილვა: იეჰოშუას ხსნა (3:1—10). მღვდელმთავარ იეჰოშუას სატანა დაუპირისპირდა, რომელიც იეჰოვას ანგელოზმა შერისხა. განა იეჰოშუა „ცეცხლიდან გამოღებული კუნძი არ არის?!“ (3:2). მას გახადეს წაბილწული ტანსაცმელი, შემოსეს სუფთა, „საზეიმო გრძელი სამოსით“ და განწმენდილად გამოაცხადეს. იეჰოშუას იეჰოვას გზებით უნდა ევლო. იეჰოვა შემოიყვანდა ‘თავის მსახურ ყლორტს’ და იეჰოშუას წინ დადებდა ქვას, რომელზეც შვიდი თვალი იქნებოდა (3:4, 8).
12. როგორ გაამხნევა იეჰოვამ ზერუბაბელი და რა უთხრა ტაძრის მშენებლობაზე?
12 მეხუთე ხილვა: სალამპრე და ზეთისხილის ხეები (4:1—14). ანგელოზმა გააღვიძა ზაქარია და დაანახვა ოქროს სალამპრე, რომელსაც შვიდი ლამპარი ჰქონდა და გვერდზე ორი ზეთისხილის ხე ედგა. ზაქარიამ გაიგო, რა უთხრა იეჰოვამ ზერუბაბელს: „არც ჯარითა და არც ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“. „დიდი მთა“ ვაკედ იქცეოდა ზერუბაბელის წინაშე. ტაძრის კუთხის თავში დასადებ ქვას გამოიტანდნენ და იტყოდნენ: „რა მშვენიერია, რა მშვენიერიაო!“. ტაძარს საფუძველი ზერუბაბელმა ჩაუყარა და თვითონვე დაასრულებდა მას. შვიდი ლამპარი იეჰოვას თვალებია, რომლებიც „აკვირდებიან მთელ დედამიწას“ (4:6, 7, 10). ორი ზეთისხილის ხე იეჰოვას ორი ცხებულია.
13—15. რა იხილა ზაქარიამ მეექვსე, მეშვიდე და მერვე ხილვებში?
13 მეექვსე ხილვა: მფრინავი გრაგნილი (5:1—4). ზაქარიამ დაინახა მფრინავი გრაგნილი, რომელიც სიგრძით 9 მეტრი და სიგანით 4,5 მეტრი იყო. როგორც ანგელოზმა აუხსნა ზაქარიას, ამ გრაგნილზე ეწერა წყევლა, რომელიც მთელ დედამიწას გადაუვლიდა ქურდებისა და იეჰოვას სახელის ცრუდ დამფიცებლების გამო.
14 მეშვიდე ხილვა: ეფის საწყაო (5:5—11). ანგელოზმა თავსახური ახადა ეფის საწყაოს (დაახლ. 22 ლ.). მასში იყო ქალი, რომელსაც „ბოროტება“ ერქვა. ანგელოზმა ქალი უკან ჩააგდო ეფის საწყაოში, რომელიც ორმა ფრთიანმა ქალმა ზეცაში აიტაცა, რათა შინარის (ბაბილონი) მიწაზე წაეღოთ და ‘თავის ადგილზე დაედოთ’ (5:8, 11).
15 მერვე ხილვა: ოთხი ეტლი (6:1—8). სპილენძის ორ მთას შორის ოთხი ეტლი გამოჩნდა, რომლებშიც სხვადასხვა ფერის ცხენები იყო შებმული. ისინი ცის ოთხი სული იყვნენ. ანგელოზის ბრძანებით ისინი დედამიწის შემოსავლელად გაემართნენ.
16. რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ „ყლორტზე“?
16 ყლორტი; თვალთმაქცური მარხვა (6:9—7:14). იეჰოვამ უბრძანა ზაქარიას, დიდებული გვირგვინი დაედგა მღვდელმთავარ იეჰოშუასთვის. მან იწინასწარმეტყველა „ყლორტზე“, რომელიც ააშენებდა იეჰოვას ტაძარს და მეფეც იქნებოდა და მღვდელიც (6:12).
17. როგორ თაყვანისცემას ითხოვდა იეჰოვა ხალხისგან და რა მოუვიდათ ღვთის სიტყვების უგულებელმყოფელთ?
17 ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზაქარიამ წინასწარმეტყველება დაიწყო. ბეთელიდან მისულმა კაცებმა მღვდლებს ჰკითხეს, კვლავაც უნდა ეტირათ და ემარხულათ თუ არა დადგენილ დღეებში. ზაქარიას პირით იეჰოვამ ჰკითხა ხალხსა და მღვდლებს, რამდენად გულწრფელად მარხულობდნენ. იეჰოვა მათგან ‘მორჩილებას, სამართლიანობას, სიკეთესა და წყალობას’ ითხოვდა (7:7, 9). მაგრამ მათ ყური არ ათხოვეს წინასწარმეტყველებას, ჯიუტად აქციეს ზურგი და გული გაიქვავეს. ამიტომ ღმერთმა გაშმაგებით მიმოფანტა ისინი ხალხებში.
18. რა დიდებული დაპირება მისცა იეჰოვამ თავის ხალხს?
18 იერუსალიმის აღდგენა; „ათი კაცი“ (8:1—23). იეჰოვამ განაცხადა, რომ დაბრუნდებოდა სიონში და დამკვიდრდებოდა იერუსალიმში, რომელსაც „ჭეშმარიტების ქალაქი“ დაერქმეოდა. მის მოედნებზე მოხუცებულები ისხდებოდნენ და ბავშვები ითამაშებდნენ. ამის გაკეთება არ გაუჭირდებოდა იეჰოვას, ჭეშმარიტ და სამართლიან ღმერთს. იეჰოვამ მშვიდობის თესლის დათესვა აღუთქვა დარჩენილ ხალხს და უთხრა: „ნუ შეშინდებით, გაიმაგრეთ ხელები“ (8:3, 13). მათ ჭეშმარიტება უნდა ელაპარაკათ, სიმართლით უნდა განესაჯათ, გულში არ უნდა განეზრახათ ბოროტი და ცრუდ არ უნდა დაეფიცათ. დადგებოდა დრო, როცა მრავალი ქალაქის მკვიდრნი ერთმანეთს იეჰოვას საძებნელად მოუხმობდნენ. „ათი კაცი“ ყველა ენის ხალხიდან ‘მოეჭიდებოდა იუდეველის კალთას’ და ღვთის ხალხს შეუერთდებოდა (8:23).
19. რა მკაცრი განაჩენი განაცხადა ზაქარიამ და რა თქვა იერუსალიმის მეფეზე?
19 ხალხებისთვის გამოტანილი განაჩენი; უვარგისი მწყემსები (9:1—11:17). წიგნის მეორე ნაწილში (9—14 თავები) ზაქარია ცვლის წინასწარმეტყველების სტილს და მეტად აღარ იყენებს ალეგორიას. ის მკაცრ განაჩენს უცხადებს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის კუნძულზე მდებარე ტვიროსს. იერუსალიმმა სიხარულით უნდა იყიჟინოს, რადგან მისი მეფე მიდის მასთან, „მართალი და დახსნილია ის, თავმდაბალია, ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული“ (9:9). ის მოსპობდა საომარ ეტლსა და მშვილდს, მშვიდობას გაუცხადებდა ხალხებს და დედამიწის კიდით კიდემდე იმმართველებდა. იეჰოვა თავისი ხალხისთვის იბრძოლებდა საბერძნეთის წინააღმდეგ და იხსნიდა მათ. „რაოდენ კარგია ის და რაოდენ დიდია მისი მშვენება!“ (9:17). იეჰოვამ, ხალხისთვის წვიმის მიმცემმა, დაგმო მკითხავები და უვარგისი მწყემსები. ის აღმატებულს გახდიდა იუდას სახლს და ძლიერ კაცს დაამსგავსებდა ეფრემს. ‘იეჰოვათი გაიხარებდა გამოსყიდულთა გული და მისი სახელით ივლიდნენ’ (10:7, 12).
