ეზეკიელი
47 შემდეგ მან ტაძრის შესასვლელთან დამაბრუნა;+ დავინახე, რომ ტაძრის ზღურბლის ქვემოდან გამოედინებოდა წყალი და აღმოსავლეთისკენ მიედინებოდა,+ რადგან ტაძრის წინა მხარე აღმოსავლეთს გაჰყურებდა. წყალი ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით, ქვემოდან გამოედინებოდა.
2 მან ჩრდილოეთი კარიბჭის+ გავლით გარეთ გამიყვანა და მომატარა გარეთა კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა;+ დავინახე წყალი, რომელიც მარჯვენა მხარეს მოედინებოდა.
3 ეს კაცი ლარით ხელში+ აღმოსავლეთისკენ გაემართა, გადაზომა 1 000 წყრთა* და წყალში გამატარა; წყალი კოჭებამდე მწვდებოდა.
4 მან კვლავ გადაზომა 1 000 წყრთა და წყალში გამატარა; წყალი მუხლებამდე მწვდებოდა.
კვლავ გადაზომა 1 000 წყრთა და კვლავ წყალში გამატარა; წყალი თეძოებამდე მწვდებოდა.
5 მან კვლავ გადაზომა 1 000 წყრთა; ეს მდინარე იყო და ვერ გადავკვეთე; წყალი იმდენად ღრმა იყო, რომ უნდა გაგეცურა; მას ფეხით ვერ გადაკვეთდი.
6 მან მკითხა: „ხედავ ამას, კაცის ძეო?“
შემდეგ მდინარის ნაპირზე დამაბრუნა. 7 როცა დავბრუნდი, დავინახე, რომ მდინარის ორივე ნაპირზე უამრავი ხე იდგა.+ 8 მან მითხრა: „ეს წყალი აღმოსავლეთისკენ მიედინება და არაბის+ გავლით ზღვას უერთდება; ზღვას რომ უერთდება,+ ზღვა იკურნება. 9 ყველგან, სადაც ეს წყალი ჩავა, ყველა ცოცხალი არსება იცოცხლებს; იქ, სადაც ეს წყალი ჩავა, უამრავი თევზი მოიყრის თავს. განიკურნება ზღვის წყალი და იქ, სადაც ეს მდინარე ჩავა, ყველაფერი იცოცხლებს.
10 მეთევზეები მის ნაპირზე ენ-გედიდან+ ენ-ეგლაიმამდე იდგებიან და იქ იქნება ბადეების გასაშრობი ადგილი. იქ დიდძალი სხვადასხვა ჯიშის თევზი მოიყრის თავს, ისეთი თევზები დიდ ზღვაში*+ რომ არიან.
11 მისი ჭაობები და ჭანჭრობები კი არ განიკურნება; მარილიანი დარჩება.+
12 მდინარის ორივე ნაპირზე საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი ყველანაირი ჯიშის ხე გაიზრდება; მათი ფოთლები არ დაჭკნება და მათი ნაყოფი არ გამოილევა; ყოველთვე ახალ ნაყოფს გამოიღებენ, ვინაიდან ისინი ტაძრიდან გამოსული წყლით მოირწყვებიან;+ მათი ნაყოფი საჭმელად იქნება და მათი ფოთლები — განსაკურნავად“.+
13 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ამ მიწას ისრაელის 12 ტომი მემკვიდრეობად დაინაწილებთ; ორი წილი იოსებისა იქნება.+ 14 თქვენ დაიმკვიდრებთ ამ მიწას და თანაბრად გაინაწილებთ. თქვენს მამა-პაპას დავუფიცე,+ რომ მივცემდი ამ მიწას; ახლა გეძლევათ ეს მიწა სამკვიდროდ თქვენ.
15 ეს არის ამ მიწის ჩრდილოეთი საზღვარი: იწყება დიდი ზღვიდან და ხეთლონის გზის გავლით+ მიდის ცედადამდე,+ 16 იქიდან — ხამათამდე,+ ბეროთამდე+ და სიბრაიმამდე, რომელიც დამასკოსა და ხამათის საზღვარს შორისაა, ხაცერ-ჰათიქონამდე, რომელიც ხავრანის საზღვართანაა;+ 17 საზღვარი, რომელიც ზღვიდან ხაცარ-ენონამდეა,+ დამასკოს ჩრდილოეთი საზღვრისა და ხამათის საზღვრის გასწვრივაა.+ ეს არის ჩრდილოეთი საზღვარი.
18 აღმოსავლეთი საზღვარი გადის ხავრანსა და დამასკოს შორის, მდინარე იორდანის გასწვრივ გალაადსა+ და ისრაელის მიწას შორის. გადაზომეთ მანძილი საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე*. ეს არის აღმოსავლეთი საზღვარი.
19 სამხრეთი საზღვარი+ იწყება თამარიდან, გრძელდება მერიბათ-კადეშის წყლებამდე, გაივლის ხევს* და მიდის დიდ ზღვამდე.+ ეს არის სამხრეთი საზღვარი.
20 დასავლეთით დიდი ზღვაა, სამხრეთი საზღვრიდან ლებო-ხამათის+ მოპირდაპირე მხარემდე; ეს არის დასავლეთი საზღვარი.
21 დაინაწილეთ ეს მიწა თქვენ, ისრაელის 12-მა ტომმა. 22 დაინაწილეთ ეს მიწა სამკვიდროდ თქვენ და თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელებმა, რომელთაც თქვენ გვერდით ცხოვრებისას შეეძინათ შვილები; ისინი თქვენთვის მკვიდრებივით იქნებიან. ისინიც თქვენთან, ისრაელის ტომებს შორის მიიღებენ სამკვიდროს. 23 მათ იმ ტომში მიეცით სამკვიდრო, რომელშიც ცხოვრობენ“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.