თავი 10
„გაცოცხლდებით“
თემა: ხილვა გამხმარი ძვლების გაცოცხლების შესახებ და მისი ფართომასშტაბიანი შესრულება
1—3. რატომ ეცვლებათ ბაბილონში მყოფ ებრაელებს გუნება-განწყობილება? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ბაბილონში მყოფ ებრაელებს გუნება-განწყობილება საბოლოოდ წაუხდათ. დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ეზეკიელი ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, რომ მათი იმედები ფუჭი იყო, თუმცა ამაოდ. გადასახლებულმა ებრაელებმა ყური არ ათხოვეს წინასწარმეტყველს, რომელმაც არაერთი წინასწარმეტყველური სცენა გაითამაშა, არაერთი მაგალითი მოიყვანა და არაერთი წინასწარმეტყველური ცნობა გაუცხადა. ისინი კვლავ იმედოვნებდნენ, რომ იეჰოვა არ დაუშვებდა იერუსალიმის განადგურებას. მაშინაც კი, როცა შეიტყვეს, რომ იერუსალიმი ბაბილონელებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული, ვერაფრით იჯერებდნენ, რომ მათ ქალაქს რაიმე ცუდი ელოდა.
2 მაგრამ ახლა, ალყის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, იერუსალიმიდან გამოქცეული კაცი ბაბილონში ჩადის და მათ ასეთ რამეს ამცნობს: „დაეცა ქალაქი!“. ამ ამბის გაგება თავზარს სცემს ბაბილონში მყოფ ებრაელებს, თუმცა უჭირთ, ბოლომდე გაიაზრონ მომხდარი: მიწა-წყალი დაკარგეს, საამაყო ქალაქი და წმინდა ტაძარი კი დანგრეულია! დიდი ხნის იმედი სასოწარკვეთილებამ შეცვალა (ეზეკ. 21:7; 33:21).
3 სწორედ ამ მძიმე წუთებში იეჰოვასგან ეზეკიელი ხილვას ხედავს, რომელიც მომავლის რწმენას დაუბრუნებდა სასოწარკვეთილ ებრაელებს. რა ახილვინა ღმერთმა ეზეკიელს? როგორ შესრულდა ეს ხილვა ჩვენს დროში და პირადად რისი სწავლა შეგვიძლია ამ ხილვიდან? მოდი გავეცნოთ მას.
„იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე . . . უწინასწარმეტყველე ქარს“
4. რა მიიქცევდა წინასწარმეტყველის ყურადღებას ხილვაში?
4 წაიკითხეთ ეზეკიელის 37:1—10. ხილვაში ეზეკიელი ძვლებით სავსე ველის შუაგულში აღმოჩნდა. წინასწარმეტყველს რომ ბოლომდე შეეგრძნო ნანახი, იეჰოვამ შემოატარა ველი, რომელზეც ძვლები იყო მიმოფანტული. მას თვალში ორი რამ მოხვდებოდა: ძვლების სიმრავლე და მათი მდგომარეობა. როგორც ეზეკიელმა აღწერა, „ველზე უამრავი ძვალი ეყარა“ და „ძვლები ძალიან გამხმარი იყო“.
5. რა მითითებები მისცა იეჰოვამ ეზეკიელს და რა მოხდა დავალებულის შესრულების შემდეგ?
5 შემდეგ იეჰოვამ ორი მითითება მისცა ეზეკიელს, რომელთა მიყოლის შემთხვევაში იგი იხილავდა, თუ როგორ დაიწყებოდა განახლება და აღდგენა. პირველი მითითების თანახმად, მას უნდა ეწინასწარმეტყველებინა ძვლებზე და ეთქვა მათთვის, რომ გაცოცხლდებოდნენ (ეზეკ. 37:4—6). მორჩა თუ არა ეზეკიელი წინასწარმეტყველების წარმოთქმას, „ჩხარუნის ხმა გაისმა და ძვლებმა ერთმანეთთან მიახლოება დაიწყეს“, შემდეგ კი მათ „ძარღვები და ხორცი შეესხათ და კანით დაიფარნენ“ (ეზეკ. 37:7, 8). მეორე მითითების თანახმად, ეზეკიელს ქარისთვის უნდა ეწინასწარმეტყველებინა და ეთქვა, რომ დაებერა დახოცილთათვის. წინასწარმეტყველების წარმოთქმისთანავე „სული ჩაედგათ ძვლებს და გაცოცხლდნენ; ფეხზე წამოდგა დიდძალი ლაშქარი“ (ეზეკ. 37:9, 10).
