ეზეკიელი
41 შემიყვანა მან წმინდაში* და გაზომა გვერდითი სვეტები; ორივე სვეტის სიგანე 6-6 წყრთა* იყო. 2 შესასვლელის სიგანე 10 წყრთა იყო, შესასვლელის გვერდითი კედლების სიგრძე კი — 5-5 წყრთა. გაზომა მან წმინდის სიგრძე და 40 წყრთა გამოვიდა, სიგანე კი — 20 წყრთა.
3 შემდეგ ის შიგნით* შევიდა; გაზომა შესასვლელის გვერდითი სვეტის სიგანე და 2 წყრთა გამოვიდა. შესასვლელის სიგანე 6 წყრთა იყო, შესასვლელის გვერდითი კედლების სიგრძე კი — 7 წყრთა. 4 მან აგრეთვე გაზომა ოთახი, რომელიც წმინდას გაჰყურებდა. მისი სიგრძეცა და სიგანეც 20-20 წყრთა იყო.+ შემდეგ მითხრა: „ეს წმინდათაწმინდაა“.+
5 შემდეგ მან გაზომა ტაძრის კედელი და მისი სისქე 6 წყრთა გამოვიდა. ტაძრის გარშემო გვერდითი ოთახები იყო განლაგებული და თითოეულის სიგანე 4 წყრთა იყო.+ 6 გვერდითი ოთახები ერთიმეორის თავზე სამ სართულად იყო განლაგებული; თითო სართულზე 30 ოთახი იყო. ტაძრის კედელი გარშემო შეჭრილი იყო ოთახების საყრდენების გასადებად; ეს საყრდენები ტაძრის კედელში არ იყო ჩატანებული.+ 7 ტაძარს ორივე მხარეს ხვეული კიბე ჰქონდა, რომელიც ზედა ოთახებისკენ მიემართებოდა+ და უფრო და უფრო ფართოვდებოდა. ფართოვდებოდა ოთახების სიგანეც სართულიდან სართულამდე; ქვედა სართულიდან ზედა სართულზე შუა სართულის გავლით უნდა ასულიყავი.
8 დავინახე, რომ ტაძარს გარშემო შემაღლებული ბაქანი მიუყვებოდა. გვერდითი ოთახების საძირკვლების ზომა კუთხემდე 6 წყრთა, 1 ლერწამი, იყო. 9 გვერდითი ოთახების გარეთა კედლის სიგანე 5 წყრთა იყო. ბაქანი, რომელიც გვერდით ოთახებს მიუყვებოდა, ტაძრის ნაწილი იყო.
10 ტაძარსა და სასადილო ოთახებს+ შორის მანძილი თითოეულ მხარეს 20 წყრთა იყო. 11 გვერდით ოთახებსა და ბაქანს შორის ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც შესასვლელები იყო; ბაქნის სიგანე 5 წყრთა იყო.
12 შენობა, რომელიც დასავლეთით იდგა და ღია სივრცეს გაჰყურებდა, სიგანით 70 წყრთა იყო, ხოლო სიგრძით — 90 წყრთა; ამ შენობის კედლების სისქე 5 წყრთა იყო.
13 გაზომა მან ტაძრის სიგრძე და 100 წყრთა გამოვიდა. ღია სივრცე, შენობაც* და მისი კედლების სიგრძეც 100 წყრთა იყო. 14 ტაძრის წინა, აღმოსავლეთი მხარის და ღია სივრცის სიგანე 100 წყრთა იყო.
15 გაზომა მან იმ შენობის სიგრძე, ტაძრის უკან მდებარე ღია სივრცეს რომ გაჰყურებდა, თავისი დერეფნებით, რომლებიც მას ორივე მხარეზე ჰქონდა, და 100 წყრთა გამოვიდა.
აგრეთვე გაზომა წმინდა, წმინდათაწმინდა,+ ეზოს წინკარები, 16 ზღურბლები, სარკმლები, რომლებიც ვიწროვდებოდა,+ და დერეფნები ამ სამ ადგილას. ზღურბლის სიახლოვეს კედლები იატაკიდან სარკმლებამდე ხით იყო მოპირკეთებული;+ სარკმლები დაფარული იყო. 17 გაიზომა შესასვლელის ზედა ნაწილი, ტაძარი შიგნიდან და გარედან და გარშემო მთელი კედელი. 18 იქ ქერუბიმები+ და პალმები იყო ამოკვეთილი.+ ორ ქერუბიმს შორის თითო პალმა იყო ამოკვეთილი. თითო ქერუბიმს ორი სახე ჰქონდა. 19 კაცის სახით ერთი პალმის გამოსახულებას უყურებდა, ლომის სახით კი — მეორე პალმის გამოსახულებას;+ ესენი იყო ამოკვეთილი მთელ ტაძარში. 20 ტაძრის კედელზე იატაკიდან შესასვლელის ზედა ნაწილის ჩათვლით ქერუბიმები და პალმები იყო ამოკვეთილი.
21 ტაძრის წირთხლები* ოთხკუთხედის ფორმისა იყო;+ წმინდათაწმინდის* წინა მხარეს 22 ხის სამსხვერპლოს+ მსგავსი რაღაც იყო. მისი სიმაღლე 3 წყრთა იყო, სიგრძე — 2 წყრთა; მას კუთხეებში ბოძები ჰქონდა. მისი ძირი და გვერდები ხისა იყო. მან მითხრა: „ეს ის მაგიდაა, რომელიც იეჰოვას წინაშეა“.+
23 წმინდასა და წმინდათაწმინდას ორ-ორი კარი ჰქონდა;+ 24 თითო კარს ორი მოძრავი ფრთა ჰქონდა, ერთ კარსაც ორი ფრთა ჰქონდა და მეორე კარსაც. 25 ტაძრის კარებზე ისეთივე ქერუბიმები და პალმები იყო ამოკვეთილი, როგორიც კედლებზე;+ გარეთ, წინკარის თავზე, ხის შვერილი იყო. 26 წინკარის ორივე გვერდის, ტაძრის გვერდითი ოთახებისა და შვერილის გაყოლებაზე იყო სარკმლები, რომლებიც ვიწროვდებოდა,+ და პალმის გამოსახულებები.