სამუელი — წიგნი პირველი
21 მივიდა დავითი ნობში+ ახიმელექ მღვდელთან. შეშინებული შეეგება ახიმელექი დავითს და ჰკითხა: „მარტო რატომ ხარ და არავინ გახლავს?“+ 2 მიუგო დავითმა ახიმელექ მღვდელს: „მეფემ რაღაც დამავალა და მითხრა, არავინ გაიგოს, რისთვის გგზავნი და რას გავალებო; ამა და ამ ადგილზე დავუთქვი შეხვედრა ჩემს მსახურებს. 3 თუ გაქვს ხუთი პური, მომეცი, თუ არადა, რაც გაქვს, ის მომეცი!“ 4 მიუგო მღვდელმა დავითს: „ჩვეულებრივი პური არა მაქვს, წმინდა პური+ მაქვს, მოგცემთ, თუ ქალთან არ დაწოლილან შენი მსახურები“.+ 5 უთხრა დავითმა მღვდელს: „არ დავწოლილვართ ქალთან არც ახლა და არც მაშინ, როცა სხვა დავალებებს ვასრულებდით.+ და, თუ უბრალო დავალების შესრულებისას არ გაუწმინდურებულან ჩემი მსახურები, დღეს როგორღა გაიუწმინდურებდნენ თავს?!“ 6 მისცა მას მღვდელმა წარსადგენი პური,+ რადგან წმინდა პურის გარდა სხვა პური არ ჰქონდა; ეს პური აღარ ელაგა იეჰოვას წინაშე, რადგან დადგენილ დღეს ის ახლით შეეცვალათ.
7 იმ დღეს იქ იყო საულის ერთი მსახური, სახელად დოეგი,+ ედომელი,+ საულის უფროსი მწყემსი, რადგან მას იქ უწევდა ყოფნა იეჰოვას წინაშე.
8 უთხრა დავითმა ახიმელექს: „შუბი ან მახვილი ხომ არა გაქვს? არც მახვილი და არც სხვა იარაღი არ წამომიღია, რადგან სასწრაფო იყო მეფის საქმე“. 9 მღვდელმა მიუგო: „იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილი,+ ელაჰის ველზე რომ მოკალი,+ აქ არის, ეფოდის+ უკან, მოსასხამში გახვეული. თუ გინდა, წაიღე, რადგან აქ სხვა არაფერია“. დავითმა უთხრა: „მომეცი, მაგაზე უკეთესს რას მომცემ“.
10 საულისგან გაქცეულმა დავითმა იმ დღესვე განაგრძო გზა+ და მივიდა გათის+ მეფე აქიშთან. 11 აქიშს მსახურებმა უთხრეს: „ეს ხომ დავითია, იმ მიწის მეფე?! მასზე არ მღეროდა ხალხი ცეკვის დროს:
საულმა მოკლა ათასი,
დავითმა — ათი ათასიო?!“+
12 შეაფიქრიანა დავითი ამ სიტყვებმა და ძალიან შეეშინდა+ გათის მეფე აქიშისა. 13 თავი მოიგიჟიანა+ მან მათ დასანახავად და შეშლილივით ხაზებს ავლებდა კარიბჭეებზე და დორბლი ჩამოსდიოდა წვერზე. 14 უთხრა აქიშმა მსახურებს: „ვერ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი, რაღას მოგყავთ ჩემთან?! 15 მაკლია შეშლილები, ახლა ეს გიჟიც რომ მომიყვანეთ?! ეს უნდა შემოვიდეს ჩემს სახლში?!“