„ძვლები გაგვიხმა და იმედი გადაგვეწურა“
6. როგორ აუხსნა იეჰოვამ ეზეკიელს ხილვაში ნანახი?
6 ამ უჩვეულო ხილვის ჩვენების შემდეგ იეჰოვამ ეზეკიელს მისი მნიშვნელობაც აუხსნა: „ეს ძვლები ისრაელები არიან“. მართლაც, იერუსალიმის განადგურების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ გადასახლებული ებრაელები მკვდარივით უმოქმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი მოჰყვნენ გოდებას: „ძვლები გაგვიხმა და იმედი გადაგვეწურა, განადგურებულნი ვართ“ (ეზეკ. 37:11; იერ. 34:20). უიმედო მდგომარეობაში მყოფ თავის ხალხს იეჰოვამ გაუმჟღავნა, რომ ეს, ერთი შეხედვით, პირქუში ხილვა მათთვის იმედის მომცემი, ნათელი მომავლის მომასწავებელი იყო.
7. ეზეკიელის 37:12—14-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რა გაუმჟღავნა იეჰოვამ ეზეკიელს და რაში დაარწმუნა გადასახლებული ებრაელები?
7 წაიკითხეთ ეზეკიელის 37:12—14. ამ ხილვის მეშვეობით იეჰოვამ დაარწმუნა გადასახლებულები, რომ მათ „გააცოცხლებდა“ და თავიანთ მიწაზე დააბრუნებდა. მეტიც, იეჰოვამ მათ კვლავ თბილად მიმართა: „ჩემო ხალხო“. რაოდენ მანუგეშებელი იქნებოდა ეს სიტყვები იმედგაცრუებული ებრაელებისთვის! რატომ უნდა ყოფილიყვნენ ისინი დარწმუნებულნი, რომ მათთვის მიცემული დაპირება შესრულდებოდა? მათ ეჭვი არ უნდა შეჰპაროდათ, რადგან დაპირების ავტორი თავად იეჰოვა იყო, რომელსაც ნათქვამი ჰქონდა: „მე, იეჰოვამ, ვთქვი ეს და შევასრულე კიდეც“.
8. ა) რა გაგებით იყო მთელი ისრაელი ერი მკვდარივით უმოქმედო მდგომარეობაში? ბ) რა გახდა ისრაელი ერის „სიკვდილის“ მიზეზი, როგორც ეს ეზეკიელის 37:9-დან ჩანს? (იხილეთ სქოლიო)
8 როგორ შესრულდა ისრაელებზე ეს უჩვეულო წინასწარმეტყველური ხილვა? ძვ. წ. 740 წლისთვის, როცა ათტომიანი სამეფო დაეცა, მისი მკვიდრნი კი გადაასახლეს, ისრაელები უკვე ჩამოშორებულნი იყვნენ ღმერთს. დაახლოებით 130 წლის შემდეგ, როცა იუდას მოსახლეობაც ბაბილონში გადაასახლეს, მთელი ისრაელი ერი ტყვეობაში აღმოჩნდა (ეზეკ. 37:11). ფიგურალური ენით თუ ვიტყვით, გადასახლებული ებრაელები ისეთივე უსიცოცხლონი იყვნენ, როგორიც ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ძვლები.a ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ეზეკიელმა „ძალიან გამხმარი“ ძვლები იხილა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ისრაელი ერი დიდი ხნის განმავლობაში მკვდარივით უმოქმედო იყო. მთლიანობაში ისრაელისა და იუდასთვის ეს „უმოქმედობის“ დრო 200 წელზე მეტხანს გაგრძელდა, ძვ. წ. 740 წლიდან ძვ. წ. 537 წლამდე (იერ. 50:33).
