იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ეზეკიელი“ (ნაწილი I)
დგას ძვ. წ. 613 წელი. წინასწარმეტყველი იერემია იუდაშია და უშიშრად აცხადებს, რომ იერუსალიმი და იუდა გაპარტახდება. ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა მრავალი იუდეველი უკვე ტყვედ წაიყვანა. ტყვეებს შორის არიან დანიელი და მისი სამი მეგობარი, რომლებიც ქალდეველების მეფის კარზე მსახურობენ. იუდეველების უმეტესობა მდინარე ქებარის მახლობლად, „ქალდეველთა მიწაზე“ ცხოვრობს (ეზეკიელი 1:1—3). იეჰოვა არ ტოვებს ტყვეებს მაცნის გარეშე და წინასწარმეტყველად 30 წლის ეზეკიელს ნიშნავს.
წიგნ „ეზეკიელის“ წერა ძვ. წ. 591 წელს დასრულდა; მასში მოთხრობილია 22 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები. ეზეკიელი თავის წიგნში დაწვრილებით აღწერს მოვლენებს და აკონკრეტებს წინასწარმეტყველების დღეს, თვესა და წელს. „ეზეკიელის“ წიგნის პირველ ნაწილში ყურადღება მახვილდება იერუსალიმის დაცემასა და განადგურებაზე. მეორე ნაწილი შეიცავს ისრაელის მეზობელი ერების წინააღმდეგ გამოტანილ სხვადასხვა განაჩენს. წიგნის ბოლო ნაწილში კი მოთხრობილია იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ. ამ სტატიაში განვიხილავთ მნიშვნელოვან აზრებს ეზეკიელის 1:1—24:27-ის ჩათვლით, სადაც გვხვდება ხილვები, წინასწარმეტყველებები და წინასწარმეტყველური დრამები იერუსალიმის მომავალის შესახებ.
„გუშაგად დამიდგენიხარ“
ეზეკიელი ხილვაში ხედავს იეჰოვას დიდებულ ტახტს და იეჰოვასგან იღებს დავალებას: „ისრაელის სახლის გუშაგად დამიდგენიხარ. მოისმინე ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვა და ჩემი სახელით გააფრთხილე ისინი“ (ეზეკიელი 3:17). იეჰოვამ ეზეკიელს უბრძანა, გაეთამაშებინა წინასწარმეტყველური დრამა, თუ როგორ მოაქცევდნენ იერუსალიმს ალყაში და რა მოხდებოდა შემდეგ. იუდას მიწის შესახებ იეჰოვა ეზეკიელის პირით ამბობს: „აი, მე მოგივლენთ მახვილს და გავანადგურებ თქვენს მაღლობებს“ (ეზეკიელი 6:3). იუდას მკვიდრთ ის ეუბნება: „უბედურების გვირგვინი მოდის შენთან“ (ეზეკიელი 7:7).
დგას ძვ. წ. 612 წელი. ეზეკიელი ხილვაში ხედავს, რომ იერუსალიმშია და ღვთის ტაძარში ხალხი სისაძაგლეს სჩადის! განდგომილებზე თავისი რისხვის გადმოსანთხევად იეჰოვა გზავნის ზეციერ დამსჯელ ძალებს (წარმოდგენილია „ექვსი კაცით“); გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ‘ნიშანი აქვს შუბლზე’ (ეზეკიელი 9:2—6). მაგრამ მანამდე „მოგიზგიზე ნაკვერჩხლები“, ანუ განადგურების შესახებ ღვთის ცნობა უნდა ‘მოეფრქვიოს’ ქალაქს (ეზეკიელი 10:2). ‘იეჰოვა ბოროტების თავზე მოაწევს მათივე გზას’, ხოლო გაფანტულ ისრაელებს ჰპირდება, რომ კვლავ შეაგროვებს (ეზეკიელი 11:17—21).
