ეზეკიელი
6 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, შებრუნდი ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ. 3 უთხარი, ისრაელის მთებო, ისმინეთ-თქო უზენაესი უფლის, იეჰოვას, სიტყვა! აი, რას ეუბნება-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა მთებსა და გორებს, მდინარეებსა და ველებს: „მე მოგივლენთ მახვილს და გავანადგურებ თქვენს სათაყვანო მაღლობებს. 4 დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები და დაილეწება თქვენი სასაკმევლეები;+ დახოცილებს მათივე საზიზღარი კერპების*+ წინ დავყრი. 5 ისრაელების გვამებს თავიანთი საზიზღარი კერპების წინ დავყრი და თქვენი სამსხვერპლოების გარშემო მიმოვფანტავ თქვენს ძვლებს.+ 6 განადგურდება ყველა ის ქალაქი, სადაც თქვენ ცხოვრობთ,+ დაინგრევა და მიწასთან გასწორდება სათაყვანო მაღლობები;+ დაიმტვრევა და გაპარტახდება თქვენი სამსხვერპლოები, შეიმუსრება თქვენი საზიზღარი კერპები და დაილეწება თქვენი სასაკმევლეები; გაცამტვერდება თქვენი ნახელავი. 7 დახოცილები ეყრებიან თქვენ შორის+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+
8 მაგრამ ყველას არ შეგმუსრავთ; ზოგიერთი თქვენგანი მახვილს გადაურჩებით, როცა ერებს შორის, სხვადასხვა მიწაზე გაიფანტებით.+ 9 ტყვეობაში მყოფი გადარჩენილები არ დამივიწყებენ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც იცხოვრებენ.+ მიხვდებიან, რომ გული მატკინა მათმა ორგულობამ, ზურგი რომ მაქციეს,+ და იმან, მზერა საზიზღარი კერპებისკენ რომ აქვთ მიპყრობილი.+ შერცხვებათ იმ ბოროტი და საძულველი საქმეების გამო, რასაც სჩადიოდნენ,+ და შეზიზღდებათ ეს ყოველივე. 10 გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა და ტყუილად არ ვემუქრებოდი, უბედურებას დაგატეხთ-მეთქი“.+
11 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ხელი ხელს შემოჰკარი, ფეხი დააბაკუნე და იგლოვე ისრაელების მიერ ჩადენილი ბოროტი და საძულველი საქმეების გამო, ვინაიდან ისინი მახვილით, შიმშილითა და ჭირით გაწყდებიან.+ 12 შორს მყოფი ჭირით მოკვდება, ახლოს მყოფი მახვილით განიგმირება, ხოლო ვინც ამ ყოველივეს გადაურჩება, შიმშილით მოკვდება; გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.+ 13 მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ როცა დახოცილები საზიზღარ კერპებს შორის ეყრებიან, სამსხვერპლოების გარშემო,+ ყველა მაღალ გორაზე, ყველა მთის მწვერვალზე, ყველა ფოთოლხშირი და დიდი დატოტვილი ხის ქვეშ — იქ, სადაც შეწირული მსხვერპლის საამო სურნელებით აამებდნენ თავიანთ საზიზღარ კერპებს.+ 14 ხელს აღვმართავ მათზე და გავაპარტახებ მათ მიწას; დიბლის მხარეს მდებარე უდაბნოზე მეტად გაუდაბურდება მათი სამკვიდრო. გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».