9. რით ჰგავდა „ღვთის ისრაელის“ მდგომარეობა ხორციელი ისრაელის მდგომარეობას?
9 ისრაელის აღდგენასთან დაკავშირებული ეზეკიელის წინასწარმეტყველებები ფართო მასშტაბითაც შესრულდებოდა (საქ. 3:21). ხორციელი ისრაელისა არ იყოს, „ღვთის ისრაელიც“ ანუ სულით ცხებულ ქრისტიანთა კრებაც სულიერი გაგებით მოკლულ იქნა და დიდი ხნის მანძილზე სულიერ ტყვეობაში ანუ უმოქმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა (გალ. 6:16). ცხებულ ქრისტიანთა კრების სულიერი ტყვეობა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ისინი ხილვაში ნანახი გამხმარი ძვლებივით იყვნენ (ეზეკ. 37:2). როგორც წინა თავიდან გავიგეთ, სულით ცხებული ქრისტიანები ახ. წ. მე-2 საუკუნეში სულიერ ტყვეობაში აღმოჩნდნენ და ასე გაგრძელდა მრავალი საუკუნის მანძილზე, როგორც ეს იესომ იწინასწარმეტყველა იგავით ხორბალსა და სარეველაზე (მათ. 13:24—30).
„ძვლებმა ერთმანეთთან მიახლოება დაიწყეს“
10. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები ღვთის ხალხის შესახებ ეზეკიელის 37:7, 8-ში? ბ) რა განუმტკიცებდა გადასახლებულ ღვთისმოშიშ ებრაელებს სამშობლოში დაბრუნების იმედს?
10 იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მისი ხალხი დროთა განმავლობაში „გაცოცხლდებოდა“ (ეზეკ. 37:7, 8). რამ ჩაუსახა გადასახლებულ ღვთისმოშიშ ებრაელებს იმედი, რომ თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნდებოდნენ? ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მანამდე მცხოვრებ ღვთის წინასწარმეტყველთა ცნობები. მაგალითად, ესაიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ „წმინდა შთამომავალი“ ანუ ხალხიდან დარჩენილი ნაწილი დაბრუნდებოდა სამშობლოში (ეს. 6:13; იობ. 14:7—9). მათ ამ იმედს ეზეკიელის მიერ აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებიც ასაზრდოებდა. ამასთანავე, მათთვის რწმენის განმამტკიცებელი იქნებოდა იმის ცოდნა, რომ ბაბილონში წინასწარმეტყველი დანიელი და ღვთის სხვა ერთგული მსახურები იმყოფებოდნენ. სამშობლოში დაბრუნების იმედს მათ იმის დანახვაც განუმტკიცებდა, თუ როგორ დაეცა ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დიდებული სამეფო!
11, 12. ა) როგორ გაცოცხლდა თანდათანობით „ღვთის ისრაელი“? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „წმინდა თაყვანისმცემლობა თანდათანობით აღდგა“) ბ) რა კითხვას გვიჩენს ეზეკიელის 37:10?
11 როგორ მოხდა თანდათანობით „ღვთის ისრაელის“, სულით ცხებულ ქრისტიანთა კრების, აღდგენა? საუკუნეების განმავლობაში სულიერად მკვდარ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ „ჩხარუნის ხმა გაისმა“ და გამოჩნდნენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდამჭერი ღვთისმოშიში ადამიანები. მაგალითად, მე-16 საუკუნეში უილიამ ტინდალმა თარგმნა ბიბლია ინგლისურ ენაზე. რომაული კათოლიკური ეკლესია განარისხა ამ ფაქტმა, რადგან მათ არ სურდათ, რომ ბიბლია უბრალო ხალხისთვის გასაგები გამხდარიყო. უილიამ ტინდალი სიკვდილით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ სხვა უშიშარი მთარგმნელებიც, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ბიბლიის სხვა ენებზე თარგმნა, რისი წყალობითაც სულიერი წყვდიადით მოცულ მსოფლიოში ბიბლიური ჭეშმარიტების სინათლე მატულობდა.
