„მუშტებს ჰაერს არ ვურტყამთ“
1. როგორ შეგვიძლია, დავუკავშიროთ 1 კორინთელების 9:26 მსახურებას?
1 მოციქულმა პავლემ დაწერა: „მე უმიზნოდ არ გავრბივარ და მუშტებს ჰაერს არ ვურტყამ“ (1 კორ. 9:26). ამ სიტყვებით პავლემ ზუსტად გამოხატა თავისი სწრაფვა სულიერი მიზნებისკენ. მაგრამ ეს მუხლი მსახურებასაც შეგვიძლია დავუკავშიროთ. ჩვენ გვინდა ჩვენი „დარტყმები“ ანუ ძალისხმევა გონივრულად განვახორციელოთ, რომ საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ. როგორ?
2. როგორ მივბაძოთ პავლესა და პირველი საუკუნის სხვა მქადაგებლებს იმის განსაზღვრაში, თუ როდის და სად ვიქადაგოთ?
2 იქადაგე იქ, სადაც ბევრი ხალხია. პავლე და პირველი საუკუნის სხვა ქრისტიანები საქადაგებლად იქ მიდიოდნენ, სადაც ხალხი ეგულებოდათ (საქ. 5:42; 16:13; 17:17). თუ ჩვენს ტერიტორიაზე ხალხი საღამოობით არის სახლში, მაშინ ეს შეიძლება საუკეთესო დრო იყოს კარდაკარ ქადაგებისთვის. ხალხმრავლობა ხომ არ არის ავტოსადგურებსა თუ რკინიგზის სადგურებზე დილით ადრე, როცა სამსახურში მიდიან ან საღამოობით, როცა შინ ბრუნდებიან? როდის არის ყველაზე მეტი ხალხი სავაჭრო ობიექტებზე? ამ დროს ქუჩაში ქადაგება შეიძლება ყველაზე ეფექტური აღმოჩნდეს.
3. როგორ შეგვიძლია გონივრულად განვახორციელოთ „დარტყმები“ ჩვენს ტერიტორიაზე?
3 გონივრულად დაამუშავე ტერიტორია. საჭიროა სიფრთხილე, რომ გონივრული „დარტყმები“ განვახორციელოთ ტერიტორიის დამუშავებისას. მაგალითად, დიდი ჯგუფის ორგანიზებას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ამიტომ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე დიდი ჯგუფის გაყვანის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ამ ჯგუფის დაყოფა. მსგავსადვე, როდესაც დაშორებულ ტერიტორიაზე ვქადაგებთ, უბნებს უფრო სწრაფად დავამუშავებთ და მობინადრეებთან საუბრის უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, თუ ჯგუფები დიდი არ არის. აგრეთვე შეგვიძლია მგზავრობის დროის დაზოგვის მიზნით უბანი სახლთან ახლოს ავიღოთ.
4. რა დაგვეხმარება, ვიყოთ წარმატებული „ადამიანთა მებადურები“?
4 იესომ მქადაგებლები „ადამიანთა მებადურებს“ შეადარა (მარ. 1:17). მებადურების მიზანი, უბრალოდ, თევზაობა კი არა თევზის დაჭერაა. ამიტომ, კარგი მებადურები არჩევენ ადგილს და დროს, რომ რაც შეიძლება მეტი თევზი დაიჭირონ და წარმატებასაც აღწევენ. ისინი გონივრულად მოქმედებენ. მოდი, ჩვენც მსგავსი მონდომება გამოვავლინოთ მსახურებაში (ებრ. 6:11).