20. რის ნიშნად დაჩეხა ზაქარიამ „ნეტარება“ და „კავშირი“?
20 იეჰოვამ დაავალა ზაქარიას, ემწყემსა ფარა, რომელიც ულმობელმა მწყემსებმა დასაკლავად გაყიდეს. „კურთხეული იყოს იეჰოვა, გავმდიდრდებითო“, — ამბობდნენ ისინი (11:5). წინასწარმეტყველმა აიღო ორი ჯოხი და ერთს ნეტარება უწოდა, მეორეს — კავშირი (11:7). მან დაჩეხა „ნეტარება“ იმის ნიშნად, რომ ხალხთან დადებული შეთანხმება დაირღვა. შემდეგ მოითხოვა თავისი გასამრჯელო და მისცეს მას 30 ვერცხლი. იეჰოვამ უთხრა ზაქარიას, რომ ვერცხლი საგანძურში ჩაეყარა. „ეს ის დიდი საფასურია, რომლითაც შემაფასეს“, — მწარე ირონიით თქვა იეჰოვამ (11:13). შემდეგ ზაქარიამ დაჩეხა „კავშირი“ იუდასა და ისრაელის ძმობის დარღვევის ნიშნად. იეჰოვა მახვილით დასჯიდა უვარგის მწყემსებს, რომლებიც არ ზრუნავდნენ მის ცხვარზე.
21. ა) რა განაჩენი გამოუტანა იეჰოვამ იერუსალიმის წინააღმდეგ გალაშქრებულებს? ბ) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ ფარის გაფანტვასა და განწმენდაზე?
21 იეჰოვას ბრძოლა; მისი გამეფება (12:1—14:21). ზაქარიამ კიდევ ერთი განაჩენი გააცხადა. იეჰოვა თასად აქცევდა იერუსალიმს, რომელიც ხალხებს შეაბარბაცებდა, და მძიმე ქვად, რომელიც მწარედ დაკაწრავდა მას, ვინც ასწევდა. იეჰოვა მოსპობდა იერუსალიმის წინააღმდეგ გალაშქრებულ ხალხს. დავითის სახლზე კი წყალობისა და ვედრების სულს გადმოღვრიდა. ხალხი შეხედავდა მას, ვინც თავად განგმირეს და ისე იგლოვებდა, „როგორც პირმშოს გლოვობენ ხოლმე“ (12:10). ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მოსპობდა კერპებსა და ცრუწინასწარმეტყველებს. მათ საკუთარი მშობლები მიაყენებდნენ ჭრილობას, რათა შერცხვენილებს გაეხადათ წინასწარმეტყველის სამოსი. მწყემსს, რომელიც იეჰოვას ეხმარებოდა, დაჰკრავდნენ და გაიფანტებოდა სამწყსოს ცხვარი. მაგრამ იეჰოვა განწმენდდა „მესამედს“, რათა მოეხმოთ მისი სახელისთვის. იეჰოვა იტყოდა მათზე: „ეს ჩემი ხალხიაო“, ისინი კი იტყოდნენ: „იეჰოვააო ჩემი ღმერთი“ (13:9).
22. რა დაემართებოდათ ხალხებსა და იერუსალიმს „იეჰოვას დღეს“?