12 მოგვიანებით არც ჩარლზ რასელსა და მის თანამოაზრეებს დაუკლიათ მცდელობა, რომ მეტი ბიბლიური ჭეშმარიტებისთვის მოეფინათ ნათელი, რაც იმას ჰგავდა, ხილვაში ძვლებს ძარღვები და ხორცი რომ შეესხათ. „სიონის საგუშაგო კოშკი“ და სხვა პუბლიკაციები დაეხმარა გულმართალ ადამიანებს, რომ მიეკვლიათ ბიბლიური ჭეშმარიტებისთვის, რამაც აღძრა ისინი, ღვთის ცხებული მსახურებისთვის მხარი დაეჭირათ. მე-20 საუკუნის დასაწყისში სულით ცხებული ქრისტიანები კიდევ უფრო აანთო „შემოქმედების ფოტოდრამამ“ და წიგნმა „დასრულებული საიდუმლო“. ამგვარი გამოცოცხლების შემდეგ მოაწია ღვთისგან დანიშნულმა დრომ და მისი ხალხი „ფეხზე წამოდგა“ (ეზეკ. 37:10). როდის და როგორ მოხდა ეს? ძველ ბაბილონში განვითარებული მოვლენების მიმოხილვა დაგვეხმარება, პასუხი მივიღოთ ამ კითხვაზე.
„გაცოცხლდნენ; . . ფეხზე წამოდგა დიდძალი ლაშქარი“
13. ა) როგორ შესრულდა ეზეკიელის 37:10, 14-ში ჩაწერილი სიტყვები ძვ. წ. 537 წლიდან? ბ) რომელი მუხლებიდან ვიგებთ, რომ ბევრი ებრაელი, რომელთა მამა-პაპაც ათტომიანი სამეფოდან გადაასახლეს, დაბრუნდა სამშობლოში?
13 ძვ. წ. 537 წლიდან მოყოლებული ბაბილონში მცხოვრებმა ებრაელებმა საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ შესრულდა ეს ხილვა. იეჰოვამ დაიხსნა ისინი ტყვეობისგან და სამშობლოში დააბრუნა ანუ „გააცოცხლა“ და „ფეხზე წამოაყენა“; მაშინ 42 360 ებრაელი დაახლოებით 7 000 არაებრაელთან ერთად დაბრუნდა ბაბილონიდან ისრაელის მიწა-წყალზე იერუსალიმისა და ტაძრის აღსადგენად (ეზრ. 1:1—4; 2:64, 65; ეზეკ. 37:14). 70 წლის შემდეგ ეზრასთან ერთად კიდევ 1 750 კაცი დაბრუნდა იერუსალიმში (ეზრ. 8:1—20). ამგვარად, ჯამში, 44 000-ზე მეტი იუდეველი, „დიდძალი ლაშქარი“, ჩავიდა ისრაელში (ეზეკ. 37:10). ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ ბევრი ებრაელი, რომელთა მამა-პაპაც ასურელებმა ძვ. წ. მე-8 საუკუნეში ათტომიანი სამეფოდან გადაასახლეს, დაბრუნდა სამშობლოში, რათა მოძმეებს ტაძრის აღდგენით სამუშაოებში დახმარებოდა (1 მატ. 9:3; ეზრ. 6:17; იერ. 33:7; ეზეკ. 36:10).
