დაბადება
48 გავიდა ხანი და იოსებს შეატყობინეს, ცუდად არისო მამაშენი. წაიყვანა მან თავისი ორივე ვაჟი, მენაშე და ეფრემი.+ 2 იაკობს უთხრეს, შენი ვაჟი იოსები მოვიდაო. ისრაელმა ძალა მოიკრიბა და საწოლზე წამოჯდა. 3 იაკობმა იოსებს უთხრა:
«ყოვლისშემძლე ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანაანის მიწაზე, და მაკურთხა.+ 4 ასე მითხრა: „ნაყოფიერს გაგხდი, გაგამრავლებ, მრავალრიცხოვან ხალხს წარმოვშობ შენგან+ და შენს შთამომავალს მარადიულ საკუთრებად მივცემ ამ მიწას“.+ 5 ჩემია შენი ორივე ვაჟი, რომლებიც ეგვიპტის მიწაზე ჩემ ჩამოსვლამდე შეგეძინა.+ ეფრემი და მენაშე ისევე გახდებიან ჩემები, როგორც რეუბენი და სიმონი არიან.+ 6 მაგრამ შვილები, რომლებიც კიდევ შეგეძინება, შენები იქნებიან. თავიანთი ძმების სახელით იქნებიან წოდებულნი თავიანთ მემკვიდრეობაში.+ 7 ფადანიდან რომ მოვდიოდი, ქანაანის მიწაზე რახელი მომიკვდა.+ ჯერ კიდევ დიდი მანძილი იყო ეფრათამდე,+ ამიტომ დავმარხე იგი ეფრათისკენ ანუ ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე».+
8 შემდეგ შეხედა ისრაელმა იოსების ვაჟებს და იკითხა: „ესენი ვინ არიან?“ 9 იოსებმა მამამისს მიუგო: „ჩემი ვაჟები არიან, რომლებიც ღმერთმა მომცა აქ“.+ მან უთხრა: „მომიყვანე, რომ ვაკურთხო“.+ 10 ისრაელს სიბერისგან თვალთ დააკლდა და თითქმის ვეღარ ხედავდა. იოსებმა ახლოს მიუყვანა ისინი. ისრაელმაც აკოცა მათ და მოეხვია. 11 ისრაელმა იოსებს უთხრა: „არ მეგონა, თუ ოდესმე კიდევ გიხილავდი,+ მაგრამ ღმერთმა აქ შენი შთამომავლობაც მახილვინა“. 12 იოსებმა ბავშვები ისრაელის მუხლებს მოაცილა და პირქვე დაემხო.
13 მოჰკიდა იოსებმა ხელი ორივეს; ეფრემი+ თავისგან მარჯვნივ და ისრაელისგან მარცხნივ დააყენა, მენაშე+ კი — თავისგან მარცხნივ და ისრაელისგან — მარჯვნივ, და ახლოს მიუყვანა ისინი. 14 ისრაელმა გაიწოდა მარჯვენა ხელი და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, მარცხენა ხელი კი მენაშეს დაადო თავზე. იცოდა, რომ პირმშო მენაშე იყო,+ მაგრამ მათ განზრახ დაადო ხელები ასე. 15 აკურთხა იოსები და თქვა:+
„ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომლის წინაშეც ჩემი წინაპრები, აბრაამი და ისაკი, დადიოდნენ,+
ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება მმწყემსავს+
16 და რომელიც ანგელოზის მეშვეობით ყველა უბედურებისგან მიფარავს,+ აკურთხოს ეს ყმაწვილები.+
დაე იხსენიებოდნენ ჩემი და ჩემი წინაპრების, აბრაამისა და ისაკის, სახელით,
და დიდად გამრავლდნენ დედამიწაზე!“+
17 როცა იოსებმა დაინახა, რომ მამამისს მარჯვენა ხელი ეფრემის თავზე ედო, არ მოეწონა და შეეცადა, მისი ხელი ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაეტანა. 18 იოსებმა მამამისს უთხრა: „ასე არა, მამა, პირმშო ეს არის.+ ამას დაადე თავზე მარჯვენა ხელი“. 19 უარობდა მამამისი და ამბობდა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც იქცევა ხალხად და ესეც გამრავლდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად გამრავლდება+ და მისი შთამომავლობა ერებს გაუტოლდება“.+ 20 განაგრძო მათი კურთხევა იმ დღეს+ და თქვა:
«როცა ისრაელები კურთხევას წარმოთქვამენ, ახსენონ შენი სახელი და თქვან:
„ღმერთმა ისე გაკურთხოთ, როგორც ეფრემი და მენაშე“».
ასე დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.
21 შემდეგ ისრაელმა იოსებს უთხრა: „მე ვკვდები,+ მაგრამ ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენი წინაპრების მიწაზე.+ 22 გაძლევ შენს ძმებზე ერთი წილით მეტს, იმ მიწას, რომელიც ამორეველებს მახვილითა და მშვილდით წავართვი“.