ღვთის სული ეზეკიელს ქალდეაში აბრუნებს. ის გაითამაშებს წინასწარმეტყველურ დრამას მეფე ციდკიასა და მისი ხალხის იერუსალიმიდან გაქცევის შესახებ. იეჰოვა გმობს ცრუწინასწარმეტყველებს და კერპთაყვანისმცემლებს ზურგს აქცევს. ის უსარგებლო ვაზს ადარებს იუდას. არწივისა და ვაზის შესახებ გამოცანა ცხადყოფს იმ სავალალო შედეგებს, რაც იერუსალიმსა და ეგვიპტეს შორის დადებულ შეთანხმებას მოჰყვება. გამოცანა მთავრდება დაპირებით, რომ ‘იეჰოვა ნორჩ ტოტს გადარგავს მაღალ მთაზე’ (ეზეკიელი 17:22). თუმცა იუდას აღარ ექნება „მმართველობის კვერთხი“ (ეზეკიელი 19:14).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:4—28. რას განასახიერებს ზეციერი ეტლი? ეტლი განასახიერებს იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს, რომელიც ერთგული სულიერი ქმნილებებისგან შედგება. იეჰოვას წმინდა სული ეტლის მამოძრავებელი ძალაა. მეეტლე, რომელიც იეჰოვას წარმოადგენს, ენით გამოუთქმელი დიდებით არის შემოსილი. მშვენიერი ცისარტყელა კი მის სიმშვიდეზე მიუთითებს.
1:5—11. ვინ არის ოთხი ცოცხალი ქმნილება? ეტლის შესახებ ეზეკიელის მეორე ხილვაში აღწერილი ოთხი ცოცხალი ქმნილება წარმოადგენს ქერუბიმებს (ეზეკიელი 10:1—11; 11:22). მეორე ხილვაში ეზეკიელი ხარის სახეს „ქერუბიმის სახეს“ უწოდებს (ეზეკიელი 10:14). ხარი ძლიერების სიმბოლოა, ამიტომ არიან შედარებული ხართან ძლიერი სულიერი ქმნილებები, ქერუბიმები.
2:6. რატომ მოიხსენიება ეზეკიელი ხშირად „კაცის ძედ“? იეჰოვას სურს, ეზეკიელს ახსოვდეს, რომ ის სისხლი და ხორცია; ამით მან ხაზი გაუსვა იმ დიდ სხვაობას, რომელიც არსებობს ცნობის განმცხადებელ ადამიანსა და იეჰოვას შორის, ვისგანაც ეს ცნობა მომდინარეობს. სახარებებში იესო ქრისტეს დაახლოებით 80-ჯერ ეწოდება „კაცის ძე“, რაც ცხადყოფს, რომ იესო დედამიწას ადამიანად მოევლინა და არა ხორცშესხმულ სულიერ პიროვნებად.
2:9—3:3. რატომ ეტკბო ეზეკიელს გრაგნილი, რომელშიც ეწერა სამგლოვიარო სიმღერები, კვნესა? ეზეკიელს სიამოვნებდა იეჰოვასგან მიღებული დავალების შესრულება; ის აფასებდა იეჰოვას წინასწარმეტყველად მსახურებას.
4:1—17. ნამდვილად გაითამაშა ეზეკიელმა ის, რაც მალე თავს დაატყდებოდა იერუსალიმს? ეზეკიელმა სთხოვა იეჰოვას, რომ პური ადამიანის განავალზე კი არა, სხვა რამეზე გამოეცხო, რაზეც იეჰოვა დასთანხმდა. ეს ცხადყოფს, რომ წინასწარმეტყველმა ნამდვილად გაითამაშა სცენა. მარცხენა გვერდზე წოლა განასახიერებდა ათი ტომის სამეფოს მიერ 390 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულს, რომელიც ძვ. წ. 997 წელს დაიწყო და დასრულდა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებით. მარჯვენა გვერდზე წოლა კი იუდას მიერ 40 წლის განმავლობაში ჩადენილ ცოდვას განასახიერებდა; ეს პერიოდი ძვ. წ. 647 წელს დაიწყო, როდესაც იერემია წინასწარმეტყველი გახდა, და ძვ. წ. 607 წელს დასრულდა. ამ 430-წლიანი პერიოდის განმავლობაში ეზეკიელი მცირე რაოდენობის საჭმელ-სასმელს იღებდა, რაც მიანიშნებდა, რომ ალყაში მოქცეულ იერუსალიმში შიმშილობა ჩამოვარდებოდა.
5:1—3. რა მნიშვნელობა ჰქონდა ეზეკიელის მიერ ცოტაოდენი თმის ქარში გაფანტვას, ცოტაოდენის კი — ტანსაცმლის კალთაში შეხვევას? ხალხის დარჩენილი ნაწილი იუდაში დაბრუნდებოდა და 70-წლიანი გაპარტახების შემდეგ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას აღადგენდა (ეზეკიელი 11:17—20).
17:1—24. ვის განასახიერებს ორი დიდი არწივი, რა გაგებით მოტყდა კედრის ყლორტი და ვინ წარმოადგენს „ნორჩ ტოტს“, რომელიც იეჰოვამ გადარგო? ორი არწივი ბაბილონისა და ეგვიპტის მმართველებს განასახიერებს. პირველი არწივი ფრინდება კედრის კენწეროზე, რაც განასახიერებს მმართველს დავითის სამეფო ხაზიდან. პირველი არწივი ანუ ბაბილონის მეფე წყვეტს ყლორტს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის იუდას მეფე იეჰოიაქინის ნაცვლად ციდკიას ამეფებს. მიუხედავად იმისა, რომ ციდკიამ ერთგულების ფიცი დაუდო ბაბილონს, ის დახმარებისთვის მეორე არწივს ანუ ეგვიპტის მმართველს მიმართავს, მაგრამ უშედეგოდ. მას ტყვედ წაიყვანენ ბაბილონში და იქ მოკვდება. იეჰოვაც წყვეტს „ნორჩ ტოტს“ ანუ მესიას, მეფეს. ის გადარგავს მას „მაღალ და დიდებულ მთაზე“, ზეციერი სიონის მთაზე, სადაც ის „დიდებულ კედრად“ იქცევა და აკურთხებს მთელ დედამიწას (გამოცხადება 14:1).
რას ვსწავლობთ:
2:6—8; 3:8, 9, 18—21. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ბოროტების და ღვთის ცნობის გაცხადებისგან თავი არ უნდა შევიკავოთ; ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი. გულგრილობასა და წინააღმდეგობას როცა ვაწყდებით, ალმასივით მტკიცენი უნდა ვიყოთ. მაგრამ არ უნდა ვიყოთ გულქვა, უგრძნობი და ულმობელი ადამიანები. იესო თანაუგრძნობდა მათ, ვისაც უქადაგებდა; მსგავსად ჩვენც სიბრალულმა უნდა აღგვძრას, ვუქადაგოთ სხვებს (მათე 9:36).
3:15. დავალების მიღების შემდეგ ეზეკიელი თელ-აბიბში დასახლდა და ‘შვიდ დღეს გაოგნებული იყო’; ის ითვისებდა იმ ცნობას, რომელიც უნდა გაეცხადებინა ხალხისთვის. მსგავსად, ჩვენც დრო უნდა გამოვყოთ ბიბლიის შესწავლისთვის და ნასწავლზე ფიქრისთვის, რათა ჩავწვდეთ ღრმა სულიერ საკითხებს.
4:1—5:4. ეზეკიელს თავმდაბლობა და გაბედულება სჭირდებოდა ორი წინასწარმეტყველური დრამის გასათამაშებლად. ჩვენც თავმდაბლები და გაბედულები უნდა ვიყოთ, რომ ღვთისგან მიღებული დავალება შევასრულოთ.