14. ა) როგორ გვეხმარება ეზეკიელის 37:24-ში ჩაწერილი სიტყვები იმის განსაზღვრაში, თუ როდის შესრულდა ეს წინასწარმეტყველება უფრო ფართო მასშტაბით? ბ) რა მოხდა 1919 წელს? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „რა კავშირია ამ ორ წინასწარმეტყველებას შორის?“)
14 როგორ შესრულდა უფრო ფართო მასშტაბით ეზეკიელის ეს წინასწარმეტყველება? როგორც იეჰოვამ ეზეკიელს გაუმჟღავნა, აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება ფართო მასშტაბით „დიდი დავითის“, იესო ქრისტეს, გამეფების შემდეგ შესრულდებოდაb (ეზეკ. 37:24). მართლაც, იეჰოვამ 1919 წელს „სული ჩაუდგა“ თავის ხალხს. შედეგად, ისინი „გაცოცხლდნენ“ და თავი დააღწიეს „დიდი ბაბილონის“ ტყვეობას (ეს. 66:8). ამის შემდეგ იეჰოვამ ისინი თავიანთ „მიწაზე“ ანუ სულიერ სამოთხეში დაასახლა. საინტერესოა, როგორ იქცა იეჰოვას ხალხი ჩვენს დროში „დიდძალ ლაშქრად“.
15, 16. ა) როგორ იქცა იეჰოვას ხალხი ჩვენს დროში „დიდძალ ლაშქრად“? ბ) როგორ გვეხმარება ეზეკიელის წინასწარმეტყველება ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში? (იხილეთ ჩარჩო „ღმერთი ფეხზე წამოგვაყენებს“)
15 ქრისტეს მიერ 1919 წელს „ერთგული მონის“ დანიშვნიდან მალევე ღვთის მსახურებმა საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ შესრულდა სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელთა შორის მცხოვრები წინასწარმეტყველი ზაქარიას სიტყვები: „მრავალი ხალხი და ძლიერი ერები მოვლენ, . . რომ . . . იეჰოვას ემსახურონ“. იეჰოვას თაყვანისცემის მსურველნი წინასწარმეტყველმა მოიხსენია, როგორც „ყველა ენაზე მოლაპარაკე ხალხიდან ათი კაცი“. ისინი მოეჭიდებოდნენ „იუდეველის კალთას“, ანუ სულიერ ისრაელს შესთხოვდნენ დახმარებას, და ეტყოდნენ: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:20—23).
16 დღესდღეობით სულიერი ისრაელის ძეები ანუ დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები და მათთან ერთად „ათი კაცი“ ანუ „სხვა ცხვარი“ ქმნიან „დიდძალ ლაშქარს“, რომელთა რიცხვიც მილიონებს შეადგენს (ეზეკ. 37:10). ჩვენ, როგორც ქრისტეს მზარდი ლაშქრის მეომრები, ფეხდაფეხ მივყვებით მეფე იესოს, რაც სამომავლოდ აურაცხელ კურთხევას მოგვიტანს (ფსალმ. 37:29; ეზეკ. 37:24; ფილ. 2:25; 1 თეს. 4:16, 17).
17. რაზე ვიმსჯელებთ მომდევნო თავში?
17 წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა ღვთის ხალხს გარკვეულ პასუხისმგებლობასაც აკისრებს. იმის გასაგებად, თუ რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მოდი გავეცნოთ იმ დავალებას, რომელიც ეზეკიელმა ღვთისგან ჯერ კიდევ იერუსალიმის განადგურებამდე მიიღო. სწორედ ამაზე ვიმსჯელებთ მომდევნო თავში.
a ეზეკიელის მიერ ნანახი ძვლები ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთ კი არ ეკუთვნოდათ, არამედ დახოცილებს (ეზეკ. 37:9). როცა ისრაელის ათტომიანი სამეფოსა და იუდას ორტომიანი სამეფოს მკვიდრნი დამარცხდნენ და ასურელებმა და ბაბილონელებმა ტყვედ წაასხეს, სულიერი გაგებით, მთელი ისრაელი ერი გაწყდა.
b წინასწარმეტყველება ცხებული მეფის შესახებ განიხილება ამ წიგნის მე-8 თავში.