ეზეკიელი
37 იეჰოვას სულმა მომიცვა. წამიყვანა იეჰოვას სულმა და ძვლებით სავსე ველის შუაგულში დამაყენა.+ 2 შემომატარა ძვლების გარშემო; ველზე უამრავი ძვალი ეყარა; ძვლები ძალიან გამხმარი იყო.+ 3 მან მკითხა: „კაცის ძეო, გაცოცხლდება ეს ძვლები?“ მე მივუგე, უზენაესო უფალო, იეჰოვა, ეგ მხოლოდ შენ იცი-მეთქი.+ 4 მან მითხრა: «იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი, გამხმარო ძვლებო, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა!
5 აი, რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა ამ ძვლებს: „სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით.+ 6 შეგმოსავთ ძარღვებით, ხორცს შეგასხამთ, კანით დაგფარავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».
7 ვიწინასწარმეტყველე, როგორც ნაბრძანები მქონდა. მოვრჩი თუ არა წინასწარმეტყველებას, ჩხარუნის ხმა გაისმა და ძვლებმა ერთმანეთთან მიახლოება დაიწყეს, ძვალმა ძვალთან; 8 დავინახე, რომ ძარღვები და ხორცი შეესხათ და კანით დაიფარნენ, მაგრამ სული ჯერ არ ედგათ.
9 შემდეგ მან მითხრა: «უწინასწარმეტყველე ქარს, უწინასწარმეტყველე, კაცის ძეო, და უთხარი ქარს, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ოთხივე მხრიდან გამოემართე, ქარო, და დაუბერე ამ დახოცილ ხალხს, რომ გაცოცხლდნენ“».
10 ვიწინასწარმეტყველე მისი ბრძანებისამებრ; სული ჩაედგათ ძვლებს და გაცოცხლდნენ; ფეხზე წამოდგა+ დიდძალი ლაშქარი.
11 კვლავ მითხრა მან: «კაცის ძეო, ეს ძვლები ისრაელები არიან;+ ისინი ამბობენ, ძვლები გაგვიხმა და იმედი გადაგვეწურა,+ განადგურებულნი ვართო. 12 ამიტომ იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „გავაღებ თქვენს საფლავებს+ და გამოგიყვანთ იქიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე.+ 13 როცა გავაღებ თქვენს საფლავებს და გამოგიყვანთ იქიდან, მაშინ გაიგებთ, ჩემო ხალხო, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 14 ჩემს სულს ჩაგიდგამთ, გაცოცხლდებით+ და დაგასახლებთ თქვენს მიწაზე; გაიგებთ, რომ მე, იეჰოვამ, ვთქვი ეს და შევასრულე კიდეც“, — ამბობს იეჰოვა».
15 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 16 «კაცის ძეო, აიღე ჯოხი და დააწერე მას: „იუდასთვის და მასთან მყოფი ისრაელისთვის“.+ აიღე მეორე ჯოხიც და დააწერე მას: „ეფრემის ჯოხი იოსებისთვის და მასთან მყოფი ისრაელისთვის“.+ 17 ერთმანეთს მიადე ეს ჯოხები ისე, რომ ერთ ჯოხად იქცნენ შენს ხელში.+ 18 როცა შენი ხალხი გეტყვის, გვითხარი, ეს რას ნიშნავსო, 19 შენ უთხარი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ავიღებ იოსებისა და მასთან მყოფი ისრაელის ტომების ჯოხს, რომელიც ეფრემს უჭირავს, და შევუერთებ იუდას ჯოხს, ერთ ჯოხად ვაქცევ მათ+ და ერთ ჯოხად იქცევიან ჩემს ხელში“. 20 ის ჯოხები, რომლებზეც დააწერე, ხელში უნდა გეჭიროს, რომ დაინახონ.
21 უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „გამოვკრებ ისრაელებს იმ ხალხებიდან, სადაც გაიფანტნენ, გამოვიყვან ყველა მხარიდან და მივიყვან თავიანთ მიწაზე;+ 22 ერთ ხალხად ვაქცევ მათ იმ მიწაზე,+ ისრაელის მთებზე, და ერთი მეფე ეყოლებათ;+ ორ ხალხად და ორ სამეფოდ გაყოფილნი აღარ იქნებიან.+ 23 აღარ გაიუწმინდურებენ თავს თავიანთი საზიზღარი კერპებით*, საძულველი საქმეებითა და ცოდვებით;+ აღარ მიორგულებენ და აღარ შემცოდავენ; განვწმენდ მათ; ისინი ჩემი ხალხი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები.+
24 ჩემი მსახური დავითი იქნება მათი მეფე+ და ყველას ერთი მწყემსი ეყოლება.+ დაიცავენ ჩემს სამართალს და ზედმიწევნით შეასრულებენ ჩემს წესებს.+ 25 ისინი იმ მიწაზე იცხოვრებენ, ჩემს მსახურს, იაკობს, რომ მივეცი, იქ, სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა;+ სამარადისოდ დამკვიდრდებიან იქ ისინი,+ მათი შვილები და შვილიშვილები;+ მათი თავკაცი ჩემი მსახური დავითი იქნება სამარადისოდ.+
26 მშვიდობის შეთანხმებას დავუდებ მათ;+ ეს იქნება მარადიული შეთანხმება. დავასახლებ მათ თავიანთ მიწაზე და გავამრავლებ;+ მათ შორის იქნება ჩემი წმინდა ადგილი მარადიულად. 27 ჩემს კარავს მათთან დავდგამ, მე მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან.+ 28 მათ შორის იქნება ჩემი წმინდა ადგილი სამარადისოდ და გაიგებენ ხალხები, რომ მე, იეჰოვა, ვწმენდ ისრაელს“».+