7:4, 9; 8:18; 9:5, 10. ჩვენ არ უნდა ვწუხდეთ და არ უნდა გვებრალებოდეს ისინი, ვისთვისაც ღმერთს განაჩენი გამოაქვს.
7:19. ფული ვერ უშველის ადამიანებს, როცა იეჰოვა ქვეყნიერების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს აღასრულებს.
8:5—18. განდგომილება სულიერად მომაკვდინებელია. „განდგომილი თავისი ბაგით ღუპავს მოძმეს“ (იგავები 11:9). ბრძნულად მოვიქცევით, თუ გონებაშიც არ გავივლებთ განდგომილთა მოსმენას.
9:3—6. „დიდი გასაჭირის“ დროს რომ გადავრჩეთ, აუცილებელია ნიშნის დადება, რაც ცხადყოფს, რომ ჩვენ ღვთის მიძღვნილი, მონათლული მსახურები ვართ და ქრისტიანული თვისებები გვაქვს (მათე 24:21). სამელნიანი კაცი წარმოადგენს ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც ნიშნის დადების საქმეს ასრულებენ ანუ ქადაგებენ სამეფოს შესახებ და მოწაფეებს ამზადებენ. შუბლზე დადებული ნიშანი რომ შევინარჩუნოთ, ჩვენ გულმოდგინედ უნდა დავეხმაროთ მათ ამ საქმეში.
12:26—28. მათ, ვისაც სიცილად არ ყოფნიდა იეჰოვას ცნობა, ეზეკიელი ეუბნებოდა: „[იეჰოვას] სიტყვებიდან არც ერთი აღარ გადაიდება“. სანამ იეჰოვა გაანადგურებს ქვეყნიერებას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სხვებს იეჰოვასადმი ნდობის განვითარებაში დავეხმაროთ.
14:12—23. გადარჩენა ჩვენზეა დამოკიდებული; ამას ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს (რომაელები 14:12).
18:1—29. ჩვენი მოქმედებების შედეგებზე პასუხს ჩვენვე ვაგებთ.
„ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას!“
გადასახლებიდან მეშვიდე წელს, ძვ. წ. 611 წელს, ისრაელის ზოგიერთი უხუცესი მივიდა ეზეკიელთან, რომ „შეკითხვოდა იეჰოვას“. ეზეკიელი მათ ისრაელის ურჩობის შესახებ უყვება და აფრთხილებს, რომ ‘იეჰოვა მათ წინააღმდეგ მახვილს ამოიღებს’ (ეზეკიელი 20:1; 21:3). იეჰოვა ეუბნება ისრაელის თავკაცს, ციდკიას: „მოიძვრე თავსაბურავი, მოიცილე გვირგვინი! ყველაფერი სხვაგვარად იქნება. აამაღლე დაბალი და დაამდაბლე მაღალი! ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას! არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი [იესო ქრისტე], — მას გადავცემ“ (ეზეკიელი 21:26, 27).
იეჰოვა ეზეკიელის მეშვეობით ამხელს იერუსალიმს. მას სააშკარაოზე გამოაქვს ოჰოლას (ისრაელი) და ოჰოლიბას (იუდა) დანაშაული. იეჰოვამ უკვე ჩააგდო ოჰოლა „თავისი ვნებიანი საყვარლების ხელში, ასურეთის ძეების ხელში“ (ეზეკიელი 23:9). ოჰოლიბას განადგურებაც კარს არის მომდგარი. ძვ. წ. 609 წელს იერუსალიმი ალყაში ექცევა, რაც 18 თვეს გრძელდება. ქალაქის დაცემის დროს იუდეველები იმდენად თავზარდაცემულნი არიან, რომ მწუხარების გამოხატვის თავიც არა აქვთ. ეზეკიელმა მანამ არ უნდა გაუცხადოს გადასახლებულებს ღვთის ცნობა, სანამ „გადარჩენილები“ არ შეატყობინებენ მას ქალაქის განადგურების ამბავს (ეზეკიელი 24:26, 27).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
21:3. ვის განასახიერებს „მახვილი“, რომელსაც იეჰოვა ქარქაშიდან იღებს? „მახვილი“, რომელსაც იეჰოვა იერუსალიმზე და იუდაზე თავისი განაჩენის აღსასრულებლად იყენებს, განასახიერებს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და მის ჯარს. შესაძლოა, ის განასახიერებს ღვთის ორგანიზაციის ზეციერ ნაწილსაც, რომელიც ძლიერი სულიერი ქმნილებებისგან შედგება.
