მოციქულთა საქმეები
8 სავლე იწონებდა სტეფანეს მკვლელობას.+
იმ დღიდან იერუსალიმის კრების სასტიკი დევნა დაიწყო. მოციქულების გარდა, ყველა იუდეასა და სამარიაში გაიფანტა.+ 2 ღვთისმოშიშმა კაცებმა სტეფანეს ცხედარი დასამარხად წაიღეს და დიდი გლოვა გამართეს. 3 სავლე კრებას არბევდა, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში მიჰყავდა.+
4 ისინი კი, ვინც აქეთ-იქით გაიფანტნენ, დადიოდნენ და ახარებდნენ ღვთის სიტყვას.+ 5 ფილიპე ქალაქ სამარიაში+ ჩავიდა და იქ ქადაგებდა ქრისტეს შესახებ. 6 მთელი ხალხი ყურს უგდებდა ფილიპეს და ხედავდა მის მიერ მოხდენილ სასწაულებს. 7 ბევრნი უწმინდური სულებით იყვნენ შეპყრობილნი; ეს სულები ყვირილით გამოდიოდნენ მათგან.+ მრავალი დამბლადაცემული და კოჭლიც განიკურნა. 8 დიდმა სიხარულმა მოიცვა ის ქალაქი.
9 იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ჯადოქარი, სახელად სიმონი; აოცებდა ის სამარიელებს და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. 10 განურჩევლად ყველა მას უსმენდა და ამბობდა, ამ კაცში ღვთის უდიდესი ძალააო. 11 ხალხი იმიტომ უსმენდა, რომ დიდი ხნის მანძილზე აოცებდა მათ თავისი ჯადოქრობით. 12 მაგრამ, როცა სასიხარულო ცნობა ირწმუნეს, რომელსაც ფილიპე ღვთის სამეფოსა+ და იესო ქრისტეს სახელის შესახებ აუწყებდა, კაცებიც მოინათლნენ და ქალებიც.+ 13 სიმონმაც ირწმუნა და მონათვლის შემდეგ გვერდიდან არ შორდებოდა ფილიპეს;+ გაოცებული იყო, რადგან ხედავდა, რომ დიდი სასწაულები და საკვირველებები ხდებოდა.
14 როცა იერუსალიმში მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიელებმა ღვთის სიტყვა მიიღეს,+ პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან. 15 ისინიც ჩავიდნენ და ილოცეს, რომ მათ წმინდა სული მიეღოთ,+ 16 რადგან ის ჯერ არცერთ მათგანზე არ გადმოსულიყო; ისინი მხოლოდ უფალ იესოს სახელით იყვნენ მონათლულები.+ 17 მაშინ დაადეს მოციქულებმა მათ ხელები+ და გადმოვიდა მათზე წმინდა სული.
18 როცა სიმონმა დაინახა, რომ მათ მოციქულთა ხელების დადებით მიეცათ წმინდა სული, ფული შესთავაზა მოციქულებს 19 და სთხოვა: „მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავადებ, წმინდა სული მიიღოს“. 20 პეტრემ უთხრა: „ოხრად დაგრჩეს შენი ვერცხლი, რადგან ღვთის ძღვნის ყიდვა მოინდომე!+ 21 შენ ამას ვერ ეღირსები, არ გეკუთვნის, რადგან გულწრფელი არა ხარ ღვთის წინაშე! 22 ამიტომ მოინანიე ეს ბოროტება და შეევედრე იეჰოვას*, იქნებ გაპატიოს ეს მზაკვრული ჩანაფიქრი, 23 რადგან ვხედავ, რომ შხამია შენში და ბოროტებას დამონებიხარ“. 24 სიმონმა მიუგო: „თქვენ შეევედრეთ იეჰოვას*, რომ არ მეწიოს ის, რაც ჩემზე თქვით“.
25 გულმოდგინედ რომ იქადაგეს და აუწყეს იეჰოვას* სიტყვა, იერუსალიმისკენ გასწიეს; გზად სამარიელთა მრავალ სოფელშიც იქადაგეს სასიხარულო ცნობა.+
26 ფილიპეს იეჰოვას* ანგელოზმა+ უთხრა: „წადი სამხრეთით და იმ გზას დაადექი, იერუსალიმიდან ღაზისკენ რომ ეშვება“ (ეს გზა უდაბნოზე გადის). 27 ისიც ადგა და წავიდა. უცებ ეთიოპი საჭურისი დაინახა, ეთიოპთა დედოფლის, კანდაკეს, კარის მსახური, რომელსაც მთელი საგანძური ებარა. ის იერუსალიმში ღვთის თაყვანსაცემად იყო ჩასული,+ 28 და უკან რომ ბრუნდებოდა, ეტლში ხმამაღლა კითხულობდა ესაიას წინასწარმეტყველებას. 29 სულმა ფილიპეს უთხრა: „მიდი დაეწიე იმ ეტლს!“ 30 გაიქცა ფილიპე და, როცა დაეწია, გაიგონა, რომ საჭურისი ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა, და ჰკითხა: „გესმის, რასაც კითხულობ?“ 31 მან მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ ამიხსნა?“ შეეხვეწა ფილიპეს, რომ ასულიყო და გვერდით დასჯდომოდა. 32 ის წმინდა წერილის ამ მონაკვეთს კითხულობდა: „ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად. ისიც ისე დუმდა, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე.+ 33 დამცირებისას სამართალი წაერთვა.+ ვინ მოგვითხრობს მისი წარმოშობის ამბავს? მოისპობა მისი სიცოცხლე დედამიწაზე“.+
34 საჭურისმა ფილიპეს ჰკითხა: „გთხოვ, მითხარი, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი? საკუთარ თავზე თუ სხვაზე?“ 35 ფილიპემ წმინდა წერილის ამ მონაკვეთით დაიწყო და მას იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა აუწყა. 36 გზად წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: „აი წყალი. რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ 37 *—— 38 მან ეტლის გაჩერება ბრძანა; ორივენი წყალში ჩავიდნენ და ფილიპემ საჭურისი მონათლა. 39 როცა წყლიდან ამოვიდნენ, ფილიპე იეჰოვას* სულმა სწრაფად წაიყვანა და საჭურისმა ვეღარ დაინახა იგი. მან გახარებულმა განაგრძო გზა. 40 ფილიპე კი აშდოდში აღმოჩნდა, გზა განაგრძო და კესარეაში+ ჩასვლამდე სასიხარულო ცნობას ყველა ქალაქში აუწყებდა.