პირველი წერილი კორინთელების მიმართ
9 განა თავისუფალი არ ვარ?! განა მოციქული არ ვარ?! განა მე არ ვიხილე ჩვენი უფალი იესო?!+ განა თქვენ ჩემი შრომის ნაყოფი არ ხართ უფალში?! 2 შეიძლება სხვებისთვის არც ვიყო მოციქული, მაგრამ თქვენთვის ვარ, რადგან თქვენ ხართ ბეჭედი იმის დასადასტურებლად, რომ უფლის მოციქული ვარ.
3 აი, რა პასუხს ვაძლევ მათ, ვინც განმსჯიან: 4 განა არ გვაქვს ჭამა-სმის უფლება?! 5 განა არა გვაქვს უფლება, თან გვახლდეს მორწმუნე ცოლი,+ როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა+ და კეფას?!+ 6 თუ მარტო მე და ბარნაბა+ ვართ ვალდებულნი, რომ ვიმუშაოთ?! 7 რომელი ჯარისკაცი მსახურობს საკუთარი ხარჯით?! ვინ ყრის ვაზს და არ ჭამს მის ნაყოფს?!+ ანდა ვინ მწყემსავს ფარას და მის რძეს არა სვამს?!
8 ამას მხოლოდ ადამიანური გადასახედიდან არ ვამბობ. განა კანონიც ამას არ ამბობს?! 9 მოსეს კანონშიც ხომ წერია, არ აუკრაო პირი მლეწავ ხარს.+ განა მხოლოდ ხარებზე ზრუნვის გამო მოგვცა ღმერთმა ეს კანონი?! 10 განა ისევ ჩვენს სასიკეთოდ არ მოგვცა?! ეს კანონი სინამდვილეში ჩვენთვის დაიწერა, ვინაიდან მხვნელმაც და მლეწავმაც იმის იმედით უნდა ხნან და ლეწონ, რომ შრომის საზღაურს მიიღებენ.
11 თუ სულიერი თესლი დავთესეთ თქვენში, ნუთუ რამე დაშავდება, თუკი ნაყოფსაც მოვიმკით*?!+ 12 თუკი სხვები სარგებლობენ თქვენგან ამ უფლებით, მეტადრე ჩვენ არ უნდა ვსარგებლობდეთ?! მიუხედავად ამისა, არ გვისარგებლია ამ უფლებით,+ არამედ ყველაფერს ვიტანთ, რათა არაფრით დავაბრკოლოთ სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ.+ 13 ნუთუ არ იცით, რომ ტაძარში წმინდა მოვალეობების შემსრულებელნი ტაძრიდან იღებენ საზრდოს და სამსხვერპლოსთან მომსახურენიც თავიანთ წილს სამსხვერპლოზე შეწირულიდან იღებენ?!+ 14 სწორედ ასე დააწესა უფალმა, რომ სასიხარულო ცნობის მქადაგებლებს სასიხარულო ცნობით ერჩინათ თავი.+
15 მე კი თქვენგან არაფერი მომითხოვია+ და არც ახლა მომიწერია იმისთვის, რომ რაიმე გთხოვოთ. მიჯობს, მოვკვდე, ვიდრე დავკარგო ის, რითაც ვამაყობ!+ 16 თუკი სასიხარულო ცნობას ვაუწყებ, არაფერი მაქვს საამაყო, რადგან ეს ჩემი მოვალეობაა. მაგრამ, ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!+ 17 როცა ამას ნებაყოფლობით ვაკეთებ, ჯილდოს ვიღებ, თუმცა იძულებითაც რომ ვაკეთებდე, ეს მაინც ჩემთვის დაკისრებული პასუხისმგებლობაა.+ 18 მაშ, რა არის ჩემი ჯილდო? ის, რომ შემიძლია სასიხარულო ცნობა უსასყიდლოდ გავაცხადო, რათა ბოროტად არ გამოვიყენო ჩემი უფლება, რომელსაც სასიხარულო ცნობის ქადაგება მანიჭებს.
19 ყველასგან თავისუფალი ყველას მონა გავხდი, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემეძინა. 20 იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა;+ კანონს დაქვემდებარებულთათვის კანონს დაქვემდებარებული გავხდი, თუმცა არა ვარ კანონს დაქვემდებარებული, რათა კანონს დაქვემდებარებულები შემეძინა;+ 21 კანონის უქონელთათვის კანონის უქონელი გავხდი, თუმცა ღვთის კანონის უქონელი არ ვარ, რადგან ქრისტეს კანონს ვექვემდებარები,+ რათა კანონის უქონელნი შემეძინა; 22 სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა;+ ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი. 23 ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა სხვებიც ვაზიარო მას.+
24 განა არ იცით, რომ რბოლის დროს ყველა მორბენალი გარბის, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს?! თქვენც ისე ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის.+ 25 მოასპარეზენი ყოველმხრივ თავშეკავებას იჩენენ. ისინი ამას ხრწნადი გვირგვინის მისაღებად აკეთებენ,+ ჩვენ კი — უხრწნელისა.+ 26 მე კი უმიზნოდ არ გავრბივარ+ და მუშტებს ჰაერში არ ვიქნევ, 27 არამედ ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს,+ რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი.