მარკოზის სახარება
11 როცა ისინი იერუსალიმის სიახლოვეს ზეთისხილის მთას მიადგნენ, რომელზეც ბეთფაგე და ბეთანია+ მდებარეობდა, მან ორი მოწაფე გაგზავნა+ 2 და დააბარა: „აი ამ სოფელში წადით; როგორც კი შეხვალთ, დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც არავინ მჯდარა. აუშვით და მომიყვანეთ. 3 თუ ვინმე გეტყვით, რატომ უშვებთო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალევე დაგიბრუნებს-თქო“. 4 ისინიც წავიდნენ; იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი და აუშვეს.+ 5 იქ მყოფთაგან ზოგიერთმა ჰკითხა მათ: „რატომ უშვებთ ჩოჩორს?“ 6 მოწაფეებმა ისე უპასუხეს, როგორც იესოს ჰყავდა დარიგებული, და მათაც თავი დაანებეს.
7 მიუყვანეს იესოს ჩოჩორი,+ ზედ თავიანთი მოსასხამები დაუფინეს და ისიც შეჯდა.+ 8 ბევრი თავის მოსასხამს უფენდა გზაზე, ზოგი კი — მინდორში მოჭრილ შეფოთლილ ტოტებს.+ 9 მის წინ და მის უკან მიმავალნი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „გევედრებით, იხსენი!+ კურთხეულია იეჰოვას* სახელით მომავალი!+ 10 კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის, მომავალი სამეფო!+ გევედრებით, იხსენი, ზეციერო!“ 11 ჩავიდა იესო იერუსალიმში, შევიდა ტაძარში, მოიარა იქაურობა, და, რაკი გვიანი იყო, თორმეტივე მოციქულთან ერთად ბეთანიისკენ გასწია.+
12 მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გამოდიოდნენ, მოშივდა.+ 13 შორიდან შეფოთლილ ლეღვის ხეს მოჰკრა თვალი და მისკენ გაემართა, იქნებ ნაყოფი ესხასო. მივიდა, მაგრამ ფოთლების გარდა ვერაფერი ნახა, რადგან ლეღვობის დრო ჯერ არ დამდგარიყო. 14 მაშინ ხეს უთხრა: „აღარავის ეჭამოს შენი ნაყოფი!“+ მოწაფეები უსმენდნენ.
15 იერუსალიმში რომ მივიდნენ, შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა; ფულის გადამცვლელებს მაგიდები აუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები.+ 16 ის ტაძრის გავლით ნივთების გატანის უფლებას არავის აძლევდა; 17 თან ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „დაწერილია, ჩემი ტაძარი ყველა ხალხის სამლოცველო გახდებაო,+ თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად გიქცევიათ!“+ 18 ეს რომ უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა გაიგეს, მის მოსაკლავად ხელსაყრელი შემთხვევის ძებნა დაიწყეს;+ ეშინოდათ მისი, რადგან ხალხი განცვიფრებული იყო მისი სწავლებით.+
19 როცა მოსაღამოვდა, ისინი ქალაქიდან გავიდნენ. 20 დილაადრიან იმ ლეღვის ხესთან რომ ჩაიარეს, დაინახეს, რომ ძირფესვიანად გამხმარიყო.+ 21 გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი და უთხრა მას: „რაბი, ნახე, ლეღვის ხე, შენ რომ დაწყევლე, გამხმარა“.+ 22 იესომ უთხრა მათ: „გწამდეთ ღვთისა. 23 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ხოლო გულში არ დაეჭვდება და ექნება იმის რწმენა, რომ, რასაც ამბობს, მოხდება, შესრულდება მისი ნათქვამი.+ 24 ამიტომ გეუბნებით: გწამდეთ, რომ ყველაფერი, რაზეც ლოცულობთ და რასაც ითხოვთ, უკვე გაქვთ, და მოგეცემათ.+ 25 როცა დგახართ და ლოცულობთ, აპატიეთ მას, ვინც გაწყენინათ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც გაპატიოთ ცოდვები“.+ 26 *——
27 ისინი იერუსალიმში დაბრუნდნენ. იესო ტაძრის ეზოში მიმოდიოდა, როცა მასთან უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესები მივიდნენ 28 და ჰკითხეს: „რა უფლებით აკეთებ ამას? ვინ მოგცა შენ ამის უფლება?“+ 29 იესომ მიუგო: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას. მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რა უფლებით ვაკეთებ ამას. 30 საიდან ჰქონდა იოანეს ნათლობის უფლება+ — ზეციდან თუ კაცთაგან? მიპასუხეთ“.+ 31 მათ მსჯელობა დაიწყეს ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო. 32 მაგრამ, თუ ვიტყვით, კაცთაგანო...“ მათ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იოანე ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნდა.+ 33 ბოლოს უპასუხეს იესოს: „არ ვიცით“. „მაშინ არც მე გეტყვით, რა უფლებით ვაკეთებ ამას“, — მიუგო იესომ.