24:6—14. რა იგულისხმება ქვაბზე მოდებულ ჟანგში? ალყაშემორტყმული იერუსალიმი ფართოპირიან ქვაბს არის შედარებული. ქვაბზე მოდებულ ჟანგში იგულისხმება უზნეობა, უწმინდურება, თავაშვებულობა და სისხლისღვრა, რაც ქალაქში ხდება. ის იმდენად უწმიდურია, რომ გახურებულ ნაკვერჩხლებზე დატოვებულ ცარიელ ქვაბს ჟანგი მაინც არ სცილდება.
რას ვსწავლობთ:
20:1, 49. ისრაელი უხუცესების პასუხი ცხადყოფს, რომ მათ არ სჯეროდათ ეზეკიელის ნათქვამი. ჩვენ არასდროს უნდა შევხედოთ იეჰოვას გაფრთხილებებს ეჭვის თვალით.
21:18—22. თუმცა ნაბუქოდონოსორი მკითხავებს მიმართავდა, იეჰოვამ მაინც გამოიყენა წარმართი მმართველები იერუსალიმის წინააღმდეგ. ეს ცხადყოფს, რომ დემონებსაც კი არ შეუძლიათ ხელი შეუშალონ იეჰოვას განაჩენის აღსრულებას.
22:6—16. იეჰოვას სძულს ცილისწამება, თავაშვებულობა, ძალის ბოროტად გამოყენება და მექრთამეობა. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ასეთ საქციელს.
23:5—49. ისრაელმა და იუდამ პოლიტიკური კავშირი შეკრეს სხვა ქვეყნებთან და შედეგად ცრუ თაყვანისმცემლობა გადმოიღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ახლო ურთიერთობა მათთან, ვისაც ჩვენი რწმენის განადგურება შეუძლია (იაკობი 4:4).
ცოცხალი და მოქმედი ცნობა
რა შესანიშნავ ინფორმაციას გვაწვდის ეზეკიელის წიგნის პირველი ოცდაოთხი თავი! მასში ჩაწერილი პრინციპებიდან ვხედავთ, რა იწვევს ღვთის რისხვას, როგორ შეგვიძლია მისგან წყალობის მიღება და რატომ უნდა გავაფრთხილოთ ბოროტები. იერუსალიმის განადგურების შესახებ წინასწარმეტყველება იეჰოვას წარმოგვიდგენს როგორც ღმერთს, რომელიც ‘მანამ აგებინებს თავის ხალხს ახალ რამეს, სანამ გამოჩნდება’ (ესაია 42:9).
ეზეკიელის 17:22—24-სა და 21:26, 27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ზეცაში მესიის სამეფოს დამყარებაზე მიანიშნებს. მალე ეს მთავრობა დედამიწაზეც შეასრულებს ღვთის ნებას (მათე 6:9, 10). ჩვენ რწმენით უნდა ველოდოთ იმ დროს. როგორც ვხედავთ, „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელები 4:12).
[სურათი 12 გვერდზე]
რას განასახიერებს ზეციერი ეტლი?
[სურათი 14 გვერდზე]
გულმოდგინედ ქადაგება გვეხმარება შუბლზე დადებული „ნიშნის“ შენარჩუნებაში.