22 „აი, დადგება იეჰოვას დღე“. ხალხები დაესხმოდნენ თავს იერუსალიმს და ქალაქის მოსახლეობის ნახევარი ტყვეობაში წავიდოდა, დანარჩენები კი ქალაქში დარჩებოდნენ. გამოვიდოდა იეჰოვა და შეებრძოლებოდა ამ ხალხებს, „როგორც ბრძოლისა და ომის დღეს“ (14:1, 3). იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე ზეთისხილის მთა შუაზე გაიპობოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და გასაქცევად ველი გაჩნდებოდა. იმ დღეს იერუსალიმიდან ცოცხალი წყალი დაიწყებდა დინებას აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. ასე გაგრძელდებოდა ზამთარ-ზაფხულს და ‘იეჰოვა იმეფებდა მთელ დედამიწაზე’ (14:9). იერუსალიმი უსაფრთხოდ იცხოვრებდა, მის წინააღმდეგ გალაშქრებულ ხალხებს კი იეჰოვა მოუვლენდა სატანჯველს. მათ დაულპებოდათ ხორცი, თვალები და ენა. იეჰოვა არეულობას გამოიწვევდა მათში და თითოეული თავისი მოძმის წინააღმდეგ აღმართავდა ხელს. ყველა ხალხიდან გადარჩენილები ‘წლიდან წლამდე ივლიდნენ მეფის, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას მდაბლად თაყვანსაცემად’ (14:16).
რატომ არის სასარგებლო
23. როგორ გვიმტკიცებს რწმენას ზაქარიას წინასწარმეტყველება?
23 ზაქარიას წინასწარმეტყველების შესწავლითა და მასზე ფიქრით მიღებული ცოდნა რწმენას განგვიმტკიცებს. ის 50-ზე მეტჯერ მოიხსენიებს „ლაშქართა ღმერთ იეჰოვას“, რომელიც იბრძვის თავისი ხალხისთვის, იცავს მათ და საჭირო ძალას აძლევს. როდესაც დიდმა წინააღმდეგობებმა სერიოზული დაბრკოლება შეუქმნა ტაძრის მშენებლობას, ზაქარიამ განაცხადა: «ეს იეჰოვას სიტყვაა, რომელსაც ზერუბაბელს ეუბნება: „არც ჯარითა და არც ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. ვინა ხარ, დიდო მთაო? ვაკედ იქცევი ზერუბაბელის წინაშე». მშენებლობა იეჰოვას სულის დახმარებით დასრულდა. იეჰოვასადმი რწმენა დღესაც დაგვაძლევინებს ნებისმიერ დაბრკოლებას. დღესაც მართლდება იესოს სიტყვები: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“ (ზაქ. 4:6, 7; მათ. 17:20).
24. რას აღგვიწერს ზაქარიას მე-13 თავი?
24 მე-13 თავის მე-2—6 მუხლებში ზაქარია აღწერს ერთგულებას, რომელიც ახასიათებთ იეჰოვას ორგანიზაციის წევრებს. მათთვის ღვთისადმი ერთგულება ახლო ნათესაურ კავშირზე მნიშვნელოვანია. თუ ვინმე სიცრუეს „წინასწარმეტყველებს“ იეჰოვას სახელით, ანუ სამეფოს შესახებ ცნობის საწინააღმდეგოს ლაპარაკობს, და ცდილობს, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქრისტიანული კრების წევრებზე, მისი ოჯახის წევრები უნდა დაემორჩილონ კრებაში მიღებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებას და ამით ღვთისადმი ერთგულება უნდა დაამტკიცონ. იმავეს თქმა შეიძლება ნებისმიერ ახლობელზე, რომელიც სიცრუეს „წინასწარმეტყველებს“. თუ სწორ პოზიციას დავიკავებთ, მას შეიძლება შერცხვეს და მთელი გულით მოინანიოს თავისი დანაშაული.
25. როგორ შეგვიძლია დავადგინოთ, ვინ არის მესია, ანუ „ყლორტი“, და რა აქვს მას დავალებული ღვთისგან?
