ეზეკიელი
7 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, აი, რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა ისრაელის მიწას: „აღსასრული, აღსასრული დაუდგა ამ მიწის ოთხივე მხარეს! 3 მოაწია შენზე აღსასრულმა, გადმოვღვრი ჩემს რისხვას შენზე, შენი ნამოქმედარისამებრ გაგასამართლებ და პასუხს მოგთხოვ შენი საძულველი საქმეების გამო. 4 არ შეგიბრალებ და არ შეგიწყალებ,+ შენი ნამოქმედარისამებრ მოგაგებ და მოიმკი შენი საძულველი საქმეების შედეგებს;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
5 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „უბედურება, არნახული უბედურება მოდის!+ 6 აღსასრული მოდის; აღსასრული მოვა! დაგიდგებათ აღსასრული. აი, მოდის ის! 7 თქვენი ჯერი დადგა, ამ მიწის მკვიდრნო. მოდის ის დრო, ახლოა ის დღე.+ მხიარულების ნაცვლად შფოთია მთებზე.
8 მალე გადმოვღვრი შენზე ჩემს მრისხანებას,+ ბოლომდე გადმოვღვრი ჩემს რისხვას;+ შენი ნამოქმედარისამებრ გაგასამართლებ და პასუხს მოგთხოვ შენი საძულველი საქმეების გამო. 9 არ შეგიბრალებ და არ შეგიწყალებ.+ შენი ნამოქმედარისამებრ მოგაგებ და მოიმკი შენი საძულველი საქმეების შედეგებს; გაიგებთ, რომ მე, იეჰოვა, გსჯით.+
10 აი, მოდის ის დღე!+ დადგა თქვენი ჯერი. გაიფურჩქნა კეტი და აყვავდა კადნიერება. 11 ძალადობა ბოროტების დამსჯელ კეტად იქცა;+ ბოლო მოეღებათ მათაც, მათ სიმდიდრესაც, მათ ხალხსაც და მათ დიდებასაც. 12 დადგება ის დრო, მოვა ის დღე. ნურც მყიდველი გაიხარებს და ნურც გამყიდველი დამწუხრდება, რადგან რისხვა დაატყდება მთელ ამ ხალხს.+ 13 ვერ დაუბრუნდება გამყიდველს გაყიდული, ცოცხალიც რომ დარჩეს, რადგან ეს ხილვა მთელი ხალხისთვისაა. უკან ვერავინ დაბრუნდება და ვერ გადარჩება, რადგან დანაშაული ჩაიდინეს.
14 ჩაჰბერეს საყვირს,+ ყველა მოემზადა, მაგრამ საომრად არავინ მიდის, რადგან ჩემი რისხვაა ამ ხალხზე.+ 15 გარეთ მახვილია,+ შიგნით კი — ჭირი და შიმშილი; მინდორში მყოფი მახვილით დაეცემა, ქალაქში მყოფთ კი შიმშილი და ჭირი გაწყვეტთ,+ 16 გადარჩენილები კი მთებს შეაფარებენ თავს; ისინი ველის მტრედებივით იქნებიან და იტირებენ თავიანთი დანაშაულის გამო.+ 17 ხელები მოუდუნდებათ და მუხლებზე წყალი ჩამოეღვრებათ*.+ 18 ჯვალოს სამოსით შეიმოსებიან+ და კანკალი აიტანთ. ყველანი შერცხვებიან და გამელოტდებიან*.+
19 ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და ოქრო შესძულდებათ. მათ იეჰოვას რისხვის დღეს ვერც ვერცხლი დაიხსნის და ვერც ოქრო.+ კმაყოფილებას ვერ იგრძნობენ, ვერც მუცლებს გაიძღებენ, რადგან ეს* დაბრკოლების ლოდად და დანაშაულის მიზეზად ექცათ. 20 ამაყობდნენ თავიანთი ლამაზი სამკაულებით, რითაც საზიზღარი ქანდაკებები და კერპები გაიკეთეს.+ ამიტომ შევაზიზღებ მათ ამ ყოველივეს. 21 უცხოელებს ჩავუგდებ მას* ხელში ნაძარცვად და დედამიწის ბოროტებს — ნადავლად; ისინი წაბილწავენ მას.
22 ზურგს შევაქცევ მათ.+ ისინი წაბილწავენ ჩემს დაფარულ ადგილს*; შევლენ იქ მძარცველები და წაბილწავენ მას.+
23 გააკეთე ბორკილები,+ რადგან მიწა სისხლიანი განაჩენითაა სავსე+ და ქალაქი — ძალადობით.+ 24 მოვიყვან ყველაზე ბოროტ ხალხებს+ და ისინი დაეპატრონებიან მათ სახლებს.+ ბოლოს მოვუღებ ძლიერთა სიამაყეს და წაიბილწება მათი წმინდა ადგილები.+ 25 მათი ტანჯვა რომ დაიწყება, მშვიდობას დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ამაოდ.+ 26 უბედურება უბედურებაზე დაატყდებათ, ამბავი ამბავზე მოვა; ხალხი წინასწარმეტყველს ხილვას მოსთხოვს;+ მღვდელს კანონი წაერთმევა და უხუცესებს — რჩევა.+ 27 იგლოვებს მეფე+ და თავკაცს სასოწარკვეთა შეიპყრობს, იმ მიწის მკვიდრთ ხელები აუკანკალდებათ. მათ თავიანთი ნამოქმედარისამებრ მივუზღავ და თავიანთი სამართლისამებრ განვსჯი; გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+