მატიანე — წიგნი მეორე
29 ხიზკია+ 25 წლის გამეფდა და 29 წელი იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო აბია, ზაქარიას ასული.+ 2 სწორად იქცეოდა ხიზკია იეჰოვას თვალში+ თავისი წინაპრის, დავითის მსგავსად.+ 3 თავისი მეფობის პირველი წლის პირველ თვეს გააღო მან იეჰოვას ტაძრის კარები და შეაკეთა.+ 4 შეკრიბა მღვდლები და ლევიანები ქალაქის მოედანზე, ქალაქის აღმოსავლეთით 5 და სიტყვით მიმართა: „მისმინეთ, ლევიანებო! განიწმინდეთ+ და განწმინდეთ იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღვთის, ტაძარი და გამოიტანეთ წმინდა ადგილიდან ყოველივე უწმინდური.+ 6 ორგულად იქცეოდა ჩვენი მამა-პაპა და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას, ჩვენი ღვთის, თვალში;+ ზურგი აქციეს იეჰოვას სამყოფელს და განუდგნენ ღმერთს.+ 7 დაკეტეს წინკარის კარები+ და ჩააქრეს ლამპრები;+ შეწყვიტეს ისრაელის ღვთისთვის წმინდა ადგილზე საკმევლის კმევა+ და დასაწვავი მსხვერპლის შეწირვა.+ 8 განრისხდა იეჰოვა იუდასა და იერუსალიმზე+ და ისე მოექცა მათ, რომ ხალხს ზარავს და აოგნებს მათი ხილვა; სტვენას იწყებენ მათი შემხედვარე, რასაც საკუთარი თვალითაც ხედავთ.+ 9 ამის გამო მახვილმა მოუღო ბოლო ჩვენს მამა-პაპას,+ ჩვენი ვაჟები, ასულები და ცოლები კი ტყვედ წაასხეს.+ 10 ახლა გულით მწადია, შეთანხმება დავუდო იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ რათა დაცხრეს მისი რისხვა. 11 ჩემო შვილებო, ახლა არაა უმოქმედობის დრო — თქვენ ამოგირჩიათ იეჰოვამ, რომ იდგეთ მის წინაშე, ემსახუროთ+ და შესაწირავი შესწიროთ მას!“+
12 გამოვიდნენ ლევიანები: ამასაის ვაჟი მახათი და აზარიას ვაჟი იოელი — კეჰათელთაგან,+ აბდის ვაჟი კიში და იეჰალელელის ვაჟი აზარია — მერარელთაგან,+ ზიმას ვაჟი იოახი და იოახის ვაჟი ედემი — გერშონელთაგან,+ 13 შიმრი და იეუელი — ელიცაფანის შთამომავალთაგან, ზაქარია და მათანია — ასაფის+ შთამომავალთაგან, 14 იეხიელი და შიმეი — ჰემანის+ შთამომავალთაგან და შემაია და უზიელი — იედუთუნის+ შთამომავალთაგან, 15 შეკრიბეს თავიანთი მოძმენი, განიწმინდნენ და, როგორც მეფეს ჰქონდა ნაბრძანები იეჰოვას სიტყვისამებრ, მივიდნენ იეჰოვას ტაძრის განსაწმენდად.+ 16 შევიდნენ მღვდლები იეჰოვას ტაძარში მის განსაწმენდად და, რაც კი რამ უწმინდური იპოვეს იეჰოვას ტაძარში, იეჰოვას ტაძრის ეზოში გამოიტანეს.+ აიღეს ეს ყველაფერი ლევიანებმა და კედრონის ხევში გადაყარეს.+ 17 პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს მათ განწმენდა და თვის მე-8 დღეს იეჰოვას წინკარამდე მივიდნენ.+ 8 დღეში განწმინდეს მათ იეჰოვას ტაძარი; საქმეს პირველი თვის მე-16 დღეს მორჩნენ.