25 შესავალ აბზაცებში უკვე აღვნიშნეთ, რომ იესო „ვირის ნაშიერზე ამხედრებული“ მეფესავით შევიდა იერუსალიმში, ის „ოცდაათ ვერცხლად“ გაყიდეს, მისი მოწაფეები გაიფანტნენ და ბოძზე გაკრული იესო ჯარისკაცმა შუბით განგმირა. ამგვარად, ზედმიწევნით შესრულდა ზაქარიას წინასწარმეტყველება (ზაქ. 9:9; 11:12; 13:7; 12:10). ზაქარიამ ასევე მოიხსენია „ყლორტი“, რომელიც ააშენებდა იეჰოვას ტაძარს. ესაიას 11:1—10-ის, იერემიას 23:5-სა და ლუკას 1:32, 33-ის შედარებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ეს „ყლორტი“ იესო ქრისტეა, რომელიც „მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე“. ზაქარიას სიტყვების თანახმად, „ყლორტი“ ‘იჯდებოდა თავის ტახტზე და მღვდლობასაც გასწევდა’, რაც მოგვაგონებს მოციქული პავლეს სიტყვებს: „იესო . . . მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით“ და „სიდიადის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში“ (ზაქ. 6:12, 13; ებრ. 6:20; 8:1). ამგვარად, ზაქარიამ იწინასწარმეტყველა, რომ „ყლორტი“ მღვდელმთავარიც იქნებოდა და ღვთის მარჯვნივ მჯდომი მეფეც, თუმცა ისიც აღიარა, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი. „იეჰოვა იმეფებს მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება იეჰოვა და ერთი იქნება მისი სახელი“ (ზაქ. 14:9).
26. რომელ დიდებულ დღეზე ამახვილებს ზაქარია არაერთხელ ყურადღებას?
26 იმ დროზე საუბრისას წინასწარმეტყველი დაახლოებით 20-ჯერ იყენებს გამოთქმას „იმ დღეს“. ეს გამოთქმა ბოლო მუხლშიც მეორდება. წიგნიდან ჩანს, რომ მასში იგულისხმება დღე, როდესაც იეჰოვა მოსპობს კერპთა სახელებს და აღგვის ცრუწინასწარმეტყველებს (13:2, 4). იმ დღეს იეჰოვა შეებრძოლება მოწინააღმდეგე ხალხებს, არეულობას გამოიწვევს მათში და გაანადგურებს, ხოლო თავის ხალხს „მთების ველს“ შეაფარებს (14:1—5, 13; 12:8, 9). „იეჰოვა, მათი ღმერთი იხსნის მათ იმ დღეს, როგორც თავისი ხალხის ფარას“ და ისინი ვაზისა და ლეღვის ქვეშ მიიწვევენ ერთმანეთს (ზაქ. 9:16; 3:10; მიქ. 4:4). ამ დიად დღეს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა თავის ხალხთან დამკვიდრდება და „ცოცხალი წყალი წამოვა იერუსალიმიდან“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ „იმ დღეს“ განვითარებული მოვლენები მომასწავებელი იქნება ღვთის მიერ აღთქმული „ახალი ცისა და ახალი დედამიწისა“ (ზაქ. 2:11; 14:8; გამოცხ. 21:1—3; 22:1).
27. როგორ ამახვილებს ყურადღებას ზაქარიას წინასწარმეტყველება იეჰოვას სახელის განწმენდაზე?
27 „ვინ ჩათვალა უმნიშვნელოდ მცირე წამოწყების დღე?“ — იკითხა იეჰოვამ. მთელ დედამიწაზე შესრულდება შემდეგი წინასწარმეტყველება: „მრავალი ხალხი და ძლიერი ერები მოვლენ იერუსალიმში ლაშქართა ღვთის, იეჰოვას საძებნელად . . . იმ დროს ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“. „იმ დღეს“ ცხენის ზანზალაკებზეც კი იქნება წარწერილი „სიწმინდე იეჰოვასია!“. ეს ამაღელვებელი წინასწარმეტყველებები ნამდვილად სასარგებლოა ჩვენთვის. იქიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სახელი მისი სამეფოს მეშვეობით განიწმინდება (ზაქ. 4:10; 8:22, 23; 14:20).
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 531, 1136 (ინგლ.).
b Encyclopaedia Judaica, 1973, ტ. IV, სვეტ. 828; „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 1080, 1081 (ინგლ.).