ეზეკიელი
3 მან მითხრა: „კაცის ძეო, ჭამე, რაც შენ წინაა. შეჭამე ეს გრაგნილი, წადი და დაელაპარაკე ისრაელებს“.+
2 მეც გავაღე პირი, მან კი გრაგნილი გამომიწოდა საჭმელად 3 და მითხრა: „კაცის ძეო, შეჭამე გრაგნილი, რომელიც გამოგიწოდე, და გაიძღე მუცელი“. მეც დავიწყე ჭამა და თაფლივით მეტკბო.+
4 შემდეგ მითხრა: „კაცის ძეო, წადი ისრაელებთან და გადაეცი მათ ჩემი სიტყვები. 5 რთულ ან გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან კი არ გგზავნი, არამედ ისრაელებთან. 6 მე შენ არ გგზავნი რთულ ან გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან, რომელთა ნალაპარაკევსაც ვერ გაიგებ; მათთან რომ გამეგზავნე, ისინი მოგისმენდნენ.+ 7 ისრაელები კი არ მოგისმენენ, რადგან მათ არ სურთ ჩემი მოსმენა;+ ყველანი ჯიუტები და შუბლმაგრები არიან.+ 8 ამიტომ მათსავით ჯიუტი და შუბლმაგარი გაგხადე.+ 9 შუბლი კაჟზე მეტად, ალმასივით გაგიმაგრე.+ ნუ შეგეშინდება მათი და ნუ დაგცემს თავზარს მათი სახეები;+ ისინი ურჩები არიან“.
10 შემდეგ მითხრა: „კაცის ძეო, მომისმინე და გულისყურით მოეკიდე ყველაფერს, რასაც გეუბნები. 11 წადი გადასახლებულ ხალხთან, შენს ხალხთან,+ და გადაეცი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა; გინდ მოგისმინონ, გინდ არა“.+
12 წამიყვანა სულმა+ და ზურგს უკან გრგვინვა მომესმა: „კურთხეული იყოს იეჰოვას დიდება მის სამყოფელში“. 13 ისმოდა ცოცხალი არსებების ფრთების ცემის ხმა,+ მათ გვერდით მავალი ბორბლების ხმა+ და ძლიერი გრგვინვა. 14 წარმიტაცა სულმა და წამიღო, მივდიოდი გამწარებული, განრისხებული; იეჰოვას სულმა მომიცვა. 15 მივედი გადასახლებულ ხალხთან თელ-აბიბში, მდინარე ქებართან+ რომ ცხოვრობდნენ, და იქ დავრჩი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. გაოგნებული ვიყავი.+ მათთან შვიდი დღე დავრჩი.
16 მეშვიდე დღის ბოლოს იეჰოვას სიტყვა მეუწყა:
17 „კაცის ძეო, ისრაელის გუშაგად დაგაყენე.+ როცა ჩემი ბაგიდან გამოსულ სიტყვას გაიგებ, ჩემი სახელით გააფრთხილე ისინი.+ 18 როცა ბოროტს ვეტყვი, მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი, არ გააფრთხილებ ბოროტს, რომ მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან და გადარჩეს,+ ბოროტი მოკვდება თავისი დანაშაულის გამო,+ მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.+ 19 მაგრამ, თუ გააფრთხილებ ბოროტს, ის კი არ შეწყვეტს ბოროტების ჩადენას და არ მობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან, მოკვდება ის თავისი დანაშაულის გამო, შენ კი იხსნი შენს თავს.+ 20 თუ მართალი სწორი გზიდან გადაუხვევს და უსამართლოდ მოიქცევა, დაბრკოლების ლოდს დავუდებ წინ და მოკვდება.+ თუ არ გააფრთხილებ, მოკვდება იგი თავისი ცოდვის გამო და მის კარგ საქმეებს არ გავიხსენებ, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.+ 21 მაგრამ, თუ მართალს გააფრთხილებ, რომ არ შესცოდოს, და ისიც არ შესცოდავს, იცოცხლებს, რადგან გაფრთხილებული იყო,+ და შენც იხსნი შენს თავს“.
22 იეჰოვას სულმა მომიცვა; მან მითხრა: „ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები“. 23 მეც ავდექი, გავედი ველზე და იეჰოვას დიდება იყო იქ დავანებული,+ იმ დიდების მსგავსი, რომელიც მდინარე ქებართან+ ვიხილე, და პირქვე დავემხვე. 24 შემოვიდა სული ჩემში, ფეხზე წამომაყენა+ და დამელაპარაკა. აი, რა მითხრა:
„წადი, სახლში ჩაიკეტე. 25 კაცის ძეო, თოკებს შემოგახვევენ და ისე შეგკრავენ, რომ ვერ იარო. 26 ენას სასაზე მიგაკრავ, დადუმდები და ვეღარ ამხელ მათ; ურჩია ეს ხალხი. 27 მაგრამ, როცა დაგელაპარაკები, ბაგეს გაგიხსნი და ეტყვი მათ,+ აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა. მომსმენმა მოისმინოს,+ ხოლო ვისაც არ უნდა მოსმენა, ნუ მოისმენს; ურჩია ეს ხალხი“.+