18 ამის შემდეგ ისინი მეფე ხიზკიასთან მივიდნენ და მოახსენეს: „მთლიანად განვწმინდეთ იეჰოვას ტაძარი, დასაწვავი შესაწირავის+ სამსხვერპლო თავისი მოწყობილობებით+ და წარსადგენი პურის მაგიდა+ თავისი მოწყობილობებით. 19 ყველა ნივთი, რომელიც ორგულმა მეფე ახაზმა მოიშორა,+ გავამზადეთ და განვწმინდეთ.+ აი, იეჰოვას სამსხვერპლოს წინაა ისინი!“
20 დილაადრიან ადგა მეფე ხიზკია, შეკრიბა ქალაქის მთავრები და იეჰოვას ტაძარს მიაშურა. 21 მათ მიიყვანეს 7 მოზვერი, 7 ვერძი, 7 მამალი თოხლი და 7 ვაცი ცოდვის შესაწირავად სამეფო კარისთვის, ტაძრისა და იუდას მკვიდრთათვის.+ მეფემ მღვდლებს, აარონის შთამომავლებს, უბრძანა, რომ იეჰოვას სამსხვერპლოზე შეეწირათ შესაწირავი. 22 მათაც დაკლეს მოზვრები;+ აიღეს მღვდლებმა დაკლული მოზვრების სისხლი და სამსხვერპლოს მოასხურეს.+ შემდეგ დაკლეს ვერძები და მათი სისხლიც სამსხვერპლოს მოასხურეს, დაკლეს მამალი თოხლებიც და მათი სისხლიც სამსხვერპლოს მოასხურეს. 23 მერე ცოდვის შესაწირავად განკუთვნილი ვაცები მიუყვანეს მეფესა და ხალხს და ხელები დაადეს მათ. 24 დაკლეს ისინი მღვდლებმა და მათი სისხლი ცოდვის შესაწირავად მიიტანეს სამსხვერპლოზე ისრაელისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად, რადგან ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, რომ დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი მთელი ისრაელისთვის უნდა შეწირულიყო.
25 მან იეჰოვას ტაძარში ლევიანები დააყენა წინწილებით, ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით დავითის, მეფის წინასწარმხილველ გადისა+ და წინასწარმეტყველ ნათანის+ ბრძანებისამებრ,+ რადგან ეს იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები თავისი წინასწარმეტყველების პირით. 26 ლევიანები დავითის საკრავებით იდგნენ, მღვდლები კი — საყვირებით.+
27 ხიზკიამ ბრძანა, რომ დასაწვავი მსხვერპლი შეეწირათ სამსხვერპლოზე.+ როგორც კი ისინი დასაწვავი მსხვერპლის შეწირვას შეუდგნენ, იეჰოვას განსადიდებლად გალობაც წამოიწყეს, უკრავდნენ ისრაელის მეფის, დავითის, საკრავებს და თან საყვირებს ახმიანებდნენ. 28 სიმღერისა და საყვირების ხმაზე მთელი ხალხი პირქვე ემხობოდა; ასე გრძელდებოდა დასაწვავი მსხვერპლის შეწირვის დასრულებამდე. 29 მსხვერპლშეწირვის დასრულებისთანავე მეფემ და მასთან მყოფებმა მუხლი მოიყარეს და პირქვე დაემხვნენ. 30 მეფე ხიზკიამ და მთავრებმა ლევიანებს უბრძანეს, რომ განედიდებინათ იეჰოვა დავითისა+ და წინასწარმხილველ ასაფის+ ფსალმუნებით. მათაც სიხარულით შეასხეს ღმერთს ხოტბა, მუხლი მოიყარეს და პირქვე დაემხვნენ მის წინაშე.
31 შემდეგ ხიზკიამ თქვა: „იეჰოვამ გამოგარჩიათ, რომ მას ემსახუროთ, ამიტომ მოდით და მოიტანეთ შესაწირავი და სამადლობელი მსხვერპლი იეჰოვას ტაძარში!“ მიჰქონდა ხალხს შესაწირავი და სამადლობელი მსხვერპლი, და ვისაც გულით ეწადა, დასაწვავი მსხვერპლიც მიჰქონდა.+ 32 ხალხმა დასაწვავ მსხვერპლად მიიყვანა: 70 მოზვერი, 100 ვერძი და 200 მამალი თოხლი; ყოველივე ეს დასაწვავ მსხვერპლად შესწირეს იეჰოვას.+ 33 სხვა წმინდა შესაწირავიც შესწირეს: 600 მოზვერი და 3 000 ცხვარი. 34 ცოტანი იყვნენ მღვდლები და ვერ აუდიოდნენ დასაწვავი მსხვერპლის გატყავებას. ამიტომ მოძმე ლევიანები ეხმარებოდნენ მათ,+ სანამ საქმე არ დასრულდა და მღვდლები განწმენდას არ მორჩნენ.+ ლევიანები უფრო კეთილსინდისიერად განიწმინდნენ, ვიდრე მღვდლები. 35 უხვად იყო დასაწვავი მსხვერპლი,+ სამშვიდობო მსხვერპლის ქონი+ და დასაღვრელი შესაწირავი დასაწვავი მსხვერპლისთვის.+ ასე აღდგა მსახურება იეჰოვას ტაძარში. 36 გაიხარეს ხიზკიამ და მთელმა ხალხმა იმით, რაც ღმერთმა გააკეთა ხალხისთვის,+ რადგან მეტად სწრაფად მოხდა ყოველივე ეს.