ესთერი
2 ამ ამბებმა რომ ჩაიარა და მეფე ახაშვეროშს+ ბრაზმა გადაუარა, გაიხსენა მან, თუ როგორ მოიქცა ვაშთი+ და როგორ დაისაჯა.+ 2 თქვეს მეფის მსახურებმა: „მოუძებნონ მეფეს ახალგაზრდა, ლამაზი ქალწულები. 3 დანიშნოს მეფემ კაცები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში+ და თავი მოუყარონ ლამაზ ქალწულებს შუშანის ციხე-დარბაზში, ქალთა სახლში, რომელიც მეფის საჭურისს, ქალთა მცველ ჰეგაის,+ აბარია, სადაც ნელსაცხებლებით დაზელენ მათ. 4 ის ყმაწვილქალი კი, რომელიც ყველაზე მეტად მოუვა მეფეს თვალში, ვაშთის მაგივრად გახდეს დედოფალი!“+ ჭკუაში დაუჯდა მეფეს ეს აზრი და ასეც მოიქცა.
5 შუშანში,+ მეფის კარზე მსახურობდა ერთი იუდეველი კაცი, სახელად მორდოქაი,+ იაირის ვაჟი, შიმეის შვილიშვილი და კიშის შვილთაშვილი, ბენიამინელი.+ 6 ის იმ ხალხს შორის იყო, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან იუდას მეფე იექონიასთან*+ ერთად გადაასახლა. 7 ის პატრონობდა ჰადასას* ანუ ესთერს, მამამისის ძმის ასულს,+ რადგან მას არც დედა ჰყავდა და არც მამა. ყმაწვილქალი თვალტანადი იყო. ის დედ-მამის სიკვდილის შემდეგ მორდოქაიმ იშვილა. 8 მეფის გამოცემული ბრძანებისამებრ თავი მოუყარეს უამრავ ყმაწვილქალს შუშანის ციხე-დარბაზში და ჩააბარეს ჰეგაის;+ ესთერიც მეფის სასახლეში მიიყვანეს და ისიც ქალთა მცველ ჰეგაის ჩააბარეს.
9 მას მოეწონა ეს ყმაწვილქალი, კეთილად* განეწყო მისდამი და დაუყოვნებლივ ბრძანა, რომ ნელსაცხებლებით დაეზილათ იგი,+ არ მოეკლოთ საკვები და შვიდი რჩეული მოახლე მიეჩინათ მეფის სასახლიდან. ჰეგაიმ ის და მისი მოახლეები ქალთა სახლის საუკეთესო ნაწილში გადაიყვანა. 10 ესთერს არ გაუმჟღავნებია თავისი ხალხისა+ და ნათესავების ვინაობა, რადგან მორდოქაის+ ასე ჰყავდა დარიგებული.+ 11 ყოველდღე მიდიოდა მორდოქაი ქალთა სახლის ეზოს წინ ესთერის ამბის შესატყობად.
12 მას შემდეგ, რაც ყმაწვილქალს 12 თვის განმავლობაში ქალთათვის დადგენილი წესისამებრ მოუვლიდნენ, მეფე ახაშვეროშთან მისი შესვლის ჯერი დგებოდა (ამდენი დრო სჭირდებოდა მათი ნელსაცხებლებით დაზელას: ექვსი თვე ზმირინის+ ზეთით უზელდნენ სხეულს და ექვსი თვე — ბალზამის ზეთითა+ თუ სხვა ნელსაცხებლებით). 13 ამ ყველაფრის შემდეგ ქალი მზად იყო მეფესთან შესასვლელად. რაც არ უნდა ეთხოვა მას, თან ატანდნენ ქალთა სახლიდან მეფის სასახლეში. 14 საღამოს შედიოდა ის მეფესთან, დილით კი ბრუნდებოდა ქალთა მეორე სახლში, რომელიც მეფის საჭურისს, ხარჭების მცველ შააშგაზს, ებარა.+ ქალი მეფესთან კვლავ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდოდა, თუკი მეფეს მოეწონებოდა და სახელით მოუხმობდა.+
15 მოამზადეს მეფესთან შესასვლელად ესთერი, მორდოქაის ბიძის, აბიხაილის, ასული, მორდოქაის რომ ჰყავდა ნაშვილები.+ მეფესთან მისი შესვლის ჯერი რომ დადგა, მას არაფერი უთხოვია გარდა იმისა, რაც ქალთა მცველმა ჰეგაიმ, მეფის საჭურისმა, ურჩია (მთელი ამ ხნის განმავლობაში ესთერს ყველა კარგი თვალით უყურებდა). 16 მიუყვანეს ესთერი მეფე ახაშვეროშს სასახლეში მეათე ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.+ 17 მეფეს სხვა ქალებზე მეტად შეუყვარდა ესთერი; ყველაზე მეტად მან მოიგო მეფის გული და მან პოვა კეთილგანწყობა* მის თვალში. მეფემ სამეფო თავსაბურავი დაახურა ესთერს და ვაშთის მაგივრად+ დასვა დედოფლად.+ 18 ესთერის პატივსაცემად მან ნადიმი გაუმართა თავის მთავრებსა და მსახურებს, აგრეთვე ზოგიერთი ვალდებულებისგან გაათავისუფლა სამთავროები და მეფური გულუხვობით გასცა საჩუქრები.
19 როცა მეორედ შეკრიბეს ყმაწვილქალები,+ მორდოქაი მეფის კარიბჭესთან იჯდა. 20 ესთერს არც ამჯერად გაუმხელია თავისი ნათესავებისა და ხალხის ვინაობა,+ როგორც მორდოქაის ჰყავდა დარიგებული; ესთერი კვლავაც ისე ემორჩილებოდა მორდოქაის, როგორც მაშინ, როცა ის მისი მეურვე იყო.+
21 იმ დროს, როცა მორდოქაი მეფის კარიბჭესთან იჯდა, მეფის ორი კარისკაცი, ბიგთანი და თერეში, კარის მცველები, განრისხდნენ და მეფე ახაშვეროშის მოკვლა განიზრახეს. 22 შეიტყო ეს ამბავი მორდოქაიმ და მაშინვე აცნობა დედოფალ ესთერს, ესთერი კი მორდოქაის სახელით დაელაპარაკა მეფეს. 23 გამოიძიეს ეს საქმე და დადასტურდა ბრალდება, რის შემდეგაც ბიგთანი და თერეში ძელზე ჩამოკიდეს; ეს ამბავი მეფის თანდასწრებით ჩაიწერა მატიანეში.+